„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ქენან კახიძემ TV 25-ის ეთერში განაცხადა: „ხელვაჩაურში წყალი გაკეთებულია ორი წელია, მაგრამ არ დაილევა. ტექნიკური დაარქვან და გააფრთხილონ მოსახლეობა, რომ არ გამოდგება სასმელად. ეს ეხება ყველა სოფელს. ფილტრაცია არ ხდება და სათავე ნაგებობიდან უვარგისი წყალი მოდის“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოში წყლის ტექნიკური რეგლამენტიმოქმედებს, რომელსაც სასმელი წყალი უნდა აკმაყოფილებდეს. სინჯებს აჭარაში საქართველოს სურსათის ერონვული სააგენტოს წარმომადგენლები იღებენ და ანალიზის პასუხს, რეკომენდაციითურთ, მუნიციპალიტეტების შესაბამის სამსახურებს უგზავნიან.
ფაქტ-მეტრმა სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნამოიპოვა, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 წლის 12 სექტემბერს ხელვაჩაურის საკურორტო ზონაში სასმელ წყალში ეშერეცია კოლის ჩხირები და კოლიფორმული ბაქტერიები არის აღმოჩენილი, რომლებიც ადამიანის და ცხოველის ექსკრემენტებისგან წარმოიშობა. სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ ხელვაჩაურის გამგეობისთვის გაგზავნილ წერილში წერია, რომ გამოკვლეული წყალი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის. უწყება მუნიციპალიტეტს შესაბამისი ზომების გატარებას, მოსახლეობის ინფორმირებას, დაბინძურების მიზეზის მოკვლევას და წყლის მოხმარების შეზღუდვას სთხოვდა.
მიკრობიოლოგიური დაბინძურება სურსათის ეროვნული სამსახურის მიერ 2016 წლის მაისიდან სექტემბრის თვის ჩათვლით აღებულ ყველა სინჯში აღმოჩნდა.ზოგ შემთხვევაში კი, მიკრობიოლოგიურთან ერთად, ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური დაბინძურებაც სახეზეა. ორგანოლეპტიკური დაბინძურების შემთხვევაში წყლის დაბინძურების აღქმა ადამიანის გრძნობის ორგანოებითაც არის შესაძლებელი - შესახედაობით, ფერით, სუნით, გემოთი. მაისიდან სექტემბრის ჩათვლით მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა სხვადასხვა ხარისხის დაბინძურებულ სასმელ წყალს იღებდა. ამ პერიოდში ხელვაჩაურის გამგეობას მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერი გაუკეთებია, რადგან სააგენტოს მიერ ჩატარებული 7 ანალიზის პასუხის თანახმად, ამ ხნის განმავლობაში წყლის ხარისხი არ გაუმჯობესებულა.
მუნიციპალური საწარმო შპს „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორი ირწმუნება, რომ სათავე ნაგებობიდან და ყველა წყალსადენიდან მოსახლეობას გაფილტრული წყალი მიეწოდება. ჯემალ შავლიძე აქვე არ უარყოფს იმასაც, რომ ძლიერი წვიმის დროს წყალი იმღვრევა, რეზერვუარებში არსებული სუფთა წყლის მარაგი კი, მხოლოდ დღენახევრის განმავლობაშია საკმარისი. ამის გამო მოსახლეობის გაფრთხილება ან წყლის გადაკეტვა უწევთ. ჯემალ შავლიძე ასევე ადასტურებს, რომ ხელვაჩაურში სასმელი წყალი სტანდარტს სრულად ვერ აკმაყოფილებს და ამის მისაღწევად წყლის დეზინფექციის მოდერნიზებული მეთოდის დანერგვა იგეგმება. მისი თქმით, დღემდე წყლის დაწმენდა ბუნებრივი მეთოდით, რამდენიმე ქვიშის შრეში ხდება, რასაც იგი ბუნებრივ ფილტრს უწოდებს. შავლიძე მიიჩნევს, რომ ანალიზის პასუხები, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო რეაგირებისთვის მის უწყებას უგზავნის, საგანგაშო არ არის.
დაბინძურების შემთხვევებს უარყოფენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მიუხედავად იმისა, რომ წყლის დაბინძურების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია თავად მუნიციპალური საწარმოს - „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორმა მოგვაწოდა, გამგეობის მიერ გამოგზავნილ წერილშინათქვამია, რომ მუნიციპალიტეტში წყლის დაბინძურების შემთხვევა არ ყოფილა და მოსახლეობას „საშუალო“ ხარისხის წყალი მიეწოდება. ხელვაჩაურის გამგეობიდან ფაქტ-მეტრს ასევე აცნობეს, რომ წყალსადენებზე ფილტრების დამონტაჟება, დეზინფექციის თანამედროვე მეთოდით და დაბალკონცენტრირებული ნატრიუმის ჰიპოქლორიდის გამოყენებით, 2017 წლის ბიუჯეტითაა გათვალისწინებული.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გეგმიური ინსპექტირების დროს გამოვლენილი დარღვევები არაკრიტიკულ შეუსაბამობად (შეუსაბამობა, რომელიც არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობას, რომლის აღმოფხვრა შესაძლებელია საწარმოო პროცესის შეჩერების გარეშე. ასეთი სახის შეუსაბამობის გამოსწორება სავალდებულოა ბიზნესოპერატორის მიერ, გონივრულ ვადაში) შეაფასა, თუმცა დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ წყალი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის. უწყებამ ბიზნესოპერატორს მითითებების შესასრულებლად ვადა 2016 წლის პირველ ივნისამდე განუსაზღვრა. „ხელვაჩაურის წყალკანალის“ დირექტორის წერილის საფუძველზე კი, 12 წყალსადენი-სათავე ნაგებობის შემოწმების შემდეგ გაცემული მითითებების შესრულების გადამოწმება 2017 წლის 30 ივნისამდე გადავადდა. დასკვნახელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წყალსადენებზე საფილტრი მოწყობილობა 2017 წლიდან დამონტაჟდება. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის სააგენტომ ინსპექტირების შედეგად არსებული მდგომარეობა არაკრიტიკულ შეუსაბამობად შეაფასა, იმავე დასკვნაში ნათქვამია, რომ მიწოდებული სასმელი წყალი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის და კვლევის შედეგად სხვადასხვა ხარისხის დაბინძურება ფიქსირდება.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ქენან კახიძის განცხადება არის სიმართლე.