რეზიუმე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა (იმდროინდელმა გამგეობამ) 2014 წელს შექმნა ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის საპროექტო განყოფილება, რომელსაც მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების სახარჯთაღრიცხვო ან/და საპროექტო დოკუმენტების შეთანხმება და ზედამხედველობა დაევალა.
2019 წლის თებერვალში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის ანგარიში, რომელშიც ყურადღება რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის ხარვეზზე გამახვილდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ პროექტის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად შესყიდვა წარმოშობს რისკს, რომ ის უხარისხო იქნება, რაც შესრულების ეტაპზეც დასტურდება. აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა მუნიციპალიტეტს შესაბამისი რეკომენდაციები მისცა, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები მაღალი პროფესიონალიზმით შეასრულოს. იქვე ნათქვამია, რომ თუ საპროექტო განყოფილება ვერ უზრუნველყოფს ამოცანების შესრულებას, მერიამ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილება.
განყოფილებაში ოთხი საშტატო ერთეული დამტკიცდა: 1 უფროსი და 3 მთავარი სპეციალისტი. თანამდებობრივი სარგო 2018 წლის 1-ელ იანვრამდე იყო: განყოფილების უფროსი - 810 ლარი და უფროსი სპეციალისტი - 560 ლარი. ეს თანხა წლის განმავლობაში, ჯამში, 29 880 ლარს უდრის. გარდა ამისა, თანამშრომლებზე პრემია გაიცა: 2014 წელს - 6-ჯერ, 2015-2016 წლებში - 7-ჯერ, ხოლო 2017 წელს - 4-ჯერ. თუ ხელვაჩაურის საკრებულოს 2017 წლის დადგენილებით ვიმსჯელებთ, პრემიის რაოდენობა ამ წლებში 9 000-დან 17 000 ლარამდე მერყეობს. აქედან გამომდინარე, შრომის ანაზღაურება, პრემიისა და თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, 39 800-დან 47 000 ლარამდე უნდა ვივარაუდოთ. ბუნებრივია, ხელვაჩაურის მერიისგან ინფორმაცია, პრემიის კომპონენტის გათვალისწინებით, ოფიციალურად გამოვითხოვეთ. მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, მერიამ პრემიების ოდენობის შესახებ მონაცემები თავის პასუხში არ შეიტანა.
რაც შეეხება 2018 წელს, პრემია არ გაცემულა, თუმცა თანამდებობრივი სარგოს მოცულობა გაიზარდა და განყოფილების ხელმძღვანელის ანაზღაურებამ - 1 200 ლარი, ხოლო უფროსი სპეციალისტის ანაზღაურებამ 800 ლარი შეადგინა, რაც წლის განმავლობაში, ჯამურად, 43 200 ლარია.
ანალიზი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თემურ დუმბაძემ განაცხადა: „თავის დროზე [ხელვაჩაურის გამგეობამ] შემოიტანა წინადადება, რომ შექმნილიყო საპროექტო სამსახური, რომელიც ექსპერტიზას გაუწევდა შემოსულ პროექტებს. 50 000 ლარზე მეტი იხარჯება ყოველწლიურად ბიუჯეტიდან ამ ადამიანების ხელფასებისთვის. ამ სამსახურის შექმნის შემდგომ ხდება ასეთი ხარვეზები“. „ხარვეზებში“ განცხადების ავტორი იმ გარემოებებს გულისხმობდა, რომლებზეც საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
ხელვაჩაურის გამგეობაში ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის საპროექტო განყოფილება 2014 წლის 18 სექტემბერს შეიქმნა. მის ფუნქციებს შორის, რომლებიც ხელვაჩაურის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულებით განისაზღვრა, არის მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის პოლიტიკის, სტრატეგიისა და ტაქტიკის ფორმირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტთა მომზადება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობა; მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის სახელმძღვანელო წინადადებების დამუშავება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობა, მათი განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტების სახარჯთაღრიცხვო ან/და საპროექტო დოკუმენტების შეთანხმება და ზედამხედველობა.
შექმნის დღიდან თანამდებობრივი სარგო იყო: 810 ლარი განყოფილების ხელმძღვანელს და 560-560 ლარი დანარჩენ სამ თანამშრომელს. წელიწადში განყოფილების თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ჯამური მოცულობა 29 880 ლარს შეადგენდა.
2017 წლის 1-ლი ივლისიდან საშტატო ნუსხით დამტკიცებული თანამდებობები პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობებად გარდაიქმნა, ანუ განყოფილებას, მთავარი სპეციალისტების ნაცვლად, უფროსი სპეციალისტები ჰყავდა, რომელთა შრომის ანაზღაურებაც კვლავ 560 ლარით განისაზღვრა. იგივე დარჩა განყოფილების უფროსის თანამდებობრივი სარგოც - 810 ლარი. 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ხელფასისოდენობა გაიზარდა და ხელმძღვანელის - 1 200 ლარს, ხოლო უფროსი სპეციალისტის 800 ლარს გაუტოლდა. 2018 წლის მარტიდან ამოქმედდა ახალი საშტატო ნუსხა. დასაქმებულთა რაოდენობა და ხელფასები არ შეცვლილა, მხოლოდ, უფროსი სპეციალისტების ნაცვლად, განყოფილებას ჰყავს 3 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. განყოფილებაში დასაქმებულების ანაზღაურება (ხელმძღვანელის ანაზღაურების ჩათვლით), წლიურად 43 200 ლარს შეადგენს.
ჩვენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისგან განყოფილებაში მომუშავეთა თანამდებობრივი სარგო ყველა კომპონენტის (პრემია, დანამატი) ჩათვლით გამოვითხოვეთ. ადრესატმა პრემიების ოდენობის შესახებ ინფორმაცია არ მოგვწერა, მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზის გამოსწორება ვთხოვეთ. დამატებით ინფორმაციაში მითითებულია, რამდენჯერ გაიცა პრემია.
ჩვენ გამოვთვალეთ პრემიების სავარაუდო რაოდენობა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წელს მიღებული დადგენილებით, პრემია შეიძლება გაიცეს წელიწადში შვიდჯერ. ერთჯერადად გაცემული პრემიის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პირის თანამდებობრივ სარგოს. აქედან გამომდინარე, 2014 წელს პრემიის სახით შეიძლება გაცემულიყო მაქსიმუმ 14 900 ლარი (დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, პრემიის მოცულობა თანამდებობრივ სარგოს უტოლდება, ან ოდნავ ნაკლებია). ვინაიდან 2015-2016 პრემია 7-ჯერ გაიცა, მისი ჯამური მოცულობა დაახლოებით 17 000 ლარამდე იქნებოდა. ეს ნიშნავს, რომ შრომის ანაზღაურება 47 000 ლარამდე მიაღწევდა. მომდევნო წელს პრემია 4-ჯერ გაიცა, ანუ ჯამში არა უმეტეს 9 960 ლარისა. თანამდებობრივი სარგოს მოცულობის გათვალისწინებით, 2017 წელს საპროექტო განყოფილების შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხის მთლიანი ოდენობა დაახლოებით 39 800 ლარი იქნებოდა.
სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომელზეც თემურ დუმბაძე საუბრობს, 2017 წლის პერიოდს მოიცავს. მასში ნათქვამია, რომ სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის ეტაპზე, მუნიციპალიტეტმა არასრულყოფილად განახორციელა შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოები, კერძოდ, საპროექტო დოკუმენტები შედგენილია ხარვეზებით, რომლებიც არ არის აღმოჩენილი და დროულად გამოსწორებული; მუნიციპალიტეტმა ვერ განახორციელა ქმედითი ღონისძიებები უხარისხო და დაბალი ხარისხის საპროექტო დოკუმენტაციის მიღების თავიდან ასაცილებლად; ასევე, არასწორად დაიგეგმა ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტები. ანგარიშში ნათქვამია, რომ პროექტის შემსრულებელი კომპანიების მიერ დაშვებული უზუსტობების გამო, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები არ გატარდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტს რეკომენდაცია მისცა, უზრუნველყოს დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა, რომ თავიდან აიცილოს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვა, ასევე გამორიცხოს რისკი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დროულად ვერ მიიღებს პროექტით გათვალისწინებულ სარგებელს.