სოციალურ ქსელში დავითი დადიანი, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, მორიგ ყალბ ამბავს ავრცელებს. მისი მტკიცებით, იაპონიაში გამოჩნდა წარწერა - „შეწყდეს ომი! გაჩერდეს ზელენსკი!“. პოსტს თან 12- წამიანი ვიდეო ახლავს, რომელზეც აღნიშნული წარწერა ჩანს.

სინამდვილეში, ეს ვიდეო დამონტაჟებულია.

ინფორმაციის გადამოწმებისას გაირკვა, რომ ვირუსულად გავრცელებული 12-წამიანი ვიდეო ამოჭრილია ერთ-ერთი YouTube ვიდეოდან, სახელწოდებით „Night Walk in Tokyo Shibuya“. ორიგინალი ვიდეოს ხანგრძლივობა 1 საათი და 48 წუთია. ვიდეო 2020 წლის ოქტომბერშია გამოქვეყნებული და მას 8 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთი 21:20-დან იწყება. ავთენტურ ვიდეოში ვხედავთ, რომ ბანერზე უკრაინასთან ან ზელენსკისთან დაკავშირებული არანაირი ფოტო/ვიდეო მასალა ან წარწერა არ გვხვდება. მასზე გოგონების სურათები და იაპონური წარწერებია.

წყარო: Snopes.com

იმაში, რომ ეს ორი ნამდვილად ერთი და იგივე ვიდეოა, რამდენიმე კადრიც გვარწმუნებს. მაგალითად, მოტოციკლი და მის უკან მიმავალი შავი და თეთრი მანქანები.

დამონტაჟებული ფოტო:

რეალური ფოტო:

ვიდეო ვირუსულად გავრცელდა უცხოურ სოციალურ ქსელშიც, რის გამოც ინფორმაცია ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ვებგვერდმა Snopes-მა და AFP-მაც გადაამოწმეს.

ამგვარად, მტკიცება, რომ იაპონიაში ანტიუკრაინული ბანერი გამოჩნდა, ყალბია. გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია.

------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.