2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები დარჩა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვსი მუნიციპალიტეტიდან კი სამ მუნიციპალიტეტში არჩეულმა მერებმა თანამდებობები ვადის ამოწურვამდე დატოვეს და ვადის ბოლომდე თანამდებობაზე მხოლოდ სამი მერი დარჩა.
პირველი ფაქტი ხულოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. არჩევიდან ძალიან მალე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, გოჩა მელაძე გადადგა. გადადგომამდე მან შვებულება შეწყვიტა, სამსახურში დაბრუნდა და გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მელაძეს რომ თანამდებობას დაატოვებინებდნენ, ამის შესახებ ხმები რამდენიმე თვით ადრე ვრცელდებოდა. ამ გადაწყვეტილებას აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის დანიშვნას უკავშირებდნენ. თუმცა გოჩა მელაძე ამ ინფორმაციას უარყოფდა.
გოჩა მელაძემ, რომელიც იმ პერიოდში „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა და პარალელურად, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო, გადადგომამდე მერის მოვალეობის შემსრულებლად ვახტანგ ბერიძე დანიშნა.
ვახტანგ ბერიძე მელაძის პირველი მოადგილე იყო. მანამდე ის ხულოს პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2019 წელს ბერიძე ხულოს მუნიციპალიტეტის არჩეული მერი გახდა. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში კი მოქმედი მერი კვლავ მერობის კანდიდატია. ის მმართველმა გუნდმა წარადგინა.
2020 წლის 15 ივლისს გადადგომის შესახებ განცხადება თვითმმართველი ქალაქის, ბათუმის არჩეულმა მერმაც დაწერა. მანამდე თანამდებობა დატოვა ლაშა კომახიძის პირველმა მოადგილემ, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წლის ოქტომბერში დაინიშნა. ბათუმის მერმა, გადადგომამდე, პირველ მოადგილედ არჩილ ჩიქოვანი დანიშნა. საინტერესოა, რომ ჩიქოვანის საქმიანი ბიოგრაფიაც ძალოვან სტრუქტურებს უკავშირდება. ამის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ უკვე დაწერა. საზოგადოების ნაწილმა მას იმთავითვე „რიჟვაძის დანიშნული მერი“ უწოდა და ივარაუდა, რომ 2021 წელს სწორედ ის იქნებოდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი. ასეც მოხდა - არჩილ ჩიქოვანი მმართველი გუნდის კანდიდატია და ის ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს.
საინტერესოა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით, ბათუმელებს, კომახიძის გადადგომის შემდეგ, მერის არჩევის საშუალება არ მიეცათ, რადგან მან განცხადება ისეთ დროს დაწერა, როცა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, ვადებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია. ამ ფაქტმა გააძლიერა ეჭვი, რომ თორნიკე რიჟვაძემ, რომელმაც აჭარის ა/რ თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე შეცვალა, თანამდებობებზე მმართველი გუნდისთვის „სანდო კადრების“ მოყვანა დაიწყო და ეს პროცესი არჩეულ მერებსაც შეეხო.
არჩილ ჩიქოვანი კი თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული პირია. 2017 წლიდან ის აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტის უფროსი იყო, ხოლო 2018 წლის ივლისში თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის აპარატის უფროსად დანიშნა. აღსანიშნავია, რომ ჩიქოვანი მთავრობის თავმჯდომარის მეჯვარეა.
არაერთი კითხვა არსებობს აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ. ამ კითხვების საფუძველი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები გახდა. საკვლევი ვადის (2016-2017 წლები) ნაწილი ემთხვევა პერიოდს, როცა დეპარტამენტში თანამდებობა არჩილ ჩიქოვანს ეკავა. ამის თაობაზე „ფაქტ-მეტრმა’ სტატია 2019 წელს გამოაქვეყნა. აუდიტის სამსახურის დასკვნით, უწყებამ დისკრიმინაციული მიდგომით, არათანაბარი კონკურენციის პირობებში გამოავლინა პრეტენდენტები და ყველაზე მაღალი ფასის წარმდგენი კომპანიები შეარჩია. ამასთანავე, მიმწოდებლებს ავანსი შეუსაბამოდ გადაუხადა, კონტრაქტორებს პროექტის განხორციელების ვადები დაუსაბუთებლად გაუხანგრძლივა და სხვა. ანგარიშში საუბარია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს რამდენიმე მილიონი ლარის ზარალი მიადგა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიში, შემდგომი რეაგირების მიზნით, პროკურატურას გადაუგზავნა. საქმე აღძრულია, თუმცა დანარჩენი დეტალები დღემდე უცნობია.
აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა არაერთმა არჩეულმა თანამდებობის პირმა საკუთარი უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეწყვიტა. კერძოდ: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძემ 2020 წელს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრობა გადაწყვიტა. ის „ქართული ოცნების“ სიის მეშვიდე ნომერი იყო და ახლა უკვე აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრია.
ნადიმ ვარშანიძე, სანამ საკრებულოს თავმჯდომარე გახდებოდა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი (გამგებელი) იყო. მისი საქმიანობის შესახებ კრიტიკული ინფორმაცია ხშირად ვრცელდებოდა. მათ შორის, „ფაქტ-მეტრის“ მიერ. იხ. სტატია.
ზოგადად, ხელვაჩაურის თვითმმართველობის მიმართ კრიტიკა არაერთხელ გაჟღერდა როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებში, ისე ოპოზიციისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. უმეტესობა მუნიციპალიტეტში უხარისხოდ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე, მერიასა და მის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზრდას შეეხებოდა. „ფაქტ-მეტრმა“ ამ საკითხებზე კვლევები არაერთხელ გამოაქვეყნა. იხ. სტატიები: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8
მიუხედავად ამისა, თანამდებობის პირები, რომელთა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც საკმაოდ მძიმე ფაქტები დაფიქსირდა, მმართველმა გუნდმა კვლავ დაკავებულ თანამდებობებზე დატოვა.
მაგალითად: 2017 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ ჯუმბერ ვარდმანიძე დაასახელა, რომელიც მანამდე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. დღეს ის მოქმედი მერია. თუმცა 2021 წლის 2 ოქტომბერს კენჭს აღარ იყრის. ფაქტია, რომ ვარდმანიძის მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მკვეთრად ნეგატიურადაა განწყობილი. ეს განსაკუთრებულად გამოჩნდა ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტის მიმართ ხელვაჩაურის მერის მხრიდან განხორციელებული სიტყვიერი თავდასხმის შემდეგ. კონკრეტულად კი ჟურნალისტმა მოიძია ინფორმაცია მერის მიერ უკანონოდ აშენებული სახლის შესახებ და მასალა გამოაქვეყნა. „ბათუმელებმა“ ასევე გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვარდმანიძე სამსახურის კუთვნილი ავტომანქანით იმყოფებოდა „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტი მერს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა, რასაც მის მხრიდან გინება და უშვერი ლანძღვა მოჰყვა. მედიასაშუალებამ აღნიშნული ფაქტი გაასაჯაროვა, თუმცა ვარდმანიძეს თანამდებობა არც საკუთარი ნებით დაუტოვებია და არც მმართველი გუნდის მიერ ყოფილა მისი პასუხისმგებლობის საკითხი დაყენებული. ეს მაშინ, როცა ზემოთ ნახსენებ ორ მერს, სრულიად გაურკვეველ ვითარებაში, უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
ვარდმანიძემ მერობის ვადა ბოლომდე ამოწურა. თუმცა მომავალ არჩევნებში ის კენჭს აღარ იყრის. „ოცნებამ“ კანდიდატად აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზაზა დიასამიძე დაასახელა.
ინფორმაციისთვის, ზაზა დიასამიძის საქმიანობაც შინაგან საქმეთა სამინისტროს უკავშირდება. 2003-2021 წლებში ის სწორედ ამ უწყებაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ბოლოს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის სამმართველოს უფროსი იყო.
მერის მოვალეობის შემსრულებელი აჭარაში კიდევ ერთ მუნიციპალიტეტს ჰყავს. ომარ ტაკიძე ამ მოვალეობას მას შემდეგ ასრულებს, რაც არჩეული მერი ფრიდონ ფუტკარაძე აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა. მმართველმა გუნდმა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში შუახევის მერობის კანდიდატად სწორედ ომარ ტაკიძე დაასახელა. უნდა ითქვას, რომ შუახევის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე არაერთი პროექტი მიმდინარეობს, რომლებიც ხელს უწყობს თვითმმართველობის გაძლიერებასა და მოქალაქეების ჩართულობის გააქტიურებას. პროექტებს არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, „ახალგაზრდა ჟურნალისტთა სახლი“ ახორციელებენ. რამდენიმე პროექტის მხარდამჭერია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.
მსგავსი აქტივობები ქედის მუნიციპალიტეტშიც ხორციელდება, სადაც არჩეული მერი ლევან გორგილაძეა. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი მერის საქმიანობის მიმართ მოსახლეობას საკმაოდ პოზიტიური შეფასება აქვს, მომავალ არჩევნებში „ოცნებამ“ კანდიდატად მისი პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე დაასახელა.
როგორც შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ისე ქედის მუნიციპალიტეტის მოქმედ მერს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დადებითად ახასიათებს და მიიჩნევს, რომ ისინი არასამთავრობო სექტორთან კონსტრუქციულად თანამშრომლობენ, რაც არაერთი პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი პირობაა.
რაც შეეხება ქობულეთს, აქაც არჩეულმა მერმა მირიან ქათამაძემ უფლებამოსილების ვადა ბოლომდე ამოწურა. მის მერობას საზოგადოების ნაწილის, ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუდმივი კრიტიკა ახლდა. ქობულეთის მერის საქმიანობის შესახებ წერდა „ფაქტ-მეტრიც“. იხ სტატია 1, 2, 3
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა დროს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს დადებითად აფასებდნენ, გუნდმა მირიან ქათამაძეს შემცვლელი მოუძებნა. ქობულეთის მერობისთვის ახლა მისი პირველი მოადგილე ლევან ზოიძე იბრძოლებს. ჯერ კიდევ 2019 წელს ზოიძის თანამდებობაზე დანიშვნას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. საქმე ისაა, რომ ახლანდელი მერობის კანდიდატის მამა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია, ხოლო და თინათინ ზოიძე - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. აქედან გამომდინარე, საზოგადოების ნაწილმა ლევან ზოიძის მერის მოადგილედ დანიშვნაში ნეპოტიზმის კვალი დაინახა.
ამ ეტაპზე უცნობია, სად გააგრძელებენ საქმიანობას ჯერ კიდევ მოქმედი მერები, რომლებიც ამ არჩევნებში კენჭს აღარ იყრიან. თუმცა, თუ წინა პერიოდს გავიხსენებთ, ხელისუფლებას უყურადღებოდ არც ერთი ყოფილი მერი არ დაუტოვებია და ისინი სხვადასხვა სამსახურების უფროსებად დაასაქმა, გარდა ერთი-ორი გამონაკლისისა, როგორიცაა მაგალითად, ლაშა კომახიძე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის საქმიანობას კერძო სექტორში აგრძელებს. გაცილებით რთული ბედი ერგო ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს, რომელიც ამ ეტაპზე სასჯელს იხდის.