სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი (1, 2, 3) „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, ვიდეოს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ აშშ იძულებითი მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადება. ასევე დასძენს, რომ აშშ-ში ყველას ესმის, რომ „ზვავის მიგრაცია“ ხალხის ინტერესებისა და კეთილდღეობის წინააღმდეგ არის ორგანიზებული, ამიტომ „მოტოციკლის ვეტერანთა ფედერაცია“ სამოქალაქო ომისთვის ემზადება. რეალურად, „ომის ვეტერან მოტოციკლეტისტთა ასოციაციის“ აღნიშნულ შეხვედრაზე წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს წარმოთქვამენ, როგორც ამას ყველა შეხვედრის შესავალ ნაწილში აკეთებენ.
გავრცელებულ ვიდეოზე წარმოდგენილია „ომის ვეტერან მოტოციკლეტისტთა ასოციაციის“ ერთ-ერთი შეკრების კადრები. ასოციაციაში ომის ვეტერანები, მხარდამჭერი და დამხმარე წევრები (ვეტერანთა მეუღლეები) ერთიანდებიან. გარდა ამისა, ასოციაციის წევრები მოტოციკლეტების მოყვარულები არიან და ყოველწლიურად აგროვებენ თანხას ვეტერანთა კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და ღირსების შესანარჩუნებლად. ისინი მოქმედებენ დევიზით - „ვეტერანები ეხმარებიან ვეტერანებს“.
მნიშვნელოვანია, რომ „ომის ვეტერან მოტოციკლეტისტთა ასოციაციის“ მიერ სამოქალაქო ომისთვის გაერთიანებისა და მზადების შესახებ ინფორმაცია არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებებისა, თუ მათ პირად ვებგვერდზეც არ იძებნება.
გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრის“ გუნდი „ომის ვეტერან მოტოციკლეტისტთა ასოციაციას“ დაუკავშირდა. ასოციაციის თანახმად, 2023 წლის შეხვედრის ეს კადრები, ასოციაციის წევრის Instagram-პოსტიდან უნებართვოდ აიღეს და ყალბი მტკიცებით, არაერთგზის გაავრცელეს. წერილში ასევე ნათქვამია, რომ ვიდეოში ასოციაციის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს წარმოთქვამენ და ქვეყნისა და ერთმანეთის მიმართ სიყვარულს გამოხატავენ.
„სამწუხაროდ, ეს ვიდეო CVMA® წევრის ლეგიტიმური ინსტაგრამ პოსტიდან მოიპარეს. ის [ვიდეო] ათასჯერ იქნა გამოყენებული (ამ ეტაპზე) ნებისმიერი საზიზღარი მიზეზით, რომლისთვისაც ქურდები ირჩევენ მის გამოყენებას. ჩვენმა ეროვნულმა დირექტორთა საბჭომ იცის [აღნიშნული ფაქტის შესახებ} და აქტიურად მუშაობს მათ [გავრცელებული ვიდეოების} აღმოსაჩენად და წასაშლელად“.
„ჭეშმარიტი ისტორია რომ მოგაწოდოთ, ეს ვიდეო გადაღებულია ჩვენი „ეროვნული კონვენციის“ დროს გასულ წელს ერთ-ერთი წევრის მიერ. ეს არის გახსნის ცერემონიის ვიდეო და უბრალოდ აჩვენებს CVMA-ს წევრებს, რომლებიც ერთგულების ფიცს კითხულობენ... რასაც ჩვენ ყოველი შეხვედრისას ვაკეთებთ. მე პირადად ვიყავი იქ და გარწმუნებთ, [კადრებზე] სხვა არაფერია ნაჩვენები, გარდა იმისა, რომ CVMA წევრები სიყვარულს გამოხატავენ ჩვენი ქვეყნისა და ერთმანეთის მიმართ. ასე მარტივად“.
ამრიგად, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.