ლაშა კომახიძე, რომელსაც 2017 წლის მერის არჩევნებში მხარი ამომრჩეველთა 56%-მა დაუჭირა, დღეს ქალაქის მერი აღარაა. უფრო მეტიც, ბათუმს არჩეული მერი კიდევ 2021 წლის არჩევნებამდე აღარ ეყოლება. მანამდე მერის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე არჩილ ჩიქოვანი შეასრულებს. აქ საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2019 წლის ოქტომბერში ლაშა კომახიძის პირველ მოადგილედ ჯაბა ტუღუში დაინიშნა. თუმცა მერის გადადგომამდე ისიც გადადგა და მის ნაცვლად კომახიძემ არჩილ ჩიქოვანი დანიშნა. სწორედ ის იქნება 2021 წლის არჩევნებამდე „რიჟვაძის მიერ დანიშნული მერი“, როგორც მას უკვე ბევრი ბათუმელი მოიხსენიებს.

აჭარის ორი მუნიციპალიტეტის არჩეული მერების გადადგომის თითქმის ერთნაირი სცენარი

სცენარი თითქმის ისე განვითარდა, როგორც ხულოს მერის, გოჩა მელაძის გადადგომის დროს. 2017 წელს არჩეულმა მერმა 2018 წლის ოქტომბერში, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძის დანიშვნიდან ძალიან მალე, თანამდებობა დატოვა. ეს გადაწყვეტილება მელაძემ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო. შვებულებაში მყოფი მერი, ერთი დღით სამსახურში დაბრუნდა, ჯერ მოადგილის გადადგომის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა, ახალ მოადგილედ ხულოს პოლიციის ხელმძღვანელი ვახტანგ ბერიძე დანიშნა და გადადგომის შესახებ განცხადება სწორედ ამის შემდეგ დაწერა. მერის მოვალეობის შემსრულებელმა ხულოს მერის რიგგარეშე არჩევნებში კენჭი იყარა და ხულოს არჩეული მერი გახდა. თუმცა ამ ორ ფაქტს შორის განსხვავება მაინც არსებობს. თუ ხულოს მერმა თანამდებობა იმ დროს დატოვა, როცა კანონით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იყო გათვალისწინებული, ლაშა კომახიძის შემთხვევაში ასე არ მოხდა. ბათუმის მერი 15 ივლისს ან მანამდე რომ გადამდგარიყო, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდებოდა. სწორედ ამიტომ, როგორც საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, ლაშა კომახიძეს განცხადება ისეთ დროს დააწერინეს, რომ ბათუმელებს მერის არჩევის საშუალება წაართვეს, რათა თორნიკე რიჟვაძეს სასურველი კადრი ქალაქის თავად „დაენიშნა“.

გოჩა მელაძემ მაშინ მედიასთან გადადგომის ნამდვილ მიზეზებზე არ ისაუბრა. ლაშა კომახიძის გადადგომის ფაქტს კი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აჭარაში არსებული საკადრო პოლიტიკა ასლან აბაშიძის პერიოდს შეადარა. აღნიშნა, რომ აბაშიძე, 12-წლიანი მმართველობის პერიოდშიც კი, არ ყოფილა „ასე ერთბაშად, ნაზირ-ვეზირ, მოყვარე-მეჯვარეებიანად წარმოდგენილი ავტონომიის უმაღლეს თანამდებობებზე“. ამ პოსტში ავტორმა ერთი რეფრენად ქცეული ფრაზაც ახსენა: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“. ეს ანდაზა რიჟვაძემ ერთი წლის წინ ოპონენტების მიმართ გამოიყენა და გოჩა მელაძემ, სავარაუდოდ, სწორედ რიჟვაძეზე მიანიშნა, როცა აღნიშნა, რომ რეგიონში მმართველობის ფორმა არის ავტონომიის მიმართ სრული გულგრილობა და უპატივცემულობა.

გადადგომის ნამდვილ მიზეზებზე არ ისაუბრა არც ლაშა კომახიძემ. მან მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე მხოლოდ ის თქვა, რომ გადაწყვეტილება საკითხისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესის გათვალისწინებით მიიღო. მისივე განცხადებით, „ნებისმიერი ტიპის სხვა გადაწყვეტილება იქნებოდა დამაზიანებელი ქალაქისათვის, მოქალაქეებისა და იმ მნიშვნელოვანი პროექტებისათვის, რომლებიც ახლა მიმდინარეობს“. ჩვენი კითხვა, რა ზიანს მოუტანდა ქალაქსა და პროექტებს მისი თანამდებობაზე დარჩენა, კომახიძემ უპასუხოდ დატოვა.

რა გეგმები ჰქონდა ლაშა კომახიძეს მერად არჩევამდე და რომელი მათგანი განახორციელა მერობის პერიოდში

2017 წლის სექტემბერში, თვითმმართველობის არჩევნებამდე, „ფაქტ-მეტრმა“ ბათუმის მერობის კანდიდატებთან, მათ შორის, ლაშა კომახიძესთან ინტერვიუები ჩაწერა. ახლა, როცა ქალაქის მერი გადადგა თუ გადააყენეს, გადავწყვიტეთ, შეგახსენოთ, რა გეგმები ჰქონდა ლაშა კომახიძეს და რომელი მათგანი განახორციელა. კითხვაზე, რა იყო მისი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები, მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ გვიპასუხა, რომ პრობლემების არა წერტილოვანი, არამედ კომპლექსური მოგვარების მომხრეა და ოთხი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს, მათ შორის, მერობის პირველივე წელს შეძლებს, რომ „ბათუმს განაშენიანების გენერალური გეგმა ჰქონდეს“.

სინამდვილეში, კომახიძე ისე გადადგა, რომ ქალაქს განაშენიანების გენერალური გეგმა ვერ დაუტოვა. ამ მიზნით გამოცხადებული არაერთი ტენდერი კი ჩავარდა. უფრო მეტიც, ქალაქის მრავალფუნქციური განვითარებისთვის მიწათსარგებლობის გეგმა, რომელიც კომპანია „გეოგრაფიკმა“ მოამზადა და რომელშიც ბიუჯეტმა თანხა გადაიხადა, ლაშა კომახიძემ თვითნებურად შეცვალა. კერძოდ, ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონიდან რამდენიმე ადგილი ამოიღო, მათ შორის, ბათუმის რივიერად წოდებული ტერიტორია. სწორედ ამ ადგილას ითხოვდა ექვსი ცათამბჯენის აშენებას კომპანია „სილქროუდი“, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიას ფლობს. პროექტის წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. საბოლოოდ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში კომახიძემ შეცვლილი გეგმა გააგზავნა, რის გამოც გეგმა არ დამტკიცდა და ხარვეზების გამოსასწორებლად უკან დაბრუნდა. თუმცა ხარვეზები არ გასწორებულა და გეგმაც დღემდე დამტკიცებული არ არის. მერმა ესეც იმ აქტივისტებს დააბრალა, რომლებიც მშენებლობას აპროტესტებდნენ. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

ჩვენთან ინტერვიუში ლაშა კომახიძემ ასევე განაცხადა, რომ გააძლიერებს ქალაქის ეკონომიკურ პროფილს და იზრუნებს, რომ ბათუმმა, ტურისტულის გარდა, სხვა ფუნქციაც შეიძინოს. კანდიდატი ქალაქში ახალი მიმართულებების შემოტანას და საწარმოების ამოქმედებას გეგმავდა. საწარმოების ამოქმედება და ადამიანების დასაქმება, შესაძლოა, შორეულ პერსპექტივაში განვიხილოთ. დღეს კი რეალობა ასეთია: ბათუმელების ნაწილი ყოველდღიურად ან სეზონურად თურქეთის რესპუბლიკაში გადადიოდა და თავს ასე ირჩენდა, რაც განსაკუთრებით მძაფრად პანდემიის დროს გამოჩნდა. ამიტომ ამ თემაზე მეტს აღარ გავაგრძელებთ.

ლაშა კომახიძის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო, რომ ბათუმის მეჩეთის საკითხს გადაწყვეტდა. „მეჩეთი ან აშენდება, ან ძველი გაფართოვდება“, - აცხადებდა ის „ფაქტ-მეტრთან“. კომახიძის მერობის პერიოდში მეჩეთის მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერიის უარი დისკრიმინაციულად მიიჩნია, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დამოკიდებულება არც ამის შემდეგ შეცვალა. კიდევ ერთი ფრაზა ლაშა კომახიძის ინტერვიუდან: „ვითვალისწინებთ შშმ პირების უკეთესად ინტეგრირების პოლიტიკას“.

ჩვენ შშმ პირებს ვთხოვეთ, შეეფასებინათ, რამდენად არის მორგებული ქალაქის ინფრასტრუქტურა მათ საჭიროებებზე და თუ შეძლებენ დამოუკიდებლად საარჩევნო უბნებზე მისვლას. რესპონდენტები ამბობენ, რომ მდგომარეობა ვერ სწორდება, რადგან ყველაფერი კაბინეტებში, მათ გარეშე იგეგმება. მათი თქმით, სხვისი დახმარების გარეშე, სპორტული და ტურისტული ქალაქის სტატუსის მქონე ბათუმში გადაადგილება დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული, ხოლო საარჩევნო უბნებამდე დამოუკიდებლად მისვლა საერთოდ წარმოუდგენელი ამბავია.

რაც შეეხება ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების მოსახლეობას, მერობის კანდიდატის რანგში ლაშა კომახიძე აცხადებდა, რომ ამ დასახლებების განვითარების პროცესში მოსახლეობისა და ტურისტების ინტერესებს გაითვალისწინებდა. ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის დღემდე მნიშვნელოვანი პრობლემებია მწყობრიდან გამოსული საავტომობილო გზები, საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება.

ლაშა კომახიძის მერობასთან დაკავშირებული გახმაურებული ფაქტები

ლაშა კომახიძემ მერის რანგში უცხოეთში რამდენიმე ძვირადღირებული ვიზიტი მოასწრო. 2018 წელს ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ამ ღონისძიებას ბარსელონაში დაესწრო დელეგაცია ლაშა კომახიძის ხელმძღვანელობით.

თუმცა ამ წოდებამდე ბათუმში „ქართული ოცნების“ შემომწირველმა მსხვილმა კომპანიამ 2017 წელს სპორტული სკოლის ნაწილის (ფლიგელის) დანგრევის უფლება მიიღო და იმ ადგილას საკუთარი პროექტით, მაღალსართულიანი კომპლექსი ჩადგა. დარბაზებიდან განდევნილი სპორტსმენები კი დღემდე სხვადასხვა სივრცეში არიან მიმოფანტული. როგორც ირკვევა, ახალ სპორტკომპლექსში, რომელიც მალე უნდა დასრულდეს, სპორტის ყველა სახეობისთვის საკმარისი ფართი მაინც არ არის. რაც შეეხება სასპორტო სკოლის ჯერაც ფუნქციონირებად შენობას, რომლის შესახებაც ხელისუფლება აცხადებდა, რომ გაყიდვას არ აპირებდა, დღეს უკვე აუქციონზეა გატანილი (ობიექტი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის ბალანსზეა).

კიდევ ერთი ჯილდო, რომელიც ბათუმს 2019 წელს ერგო, ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულია. ტურიზმის ოსკარად წოდებული ჯილდოს ჩამოსატანად და „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად ლაშა კომახიძე, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში იყო.

მიმდინარე წლის თებერვალში კი ლაშა კომახიძე საფრანგეთში, ქალაქ პარიზში ქართველი მხატვრების გამოფენაზე იმყოფებოდა. დელეგაციაში იყვნენ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრი (უმრავლესობიდან), აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და სხვები.

ყველა ამ ვიზიტს საზოგადოება სხვადასხვანაირად აფასებდა. სოციალურ ქსელებში მოქალაქეების ნაწილი აქტიურად აკრიტიკებდა ქალაქის მერსა და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს, რადგან ამ ჯილდოებისა და ძვირადღირებული უცხოური ვოიაჟების მიღმა, იყო მძიმე რეალობა: გადათხრილი და წვიმის დროს დატბორილი ქუჩები, ბათუმის ისტორიულ ნაწილში მდებარე შენობების ხელყოფა, ქაოსური მშენებლობები, უნებართვოდ დანგრეული შენობები და ასევე უნებართვოდ აშენებული მრავალსართულიანი სახლები, შშმ პირებისთვის არაადაპტირებული გარემო, მშენებელი კომპანიების მიერ მიტაცებული ტროტუარები, საპარკინგე ადგილები, საბავშვო ბაღების არასაკმარისი რაოდენობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა.

საიდან მოვიდა არჩილ ჩიქოვანი

მას შემდეგ, რაც თორნიკე რიჟვაძე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გახდა, მთავრობის აპარატის უფროსად არჩილ ჩიქოვანი დაინიშნა. წინა ხელისუფლების პერიოდში ის ჯერ პროკურატურაში მუშაობდა, ხოლო შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი იყო. მოგვიანებით ჩიქოვანს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის განყოფილების უფროსის პოზიცია ეკავა.

2013 წელს, სანამ აჭარის მთავრობის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანდნენ, არჩილ ჩიქოვანი ჯერ საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონულ სამმართველოში ინსპექტორად მუშაობდა, ხოლო შემდეგ - საქართველოს თავდაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსად. სამთავრობო უწყებაში სწორედ აქედან გადაიყვანეს. 2017 წლის იანვრიდან ჩიქოვანი აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტის უფროსი იყო. მთავრობის აპარატის უფროსად თორნიკე რიჟვაძემ ის 2018 წლის ივლისში დანიშნა. ინფორმაციისთვის, მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ჩიქოვანის მეჯვარეა.

საინტერესოა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016-2017 წლების პერიოდი შეაფასა და არაერთი გარემოება გამოავლინა. „ფაქტ-მეტრმა“ ამის შესახებ უკვე დაწერა. აუდიტის სამსახურის დასკვნით, დეპარტამენტმა არათანაბარი კონკურენციის პირობებში პრეტენდენტები დისკრიმინაციული მიდგომით გამოავლინა და ყველაზე მაღალი ფასის წარმომდგენი კომპანიები შეარჩია; მიმწოდებლებს ავანსი შეუსაბამოდ გადაუხადა; პროექტის განხორციელების ვადები დაუსაბუთებლად გაახანგრძლივა და სხვა. აუდიტის სამსახურის მიერ შერჩეული საკვლევი ვადის ერთი ნახევარი სწორედ არჩილ ჩიქოვანის ხელმძღვანელობის პერიოდს ემთხვევა.

და ბოლოს: ლაშა კომახიძის გადადგომას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ფაქტს უმრავლესობა სრულიად ადეკვატურ მოვლენად მიიჩნევს. მაგალითად, ლაშა სირაბიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ამბობს, რომ საკითხი გუნდთან ერთად გადაწყდა და ამის საფუძველი წინასაარჩევნოდ „ახალი სისხლი, ახალი გამოწვევები, ახალი ენერგია“ იყო. საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ კი ლაშა კომახიძის ნაბიჯს პირადი გადაწყვეტილება უწოდა და განაცხადა, რომ მერის განცხადება ცნობად მიიღო და დააკმაყოფილა. საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს, ლევან ანთაძეს უმრავლესობის განცხადებები დამაჯერებლად არ მიაჩნია და თვლის, რომ ყველაფერი „ბიძინა ივანიშვილის მორიგი ტრიუკია“. მისი განცხადებით, კომახიძემ რამდენიმე შემთხვევაში რიჟვაძეს წინააღმდეგობა გაუწია, მაგალითად, მერს ძალით მოაწერინეს ხელი „სილქროუდისა“ და „ამბასადორისთვის“ მშენებლობის ნებართვებზე, რაც, შესაძლოა, მმართველი გუნდის უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის ნაწილს, ისინი მიიჩნევენ, რომ კომახიძემ გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღო და მისი გადადგომის დროც ისე შეირჩა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარებულიყო. მათივე ვარაუდით, აჭარის მუნიციპალიტეტებში ძალოვანი სტრუქტურებიდან მოსული კადრების დანიშვნა მერების მოვალეობის შემსრულებლებად გაგრძელდება და ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არჩევნების მოსაგებად ყველაფერს ეცდება.

თეგები: