ფაქტ-მეტრმა, ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებული ტენდერების შესახებ არაერთი კვლევა გამოაქვეყნა. ამ ეტაპზე კიდევ ერთი ტენდერი შევისწავლეთ, რომელიც, სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შესრულებულად ითვლება.

ტენდერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახვილაურში ჭაბურღილის მოწყობას ეხება. აღნიშნული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 2018 წლის 16 იანვარს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა 153 615 ლარიანი ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT180000712), რომელშიც ორი კომპანია ჩაერთო. პრეტენდენტებს შორის უფრო დაბალი ფასი შემსყიდველს შპს „ტუსკი გეოლოგუ გროუპმა“ შესთავაზა, მაგრამ კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მისცა.

დისკვალიფიკაციის მიზეზის გასარკვევად ფაქტ-მეტრი კომპანიის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. ტარიელ ტუსკიამ გვითხრა, რომ მისმა კომპანიამ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დააფიქსირა ფასი 121 663 ლარის ოდენობით, ხოლო წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში 121 663,03 ლარი მიუთითა. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, სამთეთრიანი სხვაობის გასწორება ადვილად შეიძლებოდა, მაგრამ სატენდერო კომისიამ ამის უფლება არ მისცა. ტარიელ ტუსკიამ სახელმწიფო შესყიდვების დავების განხილვის საბჭოს მიმართა. პარალელურად, საბჭოს წერილი გაუგზავნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამაც და სთხოვა, კომპანიის პრეტენზიაზე დადებითი გადაწყვეტილება არ მიეღო, რადგან მან კანონით გათვალისწინებული პირობა დაარღვია. საბჭომ საკითხი განიხილა და შპს „ტუსკი გეოლოგუ გროუპის“ საჩივარი მართლაც არ დააკმაყოფილა.

საბოლოოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2018 წლის 13 მარტს, შპს „მარიამი ო. ბ. 2006-სთან“ 123 043,73-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც, მიმწოდებელი ვალდებული იყო, მახვილაურში ჭაბურღილის, აუზისა და წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის ვადაში დაესრულებინა. კომპანიამ შემსყიდველს ვადის გაგრძელების თაობაზე წერილით სამჯერ მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მერიამაც არაერთხელ გააფრთხილა მიმწოდებელი, რომ სახელშეკრულებო პირობები არ დაერღვია და ჯარიმაც დააკისრა, ყველა ჯერზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები მაინც გაუგრძელა. თავის მხრივ, კომპანია პირობას დებდა, რომ სამუშაოებს საჯარიმო სანქციების ფონზე დაასრულებდა. ბოლო ცვლილება ხელშეკრულებაში 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს შევიდა. ამ დროს კომპანიას სამუშაოები დასრულებული ჰქონდა, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა ვერ წარმოადგინა და ვადის გაგრძელება 31 ოქტომბრამდე ითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელს თანხა არ დაერიცხებოდა. საკითხი დადებითად გადაწყდა. 26 ოქტომბერს კომპანიამ მერიას წერილით მიმართა და სთხოვა, დასრულებული სამუშაოები ჩაებარებინა.

ჩვენ ხელთ არსებული დოკუმენტების თანახმად, მერიამ სამუშაოების პირველი 2018 წლის 21 მარტს ჩაიბარა, რაზეც მიღება-ჩაბარების აქტი მეტყველებს. მერიამ ჩათვალა, რომ მიმწოდებელმა, პირველ ეტაპზე, ჯამში 45 370 ლარის სამუშაო განახორციელა, რაც ჭაბურღილის მოწყობას, წყლის საცდელ გამოტუმბვასა და ჭაბურღილის გარეცხვას, ჭაბურღილის ყელის ფუნდამენტის მოწყობას, ჭაბურღილისთვის სამფაზიანი ტუმბოს მონტაჟს გულისხმობდა.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს ტუმბო არ ფუნქციონირებდა. თუმცა, მანამდე კომპანიამ სამუშაოების მეორე ეტაპი, მართალია, ვადების დარღვევით, მაგრამ მაინც დაასრულა. ექსპერტიზა შპს „ზაისი და კომპანიამ“ (დარეგისტრირებულია 2018 წლის აპრილში) ჩაატარა. მის მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ 2018 წლის 24 ოქტომბერს ობიექტზე აზომვითი სამუშაოები ინსპექტორმა მანანა ბერიძემ განახორციელა. მისი შეფასებით, შესრულებულია 119 460 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) სამუშაო, რაც შეესაბამება კომპანიის მიერ წარმოდგენილი აქტის ღირებულებას. ამ კომპანიის წარმომადგენელმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ სამუშაოების ხარისხის შემოწმება მათ არ ევალებოდათ და არც შეუსწავლიათ.

