იტვირთება

უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ სამოქალაქო ობიექტების განადგურების, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვისა და სამხედრო დანაშაულების ჩადენის პარალელურად, რუსეთის ხელისუფლება საინფორმაციო ფრონტზე ტრადიციული მედიასა, თუ სოციალურ ქსელებში, ტროლებისა და ბოტების გამოყენებით, დეზინფორმაციულ ომს აწარმოებს. სახელმწიფო პროპაგანდისთვის მეტი დამაჯერებლობის შესაძენად კი, კრემლის საინფორმაციო კამპანიებში „დასავლელი“ ფსევდო ჟურნალისტები და ექსპერტები ომის დაწყების დღიდან აქტიურად არიან ჩართულნი.

როგორც აღმოჩნდა, რუსული პროპაგანდისტული მედია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას „დასავლელ ჟურნალისტებს” კრემლის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის აგენტებად ხშირად იყენებს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4) და დასავლელ ჟურნალისტებად ხსენებული პირების ინტერვიუებზე, სიუჟეტებსა და გამოგონილ ისტორიებზე დაყრდნობით, დეზინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. „ფაქტ-მეტრმა” „დასავლელი ჟურნალისტებისა და ექსპერტების” მონაწილეობით გადაღებული რამდენიმე რუსული არხის სიუჟეტი შეისწავლა, რის საფუძველზეც გაირკვა, რომ აღნიშნული „მიუკერძოებელი დასავლელი ჟურნალისტები”, სინამდვილეში, თავადვე არიან რუსული პროპაგანდის თანაავტორები (იხილეთ „ფაქტ-მეტრის” სტატიები: ბმული 1; ბმული 2; ბმული 3; ბმული 4; ბმული 5; ბმული 6; ბმული 7; ბმული 8; ბმული 9; ბმული 10; ბმული 11).

„ფაქტ-მეტრმა” კრემლის მიერ „დასავლელ ჟურნალისტებად და ექსპერტებად” წოდებული პირების ვინაობა შეისწავლა.

ჯორჯ ელიასონი (George Eliason)

უკრაინაში ომის დაწყების დროიდან ამერიკელი წარმოშობის ჟურნალისტი ჯორჯ ელიასონი რუსული პროპაგანდისტული მედიის სიუჟეტებში (ბმული 1, ბმული 2) რამდენჯერმე გამოჩნდა, სადაც ის რუსეთის მიერ უკრაინის ომთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას სრულად იმეორებდა და ყალბ ამბებს ავრცელებდა. ამ დრომდე ელიასონის საქმიანობის შესახებ არსებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ კრემლი ელიასონს, როგორც „დასავლელ ჟურნალისტს”, უკრაინის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ლეგიტიმაციისთვის იყენებს.

აღსანიშნავია, რომ დემოკრატიული არჩევნების ევროპულმა პლატფორმამ (EPDE) - რომელიც ადგილობრივი არჩევნების დამკვირვებელთა გლობალური ქსელის (GNDEM) წევრია და ევროკავშირის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და რუსეთის ფედერაციაში გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებასა და თანაბარი საარჩევნო უფლებების არსებობას უწყობს ხელს - ჯორჯ ელიასონი პოლიტიკურად მიკერძოებული საარჩევნო დამკვირვებლების სიაში შეიყვანა. ხოლო 2018 წელს დონეცკსა და ლუჰანსკში ჩატარებული საყოველთაო არჩევნების შემდეგ EPDE თავის დოკუმენტში „2018 წელს ლუჰანსკა და დონეცკში არალეგიტიმურ „საყოველთაო არჩევნებში” უცხოური სადამკვირვებლო მისიის” შესახებ წერს, რომ ჯორჯ ელიასონი იმ „საერთაშორისო დამკვირვებლებს” შორის იყო, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა კრემლისტურ საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული. ხოლო მათი სადამკვირვებლო მეთოდოლოგია გამჭვირვალე არ იყო და „საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებელთა ქცევის კოდექსს“ არ შეესაბამებოდა.

EPDE-ს კვლევის თანახმად, აღნიშნული „საერთაშორისო დამკვირვებლების” მხრიდან მანამდეც შეინიშნებოდა (1) რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ინსტრუმენტებთან (RT, Sputnik) თანამშრომლობა; (2) პროკრემლისტურ მოძრაობებში, დაჯგუფებებსა და ორგანიზაციებში წევრობა; (3) უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული რუსეთის ქმედებების ლეგიტიმაცია და გამართლება; (4) უკრაინის მიმართ აგრესიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების კრიტიკა; (5) რუსეთში და სხვაგან პოლიტიკურად მიკერძოებულ ან/და არალეგიტიმურ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობა.

ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2018 წელს დონეცკსა და ლუჰანსკში ჩატარებულ არჩევნებზე ლეგიტიმური საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არ გაგზავნილა, რადგან საერთაშორისოდ არაღიარებულ დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკებში „საყოველთაო არჩევნების“ ჩატარება მინსკის შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წელს New York Times-ი თავის სტატიაში - „როგორ გაჩნდა უკრაინის შესახებ კონსპირაციები თეთრ სახლში?” („How a Fringe Theory About Ukraine Took Root in the White House“) - ჯორჯ ელიასონთან დაკავშირებით წერდა, რომ შეერთებულ შტატებში უკრაინის შესახებ გავრცელებულ კონსპირაციებს სწორედ ელიასონმა ჩაუყარა საფუძველი. New York Times-ის კვლევის თანახმად, ელიასონი ამტკიცებდა, რომ კალიფორნიაში არსებული კიბერუსაფრთხოების კომპანია „CrowdStrike”, რომელიც აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის კიბერთავდასხმებს იკვლევდა, უკრაინელი ოლიგარქის მიერ იმართებოდა, ხოლო უკრაინას ტრამპის წინააღმდეგ გადატრიალების მოწყობა და ამით აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ პოზიციის გამკაცრება სურდა. New York Times-ის თანახმად, კონსპირაციული თეორიის გავრცელების მიზანი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ არსებული მოსაზრების გადაფარვა იყო.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჯორჯ ელიასონის შესახებ უკრაინული დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, მშვიდობის, ჰუმანურობისა და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნების კვლევის ცენტრს წარმოადგენს, წერს, რომ ელიასონი პრორუსულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის პროპაგანდაში მონაწილეობს და ყალბ ინფორმაციას ავრცელებს.

კიდევ ერთი ილუსტრაცია იმისა, რომ ელიასონი კრემლის პროპაგანდას ეწევა და დეზინფორმაციას ავრცელებს, მისი პუბლიკაციებია. ელიასონის სტატიები (ბმული 1, ბმული 2) ხშირად ყალბ მტკიცებებს შეიცავს და კრემლის დეზინფორმაციის ისეთი საშუალებების მიერ გამოიყენება, როგორებიცაა, მათ შორის, რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი Russia Today-ი და კრემლთან აფილირებული Global Research-ი. ელიასონი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ამტკიცებდა, რომ უკრაინელი ნაცისტები და ფაშისტები მშვიდობიან მოსახლეობას ეთნიკური და ენობრივი ნიშნით ავიწროებენ. ასევე, ელიასონი ირწმუნებოდა, რომ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტა უკრაინელებმა მოაწყვეს (აღნიშნული ყალბი მტკიცების შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები: ბმული 1, ბმული 2).

სონია ვან დენ ენდე (Sonja van den Ende)

კიდევ ერთი კრემლის პროპაგანდისტი, რომელსაც რუსული მედია „დასავლელ ჟურნალისტად“ მოიხსენიებს, ნიდერლანდელი სონია ვან დენ ენდეა.

სონია ვან დენ ენდეს რუსეთში საქმიანობასთან დაკავშირებით ჰოლანდიური ღია წყაროები (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3) ასაჯაროებენ ჰააგის სტრატეგიული კვლევების ცენტრის რუსული დეზინფორმაციის მკვლევრის, ლუკ ფუსენის კომენტარს, რომელიც ამბობს, რომ მას რუსულ პროპაგანდისტულ სიუჟეტებში სოანია ვან დენ ენდეს მონაწილეობა არ აკვირვებს. მისთვის მანამდეც ცნობილი იყო, რომ შერჩეულ „დასავლელ“ რეპორტიორებს რუსეთში „შიდა გამოყენებისთვის“ ასაქმებდნენ კრემლის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის აგენტებად. ლუკ ფუსენი ასევე აღნიშნავს, რომ, რუსეთში დასაქმებული „დასავლელი“ ჟურნალისტები კრემლის ყალბ მტკიცებებს ადასტურებენ, მაგალითად, უკრაინის ნაცისტური რეჟიმისა და იქ ბიოლოგიური იარაღის არსებობის შესახებ, იმეორებენ პუტინის კრიტიკას დასავლური მედიისა და მთავრობების მიმართ და მათ არასანდოდ წარმოაჩენენ. „არსებობენ დასავლური მედია ორგანიზაციები, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურები პირდაპირ აფინანსებენ, რუსული დეზინფორმაცია ვრცელდება ევროპული გაზეთების მკითხველთა კომენტარების სახითაც ხოლო შემდეგ რუსულ მედიაში იწერება, რომ „დასავლური გაზეთების მკითხველებიც მათსავით ფიქრობენ“,- აცხადებს ლუკ ფუსენი.

სონია ვან დენ ენდეს კონტრიბუცია რუსულ პროპაგანდასა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში აშკარაა, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი სტატიები საკუთარი ბლოგისა და ისეთი კრემლისტური გამოცემისთვის, როგორიცაა Oneworld Press-ი. სონია ვან დენ ენდეს აღნიშნულ პორტალზე ათეულობით სტატია აქვს გამოქვეყნებული. მეტი სიცხადისთვის უნდა ითქვას, რომ, EUvsDisinfo-ს თანახმად, რომელიც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის East StratCom-ის ძირითადი პროექტია და რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე დეზინფორმაციულ კამპანიებს იკვლევს, Oneworld Press-ი რუსეთშივეა რეგისტრირებული და კრემლის მიერ იმართება. Oneworld Press-ის რუსეთის სახელმწიფო სამსახურებთან კავშირის გამოვლენის მიზნით, EUvsDisinfo-მ თავის კვლევაში - „როგორ მალავს ორი საინფორმაციო პორტალი თავის კავშირებს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო Inforos-თან“ - დაადგინა, რომ Oneworld Press-ი „რუსეთის მთავრობის საინფორმაციო ცენტრთან“, „InfoRos-თან“ არის დაკავშირებული. ამასთან, აღმოჩნდა, რომ Oneworld Press-ის ძირითადი კონტრიბუტორი, საიტზე განთავსებული ასეულობით სტატიის ავტორი, ენდრიუ კორიბკოა, რომელიც, თავის მხრივ, კრემლის დეზინფორმატორ ვებგვერდებთან თანამშრომლობს, მათ შორის, „infoRos-სა“ და „სპუტნიკთან“.

თომას როპერი (Thomas Roper)

რუსული პროპაგანდისტული მედია ამტკიცებს, რომ რუსული პირველი არხის სიუჟეტის ერთ-ერთი ფიგურანტი, თომას როპერი, დასავლელი ჟურნალისტების იმ იშვიათ გამონაკლისს მიეკუთვნება, რომლებსაც „არ ეშინიათ პატიოსნად აკეთონ თავიანთი საქმე“ და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.

კრემლისტური მედია არ ცდება, როდესაც თომას როპერს დასავლელ ჟურნალისტებს შორის იშვიათ გამონაკლისად მოიხსენიებს. თუმცა, მისი განსაკუთრებულობა, მაღალი სანდოობის მქონე დასავლელი ჟურნალისტებისგან განსხვავებით, კრემლის მფარველობასა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში გამოიხატება.

გერმანული წარმოშობის მქონე თომას როპერი რუსეთში 1992 წლიდან ცხოვრობს, თავისუფლად საუბრობს რუსულ ენაზე და ბლოგ „anti-spiegel“ უძღვება, რომელსაც ანონიმურად მფარველობს კრემლი და სავარაუდოდ, რუსეთშივეა დაფუძნებული. „Anti-Spiegel“-ი საკუთარ თავს გერმანული ყოველკვირეული გაზეთის Der Spiegel-ის ალტერნატიულ წყაროდ წარმოაჩენს. „Anti-Spiegel“-ის მთავარი რედაქტორი, თომას როპერი, ჰამბურგში დაფუძნებულ ყოველკვირეულ გაზეთს „დემოკრატიისა და ნატოს თავდასხმის იარაღს“ უწოდებს და მის მიერ რუსეთის ნეგატიურ კონტექსტში გაშუქებას ეწინააღმდეგება, ხოლო თავად კრემლის რეპუტაციის შენარჩუნება სურს. აღსანიშნავია, რომ „Anti-spiegel“-ის ოფიციალურ საიტზე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე უამრავი ყალბი ინფორმაციის შემცველი სტატია ვრცელდება. ამასთან, გამოცემის ვებგვერდზე კომპანიის მისამართი ან საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული არ არის, რაც, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, მის მიუკერძოებლობასა და სანდოობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს ბადებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თომას როპერი რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტელევიზიებსა თუ კრემლის მიერ ორგანიზებულ „საერთაშორისო კონფერენციებზე“ ხშირად ჩნდება (ბმული 1, ბმული 2). მან ვლადიმერ პუტინს წიგნიც კი მიუძღვნა, რომელიც გერმანულ ენაზეა დაწერილი და 2018 წელს გამოქვეყნდა. თუმცა, როპერის თქმით, მას რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს.

როპერი, რომელსაც რუსული მედია „პროფესიული საქმიანობის პატიოსნად შესრულებისთვის“ იშვიათ გამონაკლისად მოიხსენიებს, უკრაინის ომთან დაკავშირებით ყალბ ინფორმაციას როგორც „Anti-spiegel”-ის, ისე სხვა გამოცემების საშუალებით აქტიურად ავრცელებდა. როპერი წერდა, რომ (1) რუსეთის მიერ მარიუპოლის საავადმყოფოზე თავდასხმის კადრები დადგმული იყო; (2) რუს სამხედროებს ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაუხოცავს; (3) პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას დასავლეთ უკრაინის ანექსია ჰქონდა დაგეგმილი; (4) ინფორმაცია რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი გაუპატიურების შემთხვევების შესახებ ფიქციური იყო; (5) უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ დაფინანსებული საშიში ბიოლაბორატორიებია (აღნიშნულ ყალბ მტკიცებებთან დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4).

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ომის დაწყებამდე როპერი ანტივაქცინურ დეზინფორმაციასაც ავრცელებდა და ამტკიცებდა, რომ რნმ ვაქცინები ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო ნივთიერებებს შეიცავდა (აღნიშნულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრს“ უკვე არაერთი სტატია აქვს მომზადებული: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

ჰაკურ ჰაუკსონი (Haukur Hauksson)

კიდევ ერთი ჟურნალისტი, რომელსაც კრემლის მიერ კონტროლირებად მედიაში ჩნდება და ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, ისლანდიელ ჟურნალისტად მოხსენიებული ჰაკურ ჰაუკსონია.

აღნიშნული პიროვნება, რომელიც რუსული სახელმწიფო მედიის ერთ-ერთი სიუჟეტში თვითმხილველისა და მიუკერძოებელი ჟურნალისტის როლშია წარმოდგენილი, სინამდვილეში, როგორც რადიო თავისუფლების ევროპული ბიურო წერს, რუსული გამოცემისთვის - „федеральное агентство новостей“ წერს სტატიებს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ აღნიშნული გამოცემა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ რუს ბიზნესმენს, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის, რომელიც, შეერთებული შტატების დაზვერვის კომიტეტის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი რუსული „ტროლების ქარხნის“ მფლობელი და დამფინანსებელია.

აღსანიშნავია, რომ ჰაუკსონი პუტინის მიმართ სიმპათიასაც ღიად გამოხატავდა. 2020 წელს ის პუტინის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე უცხოელი ჟურნალისტის სტატუსით იმყოფებოდა. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლება წერს, უცნობია ჰაუკსონი ღონისძიებაზე რომელ მედიასაშუალებას წარმოადგენდა. პრესკონფერენციაზე მისმა კომენტარებმა და პუტინისადმი მიმართვამ მის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა. ჰაუკსონმა, როგორც „უცხოელმა ჟურნალისტმა”, აღნიშნა, რომ დასავლეთში პუტინი ძალიან უყვართ - „ჩვენ გულწრფელად გვიყვარს რუსეთი. მხოლოდ ძალოვანი მედიები - BBC, CNN და სხვები - გადანაშაულებენ თქვენ ცუდ რამეებში, ასევე ისლანდიის მედია, ჩვენი არხები. პირდაპირ თქვენს წინააღმდეგ დიდი ომი მიმდინარეობს. მათ ეშინიათ თქვენი“. ჰაუკსონმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინის პრესკონფერენცია უნიკალური შესაძლებლობა იყო ჟურნალისტებისთვის შეკითხვებზე პასუხის მისაღებად - „ეს არის დემოკრატია“, - მიმართა მან პუტინს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჰაუკსონი სხვა „დასავლელ ჟურნალისტებთან ერთად“ დონბასში ე.წ პრეს-ტურზე იმყოფებოდა, რა დროსაც მან tvzvezda-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უცხოური მედია უკრაინაში რუსული „სპეცოპერაციის“ შესახებ სანდო ინფორმაციას არ ავრცელებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაჩვენოთ, როგორია რეალობა სინამდვილეში. უცხოური მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შორს არის სიმართლისგან. ჩვენ მივდივართ ხალხთან, ვხედავთ ნგრევას. დასავლური მედია სულ სხვა სურათს ხატავს, რუსული ინფორმაცია კი ბევრად უფრო ახლოსაა სიმართლესთან“, - განაცხადა ჰაუკსონმა.

ჯონ მარკ დუგანი (John Mark Dougan)

კრემლის დეზინფორმაციის კიდევ ერთი კონტრიბუტორი, ასევე „დასავლელი ექსპერტად“ მოხსენიებული ჯონ მარკ დუგანი, ამერიკელი წარმოშობის ყოფილი პოლიციელი და საზღვაო ოფიცერია. დუგანი ფლორიდაში უკანონო მოსმენასა და გამოძალვაში იყო ბრალდებული და 2016 წლიდან მოსკოვს აფარებს თავს, სადაც რუსეთის მთავრობამ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი მიანიჭა. დუგანი 18-21 მაისს რუსეთის მიერ ორგანიზებულ „პრეს-ტურზე” უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვა „დასავლელ ჟურნალისტებთან“ ერთად იმყოფებოდა და რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შესახებ არაერთ ყალბ მტკიცებას ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ დუგანს ახლო კავშირები ჰქონდა პაველ ბოროდინთან, რომელიც რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსანია და ზოგჯერ პუტინის „მენტორადაც“ კი მოიხსენიებენ. The Times-ი აღნიშნავს, რომ 2016 წელს, ბოროდინთან შეხვედრიდან სამი წლის შემდეგ, დუგანმა შექმნა ვებსაიტი, სადაც თავს რუს ჰაკერს, სახელად „BadVolf“-ს უწოდებდა. დუგანმა აშშ-ის საჯარო მოხელეების კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის დემოკრატიული პარტიის იმეილები, გაასაჯაროვა, რაშიც, სავარაუდოდ, რუსი აგენტები მონაწილეობდნენ.

ამავე წყაროს თანახმად, დუგანი დაკავშირებული იყო დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის, პრინც ენდრიუსთან (იორკის ჰერცოგი) დაკავშირებული სკანდალის საქმესთან. იორკის ჰერცოგს ბრალი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სექსუალურ ძალადობაში ედებოდა, თუმცა სასამართლომ ის დამნაშავედ არ ცნო. აღნიშნულ სკანდალთან დუგანის კავშირებმა ბრიტანეთის დაზვერვას ეჭვი გაუჩინა, რომ ის რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობდა და მას კომპრომატებს აწოდებდა.

ამასთან, დუგანი რუსი ოპოზიციონერების დისკრედიტაციას ცდილობდა და ყალბ ამბებს ავრცელებდა მის მიერ შექმნილ ვებგვერდებზე, DCWeekly.com-სა და DCPost.org-ზე. როგორც Guardian-ი წერს, დუგანი ყალბ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ლაბორატორიებსა და კორონავირუსზეც ავრცელებდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დუგანი, რომელიც სხვა ფსევდო ჟურნალისტებთან ერთად მარიუპოლში ე.წ პრეს-ტურზე იმყოფებოდა, tvzvezda-ს რეპორტაჟში ამერიკელების მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით ამბობდა, რომ უკრაინელებისთვის იარაღის მიწოდება ჰგავს იარაღის მიწოდებას ისეთი ტერორისტული ორგანიზაციებისთვის როგორიც ISIS-ია, ამიტომ, მისი თქმით, როგორც ამერიკელი თავს დამნაშავედ გრძნობდა.

სკოტ რიტერი (Scott Ritter)

კიდევ ერთი პროპაგანდისტი, სკოტ რიტერი, ამერიკელი სამხედრო ექსპერტია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან კრემლის დეზინფორმაციის აგენტებთან თანამშრომლობით ღიად პროპაგანდისტულ ნარატივებს და ყალბ ინფორმაციას ავრცელებს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

სკოტ რიტერი, რომელიც ერაყში 1991-1998 წლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეიარაღების ინსპექტორი იყო, გაეროსა და აშშ-ს სადამ ჰუსეინთან მკაცრ მოპყრობაში ადანაშაულებდა. თანამდებობის დატოვების შემდგომ ის ამერიკის მთავრობის აქტიურ კრიტიკოსად იქცა.

ცნობილია, რომ რიტერს 2001 წელს არასრულწლოვანებთან სექსუალური კავშირის გამო 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2009 წელს რიტერი კვლავ დააკავეს მსგავსი ბრალდებით, 2011 წელს კი 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და გირაოს სანაცვლოდ 2014 წელს გაათავისუფლეს.

ამასთან, რიტერი რუსული Russia Today-სთვის დასავლეთის მიმართ კრიტიკულ სტატიებს წერს. ხოლო მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია სხვადასხვა რუსულ პროპაგანდისტულ პლატფორმაზე აქტიურად ქვეყნდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5). აღსანიშნავია, ისიც, რომ 2022 წლის ივლისში უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა რიტერი პრორუს პროპაგანდისტთა სიაში შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ, „ამერიკელი ექსპერტის” სახელს ამოფარებული სკოტ რიტერის Twitter-ის ანგარიში ამჟამად დაბლოკილია. Twitter-მა რიტერი 6 აპრილს მის მიერ გამოქვეყნებული პოსტის გამო დაბლოკა, სადაც რიტერმა უკრაინა „კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში“ დაადანაშაულა, ბუჩას მოვლენები ეჭვქვეშ დააყენა, ხოლო ჯოზეფ ბაიდენს „ომის კრიმინალი“ უწოდა.

ცნობისთვის, სკოტ რიტერი რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი არხებზე ხშირად ამტკიცებს, რომ რუსეთი უკრაინაში ნაცისტებს ებრძვის და არა ომს, არამედ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აწარმოებს.

„ფაქტ-მეტრმა“ კრემლის „მიუკერძოებელი დასავლელი ჟურნალისტების“ მიერ გავრცელებული შემდეგი ყალბი მტკიცებები გამოავლინა:

„რუსეთის მიერ მარიუპოლის საავადმყოფოზე თავდასხმის კადრები დადგმული იყო“ (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია);

„რუს სამხედროებს ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაუხოცავს“(დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია);

„პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას დასავლეთ უკრაინის ანექსია ჰქონდა დაგეგმილი“ (ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია);

„უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ დაფინანსებული საშიში ბიოლაბორატორიებია“ (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია);

დონბასში უკრაინელები ადგილობრივ მოსახლეობას ავიწროებენ და თავს ესხმიან, ევროპა კი, ამაზე თვალს ხუჭავს“ (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია);

„რუსი სამხედროები დონეცკის ოლქის ქალაქ ვოლნოვახას ათავისუფლებენ“ (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია);

„რუსეთი უკრაინაში ნაცისტებს ებრძვის და არა ომს, არამედ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აწარმოებს“ (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია);

„უკრაინელი ნაცისტები და ფაშისტები მშვიდობიან მოსახლეობას ეთნიკური და ენობრივი ნიშნით ავიწროებენ“ (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია);

„რნმ ვაქცინები ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო ნივთიერებებს შეიცავს (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია);

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4290 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი