„ხელფასს 2 650 ლარს ვიღებ. გვაქვს პრემიები და დანამატები... [2016 წელს] წახალისება საკუთარი თავისთვის რვაჯერ არ მიმიცია [განმცხადებელი განმარტავს, რომ ეს არის არა წახალისება, არამედ დანამატი]... ეს მარტო ნადიმ ვარშანიძეს არ მიუღია, აიღო მუნიციპალიტეტის ყველა წევრმა შრომიდან და გეგმებიდან გამომდინარე... ეს 51 ათასი გაბერილი ციფრია, ის შევსებულია [პედაგოგიური მოღვაწეობისთვის კუთვნილი ხელფასით]“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ნადიმ ვარშანიძე ხელვაჩაურის არჩეული გამგებელი 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გახდა. მანამდე ის ამავე თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ წინასაარჩევნოდ გადადგა და ამიტომ ივნისის თვეში ხელფასი არ აუღია. მანამდე, იანვარ - მაისში მან ხელფასის სახით 11 995 ლარი და პრემიის სახით 4 923 ლარი აიღო. ამ პერიოდში პრემიაც ხუთჯერ აქვს გამოწერილი, ხოლო გამგებლად არჩევის შემდეგ - სამჯერ, 2 650-2 650 ლარის ოდენობით. ჯამში, 2014 წლის განმავლობაში, ნადიმ ვარშანიძის შრომის ანაზღაურებამ 39 731 ლარი შეადგინა, საიდანაც 26 858 ლარი - ხელფასზე, ხოლო 12 873 ლარი პრემიაზე მოდის. ყველაზე მეტი ხელფასი და პრემია ყოფილმა გამგებელმა 2015 წელს აიღო.ცხრილი 1:
ნადიმ ვარშანიძის შრომის ანაზღაურება 2014-2017 წლებში, ლარი
წელი | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
ხელფასი | 26 858 | 32 776 | 32 065 | 23 857 |
პრემია | 12 873 | 18 550 | 15 900 | 10 600 |
სულ | 39 731 | 51 326 | 47 965 | 34 457 |
ინფორმაციისთვის, ყოფილ გამგებელს, ახლა უკვე ხელვაჩაურის საკრებულოში „ქართული ოცნების“ სიის პირველ ნომრად შესულ ნადიმ ვარშანიძეს, 2015 წელს 2 650 ლარის ოდენობის პრემია შვიდჯერ აქვს გამოწერილი. 2016
წელს ნადიმ ვარშანიძის შრომის ანაზღაურება წინა წელთან შედარებით, 3 361 ლარით ნაკლებია, მაგრამ 2014 წლის მაჩვენებელს 8 234 ლარით აღემატება. 2016 წელს მან პრემია ექვსჯერ აიღო.
რაც შეეხება 2017 წლის ცხრა თვის მაჩვენებლებს, ნადიმ ვარშანიძემ, ვიდრე ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით გადადგომის შესახებ განცხადებას დაწერდა, ხელფასის ოდენობის პრემიის აღება ოთხჯერ მოასწრო. როგორც ცხრილიდან ჩანს, მიმდინარე წელს ყოფილი გამგებლის შრომის ანაზღაურებამ ჯამში 34 457 ლარი შეადგინა.
საინტერესოა, რომ ამავე საანგარიშო პერიოდში გამგებლის შრომის ანაზღაურებასთან შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება მისი პირველი მოადგილის შრომის ანაზღაურება. ეს თანხა 2014 წელს - 31 117 ლარს, 2015 წელს - 25 795 ლარს, 2016 წელს - 25 957 ლარს, ხოლო 2017 წლის ცხრა თვის მიხედვით, 16 900 ლარს შეადგენს.
ფაქტ-მეტრი, განცხადების დაზუსტების მიზნით, ნადიმ ვარშანიძესაც დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ კანონმდებლობა არ დაურღვევია და თანხა, რომელიც გამგებლად მუშაობის პერიოდში ანაზღაურების სახით აიღო, გაწეული საქმიანობისთვის დაიმსახურა. მისივე თქმით, პედაგოგისა და გამგებლის ჯამურ ანაზღაურებაზე საუბრისას ის 51 ათას ლარს კიარა, სხვა თანხას ასახელებს. განცხადებაში კი გარკვევით ისმის, რომ სწორედ ამ რაოდენობის თანხაზეა საუბარი.
დასკვნაკვლევამ აჩვენა, რომ 2014 – 2017 წლებში, ხელვაჩაურის არჩეულ გამგებლად მუშაობის პერიოდში, ნადიმ ვარშანიძემ შრომის ანაზღაურების სახით ჯამში 173 479 ლარი აიღო. აქედან 115 556 ლარი ხელფასის, ხოლო 57 923 ლარი პრემიის სახით. მართალია, მას 51 ათასი ლარის ოდენობის ანაზღაურება 2016 წელს არ აუღია, მაგრამ 2015 წელს მის მიერ აღებულმა ხელფასმა და პრემიამ ჯამში 51 326 ლარი შეადგინა. მოწოდებული ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გამგებელს დანამატით არ უსარგებლია. რაც შეეხება პრემიას (და არა დანამატს, როგორც მას განცხადების ავტორი მოიხსენიებს), ნადიმ ვარშანიძემ გასულ წელს -ექვსჯერ, ხოლო 2015 წელს შვიდჯერ აიღო.
ჟურნალისტთან კამათისას რესპონდენტმა თქვა, რომ პრემია რვაჯერ არ აუღია. ეს მართლაც ასეა, რადგან საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით,საჯარო მოხელეს პრემია მიეცემა კვარტალში ერთხელ, ასევე უქმე დღეებთან დაკავშირებით, წელიწადში სამჯერ, რაც ნიშნავს, რომ შრომის ანაზღაურების ახალი სისტემის ამოქმედებამდე, საჯარო მოხელისთვის პრემიის დარიცხვა არა უმეტეს შვიდჯერ შეიძლება.
გადაცემის მსვლელობისას განმცხადებელი ასევე ამბობს, რომ 51 ათასი ლარი მხოლოდ გამგებლისთვის განკუთვნილი შრომის ანაზღაურება არა არის და ეს თანხა შევსებულია პედაგოგიური მოღვაწეობისთვის აღებული ანაზღაურებით, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ 2015 წელს ნადიმ ვარშანიძეს 51 326 ლარი როგორც არჩეულ გამგებელს დაერიცხა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნადიმ ვარშანიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.