სოციალურ ქსელში 2021 წლის დეკემბერ-იანვარში აქტიურად ვრცელდებოდა დოქტორ რობერტ მელოუნის ვიდეომიმართვის ქართული თარგმანი, სადაც ის ბავშვების ვაქცინაციის მიზანშეწონილობაზე საუბრობს და მშობლებს მოუწოდებს, საკუთარი შვილები „ვაქცინისგან მომდინარე რისკებისგან“ დაიცვან.

დოქტორი მელოუნი, რომელიც საკუთარ თავს mRNA ტექნოლოგიის გამომგონებელს უწოდებს, ვიდეომიმართვაში ბავშვებისთვის Covid-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინებისგან მომავალ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც, მისი მტკიცებით, მკვეთრად აჭარბებს სარგებელს:

„მინდა გაგაცნოთ მეცნიერული ფაქტები ამ გენეტიკური ვაქცინის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია mRNA ტექნოლოგიაზე და რომელიც მე თვითონ გამოვიგონე... არის სამი ძირითადი რამ, რაც უნდა იცოდეს ყველა მშობელმა, სანამ აცრის საკუთარ შვილებს“.

განვიხილოთ თითოეული ამ სამი მტკიცებიდან:

მტკიცება 1: „ბავშვის უჯრედებში ვირუსული გენი იქნება შეყვანილი და ეს გენი აიძულებს ორგანიზმს, წარმოქმნას ტოქსიკურწვერიანი ცილები (სპაიკ პროტეინები). ეს ცილები, ხშირ შემთხვევაში, იწვევენ პერმანენტულ დაზიანებას ბავშვის სასიცოცხლო ორგანოებში. ეს მოიცავს მათ ტვინს და ნერვულ სისტემას, გულს და სისხლის მიმოქცევის სისტემას, თრომბებს და რეპროდუქციულ სისტემებს, და ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა, ამ ვაქცინას შეუძლია გამოიწვიოს ფუნდამენტური ცვლილებები მათ იმუნურ სისტემაში. ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ ამ დაზიანებების გამოსწორებას ვერ შევძლებთ. ეს დაზიანებები იქნებიან შეუქცევადი. თქვენ ვერ შეძლებთ გამოასწოროთ ეს დაზიანებები მათ ტვინში, თქვენ ვერ შეძლებთ გამოასწოროთ გულის ქსოვილის ნაწიბურები, თქვენ ვერ შეძლებთ გამოასწოროთ გენეტიკურად სახეშეცვლილი იმუნური სისტემა და ამ ვაქცინას შეუძლია დააზიანოს რეპროდუქციული სისტემა და გავლენა მოახდინოს თქვენი ოჯახის მომავალ თაობებზე“

სინამდვილეში, დოქტორ მელოუნის მტკიცებები არასწორია და ეწინააღმდეგება ვაქცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების არსებულ სამეცნიერო მონაცემებს, რომლებიც მოწოდებულია, როგორც ვაქცინის მწარმოებელი კომპანიების მიერ, ვაქცინების გამოცდის პერიოდში მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, ასევე, სხვადასხვა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს.

მსგავსი მოსაზრება, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინის მიღების შედეგად წარმოქმნილი „ტოქსიკური“ სპაიკ პროტეინები ორგანიზმის დაზიანებას იწვევენ, 2021 წლის მაისის თვიდან ცირკულირებს ინტერნეტში და მას სხვადასხვა დროს არაერთი ადამიანი უჭერდა მხარს, მათ შორის - სამეცნიერო წრეებიდანაც (იხილეთ მაგალითები აქ, აქ და აქ).

Health Feedback-ის მიერ 2021 წლის მაისში გამოქვეყნებულმა მიმოხილვამ გამოთქმული მტკიცებები უარყო. Health Feedback-ის ანგარიშში განმარტებულია, რომ მსგავსი მტკიცებები იმ კვლევების არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება, რომელიც თავად SARS-CoV-2-ის (ვირუსი, რომელიც იწვევს დაავადება Covid-19-ს) სპაიკ პროტეინებს და არა ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილ მოდიფიცირებულ პროტეინს იკვლევდა. მიუხედავად იმისა, რომ ვირუს SARS-CoV-2-ის მიერ წარმოქმნილმა სპაიკ პროტეინებმა ნამდვილად შეიძლება სხეულს ზიანი მიაყენოს, ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი სპაიკ პროტეინები უსაფრთხოა. მეცნიერების ერთმა ნაწილმა SARS-CoV-2-ის სპაიკ პროტეინების კვლევის შედეგები აიღო და ვაქცინების შედეგად წარმოქმნილ სპაიკ პროტეინებზე განაზოგადა, რის შედეგადაც დაასკვნეს რომ ვაქცინების შედეგად წარმოქმნილი სპაიკ პროტეინებიც ისეთივე ტოქსიკური და სახიფათოა, როგორც თავად ვირუსის შედეგად წარმოქმნილი, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის.

უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, ამერიკაში COVID-19-ის წინააღმდეგ გამოსაყენებლად ავტორიზებული ორივე mRNA ვაქცინა (მოდერნა და ფაიზერი) ადამიანების კორონავირუსისგან დასაცავად მესენჯერ რიბონუკლეინის მჟავის (RNA) ტექნოლოგიას იყენებს.

სხვა, უფრო ტრადიციული ვაქცინები, ორგანიზმის იმუნური პასუხის გამოსაწვევად დასუსტებულ ან ინაქტივირებულ ვირუსებს იყენებენ, რომლებსაც არ შეუძლიათ, დაავადება თავად გამოიწვიონ.

mRNA ვაქცინები ასე არ მუშაობენ. ისინი ატარებენ გენეტიკურ მასალას ინსტრუქციებით, რომლებიც „ეუბნებიან“ უჯრედებს, თუ როგორ გამოიმუშაონ ცილა ან ცილის ნაწილი, რაც, თავის მხრივ, ორგანიზმის იმუნურ პასუხს ააქტიურებს და ანტისხეულების გამომუშავებას იწვევს.

აშშ-ში დამტკიცებული mRNA ვაქცინები უჯრედებს ასწავლის, როგორ შექმნან ისეთი ცილა, როგორიც COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს აქვს. შედეგად სხეული ანტისხეულებს მანამ გამოიმუშავებს, სანამ ყველა მსგავსი ცილა არ განადგურდება, რაც იმუნიტეტს აძლიერებს კორონავირუსული ინფექციის მიმართ. ვაქცინების შედეგად წარმოქმნილი სპაიკ პროტეინები სხეულში გარკვეული დროის განმავლობაში რჩება. ვაქცინები ისეა დაპროგრამებული, რომ ვერ ახერხებენ უჯრედის ACE2 რეცეპტორებთან სრულად მიბმას და ვერ გარდაიქმნებიან ახალ ვირუსულ ნაწილაკებად, რის გამოც მალევე იშლებიან და ორგანიზმიდან რამდენიმე კვირაში გამოდიან.

ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ასოციაციის (FDA) წარმომადგენელმა, ები კაპობიანკომ, გამოცემა UsaToday-ს დაუდასტურა, რომ „არ არსებობს მეცნიერული მონაცემები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ვაქცინის შედეგად წარმოქმნილი სპაიკ პროტეინი ტოქსიკურია ან რომ ვაქცინაციის შემდეგ ის რჩება ორგანიზმში რაიმე ტოქსიკურ დონეზე“.

mRNA ვაქცინების შედეგად, ორგანიზმში წარმოქმნილი სპაიკ პროტეინების ტოქსიკურობის შესახებ არსებული მოსაზრებები უარყო თავად „ფაიზერმაც“. კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის კვლევები და მონაცემები, რაზე დაყრდნობითაც ძირითადად ხდება მსგავსი მოსაზრებების გაჟღერება, თავად „ფაიზერის“ მიერ არის ჩატარებული და მიწოდებული შესაბამისი რეგულატორებისთვის და ზოგიერთი მეცნიერი უბრალოდ მათ არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს.

შესაბამისად, დოქტორ მელოუნის ვიდეომიმართვაში გამოთქმული პირველი მტკიცება, რომ mRNA ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ვაქცინები ადამიანის ორგანიზმში ტოქსიკური სპაიკ პროტეინების წარმოქმნიან, რომელნიც არაერთ ჯანმრთელობის პრობლემას იწვევს და ორგანიზმში წლების განმავლობაში რჩება, სიმართლეს არ შეესაბამება და არცერთი რეცენზირებადი, სამეცნიერო კვლევით არ დასტურდება.

შესაბამისად, დოქტორ მელოუნის მტკიცებები, მოზარდებსა და ბავშვებში ვაქცინაციის შედეგად გამოწვეულ პოტენციურ შეუქცევად ჯანმრთელობის დაზიანებაზე, დაუსაბუთებელია. რა თქმა უნდა, ვაქცინაციას შეიძლება გვერდითი მოვლენები ახლდეს და ძალიან იშვიათ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს სერიოზული გვერდითი ეფექტიც, თუმცა, მტკიცება, რომ ვაქცინა ნეგატიურ გავლენას ახდენს მოზარდების რეპროდუქციულ სისტემაზე, არის ყალბი. მაშინ, როდესაც, თავად COVID-19-ის დაავადებას ფერტილურობაზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს. არ არსებობს არავითარი კვლევა, რომელიც რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებაზე ვაქცინების ნეგატიურ ეფექტს დაადასტურებდა.

მტკიცება 2: „ეს ახალი ტექნოლოგია არ არის ადეკვატურად გამოცდილი. ჩვენ სულ მცირე გვჭირდება 5 წელი გამოსაცდელად, რათა ადეკვატურად შევძლოთ ამ ტექნოლოგიების გაგება. დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა გინდათ, რომ თქვენმა შვილმა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე რადიკალურ ექსპერიმენტში მიიღონ მონაწილეობა?“

ვაქცინების ექსპერიმენტულობა, პანდემიის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია და ამის შესახებ „ფაქტ-მეტრი“ ადრეც არაერთხელ წერდა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები ამ თემაზე: სტატია 1, სტატია 2,სტატია 3).

გარდა იმისა, რომ ავტორიზებულმა ვაქცინებმა ტესტირებისა და უსაფრთხოების შემოწმების ყველა საჭირო საფეხური გაიარეს, ასევე მანიპულაციურია ის მტკიცებაც, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოსაცდელად (საუბარია ვაქცინაციაზე) სულ მცირე 5 წელია საჭირო. ვაქცინის, ან ნებისმიერი წამლის, გამოსაცდელი პერიოდი არ არის განსაზღვრული და ხანგრძლივობა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის - პირველ რიგში, ამ პროცესში ჩადებულ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებზე. ვინაიდან პანდემია სწრაფადვე იქცა არამარტო გლობალური ჯანდაცვის, არამედ გლობალური სოციალური, ეკონომიკური და მათ შორის პოლიტიკური პრობლემების გამომწვევ მიზეზად, ვაქცინაციის შექმნის პროცესში აქამდე არნახული მასშტაბის ფინანსური რესურსები ჩაიდო და წამყვანი მეცნიერები მთელი მსოფლიოს გარშემო ჩაერთნენ „რბოლაში“ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად. ასევე, გაცილებით მოქნილი იყო ეროვნული თუ საერთაშორისო ავტორიზაციის მექანიზმები და გაცილებით სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობდა ავტორიზაციისთვის საჭირო ეტაპების გავლა. შესაბამისად, ის რომ COVID-19-ის ვაქცინები შეიქმნა სწრაფად, არ ნიშნავს, რომ ისინი ექსპერიმენტულია და რომ მათი უსაფრთხოების შემოწმების საფეხურები არასაკმარისად ჩატარდა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დოქტორ მელოუნის მეორე მტკიცებაც არ შეესაბამება სიმართლეს და ვაქცინების შესახებ დაუსაბუთებელი შიშების გავრცელებას უწყობს ხელს.

მტკიცება 3: „ახსნა, რომელსაც თქვენი შვილის აცრის დროს გაძლევენ, არის სიცრუე. თქვენი შვილები არავითარ საფრთხეს წარმოადგენენ მოხუცებისთვის და მშობლებისთვის. ეს პირიქითაც კია. მათი იმუნიტეტი კოვიდის გადატანის შემდეგ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამ დაავადებისგან თქვენი ოჯახის და მსოფლიოს გადასარჩენად... არავითარი სარგებელი არ მოაქვს ბავშვების ვაქცინაციას, თქვენი შვილებისთვის და თქვენი ოჯახისთვის, იმ მცირე ვირუსის რისკების ფონზე და იმ ჯანმრთელობის ცნობილი რისკების გათვალისწინებით, რომელსაც ქმნიან თავად ეს ვაქცინები. თქვენ კი მოგიწევთ დარჩენილი ცხოვრება გაატაროთ ამ რისკებთან ერთად. და ბოლოს, როგორც მამა და ბაბუა მე მოგიწოდებთ, იბრძოლოთ თქვენი შვილების დასაცავად“.

მტკიცება, რომ მოზარდებში ვაქცინაციის რისკები აჭარბებს სარგებელს, კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული მითია. მხოლოდ მშრალ სტატისტიკის მოშველიებაც კი საკმარისია, იმის საილუსტრაციოდ თუ რამდენად არასწორია მსგავსი მოსაზრება. პედიატრიის ამერიკული აკადემიის, 13 იანვრის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსი პანდემიის დაწყებიდან თითქმის 9.5 მლნ ბავშვს დაუდგინდა, აქედან თითქმის 1 მილიონამდე შემთხვევა ბოლო 1 კვირაში (6-13 იანვარი) დაფიქსირდა, რაც გასული ზამთრის პიკურ მაჩვენებელს დაახლოებით 4-ჯერ აღემატება. აშშ-ში, პანდემიის დაწყების დღიდან, ბავშვებმა ინფიცირების მთლიანი შემთხვევების 17.8% შეადგინეს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია, პანდემიის საწყის თვეებში, ბავშვთა წილი ინფიცირებულებში 5%-მდე იყო, 2021 წლის ივნისის მონაცემებით კი 14%. COVID-19-ით ბავშვთა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მონაცემები შტატების მიხედვით განსხვავებულია. საერთო ჯამში, პედიატრიის ამერიკული აკადემიის მონაცემებით:

• ჰოსპიტალიზაცია - ბავშვებმა კუმულაციური ჰოსპიტალიზაციის 1.7%-4.4% შეადგინეს. ბავშვებს შორის COVID-19-ის ჯამური შემთხვევების 0.1%-1.5%-ში საჭირო გახდა მათი ჰოსპიტალიზაცია.

• სიკვდილიანობა - COVID-19-ით გარდაცვლილთა შორის ბავშვების წილმა 0.00%-0.26% შეადგინა. ბავშვებს შორის COVID-19-ის შემთხვევების 0.00%-0.02% ლეტალურად დასრულდა. (2021 წლის დეკემბრის დასაწყისიდან მოყოლებული, კვირის განმავლობაში აშშ-ში საშუალოდ 650-დან 800 ბავშვამდე იღუპება Covid-19-ით)

ამას გარდა, ჩატარდა არაერთი კვლევა და მოდელირება რისკების და სარგებლიანობის ანალიზისთვის. ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ასოციაციის შემუშავებულმა მოდელმა აჩვენა, რომ ვაქცინების სარგებელი მკვეთრად აღემატება რისკებს.

ასევე, დაუსაბუთებელია მტკიცება, რომ ბავშვები არ წარმოადგენენ არავითარ საფრთხეს მშობლებისა და მოხუცებისთვის. ამერიკის „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ (CDC) მონაცემების მიხედვით, ბავშვების Covid-19-ით ინფიცირების დროს, გაცილებით ხშირია ასიმპტომატური (სიმპტომების გარეშე) ან მსუბუქი, არასპეციფიკური სიმპტომებით მიმდინარე შემთხვევები, თუმცა, გადადების მაჩვენებელი ზუსტად ისეთივეა, როგორც ზრდასრულების შემთხვევაში. შესაბამისად, ბავშვებისა და მოზარდების მიერ მშობლებისა და ხანდაზმულების ინფიცირების რისკი მაღალია, მათში დაავადების მსუბუქი და არასპეციფიკური სიმპტომებით ან უსიმპტომოდ მიმდინარეობის გამო.

ამას გარდა, CDC-ის ინფორმაციით, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში ბავშვებს ჯანმრთელობის მოკლე ან გრძელვადიანი გართულებების განვითარების რისკი აქვთ, რომელმაც შესაძლოა გარდაცვალებაც გამოიწვიოს. დღეისთვის, აშშ-ში 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილის 10 ყველაზე გავრცელებულ მიზეზთა შორის COVID-19 ერთ-ერთია. ამასთან ბავშვებს, რომლებიც ინფიცირდებიან COVID-19-ით, ასევე შეიძლება ისეთი სერიოზული გართულებები განუვითარდეთ, როგორიცაა მულტისისტემური ანთებითი სინდრომი (MIS-C) - მდგომარეობა, როდესაც სხვადასხვა ორგანოს ანთება ვითარდება, მათ შორის გული, ფილტვები, თირკმელები, ტვინი, კანი, თვალები ან კუჭ-ნაწლავის. მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, აშშ-ში MIS-C-ის 2300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში. COVID-19-ით გამოწვეული მძიმე დაავადების რისკის ქვეშ უფრო მეტად არიან ის ბავშვები, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები. COVID-19-ის ვაქცინებს შეუძლია ბავშვები და მოზარდები დაიცვას დაავადების გართულებისა და სიკვდილისგან.

იქიდან გამომდინარე, რომ დოქტორ რობერტ მელოუნის მიერ ვიდეოში გაჟღერებული სამივე მტკიცება მცდარი და დაუსაბუთებელია, „ფაქტ-მეტრის“ ვერდიქტით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული აღნიშნული ვიდეო, შეცდომაში შემყვანია.

---------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია