ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე, სადაც თავისუფალი ტურისტული ზონაა, ერთმანეთის გვერდით ორი სპორტული მოედანია განთავსებული. ფაქტ-მეტრი აღნიშნული სპორტული ობიექტით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რევაზ ხარაზის განცხადების შემდეგ დაინტერესდა. მან სპორტული მოედნების მშენებლობითვის გახარჯული თანხის არამიზნობრიობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქობულეთის მერიამ (იმჟამინდელმა გამგეობამ) დაუსრულებელი სამუშაოები ჩაიბარა, რითაც ადგილობრივი ბიუჯეტი 452 238 ლარით დააზარალა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ საქმე კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს და აპირებს, შესაბამის უწყებას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს. პარალელურად, ოპოზიციამ ბათუმის მერს მოუწოდა, ქობულეთის ყოფილი გამგებლი, ამჟამად ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორი სულხან ევგენიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

განცხადებას სულხან ევგენიძე გამოეხმაურა. მან რევაზ ხარაზის ბრალდებას ბოდვა უწოდა და აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისადაა შესრულებული.

ჩვენ სიტუაციის ადგილზე გაცნობა გადავწყვიტეთ. ორივე მოედანთან მისასვლელი და ნაწილობრივ მოედნებიც წელამდე ბალახითაა დაფარული, ეკალ-ბარდებს დაუფარავს ტრიბუნაც; გასახდელები დანგრეულია, ონკანებისა და საშხაპეების კვალი არ ჩანს; ხელსაბანი ნიჟარა დამტვრეულია; სამშენებლო ნარჩენები ადგილზეა მიტოვებული; ხელოვნური საფარი დაზიანებულია; მოედნამდე მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია. ობიექტზე არსებული მდგომარეობის შეფასება მკითხველს ჩვენ მიერ გადაღებული ფოტომასალითაც შეუძლია (იხ.ფოტოები).

ამ სპორტული ობიექტის (რომელიც ორ მოედანს აერთიანებს) მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2015 წლის 10 ნოემბერს გამოაცხადა. მასში მხოლოდ ერთი კომპანია, შპს „ატომსტროინადზორი“ (ООО „АТОМСТРОИНАДЗОР“) მონაწილეობდა, რომელიც უკრაინაში, ქალაქ დნეპროპეტროვსკშია რეგისტრირებული. 462 190 ლარის ღირებულების სამუშაოებზე ხელშეკრულება შემსყიდველსა და მიმწოდებელს, შპს „ატომბუდნაგლიადნის“ (იგივე „ატომსტროინადზორი“) წარმომადგენლობას შორის 2016 წლის 6 იანვარს გაფორმდა. შემსყიდველს, სამუშაოების პროცესში, მონიტორინგის წარმოების უფლება ჰქონდა. კომპანიას ობიექტის მშენებლობა 180 სამუშაო დღეში უნდა დაესრულებინა. ხელშეკრულებას ხელს აწერენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის იმჟამინდელი გამგებელი სულხან ევგენიძე და შპს „ატომბუდნაგლიადის“ წარმომადგენელი საქართველოში ზაზა შარაშიძე. 2016 წლის 16 მაისს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომელიც ობიექტის პროექტსა და ღირებულებას შეეხო. მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულება ნაკლებ ფასად, 460 380 ლარად ითავა. იმავე წლის 31 აგვისტოს კომპანიამ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონულ დეპარტამენტს შესრულებული სამუშაოების შეფასების განცხადებით მიმართა. 6 ოქტომბერს დეპარტამენტის უფროსმა ტარიელ გიორგაძემ, ვიზუალური დათვალიერების შედეგად, ოფიციალურად დაადასტურა, რომ ობიექტზე შესრულებული სამუშაოები დამაკმაყოფილებელია. უკვე 17 ოქტომბერს ტექნიკურმა ზედამხედველმა კობა ბასილაიამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურს გაუგზავნა დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შესრულებულია 452 238 ლარის ღირებულების სამუშაოები. დასკვნაში, ასევე, აღნიშნულია, რომ სამუშაოები დასრულებულია, ხარისხი დამაკმაყოფილებელია, შეესაბამება სამშენებლო ნორმებს და ექვემდებარება ანაზღაურებას. ტექნიკურმა ზედამხედველმა გამგეობას შეატყობინა, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია შესრულებული სამუშაოების მიღება. იმავე დღეს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტიც.

ჯერ კიდევ 2016 წლის 4 ოქტომბერს, სანამ მიღება-ჩაბარების აქტს მხარეები ხელს მოაწერდნენ, რევაზ ხარაზი მედიასთან აცხადებდა, რომ სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული, რაც ჩანს კიდეც მოცემულ სიუჟეტში.

ფაქტ-მეტრი ქობულეთის მერიაშიც იმყოფებოდა, ამ საკითხზე ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციის გასაცნობად. მიუხედავად იმისა, რომ მირიან ქათამაძე ობიექტის მშენებლობა-ჩაბარების მომენტში ჯერ კიდევ არ იყო არჩეული მერის თანამდებობაზე, მან სურვილი გამოთქვა, რომ კომენტარი თვითონ გაეკეთებინა. მისი თქმით, სპორტული ობიექტის ტურისტულ ზონაში მოწყობის იდეა სწორი იყო, რადგან იქ უკვე ფუნქციონირებდა ერთი სასტუმრო და არსებობდა მოლოდინი, რომ კიდევ რამდენიმე აშენდებოდა. ქობულეთის მერის თქმით, ობიექტის ინფრასტრუქტურა დამაკმაყოფილებელი იყო და ფუნქციონირებდა, სანამ, 2017 წელს, ის არ გაქურდეს (არც გაქურდვამდე და არც გაქურდვის შემდეგ ამ ობიექტის მოვლა-პატრონობაზე რომ არავის უფიქრია, ამაში ფაქტ-მეტრი თვითონ დარწმუნდა). მირიან ქათამაძემ აღნიშნა, რომ მისი ინიციატივით, 2018 წლიდან, ზამთრისა და საგაზაფხულო პერიოდში, ქობულეთის საფეხბურთო კლუბი „შუქურა“ აქტიურად იყენებდა ამ სპორტულ ობიექტს, რადგან მას არ ჰქონდა შესაბამისი მოედანი. „ის, რომ ჩვენ ქობულეთის „შუქურასთვის“ დავტვირთეთ ნაწილობრივ ეს ობიექტები და მოხდა მისი გამოყენება, პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ საკმარისი არაა. თუ იქნება კარგად მოფიქრებული საინვესტიციო წინადადება ქობულეთის ტურისტულ ზონასთან მიმართებით, შეიძლება ვიფიქროთ პროექტში ამ ტერიტორიის ჩართვაზეც... რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, ეს არის საფუძველს მოკლებული... როგორც მე ვიცი, ობიექტის შესახებ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა. ეს დასკვნა იძლევა იმის საშუალებას, რომ ობიექტზე გაფორმდეს მიღება-ჩაბარების აქტი. როგორ მიმდინარეობდა მონიტორინგი ამ სამუშაოების განხორციელების, სამწუხაროდ, მე ამაში ვერ ვიქნებოდი ჩართული, მაგრამ ის, რომ შემაჯამებელი დასკვნა არის დადებითი, მიუთითებს პროექტის შესაბამისად შესრულებაზე. ჩვენ შესაძლოა ვიფიქროთ იმაზე, რომ მოვაწესრიგოთ ობიექტი და გადავცეთ იმას, ვინც იქნება პასუხისმგებელი მის მოვლა-პატრონობაზე. ეს შეიძლება იყოს სპორტული კლუბიც. ეს არის კარგ ადგილას გაკეთებული სპორტული კლუბი, რომელიც სამართალდარღვევის შედეგად დაზიანდა“ - განაცხადა მირიან ქათამაძემ. მან ასევე კატეგორიულად გამორიცხა, რომ უფუნქციოდ დარჩენილი და გაპარტახებული სპორტული მოედნების მშენებლობაში თანხის გადახდით ბიუჯეტი დაზარალდა.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ქობულეთის საფეხბურთო კლუბ „შუქურას“ პრეზიდენტ რევაზ ჩელებაძესაც. მან დაადასტურა, რომ 2018 წელს გუნდმა, რამდენჯერმე, აღნიშნულ მოედანზე ივარჯიშა: „არავითარი საშუალება არ გვქონდა სავარჯიშოდ და მივედით იქ. მოედანი არის უსწორმასწორო. ამიტომ ჩვენ 30 კუბური მეტრი მიწა შევიტანეთ და დავყარეთ, მაგრამ მაინც არ გამოდგა. ამასობაში გადავედით ოჩხამურში. მაგ მოედანზე ზოგჯერ ვარჯიშობს ჩვენი პატარა გუნდი. გვინდა, რომ მაგ ადგილზე სერიოზული ბაზა გაკეთდეს. ეგ მოედანი არანაირად არ გამოგვადგება. ეს ობიექტი არ უნდა გაკეთებულიყო. ეს უნდა გაიწმინდოს და თავიდან უნდა გაკეთდეს ყველაფერი. არაკაცი უნდა ვიყო, რომ გითხრა, ეგ მოედანი რამედ ვარგა. თავის დროზე ჩვენ არავინ შეგვეკითხა, როგორ უნდა გაკეთებულიყო. ახლა მირიან ქათამაძე გვპირდება, რომ მაგ ადგილას ჩვენთვის სერიოზული ობიექტი გაკეთდება და ძალიან მჯერა ამ ადამიანის. მანდ ვინც რა გააკეთა, ყველამ თავის თავს მიხედოს და მოუაროს. ჩვენ ეგ მოედანი არ გამოგვადგება. ეგ არის პატარა ბავშვების სათამაშო მოედანი“.

ინფორმაციისთვის, შპს „ატომბუდნაგლიადის“ წარმომადგენლობა საქართველოში რეგისტრირებულია 2015 წლის 16 ივნისს. ვცადეთ, დირექტორს, ზაზა შარაშიძეს საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულ ტელეფონზე დავკავშირებოდით და საკითხთან მიმართებით რამდენიმე კითხვა დაგვესვა, თუმცა მისი მობილური ნომერი გამორთული აღმოჩნდა.

თეგები: