რეზიუმე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წელს, ასევე 2019 წლის ბოლოს, სულ სულ 54 ტენდერი გამოაცხადა. ყველა პროექტი მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ ტენდერების ჯამური სავარაუდო ღირებულება 10 107 300 ლარს შეადგენს. აქედან, რამდენიმე შემთხვევაში, გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილი იყო, თუმცა შესყიდვა შეწყდა. მიმდინარე წელს სულ 6 487 000 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერებია შეწყვეტილი. აქედან 5 660 002 ლარის ღირებულების - პანდემიასა და მასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო სიტუაციის, კერძოდ, რიგი ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების გამო. ამავე მიზეზით, კიდევ ერთი, 222 923-ლარიანი ხელშეკრულებიდან, სამუშაოს შესრულების ეტაპებთან დაკავშირებული მუხლები ამოღებულია.
2020 წელს შეწყვეტილი ყველა ტენდერი გამოცხადებული იყო. მათ უმეტესობას ერთი მონაწილე ჰყავს, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებამდე საქმე არ მისულა. არის რამდენიმე ისეთი ტენდერი, როცა უკვე გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია. მაგალითად: მზა სასაქონლო ბეტონის შესყიდვა (NAT200002953), როცა ტენდერის ერთადერთ მონაწილე კომპანიასთან მიმდინარე წლის 1 აპრილს 705 120 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა, ხოლო 28 აპრილს შეწყდა, საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო.
ანალიზი
მიმდინარე წლის 25 მაისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციურმა წევრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ მერიამ მთელი რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერები გააუქმა. ოპოზიციის ბრალდებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ უპასუხა: „მიმდინარე [ტენდერი] არც ერთი არ შეჩერებულა... კონტრაქტზე მოწვეულებთან არ შეჩერებულა, მიმდინარეობს პროექტები. აქაა საუბარი გამოსაცხადებელ ტენდერებზე. ზეპირად არ მახსოვს ახლა, რამდენიმე ტენდერი იყო, უმეტესობა მიმდინარეობს.“ ე. ი., ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, გამოსაცხადებელი ტენდერებია შეწყვეტილი, ხოლო ის ტენდერები, რომლებიც გამოცხადებული იყო, არ შეჩერებულა.
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. ჩვენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ის ტენდერები შევისწავლეთ, რომელთა დაფინანსების წყაროც 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტია. კვლევამ აჩვენა, რომ სულ მერიამ 54 ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ჯამური ღირებულება 10 107 300 ლარია. აქედან 43 გამოცხადებულია 2020 წელს, ხოლო 11 – 2019 წლის ბოლოს.გამოცხადებული ტენდერების საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი - 22 ტენდერი - შეწყვეტილია.
ცხრილი 1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2020 წელს გამოცხადებული ტენდერები, რომლებიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ შეწყდა
ტენდერის № |
ღონისძიება |
სავარაუდო ღირებულება, ლ |
გამოცხადების თარიღი |
შეწყვეტის თარიღი |
NAT200001567 |
სოფ ჭარნალში ამბულატორიის სამშენებლო სამუშაოები |
119 536 |
21. 01. 2020 |
15. 04.2020 |
NAT200001914 |
სოფელ ახალსოფელში ამბულატორიის დემონტაჟი, ახალი ამბულატორიისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა |
227 223 |
24. 01. 2020 |
|
NAT200002259 |
კულტურული ღონისძიებები |
4 960 |
29. 01. 2020 |
29. 04. 2020 |
NAT200002260 |
კულტურული ღონისძიებები |
23 295 |
29. 01. 2020 |
29. 04. 2020 |
NAT200002271 |
სპორტული ღონისძიებები |
4 050 |
29. 01. 2020 |
29. 04. 2020 |
NAT200002953 |
მზა სასაქონლო ბეტონის შესყიდვა |
762 750 |
05. 02. 2020 |
28. 04. 2020 |
NAT200002971 |
სოფელ ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობა |
2335 400 |
05. 02. 2020 |
14. 04. 2020 |
NAT200004640 |
შიდა სასოფლო გზებზე ფერდსამაგრი სამუშაოები |
55 246 |
25. 02. 2020 |
15. 04. 2020 |
NAT200004639 |
საყრდენი, ფერდსამაგრი და ფერდდამცავი კედლების მოწყობა |
51456 |
25. 02. 2020 |
15. 04. 2020 |
NAT200004393 |
კულტურული ღონისძიებების ორგანიზება |
19 960 |
|
29. 04. 2020 |
NAT200005818 |
შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია |
270 165 |
11. 03. 2020 |
14. 04. 2020 |
NAT200005814 |
სოფელ წინსვლაში სასმელი წყლის ჭაბურღილისა და რეზერვუარის მოწყობა |
272 886 |
11. 03. 2020 |
14. 04. 2020 |
NAT200005805 |
შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია |
345 463 |
11. 03. 2020 |
14. 04. 2020 |
NAT200005578 |
სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობა |
400 263 |
09. 03. 2020 |
14. 04. 2020 |
NAT200006115 |
ფერდდამცავი, ფერდსამაგრი და საყრდენი კედლების მოწყობა |
115 887 |
17. 03. 2020 |
14. 04. 2020 |
NAT200006104 |
ფერდდამცავი, ფერდსამაგრი და საყრდენი კედლების მოწყობა |
54 363 |
17. 03. 2020 |
14. 04. 2020 |
NAT200005980 |
შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია და მოწყობა |
122 134 |
13. 03. 2020 |
14. 04. 2020 |
NAT200005979 |
სოფელ ქვედა სამებაში სასმელი წყლის ჭაბურღილისა და რეზერვუარის მოწყობა |
287 194 |
13. 03. 2020 |
14. 04. 2020 |
NAT200006726 |
სოფელ ზანაქიძეებში გარე განათების მოწყობა |
43 273 |
01. 04. 2020 |
14. 04. 2020 |
NAT200006541 |
სოფელ ახალშენში საცალფეხო ბილიკის მოწყობა |
38 034 |
25. 03. 2020 |
14. 04. 2020 |
NAT200006120 |
სოფელ მახოში მინი სპორტული მოედნის მოწყობა |
45 343 |
17. 03. 2020 |
14. 04. 2020 |
NAT200006118 |
სოფელ ახალსოფელში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია |
67 121 |
17. 03. 2020 |
14. 04. 2020 |
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
შეწყვეტილი ტენდერების ჯამური სავარაუდო ღირებულება 6 487 000 ლარს შეადგენს. აქედან 5 660 002 ლარის ღირებულების - პანდემიასა და მასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო სიტუაციის გამო. შესყიდვის შეწყვეტის ოქმებში ნათქვამია, რომ „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების“ შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებისა და ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების შედეგად რიგი ეკონომიკური საქმიანობების შეზღუდვა უარყოფითად აისახა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებზე. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სატენდერო კომისიამ რიგი ტენდერების შეწყვეტა მიზანშეწონილად ჩათვალა. გადაწყვეტილების მიღების დროს კომისია ხელმძღვანელობდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ1 “ქვეპუნქტითა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის „2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული “ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით“.
რამდენიმე შემთხვევაში, გამოვლენილია კომპანიები, რომლებზეც სატენდერო კომისიამ არჩევანი შეაჩერა. მაგალითად, ჭარნალში ამბულატორიის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ტენდერში სამი პრეტენდენტი ჩაერთო. კომისიამ ორ მათგანს დისკვალიფიკაცია მისცა. მესამესთან კი ხელშეკრულების გაფორმება 15 აპრილამდე გადაავადა. თუმცა ტენდერი შეწყდა.
ზოგიერთი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი ორჯერ გამოცხადდა და ორივეჯერ შეწყდა, ოღონდ - სხვადასხვა მიზეზით. მაგალითად: სოფელ ახალსოფელში წყალსადენის მშენებლობის 604 138-ლარიანი ტენდერი (NAT200001915) ჯერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში დაშვებული შეცდომის გამო შეწყდა, ხოლო შემდეგ - საგანგებო მდგომარეობის გამო.
კიდევ ერთი პროექტი - სოფელ ახალსოფელში ავგიას დაწყებითი სკოლის რეაბილიტაციის შესყიდვა (NAT200001569), რომლის სავარაუდო ღირებულებაც 222 923 ლარს შეადგენს, შეწყვეტილია ტენდერის გამოცხადებისას გაპარული ტექნიკური შეცდომის გამო. ამის შემდეგ ტენდერი (NAT200002283) განმეორებით გამოცხადდა და შპს „მშენებელი 2017-მა“ გაიმარჯვა. 12 მარტს ხელშეკრულება გაფორმდა, ხოლო 28 აპრილს ცვლილება შევიდა. მიზეზი კვლავ პანდემიაა, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ურთიერთშეთანხმების აქტში ნათქვამია, რომ მიმწოდებელმა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შეცვლა მოითხოვა. შემსყიდველმა კი სამუშაოების შესრულების ეტაპებთან დაკავშირებული მუხლები ხელშეკრულებიდან ამოიღო.
აღსანიშნავია ასევე სოფელ ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში პანდემიისა და მასთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციის მიზეზით შეწყდა. ხელვაჩაურის მერიამ ამ მიზნით 2019 წლის სექტემბერში გამოცხადებული ტენდერი (NAT190018189) ოქტომბერში შერჩევა-შეფასების ეტაპზე შეწყვიტა, დავების საბჭოში ერთ-ერთი კომპანიის მიერ წარდგენილი საჩივრის გამო. უფრო ადრე კი, 2017 წელს, ბაღის მშენებლობის სამუშაოები დაწყებიდან რამდენიმე თვეში შეწყდა, რადგან, როგორც აღმოჩნდა, შენობის ლოკაციად მეწყერსაშიში ზონა იყო შერჩეული.
ოპოზიციამ ხელვაჩაურის მერია კიდევ ერთი შესყიდვის გამო გააკრიტიკა: 2019 წლის დეკემბერში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, კონსოლიდირებული ტენდერით (CON190000454-00003), სატრანსპორტო საშუალებები შეიძინა. შპს „კავკასუს მოტორსმა“ შემსყიდველს სამი ერთეული პიკაპის ტიპის სპეციალიზებული ავტომობილი Mitsubishi L200 174 729 ლარად მიაწოდა, თითოეული - 57 243 ლარად. შესყიდვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსდა. ავტოსატრანსპორტო საშუალებები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის მაისში მიიღო, თუმცა თანხა 2019 წლის ბოლოს გადარიცხა.