სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები აქტიურად ავრცელებენ ფოტოს (1, 2, 3, 4), რომელიც თითქოს „სიმპსონების“ მონაკვეთიდან არის აღებული და მასში გარდაცვლილი დონალდ ტრამპი ჩანს. რეალურად, მსგავსი ეპიზოდი სერიალში საერთოდ არ გვხვდება, პოსტები იმ კონსპირაციის გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც, „სიმპსონებმა“ მომავალი იწინასწარმეტყველეს.
The Simpsons ამერიკულ სატელევიზიო ანიმაციურ სერიალია, რომლის დებიუტიც 1989 წლის 17 დეკემბერს, Fox Network-ზე საშობაო ეპიზოდით შედგა. ანიმაცია უკვე 35 სეზონს ითვლის და პოპულარობასაც არ კარგავს.
ფოტო, რომელზეც გარდაცვლილი ტრამპი ჩანს, ჯერ კიდევ 2017 წლიდან ვრცელდება. ფოტოსთან დაკავშირებული ინფორმაცია გადაამოწმეს ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა ამერიკული LeadStories, Reuters, Snopes.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ არსებობს ვებგვერდი Wikisimpsons, რომელშიც სერიალიდან ყველა იმ ეპიზოდის ჩამონათვალია, სადაც დონალდ ტრამპი გამოჩნდა ან საერთოდ ნახსენები იყო. აღნიშნულ ეპიზოდებში არ გვხვდება ტრამპის გარდაცვალების მონაკვეთი. ერთ-ერთ ეპიზოდში, სახელწოდებით „Funeral for a Fiend“ დაკრძალვის სცენა გვხვდება, სავარაუდოდ, ტრამპის ფოტოც სწორედ ამ მონაკვეთიდან კადრის რედაქტირებით შეიქმნა.
ამავდროულად, მეტ სელმანმა, „The Simpsons“-ის აღმასრულებელმა პროდიუსერმა Reuters-ს დაუდასტურა, რომ მსგავსი ეპიზოდი სერიალში არ გვხვდება და ის დამუშავებულია.
აღსანიშნავია, რომ ანიმაციასთან დაკავშირებით უკვე მრავალი წელია კონსპირაციული თეორიები ვრცელდება. „სიმპსონებს“ ხშირად მიაწერენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენის, მაგალითად, Covid-19-ისა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის, იგივე ნოტრ-დამის ხანძრის წინასწარმეტყველებას. მაგალითად, კოვიდთან დაკავშირებით, კონსპიროლოგებმა გაავრცელეს მონაკვეთი, სადაც პერსონაჟი კენტ ბროკმანი თავის სტუდიაში ახალ ამბებს წარადგენს, ეკრანზე კი თითქოს ჩანს წარწერა „CORONA VIRUS“. რეალურად, მონაკვეთი დამუშავებულია და სინამდვილეში ეკრანზე წარწერა „Apocalypse Meow“ ჩანს. რაც შეეხება, ნოტრ-დამის ხანძარს, ანიმაციის ეპიზოდიდან კონსპიროლოგებმა ტაძრის კადრი დაამუშავეს და მას ფონზე ცეცხლის გამოსახულება დაუმატეს, რითაც ამტკიცებდნენ, რომ „სიმპსონებმა“ ხანძარი იწინასწარმეტყველეს (აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს 13 ივლისს საღამოს, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ტყვია ესროლა. დონალდ ტრამპს თავდასხმის დროს ყური დაუზიანდა. გამოძიების ფედერალური სამსახურის (FBI) ინფორმაციით, თავდამსხმელი 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსია.
ამდენად, მტკიცება, რომ „სიმპსონებმა“ ტრამპზე თავდასხმა იწინასწარმეტყველეს, მცდარია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.