ოპოზიცია ხელისუფლებას არაჯეროვნად და უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ხშირად აკრიტიკებს. მათი თქმით, გარდა საზოგადოებისთვის შექმნილი დისკომფორტისა, ასეთ დროს ბიუჯეტიდან თანხა არაეფექტურადაც იხარჯება. ფაქტ-მეტრი ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე გიამბობთ - ხელვაჩაურის ე.წ. "წითელი მიწების" დასახლებაში რეაბილიტირებული წყლის სისტემაზე, რომელიც დღემდე არ ფუნქციონირებს.
ჩვენი რესპონდენტი მურთაზ ზოიძე, რომელმაც აღნიშნული პრობლემა გაგვაცნო, თვითონაც ამ დასახლებაში ცხოვრობს. მისი თქმით, უკვე წლებია, რაც მოსახლეობის ერთ ნაწილს, დაახლოებით 40 ოჯახს, წყალი არ მიეწოდება, მიუხედავად იმისა, რომ ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
სიტუაციაში გარკვევის მიზნით, 29 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის დაზუსტებას ვითხოვდით. პასუხად 18 ივლისს სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი გამოგვიგზავნეს. არასრულყოფილი პასუხის შემდეგ რამდენჯერმე ვცადეთ გამგეობიდან ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელიც საკითხის გარკვევაში დაგვეხმარებოდა. 24 ივლისს ხელვაჩაურის გამგეობას განმეორებით გავუგზავნეთწერილი, თუმცა პასუხი ისევ ვერ მივიღეთ. ბოლოს გვირჩიეს, უშუალოდ შპს „ხელვაჩაურის წყალს“ დავკავშირებოდით.
ხელვაჩაურის სოფელ ფერიის წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის 2013 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 50 000 ლარი გამოიყო. ამ პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო ფერიის ე.წ. წითელი მიწების დასახლებაში წყალსადენის მოწყობისა და ბათუმის მაგისტრალის მილსადენზე დაერთების 12 960 ლარის ღირებულების სამუშაოებიც. აღნიშნულ ტენდერში შპს „მარიამ ო. ბ. 2006-მა“ გაიმარჯვა. კომპანიასა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის # 180 ხელშეკრულება 2013წლის 22 აგვისტოს გაფორმდა. პროექტი დასახლებაში წყალგაყვანილობის ორი ხაზის მოწყობას ითვალისწინებდა - 1 000 გრძ. მ ფოლადის დ-57 მმ მილებისა და ასევე 1 000 გრძ. მ ფოლადის დ-25 მმ მილების მონტაჟს. კომპანიას უნდა შეესრულებინა წყალსადენის ბათუმის მაგისტრალურ მილსადენზე მიერთების სამუშაოებიც.
2013წლის 20 სექტემბერს შპს „მარიამი ო. ბ.-2006-ის“ დირექციამ ხელვაჩაურის გამგებელს აცნობა, რომ რეაბილიტაცია დროულად და ხარისხიანად დაასრულა და სამუშაოების ჩაბარება სთხოვა. ჩვენთვის გამოგზავნილ დოკუმენტაციას ახლავს მიღება-ჩაბარების აქტიც, რომელიც 23 სექტემბრით თარიღდება. მასში ნათქვამია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 24 ივნისს #189 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ წყალსადენის მოწყობისა და ბათუმის მაგისტრალურ მილსადენზე მიერთების, ჯამში 12 026,94 ლარის ღირებულების სამუშაოები ჩაიბარა.
ჩვენთან საუბარში მოსახლეობა ამბობს, რომ 2013 წლის სექტემბერში რეაბილიტირებული წყალგაყვანილობის მილები უკვე დაიჟანგა, წყალი კი ჯერაც არ ჩაურთავთ. ჩვენთან კომენტარისას არც „ხელვაჩაურის წყალი“ და არც გამგეობა ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. „ხელვაჩაურის წყალი“ გვიმტკიცებს,რომ მოსახლეობისთვის წყალი შპს „ბათუმის წყალს“ უნდა მიეწოდებინა, მასვე, ოფიციალური მიღება-გადაბარების პროცედურის შემდეგ, უნდა უზრუნველეყო ქსელის მოვლა-პატრონობა. „ხელვაჩაურის წყალმა“ და გამგეობამაც უპასუხოდ დატოვეს ჩვენი კითხვა, ჩაიბარა თუ არა ქსელი „ბათუმის წყალმა“ ოფიციალურად. პასუხში მხოლოდ ის წერია, რომ „დროებით არ შედგა გადაბარება“, თუმცა რა მიზეზით და რატომ გაიწელა ეს „დროებით“ ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენთვის კვლავ გაურკვეველი დარჩა. ხელვაჩაურის გამგეობა გვწერს, რომ სამუშაოები უხარვეზოდ შესრულდა, ხოლო წყლის უკმარისობა გამოწვეულია დაბალი წნევითა და დაზიანებული მილებით და მონტაჟდება ახალი მაგისტრალი, რომელიც ექსპლუატაციაში 2018 წელს შევა. როგორც გავარკვიეთ, უკვე რეაბილიტირებული ქსელი სწორედ ამ მაგისტრალზე უნდა დაერთდეს. აღსანიშნავია, რომ მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ვრცელდება ხუთწლიანი საგარანტიო ვადა და იგი სწორედ 2018 წელს იწურება.
სიტუაციას ადგილზე გავეცანით. ფაქტია, რომ წყალი მიეწოდება მხოლოდ დაბლობში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს, რომელიც ძველი, დაზიანებული ქსელით სარგებლობს. აღმართზე კი წყალი ვერ ადის და ადგილობრივები წყაროდან ეზიდებიან როგორც სასმელად, ასევე საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყალს. ძველი მილებიდან დიდი რაოდენობით წყალი იღვრება და ნაკვეთები დატბორილია.საკანალიზაციო სისტემა მოუწესრიგებელია და ცენტრალურ ქსელში ჩართული არ არის. მოსახლეობა კი, უკვე წლებია, ჯერაც იმის გარკვევას ცდილობს, ვის უნდა მიმართოს აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით.
ფაქტ-მეტრმა პასუხის მიღება „ბათუმის წყალშიც“ სცადა. დავუკავშირდით გენერალური დირექტორის მოადგილეს, რამაზ ასანიძეს, რომელმაც მასთან ოფისში მისვლა გვირჩია. საუბრისას რამაზ ასანიძე და მისი თანამშრომელი ირწმუნებოდნენ, რომ აღნიშნულ დასახლებას წყალი შეფერხებით, მაგრამ მაინც მიეწოდება. საბოლოოდ ჩვენ მურთაზ ზოიძეს პირადად დავაკავშირეთ „ბათუმის წყლის“ წარმომადგენელი. სატელეფონო საუბარში გაირკვა, რომ „ბათუმის წყალში“ კონკრეტულად ჩვენი კვლევის ობიექტზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. ამის შემდეგ რამაზ ასანიძემ გვირჩია, მისთვის წერილობით მიგვემართა. გენერალური დირექტორის მოადგილის სახელზე 18 აგვისტოს წერილი გავაგზავნეთ (ელექტრონული მისამართი მან თავად მოგვცა და წერილის მიღებაც დაგვიდასტურა). შესაბამისი ვადის ამოწურვის შემდეგ რამდენჯერმე დავუკავშირდით რამაზ ასანიძეს და ვთხოვეთ, პასუხი გამოეგზავნა. ის დაგვპირდა, მაგრამ დღემდე ინფორმაცია არ მიგვიღია. ამის შემდეგ კვლავ მურთაზ ზოიძესთან დავრეკეთ და დავინტერესდით, მოყვა თუ არა რაიმე სახის რეაგირება „ბათუმის წყალში“ ჩვენს ვიზიტს. მისი თქმით, ორგანიზაციის თანამშრომლები მოსახლეობას შეხვდნენ, რა დროსაც გაირკვა, რომ აღნიშნულ ქსელში წყლის გაშვება შეუძლებელია, რადგან ახალი ცენტრალური მაგისტრალი ჯერ კიდევ არ არის გაყვანილი და ძველ მაგისტრალზე რეაბილიტირებული ქსელის დაერთებას აზრი არ აქვს, წყლის დაბალი წნევის გამო. მურთაზ ზოიძის ვარაუდით, აღნიშნული პრობლემის მოგვარება წელს ვერ მოხერხდება. ეს ნიშნავს, რომ „წითელი მიწების“ მოსახლეობის ნაწილი კვლავ წყლის გარეშე რჩება, თანაც გაურკვეველი ვადით. გამოდის, რომ ხელვაჩაურის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა, უკვე ოთხი წელია, იმ წყალში გადაყრილად ითვლება, რომელიც მოსახლეობასთან ასე ახლოსაა, მაგრამ მაინც მიუწვდომელია.