ირაკლი კობახიძე: მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკის განვითარების დონე ჯერ კიდევ დაბალია და ევროკავშირის წევრ ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი, 30-40 %-ით, ჩამოვრჩებით
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის სიმართლე.
მიმდინარე ფასებში დათვლით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის მოცულობა 16 მლრდ დოლარს, 2024 წელს კი 114%-ით მეტს - 34.2 მლრდ დოლარს შეადგენდა. ნომინალურ ზრდაში მნიშვნელოვანი გავლენა ლარის გამყარებამ და მაღალმა ინფლაციამ იქონია, თუმცა საანგარიშო პერიოდში მაღალი იყო რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპიც. 2021-2024 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდის ტემპმა 9.8% შეადგინა. 2024 წელს მშპ-ის ზრდის ტემპით საქართველომ ევროპაში პირველი და მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა.2024 წელს საქართველოში მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში დათვლით 9240 დოლარი შეადგინა, 2025 წლის პროგნოზი კი 10 000 დოლარია. სწრაფი ზრდის მიუხედავად, საქართველო ევროკავშირის ყველაზე ღარიბ სახელმწიფო ბულგარეთს 47%-ით ჩამორჩება. თუ მშპ-ს მსყიდველუნარიანობის პარიტეტით (PPP) მეთოდით გავზომავთ, სხვაობა 31%-მდე შემცირდება. PPP მეთოდით დათვლით, საქართველოში 2024 წელს მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 28 400, ხოლო ბულგარეთში 41 000 დოლარი შეადგინა.შესაბამისად, განცხადებაში არსებული ცალკეული მეთოდოლოგიური ხარვეზების მიუხედავად, რაც საქართველოში ეკონომიკური ზრდის გარკვეულწილად გადაჭარბებით წარმოჩენას იწვევს, ირაკლი კობახიძის ძირითადი მტკიცება, რომ მაღალი ზრდის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მაინც არსებითად ჩამორჩება ევროკავშირის და მათ შორის მისი ყველაზე ღარიბი წევრის ეკონომიკურ მდგომარეობას, სიმართლეს შეესაბამება.
ანალიზი:
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეკონომიკაზე საუბრისას განაცხადა: „ჩვენი ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდება, გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ნომინალური ეკონომიკა დოლარში გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი, საშუალო მაჩვენებელი არის 9,7%, 2021 წლიდან მოყოლებული. წელსაც გვაქვს თითქმის 8%-იანი ზრდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ამ ტემპის შენარჩუნება, ჩვენი ეკონომიკის განვითარების დონე ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია. ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე წელს პირველად გასცდება $10 000-ს. თუმცა ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით მაგალითად, ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას, ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი, დაახლოებით 30-40 %-ით“.
2021-2024 წლებში საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა აღინიშნა. კერძოდ, 2021 წელს რეალური მშპ - 10.6%-ით, 2022 წელს - 11%-ით, 2023 წელს - 7.8%-ით და 2024 წელს 9.7%-ით გაიზარდა. ოთხ წელიწადში საშუალო ეკონომიკურმა ზრდის ტემპმა 9.8% შეადგინა, ხოლო ჯამურმა ზრდის ტემპმა 45%. საშუალოზე მაღალი 7.7%-იანი ზრდა შენარჩუნდა 2025 წლის იანვარ-სექტემბერშიც.
გრაფიკი 1: მშპ-ის ზრდის ტემპი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2021 წელი პანდემიით გამოწვეული დანაკარგის აღდგენის წელია და ბევრ სახელმწიფოში ეკონომიკური ზრდის ტემპმა ათწლეულების რეკორდი მოხსნა, თუმცა ასევე სახელმწიფოთა უმრავლესობაში 2022-2024 წლებში მაღალი ზრდის ტემპი აღარ გაგრძელებულა.
თუ შედარებას 2019 წელთან გავაკეთებთ, 5 წელიწადში ჯამურ 36%-იან ზრდას მივიღებთ. საშუალო ზრდის ტემპი ამ შემთხვევაში 6.6%-მდე მცირდება, მაგრამ თუ 2020 წელსაც გამოვრიცხავთ და 2021 წელსაც, საშუალო ზრდის ტემპი 9.5%-ზე შენარჩუნდება რაც ასევე ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 2024 წელს ზრდის ტემპის მიხედვით, საქართველომ მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა, უფრო მაღალი ზრდა მხოლოდ ნავთობით მდიდარ გაიანასა და გაეროს არაწევრ ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე დაფიქსირდა, რომლის მოსახლეობაც 56 ათასს შეადგენს.
მიმდინარე ფასში დათვლით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ 16 მლრდ დოლარი, ხოლო 2024 წელს 34.2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ნამდვილად გაორმაგებაზე მეტია და 114%-იან ზრდას აღნიშნავს. 2019 წელთან შედარებით ნომინალური ზრდა 94%-ს შეადგენს. რეალური ეკონომიკა 2019 წლის შემდეგ 36%-ით და 2020 წლის შემდეგ 45%-ით გაიზარდა. რეალურ და ნომინალურ ზრდებს შორის ასეთ დიდ სხვაობას ორი მიზეზი აქვს: ლარის გამყარება და მაღალი ინფლაცია. ირაკლი კობახიძემ მართალია, დააკონკრეტა, რომ დოლარში ნომინალურ ზრდას გულისხმობდა, მაგრამ ინფლაციისა და კურსის ცვლილების ხსენების გარეშე, მისი განცხადება შესაძლოა, მაინც ისე ყოფილიყო აღქმული, რომ თითქოს ოთხ წელიწადში საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
2024 წელს საქართველოში მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 9240 დოლარს მიაღწია, 2025 წლის პროგნოზი კი 10 000 დოლარს შეადგენს.
ევროკავშირში სულ 27 სახელმწიფოა, მათგან ყველაზე ღარიბი ბულგარეთია, სადაც 2024 წელს მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 17 400 დოლარი შეადგინა. 2024 წლის მდგომარეობით, საქართველო ბულგარეთს 47%-ით და ევროკავშირის საშუალოს 79%-ით ჩამორჩება ანუ ბულგარეთში მშპ ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მაჩვენებელს თითქმის ორჯერ, ხოლო ევროკავშირში თითქმის ხუთჯერ აღემატება.
შემოსავლების დონის გარდა სხვადასხვა ქვეყანა ერთმანეთისგან ფასების დონითაც განსხვავდება. პირობითად, 100 დოლარით პაკისტანში, საქართველოსა და შვეიცარიაში სხვადასხვა ოდენობის პროდუქციისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი. ცხოვრების დონის შესადარებლად ხშირად PPP ანუ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მეთოდი გამოიყენება.
PPP დათვლით, 2024 წელს მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში 28 400 საერთაშორისო დოლარი[1], ბულგარეთში 41 100 და ევროკავშირში 62 400 დოლარი შეადგინა. ასეთი დათვლით, საქართველო უფრო ახლოსაა ბულგარეთთან და არა 47%-ით, არამედ 31%-ით ჩამორჩება, ევროკავშირის საშუალოს კი - 55%-ით და არა 79%-ით.
გრაფიკი 2: მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2024 წელს
წყარო: მსოფლიო ბანკი
ბოლო 4 წელიწადში საქართველოში საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი 9.8%-ს შეადგენს და მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერშიც 8%-ს უახლოვდება. სიმართლეა ისიც, რომ არსებული პროგნოზით 2025 წელს საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარს მიაღწევს და ისიც რომ არსებული მდგომარეობით, საქართველო ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას ბულგარეთს ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი მშპ-თი (PPP მეთოდი) 31%-ით ჩამორჩება. ამავე დროს, 2021 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა საბაზო ეფექტით აიხსნებოდა და ოთხ წელიწადში ნომინალური ეკონომიკის გაორმაგების მიზეზიც კურსთაშორის სხვაობის ცვლილება და ინფლაცია გახდა. შესაბამისად, განცხადებაში არსებული ცალკეული მეთოდოლოგიური ხარვეზების მიუხედავად, რაც საქართველოში ეკონომიკური ზრდის გარკვეულწილად გადაჭარბებით წარმოჩენას იწვევს, ირაკლი კობახიძის ძირითადი მტკიცება, რომ მაღალი ზრდის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მაინც არსებითად ჩამორჩება ევროკავშირის და მათ შორის მისი ყველაზე ღარიბი წევრის ეკონომიკურ მდგომარეობას, სიმართლეს შეესაბამება.