სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი (1, 2, 3) „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წევრი 194 ქვეყანა შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ მოქალაქეების დაპატიმრება და დევნა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ფრინველის გრიპის ვაქცინებს“. რეალურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების (IHR) გადასინჯვის შესახებ შეთანხმდნენ, ცვლილებების არც ერთი პუნქტი ვაქცინების მოწინააღმდეგეების დაკავების შესახებ ინფორმაციას არ მოიცავს.
გავრცელებული პოსტი ეყრდნობა ამერიკულ გამოცემა „The People's Voice-ის“ სტატიას, რომელიც მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ გამოცემა „The People’s Voice“ დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს ხშირად აქვეყნებს, რაზეც „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ დაუწერია (1, 2, 3).
ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ (WHA) 2024 წლის 1 ივნისს ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების (IHR) გადასინჯვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ „მსოფლიომ ისტორია დაწერა მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის მოლაპარაკებებზე. ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მან მიიღო ცვლილებების ძლიერი პაკეტი, რომელიც ეფუძნება COVID-19 პანდემიისგან ნასწავლ გაკვეთილებს“. აღსანიშნავია, რომ შესწორებები მიზნად ისახავს ქვეყნების უნარის გაუმჯობესებას, უკეთესად მოახდინონ რეაგირება მომავალ ეპიდემიებსა და პანდემიებზე საკუთარი ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერებით და დაავადების მეთვალყურეობის, ინფორმაციის გაზიარებისა და რეაგირების კოორდინაციით.
IHR-ის ახალი ცვლილებები რამდენიმე პუნქტს მოიცავს: 1. პანდემიის განახლებული დეფინიციის შემოღებას. ცვლილების თანახმად, პანდემიის საგანგებო მდგომარეობა იქნება გაფრთხილება იმისა, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს მთლიანი მთავრობისა და საზოგადოების პასუხი, რაც უფრო სისტემატური, სწრაფი და ყოვლისმომცველი რეაგირების გარანტი იქნება. 2. შემდეგი ცვლილება ეხება სოლიდარობისა და თანასწორობის ვალდებულებას, სამედიცინო პროდუქტებსა და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაძლიერების მიზნით. ახალი ჯანდაცვის რეგულაცია (IHR) აყალიბებს „კოორდინირებული დაფინანსების მექანიზმის“ იდეას, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის შესაბამის პროდუქტებზე დროულ და თანაბარ წვდომას. 3. შესწორებული რეგულაციების ეფექტიანად განხორციელების ხელშესაწყობად მონაწილე სახელმწიფოთა კომიტეტის შექმნა. 4. IHR-ის ეროვნული ორგანოების შექმნა წევრ ქვეყნებში, მათ შორის რეგულაციების იმპლემენტაციის კოორდინაციის გასაუმჯობესებლად.
წევრმა სახელმწიფოებმა აღნიშნეს, რომ ეპიდემიებისა და პანდემიების გამოცდილებამ აჩვენა უკეთესი ზედამხედველობის, რეაგირებისა და მზადყოფნის მექანიზმების აუცილებლობა.
ამდენად, ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციები (IHR) და მასში შეთანხმებული ცვლილებების არც ერთი პუნქტი არ მოიცავს ფრინველის გრიპის ვაქცინების მოწინააღმდეგეების დაკავების შესახებ წევრი ქვეყნების შეთანხმებას.
რაც შეეხება ე.წ. ფრინველის გრიპს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მისი ერთ-ერთი ქვეტიპი A(HxNy) ჩვეულებრივ ვრცელდება ფრინველებში, მაგრამ ასევე შეუძლია დააინფიციროს ადამიანებიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად ინფიცირებულ ფრინველთან ან დაბინძურებულ გარემოსთან უშუალო კონტაქტით ხდება. WHO ასევე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ფრინველის გრიპის ვირუსები ამჟამად ადამიანიდან ადამიანზე მარტივად არ გადადის, ამ ვირუსებით ფრინველების ინფიცირების ზრდა შემაშფოთებელია, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ან მძიმე ავადმყოფობა და სიკვდილი. ასევე, ვირუსს აქვს მუტაციის უნარიც, რის შემდეგაც ის ადამიანისთვის უფრო დიდი საფრთხის შემცველი შეიძლება გახდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსი ჯერ არ არის იმ ეტაპზე, რომელიც ადამიანის ვაქცინაციას საჭიროებს. მაგრამ ასეთი ცვლილების მოლოდინში, ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ არსებობს სისტემები და გეგმები მისი წარმოებისთვის, რადგან ადამიანებში ვირუსის პროგრესის შენელების ერთ-ერთ გზას სწორედ ვაქცინა წარმოადგენს. ვაქცინების თემაზე BBC Future Planet მარია ვან კერხოვეს, ეპიდემიოლოგს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიისა და პანდემიის მზადყოფნისა და პრევენციის დირექტორს ესაუბრა. მისი თქმით, ჯერჯერობით არ ყოფილა ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის შემთხვევა. ხოლო, თუ რისკები გაიზრდება, WHO ამ შემთხვევაში დაიწყებს H5N1 ვაქცინების წარმოების ხელშეწყობას.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ მექსიკაში 59 წლის მამაკაცის სიკვდილი გამოწვეული იყო ფრინველის გრიპის შტამით, სახელწოდებით H5N2, კონკრეტულად, ეს შტამი ადამიანში აქამდე აღმოჩენილი არასოდეს ყოფილა.
ცნობისთვის, ფინეთი გახდა პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელმაც H5N1 ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შესახებ განაცხადა. ფინეთი გამოიყენებს Sequirus ვაქცინას H5N1-ის წინააღმდეგ. აღნიშნულ ვაქცინებს ფრინველის მეურნეობაში დასაქმებულ პირებს შესთავაზებენ.
აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 194 წევრი შეთანხმდა, ფრინველის გრიპის ვირუსის მოწინააღმდეგეების დაპატიმრებასა და დევნაზე, ყალბია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.