შპს „ზაისი და კომპანიის“ დასკვნის საფუძველზე, 2018 წლის 29 ოქტომბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებულია მიმწოდებლის მიერ განხორციელებული სამუშაოები და ღირებულება. ამ ჩამონათვალში ვხვდებით ინფორმაციას ჭაბურღილისთვის სამფაზიანი ტუმბოს მონტაჟის შესახებ. გამოდის, რომ საბოლოოდ, მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 29 ოქტომბერს ტუმბო ადგილზე უნდა ყოფილიყო (როგორც ქვემოთ ავხსნით, ეს ასე არ მოხდა). მერიამ სამუშაოები ჩაიბარა და კომპანიას 119 460 ლარი გადაურიცხა, უფრო სწორად, 11 500 ლარით ნაკლები. ეს თანხა შპს „მარიამი ო. ბ. 2006-ს“, ვადის გადაცილების გამო, ჯარიმის სახით დაეკისრა.

ვინაიდან მშენებლობის პროცესში მიწა ობიექტზე დარეგისტრირებული არ იყო, ენერგოკომპანიამ მასზე ტექნიკური პირობა არ გასცა, ანუ ის ელექტროქსელში არ ჩართო. ხელვაჩაურის მერიის მასმედიასთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა აგვიხსნა, რომ ტუმბო მაშინ შეამოწმეს, როცა მერიამ სამუშაოების პირველი ეტაპი ჩაიბარა, 2018 წლის 21 მარტს. ამისთვის ელექტროენერგია ობიექტამდე დროებით მიიყვანეს. ფაქტ-მეტრმა მერიის შესაბამის სამსახურთან იკითხა, რომელმა კომპანიამ ჩაუტარა პირველი ეტაპის სამუშაოებს ექსპერტიზა. გვითხრეს, რომ ექსპერტიზა მხოლოდ ერთხელ, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე ჩატარდა. რადგან არამუშა მდგომარეობაში ტუმბოს ჭაში დატოვება არ შეიძლებოდა, კომპანიამ ის მოხსნა და დაასაწყობა - წერია დოკუმენტში. ობიექტისთვის ელექრტოენერგიის მიწოდებაზე ტექნიკური პირობა 2018 წლის დეკემბრში გაიცა, როცა მერიას სამუშაოები უკვე ჩაბარებული ჰქონდა. 2018 წლის 24 დეკემბერს მერიამ მიმწოდებელ კომპანიას წერილით მიმართა, რომ ტუმბო ელექტროქსელზე დაეერთებინა. მიმწოდებელმა ტუმბო ელექტროენერგიის მიწოდების შემდეგ დაამონტაჟა, დეკემბრის თვეში. აღმოჩნდა, რომ მოწყობილობა დეფექტური იყო და კომპანიამ პრობლემის უმოკლეს ვადაში მოგვარების პირობა დადო. წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიას ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა 30 იანვრამდე მიეცა, თუმცა მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა.

პრობლემის შესახებ ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა შეიტყვეს. მოგვიანებით მიშა ბოლქვაძემ დაუსრულებელ ობიექტს ვიდეო გადაუღო და Facebook-ზე ატვირთა. პარალელურად, არასათანადოდ შესრულებული სამუშაოებისთვის კომპანიის მიმართ შესაბამისი ქმედებების განხორციელება ხელვაჩაურის მერიამაც გადაწყვიტა. 2019 წლის 7 თებერვალს, მერის ბრძანებით, კომისია შეიქმნა, რომელსაც აღნიშნული სამუშაოების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა დაევალა. 25 თებერვალს კი ხელვაჩაურის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილით მიმართა და შპს „მარიამი ო. ბ. 2006-ის“ შავ სიაში დარეგისტრირება სთხოვა. ფაქტ-მეტრმა აღმოაჩინა, რომ ეს კომპანია, ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისთვის, „შავ სიაში“ უკვე დარეგისტრირებულია მიმდინარე წლის 22 იანვარს, ქობულეთის მერიის მიმართვის საფუძველზე. როგორც ხელვაჩაურის მერიიდან შეგვატყობინეს, მათ კომპანიის წინააღმდეგ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მიმართეს.

ჩვენ კომპანიის პოზიციის გარკვევაც ვცადეთ, მაგრამ დოკუმენტაციაში შპს „მარიამი ო. ბ. 2006-ის“ მიერ მითითებული სამი ნომრიდან ორი გამორთულია, ერთი კი ისეთ პირს ეკუთვნის, რომელსაც, მისივე თქმით, კომპანიასთან არაფერი აკავშირებს.

თეგები: