სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის შესაბამისობა შეაფასა. აუდიტი 2016-2017 წლების ბიუჯეტის, ჯამში - 85 093 300 ლარის, გადასახდელებს მოიცავს.

უწყება, სანამ ანგარიშს გამოაქვეყნებდა, წყარომ ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციას მიაწოდა. ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა რევაზ ხარაზმა პირველადი ანგარიში ბრიფინგზე გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ გზების მშენებლობაზე მილიონობით ლარია მოპარული.

მედიისთვის წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, გამოვლენილია რამდენიმე გარემოება: დეპარტამენტმა არათანაბარი კონკურენციის პირობებში დისკრიმინაციული მიდგომით გამოავლინა პრეტენდენტები და შეარჩია ყველაზე მაღალი ფასის წარმომდგენი კომპანიები; მიმწოდებელს ხელშეკრულების პირობების შეუსაბამოდ გადაუხადა ავანსი; ფარული სამუშაოების ფაქტობრივი შესრულების დამადასტურებელი აქტების გარეშე, სამუშაოების ხარისხისა და მოცულობის შეუფასებლად გადაიხადა საბიუჯეტო სახსრები; მიმწოდებლისთვის რომ საჯარიმო სანქციები აერიდებინა, დაუსაბუთებლად ზრდიდა სამუშაოს შესრულების ვადებს, რის გამოც ბიუჯეტმა დამატებითი შემოსავალი დაკარგა, ხოლო მოსახლეობამ დასრულებული ინფრასტრუქტურა ვერ მიიღო; დეპარტამენტმა საპროექტო დოკუმენტაციის მიღების ეტაპზე არ განახორციელა ინსპექტირება; ვერ მოხერხდა დეპარტამენტის მიერ დაქირავებული ტრანსპორტით გაწეულ მომსახურებაზე გამოყენებული ტექნიკის იდენტიფიცირება; დეპარტამენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება წიაღისეულის მოპოვება და ხარჯვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ზენითი-ალამბარის საავტომობილო გზის უხარისხოდ, საპროექტო პირობებთან შეუსაბამოდ შესრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ასევე, ანგარიშის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტებში აღნიშნული მოცულობა არ შეესაბამება ფაქტობრივად შესრულებულს და გამოვლენილია დანაკლისი, რის გამოც, აუდიტის შეფასებით, ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზარალი და შესაძლოა, ფიქსირდებოდეს მხარეთა შორის არამართლზომიერი გარიგება სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ.

აუდიტის დასკვნით, ექსპერტმა, პირველი პროექტის ფარგლებში, ფარული სამუშაოების შესწავლისას, მხოლოდ ბეტონის მოცულობა, არმატურის სახეობა და რაოდენობა შეაფასა, ხოლო სხვა ფარული სამუშაოების მოცულობა და ხარისხი არ დაუდასტურებია, თუმცა შემსყიდველმა თანხა გადაიხადა.

2018 წელს გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, იმავე მონაკვეთზე კვლავ ჩატარდა სამუშაოები. აუდიტი მიიჩნევს, რომ დასკვნა ფორმალურია, რადგან მის წარმოდგენამდე ორი თვით ადრე დეპარტამენტმა გზის რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაცია შეისყიდა. ორივე შემთხვევაში, საპროექტო დოკუმენტაცია შესყიდულია შპს „გზაპროექტისგან“. თუ პირველ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა, მეორე ტენდერში ოთხი პრეტენდენტი ჩაერთო, თუმცა სამი კომპანიის დისკვალიფიკაციის შედეგად, ხელშეკრულება კვლავ შპს „სამკუთხედთან“ გაფორმდა. დოკუმენტაციის თანახმად, პროექტი 2019 წლის 19 თებერვალს დასრულდა და გადახდილია 1 938 795 ლარი. აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ორივე შემთხვევაში, როგორც საპროექტო დოკუმენტაციის, ისე პროექტის განხორციელების თაობაზე, ერთსა და იმავე კომპანიებთან თანამშრომლობა წინა პროექტის ხარვეზების დაფარვის რისკს წარმოშობს. გარდა ამისა, აუდიტის ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ რიგი სამუშაოები შესრულებულია სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების მიხედვით.

საერთო ჯამში, აუდიტმა დაასკვნა, რომ მხოლოდ ალამბარი-ზენითის გზის მონაკვეთზე განხორციელებული სამუშაოების შესწავლისას აღმოჩენილი დარღვევებით ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი ფარავს ორივე პროექტისთვის გახარჯული 2 579 155 ლარით მისაღებ სიკეთეს.

ინფორმაციისთვის, ზენითი-ალამბარის გზის მშენებლობის საკითხს ფაქტ-მეტრმა ყურადღება ერთი წლის წინ მიაქცია და კვლევაც გამოაქვეყნა. მაშინ ჩვენ დავინტერესდით, რატომ იხარჯებოდა 2 მილიონ ლარამდე თანხა გზის მშენებლობისთვის, რომლისთვისაც 2016 წელს 600 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ დენდროლოგიურ პარკში ხეები უნდა გადაეტანათ და მათი ტრანსპორტირება გზის გაფართოების გარეშე შეუძლებელი იყო. პროექტის მიხედვით, გზის გაფართოება ნამდვილად იყო გათვალისწინებული. ჩვენ იმთავითვე მივაქციეთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ ორივე ტენდერში გამარჯვებული იყო შპს „სამკუთხედი“. პროექტების შედარების შედეგად კი აღმოვაჩინეთ, რომ 2018 წელს კომპანია თითქმის იმავე სახის, თუმცა - სხვა მოცულობისა და ღირებულების, სამუშაოებს ასრულებდა, რომლებიც წინა ხელშეკრულების ფარგლებში განახორციელა.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2016-2017 წელს განხორციელებული პროექტების ფარგლებში, დეპარტამენტმა, ფარული სამუშაოების აქტებით დადასტურების გარეშე, მიმწოდებელს 1 012 935 ლარი გადაუხადა. გარდა ამისა, საერთოდ არ შეუფასებია 4 403 199 ლარის სამუშაოები, ხოლო 1 471 979 ლარის ფარული სამუშაოების მოცულობა ექსპერტებს არ დაუდგენიათ.

თითქმის ერთი თვის შემდეგაც (ამ სტატიაზე მუშაობის პროცესშიც) აუდიტის სამსახურს დოკუმენტი არ გაუსაჯაროებია. ოპოზიციამ ამ ფაქტს კიდევ ერთი ბრიფინგი მიუძღვნა და განაცხადა, რომ აჭარის მთავრობა ფორმალური რეაგირება მოახდინა და კორუფციული თემების გადაფარვა დეპარტამენტში რეორგანიიზაციით სცადა. რევაზ ხარაზის განცხადებით, აუდიტის სამსახურზე მიმდინარეობს ზეწოლა, რომ პირველადი დასკვნა არ გამოქვეყნდეს იმ ფორმით, როგორითაც ის ოპოზიციამ გაასაჯაროვა. ოპოზიციამ აუდიტის სამსახურს ანგარიშის დროულად გამოქვეყნებისა და მისი პროკურატურისთვის გაგზავნისკენ მოუწოდა.

მნიშვნელოვანია ის, რომ აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დეპარტამენტს საკვლევ პერიოდში, კერძოდ, 2016 წლის სექტემბრამდე, გიორგი რომანაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც დღეს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრია „ქართული ოცნებიდან“ და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობს. რომანაძის შემდეგ დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი იყო. 2018 წელს ის აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საკუთარი აპარატის უფროსად დანიშნა. ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ჩიქოვანი მედიისთვის მიუწვდომელი გახდა და კომენტარი მთავრობის პრესსამსახურის საშუალებით გაავრცელა. ის აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება და ოპონენტების გაღიზიანებას მთავრობის წარმატებულ საქმიანობას უკავშირებს.

ბოლო ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიში პროკურატურას გაუგზავნა.

თეგები: