რუსეთის ოფიციალური პირები და კრემლის საინფორმაციო წყაროები ირწმუნებიან, რომ რუსეთის ელჩმა გაერო-ში გამართულ პრესკონფერენციასა და უშიშროების საბჭოს სხდომაზე წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ ბუჩას კადრების ნაწილი დადგმულია, მოქალაქეების ნაწილი კი თავად უკრაინელებმა მოკლეს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4).
რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში, ვასილ ნებენზიამ, 4 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბუჩადან გავრცელებული კადრები მორიგი პროვოკაციაა უკრაინის მხრიდან. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ბუჩას რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ, ერთი ადგილობრივიც კი არ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი.
ის, რასაც კრემლი მტკიცებულებებს უწოდებს, სინამდვილეში, მხოლოდ აბსურდული ბრალდებები ან უკვე გადამოწმებული ყალბი ამბებია.
მისი მტკიცებით, რუსულმა ჯარებმა ბუჩა 30 მარტს, ანკარაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად დატოვეს. აღნიშნულის დასტურად მან 31 მარტს ბუჩას მერის, ანატოლი ფედეროკის, ჩართვა მოიყვანა, სადაც ის უკრაინული არმიის მიერ ბუჩას გათავისუფლებაზე საუბრობს.
31 მარტს ანატოლი ფედეროკმა ბუჩას გათავისუფლების შესახებ ნამდვილად ისაუბრა, თუმცა სხვა განცხადებები და ღია წყაროებში არსებული ინფორმაცია ეჭვქვეშ აყენებს იმას, რომ რუსულმა არმიამ ბუჩა 30 მარტს სრულად დატოვა. მაგალითად, რუსული საინფორმაციო საშუალება TV Zvezda 1 აპრილს წერდა, რომ „სადესანტო ჯარების ქვედანაყოფებმა, საზღვაო ქვეითებთან თანამშრომლობით, ხუთი დღის განმავლობაში წარმატებით შეაჩერეს მტრის ძალების მოქმედებები გოსტომელ-ბუჩა-ოზერას მიმართულებით. შედეგად, საზღვაო ქვეითებმა შეძლეს ტერიტორიის სრული კონტროლი მდინარე ირპენიდან კიევისკენ, საერთო სიგრძით - ხუთი კილომეტრი.“
ამავე დღეს, ბუჩას ქალაქის საბჭოს მდივანი, ტარას შაპრავკი, ტელეგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, ამბობს: „ამჟამად, ქალაქი ოკუპაციის ქვეშ რჩება, აქ არის ბევრი დანაღმული ტექნიკა, სახლი და გვამებიც კი. ამიტომ ქალაქში დარჩენილ პირებს ვთხოვთ არ მიუახლოვდნენ საშიშ ობიექტებს. ქალაქის განთავისუფლება გრძელდება, უკრაინის შეიარაღებული ძალები, ტერიტორიული დაცვა მუშაობს მშობლიური მიწის ყოველი მეტრის დასაბრუნებლად.“
ამრიგად, ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპატნებმა ბუჩა 30 მარტს დატოვეს, დაუდასტურებელია.
პირველი „მტკიცებულება“, რაც რუსეთმა გაერო-ში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა შემდეგნაირად ჟღერს: ვიდეოში ბუჩას მერი ბედნიერად გამოიყურება და იღიმის, არ ახსენებს მოკლულ ადამიანს ან მასობრივ სასაფლაოებს, რთულია წარმოიდგინო, რომ მას აღნიშნული სისასტიკეების ხსენება ვიდეოში დაავიწყდა.
მოცემული განცხადების „მტკიცებულებად“ მიჩნევა შეუძლებელია. აბსურდულია ბუჩაში დატრიალებული ტრაგედიის უკრაინის მხარეზე გადაბრალება ქალაქის მერის ღიმილიანი სახის გამო და ეს უკანასკნელი ვერც ერთი სამართლებრივი სტანდარტით „მტკიცებულებად“ ვერ მიიჩნევა.
მეორე „მტკიცებულების“ თანახმად, არც პირველ და არც ორ აპრილს უკრაინულ მხარეს ბუჩაში დატრიალებული სისასტიკის შესახებ არაფერი განუცხადებია. ასევე, არც მათ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქუჩებში მოკლული ადამიანის სხეულებია.
აღნიშნული მტკიცება ტყუილია. სინამდვილეში, 1 აპრილის საღამოს და 2 აპრილის გამთენიისას Telegram-ის ჯგუფში ქუჩაში მიმოფანტული ცხედრების კადრების გავრცელება დაიწყო (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). მას შემდეგ, რაც უკრაინის არმია და საერთაშორისო ჟურნალისტები ეტაპობრივად შედიოდნენ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, უფრო მეტი კადრი და ინფორმაცია ვრცელდებოდა (ბმული 1, ბმული 2). მასშტაბური სურათის შესახებ ოფიციალური განცხადება კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 აპრილს გააკეთა.
რუსეთის ელჩის მორიგი მტკიცების თანახმად, სოციალურ ქსელში უკრაინელი ჯარისკაცების მიერ გავრცელებული ვიდეო სამხილია იმისა, რომ თეთრსამკლაურიანი მოქალაქეები არა რუსებმა, არამედ უკრაინელმა ჯარისკაცებმა დახოცეს. ამასთან, ის ასევე არ ასახელებს კონტექსტს და ზუსტ თარიღს, თუ როდისაა ვიდეო გადაღებული და შესრულდა თუ არა ის. აღნიშნული ჩანაწერით ელჩი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა თავიანთი მოქალაქეები თავად დახოცეს მას შემდეგ, რაც ბუჩა ოკუპანტებისგან უკვე გათავისუფლებული იყო.
როგორც ელჩი ამბობს, რუსეთის ჯარი მშვიდობიან მოქალაქეებს ბუჩაში თეთრი სამკლაურის ტარებას (რასაც რუსი ჯარისკაცები ატარებენ) სთხოვდათ, რადგან უკრაინელი მებრძოლები სამხედრო ფორმას ყოველთვის არ ატარებდნენ, ამ გზით კი მშვიდობიან მოქალაქეებს მებრძოლებისგან ასხვავებდნენ. თავის მხრივ, უკრაინელი ჯარისკაცები ლურჯ სამკლაურს ატარებენ. მის მიერ ნახსენებ ვიდეოში, უკრაინელი ჯარისჯაცი მეორე ჯარისკაცს ეკითხება, შეუძლია თუ არა ესროლოს მათ, ვინც ლურჯ სამკლაურს არ ატარებს, რაზეც დადებით პასუხს იღებს.
როგორც უკვე ითქვა, აღნიშნული ვიდეო ვერ გამოდგება იმის მტკიცებულებად, რომ თეთრსამკლაურიანი მოქალაქეები უკრაინელებმა დახოცეს. Telegram-ის ჯგუფში ვიდეო 3 აპრილს 00:33 სთ-ზე აიტვირთა, რომელიც, სავარაუდოდ, 2 აპრილსაა გადაღებული. თეთრსამკლაურიანი მოქალაქეების სხეულები კი ქუჩაში მინიმუმ 1 აპრილს გადაღებულ კადრებში უკვე ჩანს და უფრო მეტიც, აღნიშნული თეთრსამკლაურიანი სხეული 9-11 მარტს გადაღებულ სატელიტურ სურათებშიც ჩანს, ანუ იმ დროს გადაღებულ სურათებში, როდესაც ბუჩას რუსეთის ჯარი აკონტროლებდა.
აღნიშნული სხეული უკეთ ჩანს 19 მარტს გადაღებულ სატელიტურ სურათებში, რომელსაც BBC აქვეყნებს. ამდენად, მტკიცება, რომ თეთრსამკლაურიანი მოქალაქეები უკრაინელებმა ბუჩადან რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ თავად მოკლეს, ტყუილია.
სხვა მტკიცებები, რასაც ელჩი უტყუარ მტკიცებულებებად მიიჩნევს, ცხედრების მდგომარეობას შეეხება. მისი თქმით, გარდაცვლილების სხეულები არ არის გამაგრებული, არ აქვს დამახასიათებელი გვამური ლაქები და დაგროვებული სისხლის კვალი, რაც არაბუნებრივია.
BBC-ისთან ინტერვიუში სასამართლო პათოლოგისტმა, რომელიც რუანდასა და კოსოვოში ომის დანაშაულებს იძიებდა, განაცხადა, რომ 4 დღის შემდეგ სხეულის გამაგრება „ჩვეულებრივ მცირდება“. რაც შეეხება გვამურ ლაქებს, პათოლოგისტი აღნიშნავს, რომ ადამიანის გარეგნობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ან ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა იარაღია გამოყენებული, რა მანძილიდან გაისროლეს და ა.შ.
ასევე რუსეთის მტკიცება, რომ გარდაცვლილებს სისხლის კვალი არ ეტყობათ და ამიტომ სცენები დადგმულია, ყალბია. სასამართლო პათოლოგისტის თქმით, გარდაცვლილის სხეულზე სისხლი ყოველთვის ხილული არაა. ამის მიზეზი სისხლის სხვადასხვა ადგილას დაგროვებაა - ის შეიძლება სხეულის ქვეშ ჩაიღვაროს ან სქელმა ტანსაცმელმა შეიწოვოს. ამასთან, თუ სხეული დაწოლილ მდგომარეობაშია, სისხლის დაგროვების ადგილი შესაძლოა ფოტოდან ხილული არ იყოს.
რუსეთის კიდევ ერთი ყალბი მტკიცების თანახმად, უკრაინის მიერ გავრცელებულ ვიდეოში გარდაცვლილებად წარმოჩენილი სხეულები მოძრაობენ. ერთი ვერსიით, სხეულის მკლავი მოძრაობს, რაც ტყუილია. ვიდეოს კარგი ხარისხი არ აქვს, თუმცა მისი დაკვირვებით ანალიზი აჩვენებს, რომ ე.წ. „მოძრავი მკლავი“, სინამდვილეში, მანქანის საქარე მინის ქვედა მარჯვენა კუთხეში არსებული ნიშანია - ლაქა ან წვიმის წვეთი.
Getting fed up of this “it’s a moving arm” bullsh….. it’s a raindrop on the windscreen, alongside an inverted channel version for more clarity. The whole arm moving thing is just ridiculous. pic.twitter.com/ZiuEX4rFWc
— Aurora Intel (@AuroraIntel) April 3, 2022
მეორე ვერსიით, ავტომობილის მარჯვენა საქარე მინაში ჩანს, თუ როგორ იცვლის გარდაცვლილი სხეული რამდენიმე წამში პოზიციას და თუკი თავდაპირველად მწოლიარე მდგომარეობაშია, რამდენიმე წამის შემდეგ გვერდით სარკეში უკვე „წამომჯდარი“ ჩანს. აღნიშნული მტკიცებაც ყალბია. ვიდეოს შენელებული ვერსია გვიჩვენებს, რომ ავტომობილის მარჯვენა სარკე სხეულის ანარეკლს აშკარად ცვლის. თუმცა ის ფორმას ირგვლივ არსებულ გარემოსაც - სახლებს, ნაგებობეს - უცვლის. BBC-ის თანახმად, მსგავს ფენომენს ასფერული სარკეები იწვევს (იხილეთ ვიდეო).
ამ ყალბ ბრალდებებზე დაყრდნობით, რასაც რუსეთის ელჩი გაეროში მტკიცებულებებად მოიხსენიებს, ირწმუნება, რომ უკრაინამ მოქალაქეების ნაწილი თავად მოკლა, კადრების ნაწილი კი დადგა.
რაც შეეხება კადრების დადგმას, The New York Times-მა ბუჩას სატელიტური ფოტოები გააანალიზა და დაადგინა, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი სამ კვირაზე მეტი ხნის წინ მოკლეს, ანუ მაშინ, როდესაც ქალაქს რუსული სამხედროები აკონტროლებდნენ.
ვიდეოში, რომელიც ადგილობრივი საბჭოს წევრმა 1 აპრილს ბუჩაში გადაიღო, ჩანს, რომ იაბლონსკას ქუჩის გასწვრივ მრავალი ცხედარია მიმოფანტული. Maxar Technologies-ის მიერ The New York Timess-ისთვის მიწოდებული სატელიტური ფოტოები ამტკიცებს, რომ მათგან მინიმუმ 11 სხეული ქუჩაში 11 მარტიდან იყო, იმ დროიდან, როცა რუსულმა სამხედროებმა ქალაქის ოკუპაცია მოახდინეს.
იმის დასადასტურებლად, თუ როდის მოკლეს მშვიდობიანი მოქალაქეები და როდის გამოჩნდა მათი სხეულები ქუჩებში, The New York Times-ის ვიზუალური გამოძიების ჯგუფმა ჩაატარა სატელიტური გამოსახულების წინასწარი და შემდგომი ანალიზი. სურათებზე ნაჩვენებია ადამიანის სხეულის ზომის მუქი ობიექტები, რომლებიც იაბლონსკას ქუჩაზე 9 მარტიდან 11 მარტამდე ჩნდება. ობიექტების პოზიციები ზუსტად ემთხვევა იმ პოზიციებს, რომლებშიც სხეულები 1 აპრილის კადრებში ჩანს. შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ ობიექტები ამავე პოზიციაში სამ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
მეორე ვიდეოში, რომელიც იაბლონსკას ქუჩაზეა გადაღებული ჩანს 3 სხეული. ერთ-ერთი ველოსიპედის გვერდით, მეორე კი მიტოვებული მანქანის სიახლოვესაა. სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს, რომ აღნიშნული მიტოვებული მანქანები და მასთან ახლოს მდებარე სხეულები 20-21 მარტის შუალედში გამოჩნდა.
5 აპრილს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის პრესსპიკერის, ლიზ თროსელის, განცხადებით, ფოტოები და ვიდეოები ბუჩადან აჩვენებს ყველა ნიშანს, რომ მოქალაქეები იყვნენ პირდაპირი სამიზნეები, რომლებიც მოკლეს. მან მიმართვაში ისაუბრა იმაზე, რომ მოქალაქეებს ტყვიები პირდაპირ თავში ჰქონდათ ნასროლი, მათ ნაწილს კი ხელები შეკრული ჰქონდა.
უკრაინული მხარის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ მოქალაქეები დამიზნებით ნასროლი ტყვიის მსხვერპლები არიან, რაც აქარწყლებს ელჩის მტკიცებას, რომ მოქალაქეებს გარდაცვალების ნიშნები და სისხლის კვალი არ აქვთ.
აღნიშნულს ადასტურებენ ჟურნალისტები, რომლებიც გათავისუფლებული ბუჩას მოვლენებს აშუქებდნენ და თვითმხილველები, რომლებმაც თავად შეესწრნენ რუსების მხრიდან დამიზნებით სროლის ფაქტებს.
Reuters-ის რეპორტიორი, რომელიც ბუჩაში 3 აპრილს იმყოფებოდა, ადასტურებს, რომ სამივე სხეულს, რომელიც ქუჩაში იყო, თავის არეში ტყვია ჰქონდათ ნასროლი, ერთ მათგანს კი ხელებიც შეკრული ჰქონდა. არცერთ შემთხვევაში სხეულებს სხვა მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.
გაერო-ს ელჩი ასევე ამტკიცებს, რომ მოქალაქეები, რომლებიც ბუჩაში რუსეთის ჯარების ყოფნისას რჩებოდნენ, ძალადობაზე არ საუბრობენ. სინამდვილეში, Human Rights Watch-მა შეაგროვა იმ მოქალაქეების მონათხრობები, რომლებიც ბუჩას მასობრივ მკვლელობებს გადაურჩნენ. გადარჩენილები ჰყვებიან მოქალაქეებზე რუსული არმიის ძალადობის, შეურაცხყოფის, გაუპატიურებისა და დამიზნებით მკვლელობის ფაქტებზე. ანალოგიური ისტორიებს ჰყვებიან გადარჩენილი მოქალაქეები საერთაშორისო მედიებთანაც (Radio Liberty, Aljazeera, CNN, Reuters).
გარდა ამისა, უკრაინულმა მხარემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ველოსიპედზე მჯდომი კაცის მკვლელობას ასახავს. ვიდეო უკრაინის სამხედროების მიერ მარტის დასაწყისშია გადაღებული, როდესაც რუსეთის არმია ქალაქს აკონტროლებდა. The New York Times-სმა აღნიშნული ვიდეოს ავთენტურობა დაადასტურა.
ამრიგად, კრემლის მტკიცება, რომ მათ გაეროს მტკიცებულებების კრებული წარუდგინეს, რაც ბუჩაში უკრაინის დანაშაულებზე მიუთითებს, ყალბია. ის, რაც გაეროს ელჩმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერეციაზე და უშიშროების საბჭოს სხდომაზე წარმოადგინა, შეუძლებელია „მტკიცებულებებად“ ჩაითვალოს. მათი უმეტესობა მარტივად დადასტურებადი ყალბი მტკიცებებია, დანარჩენი კი აბსურდული ბრალდებები, რაც არცერთ ფორმატში მტკიცებულებად არ ითვლება.
კიევის რეგიონი რუსებისგან სრულად 2 აპრილს გათავისუფლდა. უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიკტოვას, თანახმად, კიევის რეგიონიდან 410 მოკლული მოქალაქის სხეული გაიტანეს. რეგიონში, ბუჩას ჩათვლით, მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი სასაფლაოებიც იპოვეს. Maxar Technologies-ის სატელიტურმა გამოსახულებებმა დაადასტურა, რომ მასობრივი სასაფლაოების პირველი ნიშნები церкви Андрея Первозванного и Всех Святых в Буче-ის მახლობლად, 10 მარტს იყო.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, 3 აპრილს Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ბუჩაში მომხდარს „ხოცვა-ჟლეტა“ (Massacre) უწოდა: „შოკირებული ვარ გათავისუფლებული კიევის რეგიონში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკის ამსახველი შემზარავი კადრებით. #BuchaMassacre. ევროკავშირი ეხმარება უკრაინასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საერთაშორისო სასამართლოებში დევნის წარმოებისთვის საჭირო მტკიცებულებების შეგროვებაში. ევროკავშირის შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია“.
3 აპრილს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, განაცხადა, რომ უკრაინელ უდანაშაულო მოქალაქეებზე „საზარელი თავდასხმები“ ბუჩასა და ირპინში იყო უფრო მეტი მტკიცებულება ომის დანაშაულებისა.
Human Rights Watch-მა შეაგროვა შემთხვევები, როდესაც რუსული სამხედრო ძალები არღვევდნენ ომის კანონებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩერნიჰოვის, ხარკოვისა და კიევის ოკუპირებულ რეგიონებში. მათ შორისაა ბუჩაში ჩადენილი ძალადობის შემთხვევებიც. Human Rights Watch in Europe and Central Asia-ის დირექტორმა, ჰიუ ვილიამსონმა 3 მარტს განაცხადა, რომ „შემთხვევები, რომლებიც ჩვენ დავაფიქსირეთ, წარმოადგენს ენით აღუწერელ მიზანმიმართულ სისასტიკეს და ძალადობას უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. გაუპატიურება, მკვლელობა და სხვა ძალადობრივი ქმედებები რუსეთის ძალების პატიმრობაში მყოფი ადამიანების მიმართ უნდა იქნას გამოძიებული, როგორც ომის დანაშაული“.
4 აპრილს ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, პუტინის „სასტიკი“ და „ომის კრიმინალი“ უწოდა: „შეიძლება გახსოვთ, როგორ გამაკრიტიკეს პუტინისთვის ომის კრიმინალის წოდების გამო…თუმცა, ეს ჭეშმარიტებაა - ჩვენ ვნახეთ რაც ხდება ბუჩაში - ის ომის კრიმინალია... ეს კაცი სასტიკია და რაც ბუჩაში ხდება აღმაშფოთებელია.
Amnesty International-ის გენერალური მდივნის, აგნეს კალამარის, 4 აპრილს გაკეთებული განცხადების მიხედვით, „ბუჩადან მიღებული მასალები ომის დანაშაულების უფრო ფართო ნიმუშებს გვაჩვენებს, რომლებიც მოიცავს სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯასა და წამებას უკრაინის სხვადასხვა ოკუპირებული ადგილებიდან. ვშიშობთ, რომ რუსი ჯარისკაცების მხრიდან ბუჩაში მოქალაქეებზე ძალადობა არ არის ერთადერთი შემთხვევა. აღნიშნული ინციდენტები უნდა იქნა გამოძიებული, როგორც ომის დანაშაულები“.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა, 4 აპრილს განაცხადა, რომ შოკირებულია იმ ფოტომასალებით, რომლებიც ბუჩაში მოკლულ მშვიდობიან მოსახლეობას ასახავს. მან ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი გამოძიების მნიშვნელობაზე, რომელიც ეფექტურ ანგარიშვალდებულებას გამოიწვევს. მიშელ ბაჩელეტმა, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, თქვა, რომ მასალები, რაც ბუჩადან მიიღეს „აჩენს სერიოზულ და შემაშფოთებელ კითხვებს შესაძლო ომის დანაშაულებთან, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევებთან და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით“.
5 აპრილს ევროკავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც უმკაცრესად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკეს ოკუპირებული უკრაინის რიგ ქალაქებში, რომლებიც ახლა უკვე განთავისუფლებულია. მასში ნათქვამია, რომ ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი სისასტიკეების სიაში ჩაიწერება.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.