რუსული პროპაგანდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს და არა ომს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთი უკრაინაში ომის წარმოებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ მხოლოდ სპეციალური ოპერაციას ატარებს, რომლის მიზანიც უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაციაა“.

რუსეთის პრეზიდენტი, მთავრობის სხვა წარმომადგენლები და კრემლისტური მედია, უკრაინაში შეჭრას „ოპერაციად“, „სამხედრო ოპერაციად“ ან „სპეცოპერაციად“ მოიხსენიებენ. მაგალითად, კომუნიკაციის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი მედიის სფეროში რუსეთის ფედერალური ზედამხედველობის სამსახური („როსკომნადზორი“) მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისთვის „შეჭრის“, „თავდასხმის“ ან ომის“ წოდებას კრძალავს (გამოყენების შემთხვევაში, ვებგვერდს დაბლოკავს. ასევე რუსეთში ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელება დასჯადია 15 წლამდე პატიმრობით) რუსეთში მედიისა და სკოლებისათვის გაცემულია მითითება, რომ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო მოქმედებებზე საუბრისას, ნაცვლად ომისა ან შეჭრისა, „სპეციალური ოპერაცია“ ან „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გამოიყენონ.

რეალურად, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 25 თებერვალს, რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში აშშ-ისა და ალბანეთის მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას გმობდა და მოსკოვისგან თავდასხმის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და ჯარების გაყვანას ითხოვდა, ვეტოს უფლება გამოიყენა, რაც უშიშროების საბჭოს მოქმედების შესაძლებლობას უზღუდავდა. აქედან გამომდინარე, ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველად გაერო-ს უშიშროების საბჭომ კრიზისის განხილვა გაერო-ს გენერალურ ასამბლეას გადასცა. ამასთან, უკრაინის კრიზისის შესახებ ჩატარებული გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომა 1950 წლის შემდეგ მხოლოდ მე-11 საგანგებო სხდომა იყო. აღნიშნულ საგანგებო სხდომაზე გაერო-ს გენერალურ ასამბლეამ მიიღო ევროკავშირის მიერ უკრაინასა და მსოფლიოს ყველა რეგიონის სახელმწიფოებთან თანამშრომლობით მომზადებული რეზოლუცია სათაურით „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“. გენერალური ასამბლეის ხმის მიცემაში რეზოლუციას 141 მომხრე და მხოლოდ 5 (ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, რუსეთის ფედერაცია და სირია) მოწინააღმდეგე ჰყავდა, ხოლო 35-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.

რეზოლუციაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ყველაზე მძიმე ფორმითაა დაგმობილი. რეზოლუცია ერთი ქვეყნის მიერ მეორის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გმობს და აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო თავდასხმა გაერო-ს წესდებას ეწინააღმდეგება. ასევე რუსეთის ფედერაციისგან უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და უკრაინის ტერიტორიიდან მისი სამხედრო ძალის სრულად და უპირობოდ გაყვანას მოითხოვს და ა.შ. რეზოლუციაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ერთხელაა ნახსენები და მოცემულია ბრჭყალებში. კერძოდ, რეზოლუცია გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გამოცხადებას. შესაბამისად, ტექსტში ის მხოლოდ რუსული მხარის განცხადების აღწერისთვის გამოყენებული და რეზოლუცია მის არსს არ იზიარებს, რადგან ბრჭყალებშია ჩასმული.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიის შეფასებისას რეზოლუცია რუსეთის ფორმულირებას რომ არ იზიარებს, სხვა ნაწილშიც ჩანს: რეზოლუცია მიიჩნევს, რომ „რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციები უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე არის იმ მასშტაბის, რაც საერთაშორისო საზოგადოებას ევროპაში დეკადების განმავლობაში არ უნახავს და სასწრაფო ქმედებაა საჭირო, რათა ეს თაობა ომის გამოცდილებას გადაურჩეს“ (Recognizing that the military operations of the Russian Federation inside the sovereign territory of Ukraine are on a scale that the international community has not seen in Europe in decades and that urgent action is needed to save this generation from the scourge of war). მომავალი თაობებისთვის ომის საშინელების არიდების წადილით (Reaffirming its determination to save succeeding generations from the scourge of war) არის მიღებული გაერო-ს გენერალური ასამბლეის კიდევ ერთი რეზოლუცია სათაურით „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“. რეზოლუციებში რუსეთის უკრაინაში შეჭრის აღსაწერად, ძირითადად, ტერმინები რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციის სამხედრო თავდასხმა (military offensive), კონფლიქტი, შეიარაღებული კონფლიქტი,

რუსეთის უკრაინაში შეჭრას ომს უწოდებს მსოფლიოს სახელმწიფოების მთავრობების უმრავლესობაც. მაგალითად:

• გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თემთა პალატაში რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე საუბრისას არაერთხელ იყენებს სიტყვას „ომი“. მეტიც, იგი მიმდინარე ომს ხშირად „პუტინის ომად“ მოიხსენიებს. გარდა პრემიერ-მინისტრის განცხადებებისა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ „საგარეო მდივანმა 65 ახალი რუსული სანქცია გამოაცხადა, რათა პუტინის ომის მანქანას მასაზრდოებელი უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიები დააზიანოს“ (Foreign Secretary announces 65 new Russian sanctions to cut off vital industries fuelling Putin’s war machine). ასევე მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში, სადაც სანქცირებულ ინდივიდებსა და ორგანიზაციებზეა საუბარი, რუსული პირველი არხის შესახებ აღნიშნულია, რომ ის უკრაინაში მიმდინარე ომს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ აღწერს;

• აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთმა და პუტინმა აირჩია „გაუმართლებელი“ ომი „მიზეზის გარეშე“. ბაიდენმა ასევე Twitter-ზე განაცხადა, რომ ეს ომი რუსეთისთვის უკვე სტრატეგიული წარუმატებლობაა;

• რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას გერმანიის კანცლერიც ომს უწოდებს. მეტიც, ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ „ეს დანაშაული“ და „პუტინის ომია“;

• საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც აღნიშნავს, რომ პუტინის წამოწყებული ომი მიმდინარეობს.

• რუსეთის ქმედებებს ომად აფასებს ევროკავშირის. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში შემდეგ ფრაზებს ვხვდებით: „უკრაინაში ომი მიმდინარეობს...“, „სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ Russia Today-სა და Sputnik-ს, ისევე როგორც მათ შვილობილ კომპანიებს აღარ ექნებათ საშუალება პუტინის ომის გამართლებისა და ჩვენს კავშირში განხეთქილების დათესვისთვის ტყუილები გაავრცელონ.“, „დამატებით, ჩვენ სანქციებს დავუწესებთ ბელარუსებს, რომლებიც რუსული ომის წარმოებას ეხმარებიან“.

• რუსეთის უკრაინაში შეჭრას ომს უწოდებს ავსტრალიაც. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა სხვადასხვა დროს შემდეგი განცხადებები გააკეთა: „ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, ბატონო პრეზიდენტო [ზელენსკი], და ჩვენ არ ვდგავართ მოსკოვის ომის კრიმინალის გვერდზე“; ვლადიმერ პუტინმა „გადაჭარბებით შეაფასა შესაძლებლობები, რომლითაც მას შეეძლო ეს უკანონო ომი ეწარმოებინა“; „როდესაც ერთი სახელმწიფო მეორეს „აბულინგებს“, დემოკრატიული სახელმწიფოს ტერიტორიული სუვერენიტეტი დაირღვა და რუსეთი უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადის, ეს არის რაღაც, რასაც ავსტრალიელები მხარს არასდროს დაუჭერენ“.

• იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამაც გამოიყენა ტერმინი „ომი“ რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე საუბრისას: „იაპონია, ინდოეთთან ერთად, გააგრძელებს მცდელობას, რომ დაამთავროს ომი და უკრაინისა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის დახმარების მიწოდებას“.

ასევე, რუსული ნარატივის პასუხად, ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურმა, რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ „უკრაინაში სისხლისა და ცრემლის მდინარეები მოედინება. ეს არ არის მხოლოდ სამხედრო ოპერაცია, არამედ ომი, რომელიც სიკვდილს, განადგურებასა და უბედურებას თესავს“.

სახელმწიფოების გარდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას ომად/შეჭრად და სრულმასშტაბიან შეჭრად მოიხსენიებს ავტორიტეტული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად human rights watch, Amnesty International და ა.შ., ავტორიტეტული მედია, მაგალითად BBC,დოიჩე ველე“, Reuters, France 24, AFP, Associated Press და ა.შ., ავტორიტეტული ანალიტიკური ცენტრები, მაგალითად RAND, Brookings, CEPA, CEPS, CFR და სხვა.

საბრძოლო მოქმედებების მასშტაბი უბრალო სპეციალური ოპერაციის დონეს სცდება - რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა, დაახლოებით, 200 ათასი ჯარისკაცისგან შემდგარი საინტერვენციო კონტინგენტით. რუსეთი, ფაქტობრივად, ყველა სახის შეიარაღებას იყენებს, გარდა მასობრივი განადგურების იარაღისა (რუსეთს ჯერჯერობით ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი არ გამოუყენებია). მაგალითად, ფოსფორის ბომბებს, „კინჟალის“ ტიპის ჰიპერბგერით რაკეტებს და „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს, „კალიბრის“ რაკეტებს (სამხედრო გემებიდან გაშვებულს), ე.წ. „ვაკუუმის“ ბომბებს, კლასტერულ ბომბებს (საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლის წევრიც რუსეთი არაა, ამ ტიპის შეიარაღების გამოყენებას კრძალავს), სამხედრო ავიაციას (გამანადგურებლებს, ბომბდამშენებს, დამრტყმელ შვეულმფრენებს), არტილერიას (მაგალითად, „გრადის“, „სმერჩისა“ და „ურაგანის“ სარაკეტო კომპლექსებს), ტანკებსა და ჯავშანტექნიკას, s-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ა.შ. სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან უკვე ერთ თვეზე მეტია გასული და რუსეთი აღნიშნული ტექნიკით ბომბავს და შეტევა მიაქვს უკრაინის დიდ ქალაქებზე (უკრაინაში მიმდინარე ყველა სამხედრო ოპერაციის შესახებ დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ომის კვლევის ინსტიტუტის მასალებში).

ასევე, NATO-ის ინფორმაციით, უკრაინაში, დაახლოებით, 40 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა, დაიკარგა ან ტყვედ ჩავარდა. შესაბამისად, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებები სცდება „სპეცოპერაციის“ მასშტაბებს და ის სრულმასშტაბიან ომს წარმოადგენს (მსგავსი მასშტაბის ომი 21-ე საუკუნეში ევროპაში არ ყოფილა).

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.