სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიას კარიკატურას ავრცელებს. პოსტის აღწერაში წერს: „ხვიჩა სიმპსონებში“. რეალურად, ხვიჩა კვარაცხელიას ანიმაციასთან კავშირი არ აქვს და კარიკატურა მისი გულშემატკივარი მხატვრის მიერ არის შექმნილი.
პირველ რიგში, გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ კარიკატურა იტალიელ ჯუზეპე ავიტაბილეს ეკუთვნის. მის Instagram- გვერდზე, რომელსაც 1300-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და ხშირად ავრცელებს სხვადასხვა ცნობილი სახისა თუ ფეხბურთელის კარიკატურებს, ადგილმდებარეობად იტალია, კერძოდ, ნეაპოლი აქვს მითითებული.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით ჩანახატებს მის პირად Instagram-გვერდზეც ვხვდებით.
Facebook-პოსტის კომენტარებში, კვარაცხელიას კარიკატურას კონსპირაციები მოჰყვა თითქოს, ფეხბურთელის აღნიშნულ ანიმაციაში წარმოდგენა მის მასონურ-ილუმინატორ ქსელთან კავშირს ადასტურებს :
„დაანებეთ კვარას თავი მასონებო“; „ჩაითრიეს ესეც უკვე? ნებართვის გარეშე ვერავინ ჩაუშვებდა ამ ეპიზოდს..რომ იცოდეთ“.
ცნობისთვის, 1989 წლის 17 დეკემბერს, ანიმაციური შოუს „The Simpsons“ დებიუტი Fox Network-ზე საშობაო ეპიზოდით შედგა. ანიმაცია 34 სეზონისა და 750 ეპიზოდის შემდეგ მაინც არ კარგავს პოპულარობას. რამდენიმე დამთხვევა „სიმფსონების“ ხუმრობებსა და რეალურ სამყაროში მომხდარ მოვლენებს შორის მართლაც არსებობს. მაგალითად, 2000 წელს გამოსულ ერთ-ერთ ეპიზოდში ლიზა სიმპსონი ამერიკის პირველი ქალი პრეზიდენტი ხდება. ამ მონაკვეთს კამალა ჰარისს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, უკავშირებენ. თანაც, გამოსვლისას ლიზა სიმფსონი აცხადებს, რომ მისმა ადმინისტრაციამ „პრეზიდენტ [დონალდ] ტრამპისგან ბიუჯეტის სიმცირე მემკვიდრეობით მიიღო“. ასევე, ლიზას მეწამული კოსტიუმი და მარგალიტის საყურეები ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ინაუგურაციის დღის ჩაცმულობას ჰგავს. მსგავს დამთხვევებზე, ბილ ოკლიმ, 1990-იან წლებში The Simpsons-ის პროდიუსერმა, შემდეგი განცხადება გააკეთა: „ზოგადად ვიტყოდი, როდესაც ამბობენ, რომ სიმფსონებმა რაღაც იწინასწარმეტყველეს, უბრალოდ ჩვენ სატირად ვაქცევთ წინა წლების რეალურ ცხოვრებისეულ მოვლენებს და რადგან ისტორია მუდმივად იმეორებს მათ, უბრალოდ ჩანს, რომ ვწინასწარმეტყველებთ“.
ანიმაციასთან დაკავშირებით უკვე მრავალი წელია კონსპირაციული თეორიები ვრცელდება. მაგალითად, მიმდინარე წელს ჰავაის ხანძრის კონტექსტში კონსპიროლოგებმა ანიმაციიდან ნაწყვეტი ამოჭრეს და განაცხადეს, რომ სიმფსონებმა ჰავაიზე ენერგეტიკული იარაღით შეტევა იწინასწარმეტყველეს. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული თემა გადაამოწმა და დადგინდა, რომ ეპიზოდში, „Monty Burns' Fleeing Circus“, საიდანაც კონსპიროლოგებმა ნაწყვეტი ამოჭრეს, არათუ ჰავაი, არამედ მიმართული ენერგიის იარაღიც კი საერთოდ არაა ნახსენები.
ამავდროულად, „სიმფსონებს“ ხშირად მიაწერენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენის, მაგალითად Covid-19-ისა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის, იგივე ნოტრ-დამის ხანძრის წინასწარმეტყველებას.
ცნობისთვის, კოვიდთან დაკავშირებით კონსპიროლოგებმა გაავრცელეს მონაკვეთი, სადაც პერსონაჟი კენტ ბროკმანის თავის სტუდიაში ახალ ამბებს წარადგენს, ეკრანზე კი თითქოს ჩანს წარწერა „CORONA VIRUS“. რეალურად, მონაკვეთი დამუშავებულია და სინამდვილეში ეკრანზე წარწერა „Apocalypse Meow“ ჩანს. რაც შეეხება, ნოტრ-დამის ხანძარს, ანიმაციის ეპიზოდიდან კონსპიროლოგებმა ტაძრის კადრი დაამუშავეს და მას ფონზე ცეცხლის გამოსახულება დაუმატეს, რითაც ამტკიცებდნენ, რომ „სიმფსონებმა“ ხანძარი იწინასწარმეტყველეს.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.