სოციალურ ქსელში ანგარიში მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი (1, 2, 3) „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჯონ კოულმენი, The Weather Channel-ის თანადამფუძნებელი, გლობალურ დათბობასა და კლიმატის ცვლილებაზე საუბრობს და ამტკიცებს: „ამჟამად არ არსებობს ადამიანის მიერ გამოწვეული მნიშვნელოვანი გლობალური დათბობა: წარსულში არ ყოფილა და არ არსებობს ამის მოლოდინის საფუძველი მომავალში“. რეალურად, გლობალური დათბობის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების არსებობას არაერთი ემპირიული მტკიცებულება და სამეცნიერო კვლევა ადასტურებს. შესაბამისად, სოციალური ქსელის ანგარიშის მიერ გავრცელებული ჯონ კოულმენის მტკიცება, სიმართლეს არ შეესაბამება.
სინამდვილეში, გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატის ცვლილების არსებობა და მასში ადამიანის როლი არაერთი კვლევით დასტურდება. გლობალური ტემპერატურის მონაცემთა კრებულები, რომლებზეც მრავალი დამოუკიდებელი კვლევის ჯგუფი მუშაობს, ტროპოსფეროსა და დედამიწის ზედაპირზე ძლიერ დათბობას აჩვენებს, გარდა ამისა, ნახშირორჟანგის რადიაციული ეფექტიც დაფიქსირებულია. კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC), რომელიც გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიერ 1988 წელს შეიქმნა და 195 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს, 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ადამიანის აქტივობა გლობალური დათბობის უმნიშვნელოვანეს გამომწვევ მიზეზად სახელდება. ამავდროულად, ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) თანახმად, კლიმატის ცვლილების „ბუნებრივი გამომწვევი მიზეზები დღესაც მოქმედებს, მაგრამ მათი გავლენა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული სწრაფი ცვლილებების ასახსნელად, ძალიან მცირე და სუსტია“.
გლობალურ დათბობაში ადამიანის ფაქტორის დამტკიცება სათბურის აირების, კონკრეტულად კი ნახშირორჟანგის რაოდენობის ზრდით არის შესაძლებელი. სათბურის აირებსა და დათბობას შორის პირდაპირი კავშირი ბოლო ორი დეკადის მანძილზე არაერთი კვლევითაა დამტკიცებული, ხოლო ნახშირორჟანგი ერთ-ერთი სათბურის აირია, რომელიც ბუნებრივი პროცესების გარდა ადამიანთა საქმიანობით, მაგალითად, წიაღისეული საწვავის წვით (ქვანახშირი, ნავთობი, გაზი) და ცემენტის წარმოებით გამოიყოფა. აღსანიშნავია, რომ ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ატმოსფეროში ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ 280 ppm-დან (parts per million - მემილიონედი ნაწილი) 420 ppm-მდე გაიზარდა. კლიმატის ცვლილებაზე ადამიანის გავლენის შესახებ იმავე დასკვნას აკეთებს სატელიტური მონაცემების უახლესი ანალიზიც, რომელიც ამტკიცებს, რომ ტროპოსფერული დათბობა არ შეიძლება მხოლოდ ბუნებრივი კლიმატის ცვალებადობით აიხსნას.
ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობა (ლურჯი ხაზი) ადამიანთა მიერ ნახშირორჟანგის ემისიებთან ერთად (ნაცრისფერი ხაზი) 1750 წლის ინდუსტრიული რევოლუციის დაწყების შემდეგ გაიზარდა.
რაც შეეხება მტკიცებას იმის შესახებ, რომ მომავალში გლობალური დათბობის მოლოდინი უსაფუძვლოა, მისი გაბათილებაც კვლევებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი. მხოლოდ სამი მონაცემით, კონკრეტულ პერიოდში ყოველწლიური საშუალო გლობალური ტემპერატურით, თითოეულ წელს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციით და ეფექტური კლიმატის მგრძნობელობით, შესაძლებელია 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოსალოდნელი ტემპერატურის დონის წინასწარ განსაზღვრა. IPCC-ს მიხედვით, შემდეგი რამდენიმე დეკადის მანძილზე პრევენციული ზომების არ მიღების შემთხვევაში (პრეინდუსტრიული დროიდან), გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდა 1.5 „C“-ს გადააჭარბებს, რაც ექსტრემალურ სიცხეს უფრო ხშირს და ინტენსიურს გახდის.
ამდენად, მტკიცება, რომ თითქოს ადამიანის ფაქტორით გამოწვეული მნიშვნელოვანი გლობალური დათბობა არ არსებობს, არც წარსულში ყოფილა და არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ მომავალში ველოდოთ, ყალბია, რასაც არაერთი სხვადასხვა ინსტიტუტის მიერ ჩატარებული მეცნიერული კვლევა და ემპირიული ანალიზი ადასტურებს.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.