რუსული პროპაგანდა სხვა ყალბ მტკიცებებთან ერთად ემყარება ნარატივს, რომ დასავლეთი და უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს. კრემლისტური წყაროების მტკიცებით, დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანია ჯერ კიდევ 2014 წლამდე დაიწყო. ისინი ამტკიცებენ, რომ კარგად დაგეგმილი საინფორმაციო ომის მიზანი რუსეთის მოქალაქეებს შორის დაბნეულობის და პესიმისტური განწყობების გაღვივება და რუსეთის არმიისა და სახელმწიფოს ძლიერებაში ეჭვის შეტანაა.

სინამდვილეში, საინფორმაციო ომს არა დასავლეთი, არამედ რუსეთი აწარმოებს. რუსეთის მიერ სხვისი დადანაშაულება იმაში, რასაც თავად სჩადის, კარგად ნაცნობი პრაქტიკაა. კრემლი დეზინფორმაციულ კამპანიასა და კიბერშეტევებს აქტიურად იყენებდა უცხო ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ჩასარევადაც, რაც არაერთი ფაქტითაა დადასტურებული.

რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია დასავლური სახელმწიფოების შიდა პოლიტიკაში ჩარევის მიზნით

ანალიტიკურმა კვლევითმა ორგანიზაციამ, The Center for Strategic and International Studies (CSIS), თავი მოუყარა ფაქტებს, როდესაც რუსეთი დასავლეთის არჩევნებში სხვადასხვა გზით ერეოდა.

2014 წელს მოსკოვის სამიზნეები აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებს გასცდა და თავისი კამპანია დასავლეთით გააფართოვა. ულტრამემარჯვენე კანდიდატმა მარინ ლე პენმა თავისი პარტიის 2014 წლის კამპანიის დასაფინანსებლად თითქმის 13 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი მიიღო კრემლისაგან. ამავე წელს რუსმა ჰაკერებმა პოლონეთის საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე განახორციელეს კიბერშეტევა.

2015 წელს გერმანიის პარლამენტი გახდა რუსეთთან დაკავშირებული კიბერშეტევის მსხვერპლი, რაც მიზნად ფედერალური არჩევნების წინ დოკუმენტების შეგროვებას ისახავდა. შოტლანდიაში, პრორუსულმა ანგარიშებმა სოციალურ მედიაში გაავრცელეს ისტორიები, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ჩატარებული რეფერენდუმი გაყალბდა. ფინეთის საპარლამენტო არჩევნების წინ რუსულმა სუბიექტებმა სოციალური მედიაში ოფიციალური საპარლამენტო ანგარიშების ყალბი ვერსიები შექმნეს. თავდაპირველად ანგარიშები რეალურ პოლიტიკურ სიახლეებს აქვეყნებდნენ, რის შედეგადაც ათასობით მიმდევარი დააგროვეს. თუმცა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ანგარიშები დეზინფორმაციის გავრცელებაზე გადავიდნენ და ამომრჩევლებში დაბნეულობას თესავდნენ.

2016 წელს მოსკოვის პოლიტიკური აქტივობა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-შიც გაძლიერდა, კერძოდ, Brexit-ის კენჭისყრასა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩარევა მოიცავდა კიბერთავდასხმებს, ჰაკერების მიერ ინფორმაციის გაჟონვასა და დეზინფორმაციების გავრცელების კამპანიებს ონლაინ სივრცეში. 2017 წელს რუსეთი საფრანგეთის არჩევნებში კვლავ ჩაერია - ბოტებისა და სამთავრობო მედიების საშუალებით ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ ყალბ ამბებს აქვეყნებდა, ასევე ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომელიც ემიგრანტების წინააღმდეგ მიმართულ რიტორიკას შეიცავდა.

რუსეთი მიგრაციის თემის გამოყენებით, ტროლებისა და ბოტების საშუალებით ანგელა მერკელის მთავრობის საწინააღმდეგო კამპანიასაც აწარმოებდა. ამასთან, გერმანიაში არსებული პრორუსული გამოცემები - NewsFront Deutsch, RT Deutsch, and Sputnik - ავრცელებდნენ კრემლისტურ ნარატივებსა და ყალბ ინფორმაციებს, რაც ულტრამემარჯვენე პოზიციების წინ წამოწევას ისახავდა მიზნად. 2017-2018 წლებში რუსეთის მიერ დაფინანსებული დეზინფორმაცია სახელმწიფო მედიებისა და ყალბი სოციალური ქსელების ანგარიშებით იტალიაში, ნიდერლანდებში, უკრაინასა და ბულგარეთში არჩევნების, ხოლო ესპანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში რეფერენდუმისკენ იყო მიმართული.

სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში დეზინფორმაციითა და კიბერთავდასხმებით ჩარევის პარალელურად, რუსეთი საინფორმაციო ომს როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ისე საკუთარი მოქალაქეებისთვის აქტიურად აწარმოებს. როგორც უკვე ითქვა, რუსეთი აღნიშნული მეთოდების გამოყენებაში დასავლეთს ადანაშაულებს და კონკრეტულ ფაქტებს უსაფუძვლო კონტრბრალდებებით უპირისპირდება. ანალოგიური მდგომარეობაა რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომთან დაკავშირებითაც, რაც რუსეთმა სრულად დეზინფორმაციულ ნარატივებზე დაფუძნებული „საბაბებით“ დაიწყო.

დასავლეთში მყარდება მოსაზრება, რომ რუსეთმა საინფორმაციო ომი უკვე წააგო. NATO-ს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის დირექტორმა, იანს სართსმა, POLITICO-სთან განაცხადა, რომ უკრაინაში ომის კონტექსტში რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია და პროპაგანდა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამასთან, Politico-ს თანახმად, ლატვიის თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მოსკოვის პროპაგანდის დაახლოებით 90%-მა საერთაშორისოდან შიდა აუდიტორიაზე გადაინაცვლა: „ახლა ისინი ყველაფერს, რაც უკრაინიდან მოდის, ყალბს უწოდებენ, ან იყენებენ ამავე მასალებს უკრაინიდან, მაგრამ ნარატივს ცვლიან. ისინი რუსები კი არა, უკრაინელები არიან“.

რუსეთის დეზინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გასამართლებლად

რუსეთის მცდელობა, დეზინფორმაციითა და პროპაგანდით გაამართლოს თავისი ექსპანსიონისტური მიზნები უკრაინასთან მიმართებით, სათავეს ჯერ კიდევ 2014 წელს იღებს. მაშინ, ისევე, როგორც 2022 წელს, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია სრულად დეზინფორმაციას ეფუძნებოდა, რითაც რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებისა და საკუთარი მოქალაქეების წინაშე თავისი ქმედებების გამართლებას ცდილობდა. 2014 წელს კრემლისტურმა მედიამ დახატა გამოგონილი სურათი, თითქოს უკრაინას ფაშისტური, ანტისემიტური და ექსტრემისტული ძალები მართავდნენ. ანალოგიური “მიზეზი” დაასახელა პუტინმა 2022 წლის 24 თებერვალს „სპეცოპერაციად“ წოდებული სრულმასშტაბიანი ომის დასაწყებად: „მოსახლეობის გენოციდისგან დაცვა და უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიღწევა“, ასევე, „იმ ხალხის დაცვა, რომლებიც 8 წლის განმავლობაში კიევის რეჟიმისგან შეურაცხყოფას, გენოციდს განიცდიდნენ“.

თუმცა საერთაშორისო საზოგადოებაში 2014 წელსაც და ახლაც მკაფიო კონსენსუსია - უკრაინას არაფერი აქვს საერთო რუსული პროპაგანდის მიერ წოდებულ ფაშისტურ და ნაცისტურ სახელმწიფოსთან და მას საკუთარი მოქალაქეებისთვის გენოციდი არ მოუწყვია. დეტალურად აღნიშნული ბრალდებების სიყალბის შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3)

რუსეთის მცდელობა, უკრაინის წინააღდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის „ლეგიტიმურობა“ ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის „არსებობით“ გაამართლოს.

ერთ-ერთი დეზინფორმაციული ნარატივი, რომელიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აქამდეც გამოუყენებია, უკრაინაში არსებული ბიოლოგიური ლაბორატორიებს შეეხებოდა. რუსეთი ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე კვირაში ოფიციალური პირების, სახელმწიფო მედიისა და სოციალური ქსელის ანგარიშების მეშვეობით აქტიურად ამტკიცებდა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს აღმოაჩინეს სამხილები, რომ უკრაინა ამერიკის მიერ დაფინანსებულ ლაბორატორიებში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებდა და აშშ-მ მისი კვალი საგანგებო რეჟიმში გააქრო. ტრადიციულად, რუსეთს ამ ბრალდების დასადასტურებლად არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, თუმცა საკუთარ მოსახლეობას არწმუნებდა ომის წარმოებისა და გაგრძელების აუცილებლობაში. დეტალურად აღნიშნული ამბის შესახებ გაეცანით „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1, ბმული 2).

რუსეთის დეზინფორმაცია უკრაინელი ხალხისა და ჯარის დემორალიზაციისკენ მიმართული

2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, კრემლი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს უკრაინის ჯარი ფრონტის სხვადასხვა ხაზზე იარაღს ყრის და მასობრივად ნებდება. რუსული მედია ასევე ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს უკრაინის სამხედრო პერსონალი კრემლის საოკუპაციო ძალებს წინააღმდეგობას არ უწევენ. რეალურად, უკრაინა გაერო-ს წესდების 51-ე მუხლით გარანტირებულ თავდაცვის უფლებას იყენებს და უკვე ორ თვეზე მეტია რუსულ არმიას წინააღმდეგობას უწევს.

რუსული მედია ომის დაწყებისას ასევე ავრცელებდა ყალბ ამბავს, თითქოს უკრაინის ქალაქებში მიმდინარე ბრძოლები „დასავლური მედიის ისტერია“ იყო და სინამდვილეში ქალაქებში არაფერი ხდებოდა. აღნიშნული ინფორმაციის სიყალბე ფოტო და ვიდეო მასალებითაც მარტივად დადასტურდა. კიდევ ერთი დეზინფორმაცია, რასაც რუსეთი ომის დასაწყისში ფართოდ ავრცელებდა უკრაინის მთავრობის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. რუსული მედიები წერდნენ, რომ ზელენსკი და მისი გარემოცვა კიევი 25 თებერვალს დატოვეს და თავი დასავლეთ უკრაინას შეაფარეს. აღნიშნული ყალბი ამბის საპასუხოდ ზელენსკიმ 26 თებერვალს თავის ოფიციალურ გვერდზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ მას კიევი არც დაუტოვებია და არც მომავალში აპირებდა. ზელენსკის კიევში ყოფნა მას შემდეგაც მრავალჯერ დადასტურდა - კიევში დასავლური ქვეყნის არაერთ წარმომადგენელს უკავშირა, რისი დამადასტურებელი ვიდეო და ფოტო რეპორტაჟები საჯაროდ ხელმისაწვდომია.

ომის დასაწყისში აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავდა უკრაინელი ხალხისა და ჯარის დემორალიზაციასა და დეზორიენტაციას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5).

რუსეთის დეზინფორმაცია უკრაინის ქალაქებში ჩადენილი მასობრივი მკვლელობის გადასაფარად

რუსეთის თავდაპირველი მიზანი მთელი უკრაინის „ნაცისტური ძალებისგან“ გათავისუფლება, კიევის აღება და მარიონეტული მთავრობის დასმა იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია და საერთაშორისო საზოგადოებისგან თავისი ქმედების ლეგიტიმაცია ვერ მოიპოვა, საჭირო გახდა დეზინფორმაციის ახალი ტალღის წამოწყება.

რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ყველაზე აქტიური ნაწილი ომის მსვლელობისას მისი დანაშაულებრივი ქმედებების დაფარვას ისახავს მიზნად. მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სასურველ შედეგს სწრაფად ვერ მიაღწია, რუსეთმა სამოქალაქო დაწესებულებებზე შეტევა დაიწყო. თუმცა ყოველ ფაქტს, რაც მის დანაშაულებს რეალურად ასახავს, კრემლი საკუთარ მოსახლეობაში უკრაინის ბრალეულობად აშუქებს. მიუხედავად ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებისა, რომლებიც უკრაინის ქალაქებში რუსეთის სავარაუდო ომის დანაშაულებს ასახავს, კრემლი მუდმივად იმეორებს, რომ კადრები დადგმულია ან მასზე გამოსახული სცენები უკრაინული არმიის დამსახურებაა. საერთაშორისო საზოგადოების, სამთავრობო თუ არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების, გამომძიებელ ჟურნალისტთა და სხვა წყაროთა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ რუსეთი თავს ესხმის სამოქალაქო ობიექტებს და შესაბამისად, მისი ქმედებები შესაძლო ომის დანაშაულებს წარმოადგენს. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6, ბმული 7, ბმული 8).

აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, რუსეთის ნარატივი, რომ დასავლეთი და უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს, ყალბია. ის, ვინც საინფორმაციო ომს საკუთარი ხალხის, მეზობელი ქვეყნებისა და დასავლური ქვეყნების წინააღმდეგ სხვადასხვა მიზნებით აწარმოებს, არა დასავლური სახელმწიფოები, არამედ რუსეთია.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია