სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავისი კანდიდატურის მოხსნისა და კამალა ჰარისისთვის მხარდაჭერის გამოცხადების შემდეგ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მასშტაბით, გავრცელდა მტკიცება, რომლის მიხედვით, სიმპსონებმა კამალა ჰარისის პრეზიდენტობა იწინასწარმეტყველეს.

მაია თვალთვაძემ, რომლის გავრცელებული ყალბი ამბები „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8) დაწერა (დაარქივებული პოსტი): „სიმფსონებმა ისევ იცოდნენ ყველაფერი? ეპიზოდში „ბარტი მომავლისკენ“, ლიზა სიმპსონი ხდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი 2030 წელს და 2021 წლის ვიცე-პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის კამალა ჰარისის კაბაშია ჩაცმული. ეპიზოდი გამოვიდა ჯერ კიდევ 2000 წელს“.

პოსტს თან ახლავს ფოტოები, სადაც იასამნისფერი კოსტიუმითა და ყელსაბამით კამალა ჰარისი და ლიზა სიმპსონი არიან გამოსახულნი.

მტკიცება, რომლის მიხედვით სიმპსონებმა მისი პრეზიდენტობა იწინასწარმეტყველეს, ეფუძნება სიმპსონების ანიმაციური სერიალის იმ მონაკვეთს, სადაც ლიზა სიმპსონი შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხდება და ზუსტად ისეთივე ტანისამოსი აცვია, როგორც კამალა ჰარისს 2021 წლის ვიცე-პრეზიდენტად ინაუგურაციის დროს.

აღსანიშნავია, რომ სერიალში მართლაც არის მონაკვეთი, სადაც ლიზა სიმპსონი ამერიკის პრეზიდენტი ხდება და რომელშიც იასამნისფერი ტანისამოსი აცვია. ე.ი. სურათზე ნაჩვენები კადრები რეალურად არსებობს, თუმცა მტკიცება, რომ სიმპსონები მომავალს წინასწარმეტყველებენ, მცდარია. რეალურად, მთავარი მსგავსება ლიზა სიმპსონსა და კამალა ჰარისს შორის მხოლოდ ტანისამოსია.

კერძოდ, სიმპსონების მე-11 სეზონის ეპიზოდში „ბარტი მომავალში“ (Bart to the Future), რომელიც 2000 წლის 19 მარტს გამოვიდა, პერსონაჟი ბარტი ოჯახთან ერთად ინდურ კაზინოში სტუმრობისას, ხვდება ინდიელს, რომელიც მას მომავალს უწინასწარმეტყველებს. ბარტი იგებს, რომ მომავალში ის ზარმაცი და უპასუხისმგებლო მუსიკოსია, რომელიც მიდის ლიზასთან ფულის სასესხებლად. თუმცა ლიზას საკუთარი პრობლემები აქვს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს, რომელიც საგადასახადო კრიზისს უმკლავდება. სერიაში ლიზა პრეზიდენტი ტრამპის შემდეგ ხდება, რაც, თუ კონსპირაციის ლოგიკას გავყვებით და ლიზა სიმპსონის ადგილას კამალა ჰარისს მოვიაზრებთ, რეალობას არ შეესაბამება, რადგან ტრამპის შემდეგ სინამდვილეში, პრეზიდენტად ჯო ბაიდენი აირჩიეს.

ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ სერიაში ლიზას ჩაცმულობა კამალა ჰარისის ჩაცმულობის მსგავსია, ეს დამთხვევა ორ სხვადასხვა სიტუაციაში ხდება. სერიალში ლიზა უკვე პრეზიდენტია, ხოლო კამალა ჰარისს იასამნისფერი ტანისამოსი 2021 წლის იანვარში ვიცე-პრეზიდენტად ფიცის დადებისას აცვია. ამასთანავე, ტანისამოსები იდენტური სულაც არაა. ფოტოზე ჩანს, რომ კამალა ჰარისს ვიცე-პრეზიდენტად ფიცის დადების დროს იასამნისფერი მაისური აქვს, ლიზა სიმპსონს კი - ნაცრისფერი.

აღსანიშნავია, რომ „The Simpsons“-ის სცენარის ერთ-ერთმა ავტორმა ალ ჯინმა (Al Jean) X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც ის კამალა ჰარისისა და ლიზა სიმპსონის ჩაცმულობის მსგავსებაზე უსვამდა ხაზს, დაწერა, რომ ეს იყო ის „წინასწარმეტყველება“, რის ნაწილად ყოფნაც ეამაყება. თუმცა ბრჭყალების გამოყენება სიტყვასთან „წინასწარმეტყველება“ იმაზე მიანიშნებს, რომ ის ამ კონსპირაციის თეორიას არ იზიარებს და ხუმრობად აღიქვამს.

მანვე 2021 წელს სიმპსონების „წინასწარმეტყველებზე“ კომენტირებისას, გაიმეორა სერიების ერთ-ერთი იმ სცენარისტის სიტყვები, რომელმაც ტრამპის პრეზიდენტობა „იწინასწარმეტყველა“ და აღნიშნა, რომ „როცა 700 ეპიზოდს წერ და ვერაფერს იწინასწარმეტყველებ, მაშინ ძალიან ცუდი ხარ. თუ საკმარის ისრებს ისვრი, რამდენიმეს მიზანში მოარტყამ“. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ თავად სერიის ავტორები აღნიშნულ მსგავსებებს დამთხვევებად მიიჩნევენ და არა წინასწარმეტყველებად. ამდენად, კამალა ჰარისის პრეზიდენტობის წინასწარმეტყველების შესახებ გავრცელებული მტკიცება ყალბი ამბავია.

ცნობისთვის, The Simpsons ამერიკულ სატელევიზიო ანიმაციური სერიალია, რომლის დებიუტიც 1989 წლის 17 დეკემბერს, Fox Network-ზე საშობაო ეპიზოდით შედგა. ანიმაცია უკვე 35 სეზონს ითვლის და პოპულარობასაც არ კარგავს. ანიმაციასთან დაკავშირებით უკვე მრავალი წელია კონსპირაციული თეორიები ვრცელდება, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს წინასწარ დადგმულად წარმოაჩენენ. „სიმპსონებს“ ხშირად მიაწერენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენის, მაგალითად COVID-19-ისა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის, იგივე ნოტრ-დამის, ხანძრის წინასწარმეტყველებას. ცნობისთვის, კოვიდთან დაკავშირებით კონსპიროლოგებმა გაავრცელეს მონაკვეთი, სადაც პერსონაჟი კენტ ბროკმანი თავის სტუდიაში ახალ ამბებს წარადგენს, ეკრანზე კი თითქოს ჩანს წარწერა „CORONA VIRUS“. რეალურად, მონაკვეთი დამუშავებულია და სინამდვილეში ეკრანზე წარწერა „Apocalypse Meow“ ჩანს. რაც შეეხება, ნოტრ-დამის ხანძარს, ანიმაციის ეპიზოდიდან კონსპიროლოგებმა ტაძრის კადრი დაამუშავეს და მას ფონზე ცეცხლის გამოსახულება დაუმატეს, რითაც ამტკიცებდნენ, რომ „სიმპსონებმა“ ხანძარი იწინასწარმეტყველეს (აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

სულ ბოლოს, მსგავსი მტკიცება, რომლის მიხედვით სიმპსონებმა დონალდ ტრამპის მკვლელობა იწინასწარმეტყველეს, სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპზე 2024 წლის 13 ივლისს განხორციელებული თავდასხმის შემდეგაც გავრცელდა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია), თუმცა სერიალში მსგავსი მონაკვეთი, სადაც გარდაცვლილი ტრამპი იქნებოდა ნაჩვენები, საერთოდ არ გვხვდება. აღნიშნული ინფორმაცია უარყო „The Simpsons“-ის აღმასრულებელმა პროდიუსერმაც.

----------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.