სოციალურ ქსელში ანგარიში მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი (1, 2, 3) „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. „Pfizer mRNA ვაქცინით ნავალნის გარდაცვალების ვერსია ერთ-ერთი მთავარი ხდება დასავლურ სოციალურ ქსელებში. შეგახსენებთ, რომ ნავალნიმ, სამჯერ მოახერხა Pfizer-ის ვაქცინით აცრა - ვაქცინის ორი დოზა 2020 წლის შემოდგომაზე, ხოლო მესამე დოზა მოსკოვში გაფრენამდე 2021 წლის დასაწყისში”, - წერს პოსტის აღწერაში.
აღსანიშნავია, რომ იდენტური მტკიცება რუსულენოვანი მომხმარებლების მიერაც გავრცელდა, სადაც ისინი „დასავლეთში არსებულ ვერსიაზე“ საუბრობენ, თითქოს ნავალნის სიკვდილი კორონავირუსის აცრას უკავშირდება (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6). როგორც ქართულენოვან, ისე რუსულენოვან მომხმარებლებს X (ყოფილი Twitter) პლატფორმაზე გამოქვეყნებული პოსტი მოჰყავთ იმის მტკიცებულად, რომ დასავლეთში აცრით გამოწვეულ სიკვდილზე საუბრობენ.
რუსი პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 16 თებერვალს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა გამოაქვეყნა. ჯერჯერობით, მისი გარდაცვალების მიზეზების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება, ოპოზიციონერის ცხედარს ამ დრომდე ექსპერტიზა არ ჩატარებია. მედიაში რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. თავდაპირველად, ნავალნის სიკვდილი რუსულმა პროკრემლისტურმა გამოცემამ „იზვესტია“ თრომბის განვითარებას დაუკავშირა. ნავალნის ექიმმა გამოცემა „მედუზას“ განუმარტა, რომ დასკვნა „ნაჩქარევი” და „საეჭვოა“. 18 თებერვლის მონაცემებით, „ნოვაია გაზეტა ევროპა“ აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნის ცხედარი სალეხარდის რაიონული კლინიკური საავადმყოფოს მორგშია და ექიმების თქმით, ოპოზიციონერის სხეულზე კრუნჩხვისთვის დამახასიათებელი სისხლჩაქცევები აღმოაჩინეს, სავარაუდოდ, ნავალნი გულის შეტევით გარდაიცვალა.
რუსი ოპოზიციონერი ციხეში სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. მას ბრალი მისივე დაფუძნებული კომპანიის „ანტიკორუფციული ფონდის“ კუთვნილი თანხის მისაკუთრებაში ედებოდა.
ყველაფერი 2011 წელს დაიწყო, როცა ალექსეი ნავალნიმ თავის გუნდთან ერთად კორუფციასთან ბრძოლის ფონდი დააფუძნა. 2011 წლის დეკემბერში ის პირველად დააკავეს და მასობრივ საპროტესტო გამოსვლების დროს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ გაწეული დაუმორჩილებლობის ბრალდებით 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გამოსვლები ქვეყანაში რუსეთის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაიწყო.
2012 წელს ნავალნი სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტმა დაადანაშაულა, რომ ის როგორც კიროვის რეგიონის გუბერნატორის მრჩეველი, KirovLes-ისგან (სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანია) ხე-ტყის მოპარვის სქემის ორგანიზებაში იყო ჩართული, რამაც რეგიონის ბიუჯეტი 500,000 აშშ დოლარით დააზარალა. ნავალნი უარყოფდა ბრალდებებს და აცხადებდა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე 2016 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა ნავალნის სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვია.
2012 წლის დეკემბერში საგამოძიებო კომიტეტმა დაიწყო მორიგი გამოძიება ფრანგული კოსმეტიკური კომპანიის, ივ როშეს, ნავალნისთან დაკავშირებულ რუსულ შვილობილ კომპანიის თანხის სავარაუდო გაფლანგვასთან დაკავშირებით. 2014 წლის 30 დეკემბერს იმავე საქმეზე ის მეორედ ცნეს დამნაშავედ თაღლითობაში და პირობითი სასჯელი - 3,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მისი ძმა კი ციხეში ჩასვეს. 2017 წელს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ნავალნის წინააღმდეგ დაწყებული აღნიშნული საქმე აშკარად დაუსაბუთებელი იყო.
ჯამში, 2011-2018 წლებში, მას ადმინისტრაციული პატიმრობა 10-ჯერ მიუსაჯეს. აღნიშნულ პერიოდში, ოპოზიციონერმა წინასწარი დაკავების საკანში 192 დღე გაატარა.
აღსანიშნავია, რომ ნავალნი კორუფციას რეჟიმის შიგნით ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამხელდა და საგამოძიებო ვიდეოებს აქვეყნებდა, რომლებსაც მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს. ასე მაგალითად, 2021 წელს მისმა კამპანიის ჯგუფმა მოამზადა ვიდეო შავ ზღვაზე პუტინისთვის 1 მილიარდი დოლარის სასახლის აშენებასთან დაკავშირებით, რომელიც, ჯგუფის თანახმად, „ისტორიაში ყველაზე დიდი ქრთამითაა“ დაფინანსებული. თავად ნავალნი აღნიშნავდა, რომ ეს საქმე პუტინის რეჟიმის მხრიდან რუსი ხალხის ქურდობაა. სამი წლის განმავლობაში ვიდეოს 130 მილიონი ნახვა ჰქონდა.
2020 წელს ქალაქ ტომსკისკენ მიმავალ თვითმფრინავში, სადაც ადგილობრივ აქტივისტებს უნდა შეხვედროდა, ნავალნი შეუძლოდ გახდა. 2 დღის შემდეგ კომაში მყოფი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. გერმანიამ ლაბორატორიულად დაადასტურა, რომ ნავალნი საბჭოთა კავშირის დროინდელი ნერვული აგენტით „ნოვიჩოკით“ იყო მოწამლული, საწამლავით, რომლითაც მანამდე დიდ ბრიტანეთში სკრიპალები მოწამლეს.
5-თვიანი მკურნალობის შემდეგ, ნავალნიმ რუსეთში დაბრუნება გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მას დააპატიმრებდნენ. სამკურნალოდ გერმანიაში ყოფნის დროს ხელისუფლება მას ე.წ. „ივ როშეს“ საქმეში პირობითი სასჯელის დარღვევას ედავებოდა. 2021 წლის 17 იანვარს რუსეთში ჩაფრენისთანავე ნავალნის დააკავეს და ვლადიმირის რეგიონში გამოსასწორებელ კოლონიაში გადაიყვანეს.
ციხეში ყოფნის პირველ თვეებში მისი ადვოკატებისგან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერის მდგომარეობა უარესდებოდა. კოლონიაში მას არ აძინებდნენ. ციხის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ ნავალნის ციხიდან გაქცევა შეიძლება ეცადა და ამიტომ მასთან ყოველ ღამე, საათში ერთხელ ფანრით შედიოდა. კოლონიაში არ უშვებდნენ ექიმებსაც, რის გამოც ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო. მისი მდგომარეობა დამძიმდა, რასაც დიდი საპროტესტო აქციები მოჰყვა. საბოლოოდ, ნავალნისთან ექიმი შეუშვეს.
2023 წლის აგვისტოში რუს ოპოზიციონერს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ექსტრემისტული ჯგუფის დაარსების ბრალდებით. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, რომელიც ნავალნიმ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია, მან აღნიშნა: „ვიხდი უვადო სასჯელს, რომელიც იზომება ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობით ან ამ რეჟიმის სიცოცხლის ხანგრძლივობით“. იმავე წელს ნავალნი გადაიყვანეს რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, ციმბირში და მოათავსეს განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში, რომელსაც ასევე „პოლარულ მგელს“ უწოდებენ. აქვე, აღსანიშნავია, რომ 308 დღის განმავლობაში 27-ჯერ გაუშვეს საჯარიმო იზოლატორში, სამარტოო საკანში, სადაც უმკაცრესი პირობებია, არ არის გათბობა, დღისით დაწოლა აკრძალულია და სხვ.
ევა მერკაჩოვა, რუსეთის პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი, ნავალნის გარდაცვალებას სწორედ ამ იზოლატორს უკავშირებს: „იზოლატორში ადამიანი შიმშილობს და იყინება. ამიტომ მისი დაყოვნება გარკვეულ პერიოდზე დიდხანს არ შეიძლება“.
როგორც ნავალნის თანამოაზრეებმა, ასევე დასავლეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პირადად პუტინს დააკისრეს.
18 ოქტომბრის მონაცემებით, „ნოვაია გაზეტა ევროპა“ წერს, რომ ნავალნის ცხედარი სალეხარდის რაიონული კლინიკური საავადმყოფოს მორგშია. ადგილობრივი ექიმის ცნობით, ნავალნის სხეულზე კრუნჩხვისთვის დამახასიათებელი სისხლჩაქცევები ნახეს, მათი თქმით, სავარაუდოდ ოპოზიციონერი გულის გაჩერებით გარდაიცვალა. „ნოვაია გაზეტა ევროპა“ წერს, რომ ჯერჯერობით არ ჩატარებულა ექსპერტიზა, სავარაუდოდ, ექიმების ჩასვლას ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ მანამდე ალექსეი ნავალნის დედა და მისი ადვოკატი მივიდნენ სალეხარდის მორგში, თუმცა ციხის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ იქ ცხედარი არ იყო.
ამავდროულად, მედიაში გავრცელებულ გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს, თრომბს, ნავალნის ექიმი ალექსანდრ პოლუპინი ეხმაურება, რომელიც აცხადებს, რომ მხოლოდ სამედიცინო გაკვეთისას გამოჩნდება, წარმოიქმნა, თუ - არა თრომბი. ნავალნის კი, ექიმის თქმით, არ აწუხებდა ისეთი პრობლემები, რაც, როგორც წესი, თრომბის რისკს ზრდის, მაგალითად ონკოლოგიური დაავადებები, კიდურებზე არსებული ტრავმები და სხვ. „რამდენიმე ხნის წინ მას პრობლემები ჰქონდა ზურგზე, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ არის სიცოცხლისთვის საშიში, მხოლოდ დისკომფორტს ქმნიდა. ოდესღაც, დიდი ხნის წინ, იყო პნევმონია, მაგრამ ბოლო დროს, ვიმეორებ, მწვავე პრობლემა არ ყოფილა. ნოვიჩოკის მოწამვლის შემდეგ იყო ნეიროპათია, რაც დამახასიათებელია ასეთი მოწამვლისთვის“.
ამდენად, ჯერჯერობით, ნავალნის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია და მხოლოდ ვარაუდები ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ Facebook-ანგარიშის პოსტის თანახმად, „Pfizer mRNA ვაქცინით ნავალნის გარდაცვალების ვერსია ერთ-ერთი მთავარი ხდება დასავლურ სოციალურ ქსელებში“. X პლატფორმაზე მართალია, მსგავსი მტკიცებები ქვეყნდება, თუმცა არასანდო და არაავტორიტეტული ანგარიშებისგან ( Expert PhD 444, John G68, Clandestine46):
მაგალითად, ერთ-ერთი პოსტის მტკიცებით, ავტოფსიის შედეგად დადგინდა, რომ 47 წლის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების მიზეზი გულში სისხლის შედედებაა, რასაც ექიმები Pfizer-ის ვაქცინას უკავშირებენ. X-ის მომხმარებლებმა ე.წ. „community note“ ფუნქციის [1] საშუალებით, ასევე მიუთითეს, რომ მტკიცება ყალბია, რადგან ავტოფსიის შედეგები ჯერ არ არის ცნობილი.
[1] X პლატფორმაზე თავად მომხმარებლებს შეუძლიათ გავრცელებულ სავარაუდოდ შეცდომაში შემყვან ინფორმაციაზე დამატებითი ცნობები მიუთითონ, რითაც მომხმარებლებს მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.