2024 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2 წელი გადის. სრულმასშტაბიანი ომის პარალელურად, რუსული პროპაგანდაც აქტიურად მუშაობს, რომელიც ცდილობს, უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული აგრესია გაამართლოს და ბრალეულობა მოსკოვიდან დასავლეთსა და კიევზე გადაიტანოს.

2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 19 თებერვლამდე „ფაქტ-მეტრის“ რუსულენოვანმა რედაქციამ 236 ყალბი ამბავი გამოააშკარავა. ამ პერიოდში, მართალია, რუსული დეზინფორმაცია სხვა საერთაშორისო და პოლიტიკურ საკითხებსაც აქტიურად ეხმაურებოდა, თუმცა გადამოწმებული ინფორმაციის აბსოლუტური უმრავლესობა, პირდაპირ თუ ირიბად, მაინც რუსეთ-უკრაინის ომის საკითხს ეხებოდა. მაგალითად, ისრაელ-ჰამასის ომის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის დიდი ნაწილიც სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში გავრცელდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, „ფაქტ-მეტრის“ მიერ მომზადებული სტატიები ვერდიქტების სამ კატეგორიაში დაჯგუფდა. ყველაზე მეტი, 200 ამბავი შეფასდა ვერდიქტით „ყალბი ამბავი“, მას მოსდევს მანიპულაციური შინაარსის მქონე ამბები. შესაბამისად, შეფასებული ვერდიქტით „მანიპულირება“ - ჯამში 34, ხოლო მესამე ადგილზეა ვერდიქტი - „სატირა“.

ვერდიქტი გადამოწმებული ამბების რაოდენობა
„ყალბი ამბავი“ 200
„მანიპულირება“ 34
„სატირა“ 2

რუსული დეზინფორმაცია ქართულ ენაზე ხშირად იდენტურად ვრცელდება

დეზინფორმაციული მტკიცებები ხშირ შემთხვევაში ქართულ სოციალურ მედიაში სწორედ რუსული მედიიდან/სოციალური ქსელებიდან ვრცელდება. „ფაქტ-მეტრის“ მონიტორინგი აჩვენებს, რომ რუსული დეზინფორმაციის პირველწყარო უმრავლეს შემთხვევაში რუსული პროპაგანდისტული Telegram-არხები არიან.

Telegram არხებზე შექმნილი დეზინფორმაციის ფართო გავრცელებას, როგორც წესი, ინტერნეტ სივრცეში ე.წ ახალი ამბების ვებგვერდები უწყობენ ხელს, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ შეიქმნა. აღნიშნული ვებგვერდების მთავარი ფოკუსი უკრაინაში რუსეთის ომზე რუსეთის პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელებაა. ეს ვებგვერდები მსგავსია, როგორც იმით, რომ ზუსტად იდენტური ტექსტით ავრცელებენ ინფორმაციას, ასევე იმით, რომ სახელებიც და ვებგვერდის დიზაინიც იდენტური აქვთ. განსხვავება მხოლოდ ქალაქების სახელებია, რომლებზეც უშუალოდ ფოკუსირებული არიან. მაგალითად Лента новостей Киева; Лента новостей Запорожья; Лента новостей Херсона; Лента новостей Мариуполя; Лента новостей Донецка და ა.შ. საინტერესოა ისიც, რომ ეს ვებგვერდებიც, უმრავლეს შემთხვევებში, წყაროდ Telegram-არხებს იყენებენ.

ქართული ანგარიშები სოციალურ ქსელში (ძირითადად Facebook) ხშირად პირდაპირ, ტექსტის შეუცვლელად ავრცელებენ რუსულენოვან პოსტებსა თუ სტატიებს, თანდართული ვიდეო ან ფოტომასალით. გასული წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 19 თებერვლამდე „ფაქტ-მეტრმა“ 70-ზე მეტი ასეთი შემთხვევა დააფიქსირა (მაგალითად, იხ. ბმული 1-2; 3-4; 5-6).

რუსული დეზინფორმაციის ყველაზე ხშირად გამოყენებული ტექნიკები და გავრცელების ტაქტიკა

საგულისხმოა, რომ რუსული დეზინფორმაცია საერთაშორისო თუ ადგილობრივი აუდიტორიის შეცდომაში შესაყვანად სხვადასხვა ტექნიკას, როგორებიცაა, მაგალითად, ფოტოების მარტივი პროგრამებით დამუშავება (ე.წ. CheapFakes), ვიდეოების მანიპულაციურად რედაქტირება; ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, სხვადასხვა სახის ვიდეოკონტენტის შექმნა ე.წ Deepfake („ფაქტ-მეტრმა“ გასულ წელს 4 ასეთი შემთხვევა გადაამოწმა 1; 2; 3; 4;), დოკუმენტების გაყალბება (1; 2) და ა.შ., აქტიურად იყენებს. ქვემოთ კრემლის დეზინფორმაციის რამდენიმე ტექნიკას წარმოგიდგენთ, რაც „ფაქტ-მეტრის“ დაკვირვებით, გასული 1 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტად გამოიყენებოდა.

1. დასავლური გამოცემების გარეკანების გაყალბება

ამ ტექნიკის გამოყენება რუსულმა დეზინფორმაციამ უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიწყო. პირველი გაყალბებული გარეკანი „ფაქტ-მეტრმა“ 2022 წლის აპრილში გადაამოწმა.

რუსული დეზინფორმაცია ძირითადად დასავლურ და ცნობილ სატირულ გამოცემების სახელს იპარავს და კრემლისთვის სასურველი ნარატივის გასავრცელებლად იყენებს.

როგორც წესი, სატირული გამოცემების გარეკანზე ანტიუკრაინული შინაარსის ილუსტრაციაა დატანილი. გასული ერთი წლის განმავლობაში, აღნიშნული ტექნიკით რუსული დეზინფორმაცია ცდილობდა, საზოგადოებას დაერწმუნებინა, რომ დასავლეთი უკრაინას სერიოზულად არ აღიქვამს, დასცინის და მის სისუსტეს უსვამს ხაზს. „ფაქტ-მეტრმა“ამ პერიოდის განმავლობაში 30 ასეთი შემთხვევა გადაამოწმა. ყველაზე ხშირად დეზინფორმატორები ფრანგული სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს“ სახელს იყენებდნენ, მათ მისი გარეკანი ჯამში 7-ჯერ გააყალბეს, მეორე ადგილზე გერმანული ჟურნალი „ტიტანიკია“ - რომლის გარეკანიც 6-ჯერ გაყალბდა, მესამე ადგილზე კი თურქული “Le Man” გვხვდება, რომელიც 5-ჯერ გააყალბეს.

ჟურნალი გაყალბებული რაოდენობა
ფრანგული Charlie Hebdo 7
გერმანული Titanic 6
თურქული Le Man 5
ესპანური El Jueves 2
სხვა 10

საგულისხმოა, რომ გარდა სატირული ჟურნალებისა, გაყალბებულ გარეკანთა სიაში ისეთი გამოცემებიც მოხვდნენ, როგორებიცაა ამერიკული TIME და გერმანული Handelsblatt.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე რუსმა დეზინფორმატორებმა თურქული სატირული ჟურნალის „Le Man”- ის გარეკანი ორჯერ გააყალბეს. ორივე შემთხვევაში, მტკიცება მსგავსი იყო - თითქოს თურქები ქართველებს დასცინოდნენ. პირველი გარეკანი ბათუმში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლის შემდეგ გაჩენილ ადგილობრივ ანტირუსულ პროტესტს შემდეგი სათაურით ეხმიანებოდა: „ქართველი ანიმატორები ართმევენ თურქებს რუსი ტურისტების გართობის მონოპოლიას“ , ხოლო მეორე, Black sea Arena-ზე გამართულ The Killers-ის კონცერტზე ეთნიკურად რუსი დრამერის აყვანასა და სოლისტის რეპლიკის შემდგომ ქართული აუდიტორიის პროტესტს შემდეგნაირად ასათაურებდა: „ჯამბაზები The killers-ის წინააღმდეგ“.

2. გაყალბებული გრაფიტი

კიდევ ერთი ტექნიკა, რომელმაც რეგულარული სახე მიიღო, გაყალბებული გრაფიტია. რუსი დეზინფორმატორები სისტემატურად ცდილობენ, დაარწმუნონ საზოგადოება, რომ დასავლეთი უკრაინის თემით დაიღალა, მათ ეს ომი აღარ აინტერესებთ და, შესაბამისად, დასავლური საზოგადოება უკრაინის მიმართ საკუთარ ნეგატიურ დამოკიდებულებას გრაფიტის სახით გამოხატავს. გასული წლის განმავლობაში „ფაქტ-მეტრმა“ 5 ასეთი შემთხვევა გამოავლინა (ბმული 1; 2; 3; 4; 5).

• მაგალითად, 2024 წლის თებერვალში, ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან პუტინის ინტერვიუს შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გერმანიაში, უკრაინის საელჩოს წინ კარლსონის გრაფიტი გამოჩნდა წარწერით „F*ck Biden”, გრაფიტიზე ჩანდა QR-კოდი, რომლის დასკანერებითაც ინტერვიუს ვიდეოზე გადავდიოდით. Google street view-ის საშუალებით, „ფაქტ-მეტრმა“ გერმანიაში (ბერლინში) უკრაინის საელჩო მოძებნა და მისი მიმდებარე ტერიტორია შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ საელჩოს წინ „ჰაინრიხ ბიოლის ფონდის“ შენობა დგას, რომელიც პოსტებში ნაჩვენები შენობისგან რადიკალურად განსხვავდება. ამით გამოვლინდა, რომ გრაფიტი უკრაინის საელჩოს წინ არ დაუხატავთ. გერმანულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ DPA Faktencheck, იმ შენობასაც მიაგნო, რომელზეც თითქოს გრაფიტი გამოჩნდა, იგი მიუნხენში მდებარეობს. ფაქტების გადამმოწმებლები ადგილზე მივიდნენ, თუმცა იქ გრაფიტის კვალს ვერ მიაგნეს.

• საგულისხმოა, რომ თავდაპირველად ისეთი ფოტოები ვრცელდებოდა, სადაც მცირე მინიშნებები გვხვდებოდა, რითაც მარტივი დასადგენი იყო, სავარაუდო ან ზუსტი ლოკაციაც კი. მაგალითად, რუსულენოვანმა მომხმარებლებმა სოციალურ ქსელში „კაციჭამია ზელენსკის“ გრაფიტის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, რომელიც, მათი მტკიცებით, პარიზში დახატეს. გავრცელებულ ფოტოზე მყოფი სხვა ობიექტების სახელებითა და ქუჩის სახელწოდებით, „ფაქტ-მეტრმა“ შენობის ზუსტი მისამართი დაადგინა. მოგვიანებით კი ფრანგი კოლეგების დახმარებით, რომლებიც ლოკაციაზე მივიდნენ და ადგილობრივები გამოჰკითხეს, აღმოჩნდა, რომ მსგავსი გრაფიტი კედელზე არავის დაუხატავს.

თუმცა დროთა განმავლობაში დეზინფორმატორებმა ეს ტაქტიკა დახვეწეს და დეზინფორმაციის გავრცელებისას ისეთ ფოტოებს აქვეყნებდნენ, რომელთა ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება კიდევ უფრო რთული გახდა. მაგალითად, სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცება გერმანიაში დახატული საახალწლო გრაფიტის შესახებ, რომელზეც შენობის კედლის გარდა არაფერი ჩანს (ბმული 1).

3. გაყალბებული ბილბორდები

როგორ წინა ორი ტექნიკა, ბილბორდების რეკლამების გაყალბებაც, ძირითადად იმ მიზანს ემსახურება, რომ აუდიტორია დასავლეთის უკრაინით გადაღლასა და ომის უმნიშვნელოდ აღქმაში დაარწმუნოს. „ფაქტ-მეტრის“ მიერ გადამოწმებული 6 ბილბორდიდან ექვსივე უკრაინის თემატიკის ეხებოდა. ყველაზე ხშირად, 3-ჯერ, გაყალბდა ნიუ-იორკში, Times square-ზე არსებული ბილბორდები.

ბილბორდებზე ნაჩვენები ანტიუკრაინული მასალების არაავთენტურების დასადასტურებლად „ფაქტ-მეტრმა“ გადამოწმების სხვადასხვა მეთოდი გამოიყენა. ინტერნეტში ხშირად ზოგიერთი ბილბორდის პირდაპირი ტრანსლირება არის ხელმისაწვდომი და რამდენიმე დღის ჩანაწერიც ინახება. ამის საშუალებით შეიძლება შემოწმდეს, ნამდვილად იყო, თუ - არა ესა თუ ის ვიდეო ბილბორდზე.

გადამოწმების კიდევ ერთი გზა სარეკლამო კომპანიებთან დაკავშირებას გულისხმობს, რომლებიც ამა თუ იმ ბილბორდს ფლობენ (ეს ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში ყველასთვის ხელმისაწვდომია) და ინფორმაციის მათი დახმარებით გადამოწმება.

საგულისხმოა, რომ, მაგალითად, ნიუ იორკში, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ სასურველი ვიდეოს გაშვება Times square-ის მონიტორზე ყველა მსურველს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია, ამიტომ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ამ ინფორმაციის გადამოწმება საკმაოდ რთულდება.

4. ცნობილი ადამიანების ვიდეო-მიმართვების ვოლოდიმირ ზელენსკის საწინააღმდეგოდ გამოყენება

გასული წლის ზაფხულში რუსულმა პროპაგანდამ ახალი ტექნიკა შეიმუშავა. ინტერნეტში ცნობილი ადამიანების ვიდეოები გავრცელდა, რომლებშიც თითქოს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავდნენ და ნარკოდამოკიდებულებისა და ალკოჰოლიზმის დაძლევისკენ მოუწოდებდნენ.

გავრცელებულ ვიდეოებში ერთადერთი, რითაც რუსული პროპაგანდა ვიდეოს უკრაინის პრეზიდენტს უკავშირებდა, ვიდეოების ადრესატის სახელი - ვლადიმირი იყო. ვიდეოების დანარჩენ ნაწილში არ იკვეთებოდა სხვა დეტალი, რომელიც მიმართვას ადრესატად უკრაინის პრეზიდენტს წარმოაჩენდა.

მაგალითად, პირველი ვიდეო-მიმართვა, რომელიც „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, ამერიკელი მსახიობის, ელაიჯა ვუდის ვიდეო იყო. ვიდეოში მსახიობი ესალმებოდა ვინმე ვლადიმირს, რომელსაც როგორც ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანს ისე მოიხსენიებდა და მკურნალობისკენ მოუწოდებდა.

კადრებში ერთი შეხედვით ჩანდა, რომ მსახიობი მართლაც იმ განცხადებას აკეთებდა, რასაც რუსული ანგარიშები ავრცელებენ. თუმცა ვიდეოს დაკვირვებით მოსმენისას აშკარა ხდებოდა, ვიდეოს მონტაჟის საეჭვო დეტალები, მაგალითად, ზოგიერთ წინადადებაში შინაარსი საერთოდ დაკარგული იყო და აზრი რთულად იკითხებოდა. აღსანიშნავია, რომ ვუდი მთელი ვიდეოს განმავლობაში მის მიერ ნახსენები ვლადიმირის არც გვარს ასახელებდა და არც უკრაინაზე აკეთებდა რაიმე მინიშნებას.

ელაიჯა ვუდის გარდა, მსგავსი დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენეს სხვა მსახიობების სახელებიც. მაგალითად, კიდევ ერთი მსახიობი, რომელმაც, თითქოს ზელენსკის მკურნალობა ურჩია, ჯონ მაკგინლი იყო. ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (Reverse image search) გამოყენებით, „ფაქტ-მეტრმა“ მსგავსი ვიზუალის ვიდეოები პლატფორმა Cameo.comზე აღმოაჩინა. გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ Cameo.com-ზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ცნობილ ადამიანს დაუკვეთოს სასურველი შინაარსის ვიდეო. ეს დეზინფორმაციული კამპანია სწორედ ამ პლატფორმის ვიდეოებზე დაყრდნობით წარიმართა.

საგულისხმოა, რომ მსგავსი ფაქტების სიმრავლემ დასავლეთშიც მიიქცია ყურადღება. მაგალითად, სტატიები მოამზადეს ისეთმა ცნობილმა გამოცემებმა, როგორებიცაა: WSJ, BBC, Daily Beast.

საკითხს გამოეხმაურა Cameo.com-ის ხელმძღვანელი სტივენ გალანისიც. ჟურნალისტის კითხვაზე, ჟღერდა, თუ - არა ასეთი შეკვეთები საეჭვოდ, მან განაცხადა, რომ ვიდეოების შეკვეთისას, ვინაიდან არავინ უთითებდა გვარს, კომპანიას ეჭვი არ გასჩენია, რომ მათი პლატფორმა მავნე მიზნისთვის გამოიყენებოდა. ამის შესახებ თავადაც ერთ-ერთი სტატიიდან გაიგო. მისი ინფორმაციით, რუსეთიდან cameo-ს დაჯავშნა შეუძლებელია. „რამდენიმე ადამიანმა სხვადასხვა IP მისამართებიდან დაჯავშნა Cameo, რომელიც საკმაოდ ჩვეულებრივად გამოიყურებოდა და ძალიან ჰგავდა Cameo-ს სტანდარტულ შეკვეთას. ეს არის მოთხოვნის ტიპი, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ პლატფორმაზე“, - განაცხადა გალანისმა. გარდა ამისა, თქვა, რომ შეკვეთაში მხოლოდ სახელი ფიგურირებდა, ვლადიმირი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში საკმაოდ გავრცელებულია და ამიტომ წარმოდგენა არ ჰქონდათ ვისთვის იყო გამიზნული და როგორ გამოიყენებდნენ ამ ვიდეოებს.

5. ცნობილი მედიების მიბაძვითა და სახელის გამოყენებით სიუჟეტები/სტატიების გაყალბება

კრემლის პროპაგანდის კიდევ ერთი მიმართულება ცნობილი მედიების სახელით სიუჟეტების/სტატიების გაყალბებაა, რათა მათ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციულ მტკიცებებს ლეგიტიმაცია ამ გზით მიანიჭონ. „ფაქტ-მეტრმა“ გასულ წელს 17 ასეთი შემთხვევა გადაამოწმა. ყველაზე ბევრჯერ დეზინფორმაციის სამიზნე ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC და საგამოძიებო ვებგვერდი Bellingcat იყვნენ, მტკიცებით, რომ Bellingcat-მა სკანდალური გამოძიება ჩაატარა, რომელიც BBC-მ გააშუქა (ბმული 1; 2; 3).

პირველ შემთხვევაში, გამოძიება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს ეხებოდა, რომელმაც თითქოს კერძო ფრენებში ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. BBC-სა და Bellingcat-ს სწორედ ამ საკითხის გამოაშკარავებას მიაწერდნენ.

მეორე დეზინფორმაცია უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელ დავით არახამიას ეხებოდა. რუსული პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ არახამიას „ჰამასისთვის“ იარაღის მიყიდვის საქმესთან აკავშირებდნენ, რის გამოც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საქმეს ამზადებდა.

მესამე შემთხვევაში, რუსული პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ Bellingcat-მა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილზე, ჰანტერ ბაიდენზე დანაშაულის მტკიცებულებები გამოაქვეყნა. დეზინფორმაციის მტკიცებით, მაღალი სტატუსის წყალობით ჰანტერ ბაიდენი უკრაინის ბაზარზე საეკლესიო პროდუქციის მონოპოლისტი გახდა.

სამივე ზემოხსენებული ინფორმაცია უარყო, როგორც Bellingcat-ის, ასევე BBC-ის წარმომადგენლობამ.

გარდა ამისა, ცალკე BBC-ის სტატია (Bellingcat-ის გარეშე), რომელიც თითქოს ზელენსკის ნარკომანობას ამტკიცებდა, ერთხელ გაყალბდა. ორჯერ გაყალბდა ამერიკული ტელეკომპანია MSNBC-ის სიუჟეტი (ბმული 1; 2). ასევე, დეზინფორმაციის სამიზნე უკრაინული ტელეკომპანია 1+1 ორჯერ გახდა (ბმული 1; 2).

6. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ვიდეოკონტენტის შექმნა

რუსული პროპაგანდის კიდევ ერთი ტექნიკა ე.წ Deepfake-ებია (ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სახეცვლილი ვიდეო, რომელშიც შესაძლოა ერთი პიროვნების სახის მეორე პიროვნების სხეულზე მოერგოს, ან სხვა მხრივ დამუშავდეს ვიდეო. Deepfake-ები ძირითადად ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენება). გასულ წელს „ფაქტ-მეტრმა“ 4 ასეთი შემთხვევა გადაამოწმა. ორი მათგანი ვოლოდიმირ ზელენსკის ეხებოდა, ხოლო ვიდეოს მიზანი ზელენსკის არასერიოზულ პოლიტიკოსად წარმოდგენა იყო. ვიდეოები იმგვარად იყო დამონტაჟებული, თითქოს ზელენსკი მუცლით ცეკვას ასრულებდა. ორივე შემთხვევა ყალბი აღმოჩნდა. პირველ ვიდეოზე რეალურად არგენტინელი მოცეკვავე პაბლო აკოსტა, ხოლო მეორეზე რუსი - ვუსალ მეხტიევი ცეკვავდნენ. გავრცელებული ვიდეოები ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით გადავამოწმეთ და ორიგინალი ვიდეოები ორივე შემთხვევაში TikTok-ის პლატფორმაზე ვიპოვეთ.

ზელენსკის გარდა, გასული წლის ნოემბერში დეზინფორმატორებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების უკვე ყოფილი მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის Deepfake ვიდეოც გაავრცელეს, სადაც იგი ზელენსკის უკრაინის მტერს უწოდებდა და უკრაინელებს გადატრიალებისკენ მოუწოდებდა.

რუსული დეზინფორმაციის ტოპ 3 სამიზნე

2023 წელსაც რუსეთის დეზინფორმაციის ძირითადი სამიზნე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იყო. გასულ წელს „ფაქტ-მეტრის“ მიერ გადამოწმებული 236 ამბიდან 49-ის პირდაპირი სამიზნე სწორედ ზელენსკი იყო. მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი - მასთან დაკავშირებული საკითხები დეზინფორმატორებმა 14-ჯერ გააყალბეს, მესამე ადგილზე კი უკრაინის პირველი ლედი - ოლენა ზელენსკა (1; 2; 3; 4). ევროკავშირის ლიდერები ჯამში 4- ჯერ გახდნენ სამიზნეები. (საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი 3-ჯერ (1; 2; 3;), ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთხელ). უკრაინის შეიარაღებული ძალების უკვე ყოფილი მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნი 3-ჯერ (1; 2; 3), დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ- მინისტრი ბორის ჯონსონი (1; 2) და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი (1; 2) 2-2-ჯერ.

ძირითადი ნარატივები

1. უკრაინის ხელისუფლება იძულებითი მობილიზაციისთვის ყველა გზას იყენებს (4 სტატია)

2023 წელს რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი სტრატეგიული გზავნილი ცდილობდა უკრაინის არმიაში ადამიანური რესურსის ნაკლებობაზე ხაზგასმას და ამისთვის, პროპაგანდა უკრაინის მთავრობას იძულებითი მობილიზაციის გზით ისეთი ადამიანების გაწვევას აბრალებდა, რომლებიც, სინამდვილეში, სამხედრო სამსახურისგან თავისუფალნი არიან.

• 2023 წლის სექტემბერში გავრცელდა მტკიცება, რომლის თანახმადაც უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი არასრულწლოვანების არმიაში გაწვევის იდეით გამოვიდა. სინამდვილეში, დეზინფორმატორებმა გააყალბეს როგორც უმეროვის ციტატა, აგრეთვე გავრცელებული ფოტოც, რომელზეც ციტატასთან ერთად უკრაინული მედიასაშუალების „უნიანის“ ლოგო იყო დატანილი და ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ინფორმაცია სწორედ ამ მედიამ გაავრცელა.

• 2023 წლის დეკემბერში ორი ერთმანეთის მსგავსი შინაარსის მტკიცება ვრცელდებოდა. პირველის თანახმად, კიევში ასაკოვანი მოქალაქეებისთვის სააგიტაციო ბროშურებს არიგებდნენ, რომლითაც მათ ფრონტზე წასვლისკენ მოუწოდებდა. ინფორმაცია საკუთარ Facebook-გვერდზე უკრაინის ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა, ნიკოლაი აზაროვმაც გაავრცელა. მეორე მტკიცების თანახმად, ფრონტზე გაწვევის მიზნით, უკრაინაში სააგიტაციო პოსტერები ვრცელდებოდა, რომლებიც ასაკოვან მოქალაქეებთან ერთად მოზარდებსაც ითვალისწინებდა. სინამდვილეში, ორივე მტკიცება ტყუილი იყო. მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არცერთ სანდო მედიასაშუალების ვებგვერდზე არ იძებნებოდა, მას მხოლოდ რუსულენოვანი ანგარიშები და კრემლისტური მედია ავრცელებდა. ის, რომ მსგავსი ბუკლეტები და პოსტერები უკრაინაში არავის დაურიგებია, უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმაც დაადასტურა.

• 2024 წლის თებერვალში რუსმა დეზინფორმატორებმა გამოაქვეყნეს ფოტო, რომელიც თითქოს სმს-შეტყობინებას ასახავდა, რომელიც უკრაინულმა „ოშადბანკმა“ გაუგზავნა თავის მომხმარებლებს. შეტყობინების მიხედვით, მათ, ვინც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამოცხადებას თავი აარიდა, საბანკო ბარათები დაებლოკებოდათ. სინამდვილეში, ბანკს მსგავსი სმს-შეტყობინება არ გაუგზავნია, რაც „ოშადბანკის“ წარმომადგენელმა, სერგეი ნაუმოვმა, საკუთარ ტელეგრამ არხზე დაადასტურა.

2. პრეზიდენტ ზელენსკის დასავლელი ლიდერები აიგნორებენ (3 სტატია)

გზავნილი, რომ პრეზიდენტ ზელენსკის კოლეგა ლიდერები ყურადღებას არ აქცევენ, იმ დიდი სტრატეგიული ნარატივის ნაწილია, რომელიც ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ დასავლეთი უკრაინის საკითხით გადაღლილია და პრიორიტეტული აღარაა.

• 2023 წლის ივნისში სოციალურ ქსელში მანიპულაციური ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი ზელენსკი შვეიცარიის პარლამენტის წინაშე შესვენებისას გამოვიდა, დარბაზი ცარიელი იყო, ხოლო ბევრმა მისი გამოსვლისას დატოვა ადგილი. მართალია, მან ნამდვილად სადილის შესვენების დროს მიმართა პარლამენტს და მისი წევრები არ იყვნენ ვალდებულნი დარჩენილიყვნენ და მოესმინათ, თუმცა დარბაზი ცარიელი ნამდვილად არ ყოფილა. მტკიცებასთან ერთად გავრცელებული ფოტო მხოლოდ ერთი კუთხიდან იყო გადაღებული და ადგილების გარკვეული ნაწილი მართლაც ცარიელი იყო. სინამდვილეში, დარბაზში არყოფნის უფლებით ისარგებლეს მხოლოდ ერთი ფრაქციის, ეროვნულ-კონსერვატიულ სახალხო პარტიის დეპუტატებმა - ეს პარტია მხარს უჭერს ნეიტრალიტეტის პრინციპების დაცვას შვეიცარიის საგარეო პოლიტიკაში, მათ შორის - უკრაინის ომში. ზელენსკის მიმართვის სრული ვიდეო ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომია, სადაც კარგად ჩანს, რომ დარბაზის ნახევარზე მეტი სავსეა.

2023 წლის ივლისში, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იმყოფებოდა, გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანდნენ მხოლოდ ზელენსკი და ბულგარეთის ვიცე-პრემიერი მარია გაბრიელი. მტკიცება შემდეგი იყო: „ზელენსკი ბულგარეთში ჩავიდა, სადაც მას პრაქტიკულად არავინ შეხვედრია. სოფიას აეროპორტში მას მხოლოდ ვიცე-პრემიერი მარია გაბრიელი დახვდა“. სინამდვილეში, წინა მტკიცების მსგავსად, აქაც მხოლოდ ერთ ფოტოზე დაყრდნობით მიმდინარეობდა საკითხის განხილვა, რომელზეც მართლაც მხოლოდ ზელენსკი და ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ჩანდნენ, თუმცა ინტერნეტსივრცეში ატვირთულ ვიზიტის კადრებში ჩანს, რომ ზელენსკის არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ მთელი დელეგაცია დახვდა.

• 2023 წლის ნოემბერში გავრცელდა ვიდეო, რომლითაც სოციალურ ქსელში ამტკიცებდნენ, რომ „ჰოლანდიაში ვიზიტისას ზელენსკი დაამცირეს“, ნიდერლანდების სამხედრო ბაზაზე გენერალმა ზელენსკის ხელი არ ჩამოართვა. სინამდვილეში, ვიდეო შეგნებულად იყო არასწორად დამონტაჟებული - დეზინფორმატორები აჩვენებდნენ კადრებს მას შემდეგ, რაც გენერალმა ხელი ჩამოართვა ზელენსკის და მხოლოდ ამის შემდეგ მიესალმა მისი ქვეყნის მთავრობის მეთაურს. ეს ნათლად ჩანს ვიდეოს სრულ ვერსიაშიც.

3. პრეზიდენტი ზელენსკი და მისი გარემოცვა ომის მიმდინარეობისას მდიდრდება (2 სტატია )

გასულ წელს კრემლის დეზინფორმაციის მთავარი სამიზნე ვოლოდიმირ ზელენსკი იყო. მისი მისამართით გავრცელებული ყალბი ამბები სხვადასხვა თემატიკას მოიცავს, ერთ-ერთი ცდილობს ზელენსკი კორუმპირებულ პოლიტიკოსად წარმოაჩინოს, რომელიც საკუთარი კეთილდღეობისთვის უკრაინის მოქალაქეებს სწირავს, თავად მდიდრდება და ფუფუნების საგნებზე უარს არ ამბობს.

• 2023 წლის დეკემბერში სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფოტოსურათი, ე.წ მტკიცებულებები გავრცელდა, რომლებიც ზელენსკის მიერ 75 მილიონ დოლარად ორი იახტის შეძენის ამბავს ააშკარავებდნენ. დოკუმენტებზე ინფორმაციის დიდი ნაწილი გადაშლილი იყო, ხოლო იდენტური შაბლონი ინტერნეტში მარტივად იძებნებოდა, რედაქტირება კი განსაკუთრებულ ძალისხმევას არ საჭიროებდა. გარდა ამისა, ინფორმაციის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ის საეჭვო ვებგვერდები, რომლებზეც სტატიები ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა, მათ შორისაა News Break და Naija Loaded. ვებგვერდი News Break დაბალი სანდოობით გამოირჩევა და შემჩნეულია ყალბი ამბების გავრცელებაში. Naija Loaded კი ნიგერიული ვებგვერდია, რომლის აღწერის მიხედვითაც, ის მომხმარებლებს სხვადასხვა სახის გასართობ კონტენტს აწვდის. საინტერესოა ისიც, რომ სტატია დასპონსორებული იყო, რაც სავარაუდოდ იმას მიანიშნებდა, რომ სტატია შეკვეთით დაიწერა. აღსანიშნავია, რომ BBC Verify-ის ჟურნალისტები იახტების მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ იახტები ჯერ არავის შეუძენია და დეზინფორმაციის გავრცელების მომენტშიც იყიდებოდა. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა.

• 2023 წლის ოქტომბერში, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მეუღლე აშშ-სა და კანადაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ, რუსმა დეზინფორმატორებმა ინფორმაცია გაავრცელეს იმის შესახებ, რომ ოლენა ზელენსკამ Cartier-ის მაღაზიაში სამკაულებში 1 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. სინამდვილეში, Cartier-ის ჩეკზე, რომელიც დეზინფორმატორთა მტკიცებით, ზელენსკას შენაძენის მტკიცებულებას წარმოადგენდა, სამკაულების შეძენის თარიღად 22 სექტემბერი იყო მითითებული. გამოდის, რომ 22 სექტემბერს ოლენა ზელენსკა ნიუ-იორკში უნდა ყოფილიყო, თუმცა სინამდვილეში უკრაინის პრეზიდენტი და მისი მეუღლე ამ დღეს ოფიციალური ვიზიტით კანადაში იმყოფებოდნენ. დამატებით, რუსული წყაროები მტკიცებულებად ვებგვერდს „the Nation”, იყენებდნენ, რომელიც სინამდვილეში, არა ამერიკული, არამედ ნიგერიული გამოცემაა. თანაც, აღნიშნულ საკითხზე გამოქვეყნებული მათი სტატია დასპონსორებული სტატიების სიაში აღმოჩნდა, რაც, სავარაუდოდ, იმას მიანიშნებდა, რომ სტატია შეკვეთით დაიწერა.

4. პრეზიდენტი ზელენსკი ნარკოდამოკიდებულია (7 სტატია - 1; 2; 3; 4; 5; 6; 7)

აღნიშნული ნარატივი ომის დაწყების პირველი დღიდან რუსული დეზინფორმაციის მთავარი „ჰედლაინი“ იყო. მისი ავტორი თავად პუტინია, რომელმაც ჯერ კიდევ 2022 წლის 25 თებერვალს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის მთავრობა „ნარკომანთა და ნაცისტთა ბანდად“ მოიხსენია. ეს მტკიცება „ფაქტ-მეტრმა“ 2022 წელსაც არაერთხელ გადაამოწმა (1; 2; 3; 4;).

• ზემოთ განხილულ კრემლის პროპაგანდის ტაქტიკებში, ერთ-ერთი ცნობილი ამერიკელი მსახიობების გაყალბებული მიმართვები იყო. მათი მიმართვები სწორედ იმ გზავნილის გასავრცელებლად გამოიყენეს, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის ნარკოდამოკიდებულება დაებრალებინათ.

• 2023 წლის მარტში ამ თემასთან დაკავშირებით ორი დეზინფორმაცია გავრცელდა. პირველი შემთხვევისას გავრცელდა ვიდეო, რომლის თანახმადაც პარიზში, თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე, უკრაინის პრეზიდენტისადმი მიძღვნილი „არტ-ობიექტი“ გამოფინეს. ფოტოზე ჩანდა ცხვირის ფორმის მტვერსასრუტი, რომელიც თითქოს კოკაინს ისუნთქავდა. სინამდვილეში, ამ სკულპტურას ზელენსკისთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. რეალურად, ვიდეო არა პარიზში, არამედ იტალიაში, ქალაქ პარმაში იყო გადაღებული, 2018 წელს, როცა ზელენსკი პოლიტიკაში საერთოდ არ იყო ჩართული. ეს ინსტალაციის ავტორის ინსტაგრამ გვერდზე განთავსებული პოსტითაც დასტურდებოდა.

• ზელენსკის ნარკოდამოკიდებულების შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად BBC-ის სტატიის სათაურიც გააყალბეს. გავრცელდა ფოტოანაბეჭდი, თითქოს BBC აღიარებდა, რომ ზელენსკი ნარკოდამოკიდებული იყო. BBC-ის ოფიციალურ გვერდზე, მის სოციალურ ქსელებში მსგავსი სტატია არ მოიძებნა.

5. უკრაინელები მართლმადიდებლობას ებრძვიან (9 სტატია - 1; 2; 3; 4; 5; 6; 7; 8; 9)

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია წლებია, რაც რუსული პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. მას შემდეგ, რაც უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა და ახალ კალენდარზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, დეზინფორმაციული კამპანია განსაკუთრებით გააქტიურდა. კრემლისტურმა მედიამ უკრაინის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვება აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს მიერ დაგეგმილ ოპერაციასთან და უკრაინაში ლგბტ პოლიტიკის გავრცელებასთან დააკავშირა.

2022 წელს კი, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია დეზინფორმატორთა ყურადღების ცენტრში კვლავ და უფრო მასშტაბურად მოექცა. ადგილობრივი მავნე აქტორები უკრაინის ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციული გზავნილების გავრცელებით უკრაინის მთავრობის - მართლმადიდებლობასთან მებრძოლად, უკრაინელი ერის კი „ურწმუნოდ“ წარმოჩენას ცდილობენ.

• 2024 წლის იანვარში შემდეგი დეზინფორმაცია გავრცელდა: უკრაინელებმა შობის წინა დღეს სატელევიზიო ეთერში სატანის ფორმებში გამოწყობილი ადამიანების ეკლესიაში გადაღებული მისალოცი ვიდეო გაუშვეს. დეზინფორმაცია ირწმუნებოდა, რომ მილოცვა ტელევიზია „24-ე არხზე“ 6 იანვარს 11:10-ზე გავიდა. გადამოწმების შემდეგ გაირკვა, ამ დროს ტელეარხის ეთერში გადაცემა სახელწოდებით „რეალობა. ყველაფერი ომის შესახებ“ გავიდა და არა აღნიშნული კადრები. სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ ვიდეო რგოლი ერთ-ერთი ონლაინ კაზინოს მიერ გადაღებული სარეკლამო კლიპი იყო და მას უკრაინის ეკლესიასთან ან უკრაინელების ოფიციალურ საშობაო მილოცვასთან კავშირი არ ჰქონდა.

• 2023 წლის აპრილში რამდენიმე მტკიცება გავრცელდა. პირველის თანახმად - უკრაინის მთავრობამ სააღდგომო ღვთისმსახურება აკრძალა. სინამდვილეში, კიევში სააღდგომო ღვთისმსახურება არ აუკრძალავთ და გავრცელებული დეზინფორმაცია კვლავ ანტიუკრაინული განწყობების გაღვივებას ემსახურებოდა. საქმე ისაა, რომ კიევში მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, 00:00 საათიდან 05:00 საათამდე, კომენდანტის საათი მოქმედებდა და შესაბამისად, ქალაქში გადაადგილება აკრძალული იყო. სწორედ ამიტომ ქალაქის ადმინისტრაციამ რელიგიური თემების ლიდერებს თხოვნით მიმართა, რომ რელიგიური მსახურების ჩატარების დროს მასობრივი შეკრება შეეზღუდათ და ამის ნაცვლად, მსახურების ინტერნეტისა და ტელევიზიის საშუალებით გადაცემა მაქსიმალურად უზრუნველეყოთ. შესაბამისად, სააღდგომო ღვთისმსახურებას სასულიერო პირები ტაძრებში ჩაატარებდნენ, მოსახლეობა კი ტაძრებში მისვლას, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ შეძლებდა.

მეორე - სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ ტაძარში მყოფი პირები ღვთისმსახურების დროს დოლების, სკამების, ქვაბებისა და სხვა ნივთების გამოყენებით, მიზანმიმართულად იწვევდნენ ხმაურს. ვიდეოს თან ერთოდა მტკიცება, რომ თითქოს კადრები უკრაინაში იყო გადაღებული. სინამდვილეში, ვიდეო არა უკრაინაში, არამედ საბერძნეთში, ქალაქ კატერინიში იყო გადაღებული. აღსანიშნავია ისიც, რომ კადრები აღდგომის დადგომამდე, „დიდი შაბათის“ საეკლესიო ტრადიციას ასახავს, რა დროსაც მორწმუნეები ეკლესიაში ხმაურის გამოწვევას სხვადასხვა გზით ცდილობენ. მორწმუნეებისა და ღვთისმსახურების მსგავსი ქმედება, ტრადიციის თანახმად, იესო ქრისტეს ბოროტ ძალებზე გამარჯვებას უკავშირდება.

მესამე - ბერძენმა კათოლიკეებმა, რომლებიც ძირითადად დასავლეთ უკრაინაში ცხოვრობენ, ჯვარი დაწვეს, ამის დასტურად პოსტებს შესაბამისი ფოტომასალაც მოჰყვებოდათ. სინამდვილეში, ინფორმაცია მანიპულაციური იყო. ბერძნული კათოლიკური ეკლესია ქრისტიანული სამყაროს ნაწილია და ჯვარი მათთვისაც ისეთივე სიმბოლოა, როგორც მართლმადიდებლებისთვის. შემთხვევა უკრაინის დასავლეთში, სოფელ გილკაში, ყოველწლიურად გამართული რელიგიური მსვლელობის დროს მოხდა. მტკიცება თავად ეკლესიის წარმომადგენელმაც უარყო, რომელმაც განმარტა, რომ სინამდვილეში, ეს იყო არა ჯვრის დაწვა, არამედ ცერემონია, რომელიც ყოველწლიურად იმართება რომში, პაპის თანდასწრებით. ჯვარი რკინისაა და აალებადი მასალითაა შეფუთული, რიტუალის აზრი კი ისაა, რომ „აღდგომამდე ადამიანები აღიარებდნენ, განიწმენდდნენ და ჯვარზე წვავდნენ ცოდვებს“.

• 2023 წლის სექტემბერში სოციალურ ქსელში ამტკიცებდნენ, რომ „აზოვის“ პოლკი სატანისტურ რიტუალებს ატარებდა. პოსტებს თან ერთოდა ფოტოები, რომელზეც „აზოვის“ მებრძოლებს ხელში ჩირაღდნები ეკავათ, ირგვლივ კი კოცონიც ჩანდა. ფოტოები „აზოვის“ პოლკის ოფიციალურ Telegram-არხზეც იყო განთავსებული, სადაც ამ რიტუალის მიზანიც ნათლად იყო ახსნილი: „ყოველწლიურად, შემოდგომის ბუნიობის დღეს, აზოვის ტრადიციის თანახმად, ჩვენ აღვნიშნავთ მიცვალებულთა დღეს, ვიხსენებთ ყველა დაღუპულ აზოველს, ვინც ყველაზე ძვირფასი გაიღო სამშობლოს თავისუფლებისთვის - მათი სიცოცხლე“. შესაბამისად, მტკიცება სატანისტურ რიტუალთან დაკავშირებით ყალბია.

6. ბაიდენი პრეზიდენტობისთვის შეუფარებელია (11 სტატია - 1; 2; 3; 4; 5; 6; 7; 8; 9; 10; 11)

რუსული დეზინფორმაციის მეორე მნიშვნელოვანი სამიზნე გასულ წელს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო. პროპაგანდა ცდილობდა ბაიდენი სუსტ, უუნარო მმართველად წარმოეჩინა, რომელიც უკვე ასაკშია და საკუთარ ქცევებს ვერ აკონტროლებს.

• 2023 წლის ივნისში გავრცელდა ბაიდენის ვიდეო, თითქოს ის საკუთარ თავს ყველაზე „პრორუს“ პრეზიდენტს უწოდებდა. სინამდვილეში, ვიდეო დამონტაჟებული იყო. ვიდეო აჩვენებდა აშშ-ის პრეზიდენტის ფილადელფიაში პროფკავშირების ფორუმზე გამოსვლას, სადაც მან საკუთარ თავს არა „პრორუსი“ (pro-russian), არამედ ყველაზე „კავშირის მომხრე“ (pro union) პრეზიდენტი უწოდა.

• 2023 წლის ოქტომბერში კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც თითქოს ბაიდენი აცხადებდა, რომ ისრაელში იყო დაბადებული, მაშინ, როცა ოფიციალურ დოკუმენტებში აშშ, პენსილვანიაა მითითებული. სინამდვილეში, სრულ ვიდეოში ბაიდენი შემდეგ ტექსტს ამბობს: „ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა იმისათვის, რომ მთელი მსოფლიოს ებრაელი ხალხისთვის უსაფრთხო ადგილი ყოფილიყო. ამიტომაც დაიბადა/შეიქმნა ის. დიდი ხნის წინ ვთქვი: ისრაელი რომ არ არსებობდეს, მისი გამოგონება მოგვიწევდა“. დეზინფორმატორებმა წინადადება: That’s why it was born (ამიტომაც დაიბადა/შეიქმნა ის), თარგმნეს ისე, თითქოს ბაიდენმა საკუთარ თავზე თქვა, რომ ისრაელში იყო დაბადებული.

• 2023 ნოემბერში გავრცელდა ფოტო, თითქოს ბაიდენი მისალმებისას ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს ზურგს აქცევდა. ფოტო 2023 წლის 15 ნოემბერს გამართული პრეზიდენტების შეხვედრის კადრებიდან იყო ამოჭრილი და დამუშავებული. სინამდვილეში, შეხვედრისას ბაიდენი ზურგი არ შეუქცევია.

7. დასავლეთი დაიღალა ზელენსკის ფინანსური თხოვნებით და ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ უკრაინა პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს (13 სტატია: 1; 2; 3; 4; 5; 6; 7; 8; 9; 10; 11; 12; 13)

მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასი თავს დაესხა ისრაელს, რუსულმა პროპაგანდამ მუშაობა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი უკრაინის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენა. მთავარი გზავნილი ცდილობდა აუდიტორიის დარწმუნებას, რომ დასავლეთი უკრაინის დახმარებას მეორე პლანზე გადაიტანდა და სანაცვლოდ რესურსებს ისრაელზე მიმართავდა.

• 2023 წლის ნოემბერში გავრცელდა ვიდეო, რომლის თანახმადაც ნიუ-იორკში ბილბორდზე უკრაინის მხარდამჭერი ტექსტი ისრაელის მხარდამჭერი ტექსტით ჩანაცვლდა. სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცება ყალბი იყო, ხოლო ვიდეო - დამონტაჟებული. სააგენტო „როიტერსთან“ საუბრისას, ბილბორდის მფლობელი კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მსგავსი რეკლამა მათ ეკრანებზე არ გამოჩენილა. ეკრანზე ტელეკომპანია ABC News-ის ლოგოც ჩანდა კომენტარით - „უყურე ახალ ამბებს“, რომელიც იმავე შრიფტით იყო დაწერილი, რომლითაც უკრაინის და ისრაელის მხარდამჭერი ფრაზები. თუმცა, როგორც ABC News-ის წარმომადგენლებმა AFP-ისთან დაადასტურეს, მსგავსი შინაარსის რეკლამა მათ არ გაუვრცელებიათ.

• 2023 წლის ოქტომბერში თურქული სატირული ჟურნალის „Le Man”-ის გაყალბებული გარეკანი გავრცელდა, რომელზეც შემდეგი სიტუაცია იყო აღწერილი: ზელენსკი პალესტინის დროშის ქვეშ მყოფი ქალაქის ფონზე ჩანდა, რომელიც მასობრივად იბომბებოდა და ჟურნალისტების ყურადღებაც მთლიანად ამ სურათისკენ იყო მიმართული. კარიკატურა შემდეგი დასკვნის გამოტანისკენ უბიძგებდა მკითხველს - უკრაინის პრეზიდენტი უკმაყოფილოა იმით, რომ მსოფლიო საზოგადოების ყურადღება უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამწვავებაზე გადავიდა. სინამდვილეში, ეს გარეკანი ყალბი აღმოჩნდა, რაც თავად ჟურნალის რედაქტორმაც დაადასტურა.

• გასული წლის ოქტომბერში ასევე გაყალბდა გერმანული სატირული ჟურნალის „Titanic” გარეკანი. გარეკანი ჰელოუინის თემატიკას ეხებოდა, წარწერა კი ამგვარად ითარგმნებოდა: „ამჯერად კანფეტები ყველას არ ეყოფა“ - კარიკატურაზე ისრაელის დროშის დეტალებით გაფორმებულ კოსტიუმში გამოწყობილების სათლები სავსე იყო კანფეტებით, ხოლო ზელენსკის - ცარიელი, რაც კვლავ იმ ნარატივს იმეორებდა, რომ დასავლეთის დახმარება სრულად ისრაელისკენ იქნებოდა მიმართული.

• 2023 წლის ნოემბერში Washington Daily-ის გარეკანზე მადლიერების დღის სადილის სუფრასთან მჯდარი ზელენსკის კარიკატურა გავრცელდა, რომელზეც მან თითქმის ყველაფერი მიირთვა, მაგრამ მეტს მოითხოვს, შემდეგი სათაურით: „გმადლობთ, მაგრამ მე მეტი მჭირდება“. კარიკატურის აზრი აქაც იდენტურია - „უკრაინა სულ უფრო მეტ რესურსს მოიხმარს ევროპიდან და აშშ-დან, მაგრამ კიდევ მეტი სურს“ - ეს გარეკანიც, როგორც დანარჩენი სხვა, ყალბი აღმოჩნდა.

• საგულისხმოა, რომ ისრაელ-ჰამასის ომამდეც, რუსეთის დეზინფორმაცია ცდილობდა, ზელენსკი უკმაყოფილოდ წარმოეჩინა, რომელიც დასავლეთიდან მიღებული დახმარებით „ვერ კმაყოფილდება“. მაგალითად, 2023 წლის ივნისში, როცა ატლანტის ოკეანეში წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა, რუსმა დეზინფორმატორებმა ფრანგული სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს გაყალბებული გარეკანი გაავრცელეს, რომელზეც თითქოს ზელენსკის ხელში უჭირავს წყალქვეშა ნავში ჩაძირული მილიარდერის ცხედარი და მისი ხმით წარმოთქვამს ფრაზას: „მე გადავრჩი და მსურს მთელი ფული უკრაინის დასახმარებლად გადავრიცხო“.

8. დასავლეთი უკრაინის ომით დაიღალა და მისი გამარჯვების იმედი აღარ აქვს

2023 წელს რუსული პროპაგანდა აქტიურად ცდილობდა, დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ უკრაინა დასავლეთისთვის უინტერესო გახდა. დეზინფორმაცია წარმოაჩენდა, რომ დასავლეთში ამ დამოკიდებულებას ადგილობრივი მოსახლეობაც სხვადასხვა გზით გამოხატავდა.

• გასული წლის დეკემბერში, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც პოსტების ავტორთა მტკიცებით, გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში ახლადგაჩენილი გრაფიტი იყო გამოსახული. მასზე კომუნალური სამსახურის თანამშრომელი უკრაინის დროშის გამოსახულებას შლიდა. ამით დეზინფორმაცია ცდილობდა, ეჩვენებინა, რომ უკრაინა დასავლეთისთვის აქტუალური თემა აღარ არის. ფოტოზე არსებული მცირედი ინფორმაციით, კერძოდ, შენობაზე არსებული მისამართის დაფით, „ფაქტ-მეტრმა“ დაადგინა შენობის ადგილმდებარეობა და Google maps-ის საშუალებით მას მიუნხენში მიაგნო. შემდგომ DPA Faktencheck-ის დახმარებით, ადგილზე დადასტურდა გავრცელებული ფოტოს სიყალბე.

• იმავე თვეში კიდევ ერთი დეზინფორმაცია გავრცელდა შემდეგი შინაარსით : ნიუ-იორკში გამოჩნდა ბანერი, წარწერით: „კიევთან დაკავშირებით ყველაფერი დასრულდა. გაჩერდებიან, თუ - არა რუსები ამაზე?“. ბანერი წარმოაჩენდა, რომ დასავლეთი უკრაინით დაიღალა და უკრაინის მოშორებას ცდილობს. თუმცა, ამავდროულად, ეშინია, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება. სინამდვილეში, ბანერი მსგავსი წარწერით ნიუ-იორკში არ განთავსებულა. ინფორმაცია ფრანგულმა გამოცემა AFP-მ გადაამოწმა. ისინი დაუკავშირდნენ ბილბორდის მფლობელ კომპანიას, მათ კი ვიდეოს სიყალბე დაადასტურეს.

• 2024 წლის იანვარში სოციალურ ქსელში რუსულენოვანი ანგარიშები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ამერიკელებმა ბეისბოლის მატჩის დროს ბანერზე Prime video-ს დოკუმენტური ფილმის, „უკრაინის დასასრული“, რეკლამა აჩვენეს. მტკიცებულად პოსტს ვიდეოკლიპი ერთოდა. მტკიცება ორ ტყუილს მოიცავდა. „ფაქტ-მეტრმა“ ვიდეოს ორიგინალი ვერსია იპოვა, რომელიც ამერიკული გუნდების New York Yankees და Baltimore Orioles თამაშს ასახავს. ვიდეო გუნდის Baltimore Orioles-ის Youtube არხზე 2015 წლის 2 ოქტომბერსაა ატვირთული. შესაბამისად, გავრცელებული პოსტის პირველი ტყუილი ისაა, თითქოს მატჩი გასულ ზაფხულს ჩატარდა. გარდა ამისა, ორიგინალ ვიდეოში ბანერზე არსებული რეალური წარწერა კარგად ჩანს. მასზე არა უკრაინასთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმის რეკლამა, არამედ ბეისბოლის გუნდების Atlanta Braves და Washington Nationals-ის თამაშის ანონსია გამოსახული.

• 2024 წლის იანვარში კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელზეც სოციალური ქსელების მომხმარებლების ინფორმაციით, აშშ-ში რესლინგის ერთ-ერთი შოუს დროს დამსწრე აუდიტორიაში მამაკაცს ხელში ბანერი ეჭირა წარწერით „F*ck Ukraine“. სინამდვილეში, ვიდეოს გადამოწმებისას დადგინდა, რომ რეალურად მასზე სულ სხვა წარწერაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო უკრაინასთან. მასზე წერია: „Betrayal; Bay Bay“, „bay bay“ ამერიკელი რესლერის ადამ კოულის ფსევდონიმია, რომელიც ასევე ჩანს ვიდეოში.

9. დასავლეთს არ სურთ უკრაინის ომის დამთავრება

კიდევ ერთი პოპულარული ნარატივი, რომელსაც რუსეთი აქტიურად ავრცელებს, ისაა, რომ ომით დასავლეთი სარგებელს იღებს, რის გამოც მათ სულაც არ უნდათ მისი დასრულება და მაქსიმალურად აჭიანურებენ.

• 2023 წელს უკრაინაში ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრმა“ ჯოზეფ ბორელის მანიპულაციურად გავრცელებული ორი ციტატა გადაამოწმა. ორივეს შინაარსი მსგავსი იყო, პირველ შემთხვევაში, მტკიცება გულისხმობდა, რომ თითქოს ბორელმა იცის, როგორ დაასრულოს ომი, თუმცა ამას განზრახ არ აკეთებს. მეორე შემთხვევაში, აცხადებდნენ, რომ ევროკავშირს ხელს არ აძლევს ომის დასრულება. ორივე შემთხვევაში, ჯოზეფ ბორელის ციტატა დამახინჯებულად გავრცელდა.

• 2023 წლის მარტში სოციალურ ქსელში ამერიკელი ანალიტიკოსის, გარლანდ ნიქსონის ტვიტი გავრცელდა, რომელშიც ეწერა, რომ თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ უკრაინას ნებას არ აძლევს, მიიღოს ომის დასრულებისთვის საჭირო რაიმე სახის სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც ჩინეთის მიერ იქნა შეთავაზებული, მათი დელეგაციის მოსკოვში ვიზიტისას. სინამდვილეში, კირბის ფრაზა კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო და ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს აშშ იმიტომ არ ეთანხმება ჩინეთის ინიციატივას, რომ ომის გაგრძელება სურს. სინამდვილეში, კირბიმ სამშვიდობო პროცესზე კომენტარისას ხაზი გაუსვა რუსეთის მიზანს, რომ „მოლაპარაკებებით“ დროებითი შესვენება აიღოს და შემდგომ შეუტიოს უკრაინას.