სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ბოლო ჟამის ქრისტიანები, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ვიდეოს ავრცელებს. მასზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსია ასახული. Facebook-პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ მალე ჯანმო ჯანმრთელობის გლობალურ სერტიფიკატს გამოაქვეყნებს, რომლის შემოღებაზეც ქვეყნების უმრავლესობას ხელი აქვს მოწერილი. მასში ჯანმო-ს გადაწყვეტილებით, მოგზაურობისთვის აუცილებელი ვაქცინების ჩამონათვალი იქნება მოცემული. ეს ყოველივე დაკავშირებული იქნება ციფრულ პირადობასთან და საბოლოოდ, ნახშირბადის/ნახშირორჟანგის ლიმიტის შეზღუდვებს გაითვალისწინებს. რეალურად, სერტიფიკატი უკვე არსებულ ვაქცინაციის ისტორიას ასახავს. მას ნახშირორჟანგის ლიმიტის განსაზღვრასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ვიდეო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის გახსნით სიტყვას ასახავს, რომელიც მან 2023 წლის 5 ივნისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და ევროკავშირს შორის გლობალური ჯანდაცვის ციფრული სერტიფიცირების ქსელის ხელმოწერის ცერემონიაზე წარმოთქვა. სიტყვაში ჯანმოს დირექტორმა Covid-19 პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის სერტიფიკატების გამოყენების წარმატებულ პრაქტიკაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სერტიფიკატი პანდემიის პერიოდში მოგზაურობისას ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და სხვა 50-ზე მეტი სახელმწიფოს მიერ იქნა გამოყენებული.
ევროკავშირის Covid-სერტიფიკატი, რომელიც ფიზიკურ ან ციფრულ დოკუმენტს წარმოადგენდა, ევროკავშირში მოგზაურობისას Covid ვაქცინაციის ისტორიას ან ჩატარებული კოვიდ-ტესტების სტატუსის შესახებ ინფორმაციას მოიცავდა. ეფექტური პრაქტიკის გათვალისწინებით, ჯანმო-მ გლობალური ციფრული ჯანდაცვის სერტიფიცირების ქსელის (Global Digital Health Certification Network) შემოღება გადაწყვიტა, რომელიც ევროკავშირის სერტიფიცირების სისტემაზე დაყრდნობით შემუშავდება. ინიციატივა მიზნად ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებას ისახავს, წევრი ქვეყნების მზადყოფნის გასაძლიერებლად მოსალოდნელი ეპიდემიებისა და პანდემიების შემთხვევაში.
მსგავსი სისტემა მომხმარებლებს საკუთარი ციფრული ჯანმრთელობის სერტიფიკატების უსაფრთხო და მოსახერხებელი გზით ნებისმიერ დროს შემოწმების საშუალებას მისცემს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ ტრანსსასაზღვრო ჰუმანიტარულ სიტუაციებში ქსელს გადამწყვეტი როლის შესრულება შეეძლება, რამდენადაც საგანგებო სიტუაციების პირობებში საზღვარზე გადაადგილებისას, ის ადამიანების ჯანმრთელობის ჩანაწერებსა და სერტიფიკატებზე წვდომას უზრუნველყოფს.
გამოსვლაში ჯანმო-ს გენერალური დირექტორი ევროკავშირს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ამ ქსელზე მუშაობას ჯანმო უკვე არსებული კოვიდ-19-ის სერტიფიკატით იწყებს, შემდეგ ინფრასტრუქტურა გაფართოვდება და სხვა ფუნქციებსაც გააერთიანებს, მაგალითად, ვაქცინაციის ციფრულ საერთაშორისო სერტიფიკატს, მრავალჯერადი აცრების ბარათებს, და საერთაშორისო პაციენტების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მონაცემებს.
ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სერტიფიკატების სისტემა დაფუძნებული იქნება სამართლიანობის, ინოვაციების, გამჭვირვალობის, მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის პრინციპებზე. ჯანმო-ს ძირეულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა არ ექნება.
ამასთანავე, ჯანმრთელობის გლობალური სერტიფიცირების ახალ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოებს ხელი რაიმე კონკრეტული ხელშეკრულებისთვის არ მოუწერიათ, თანამშრომლობა ევროკავშირსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის გაფორმდა. მნიშვნელოვანია, რომ ქსელში ჩართვა მხოლოდ ნებაყოფლობითია და წევრი სახელმწიფოები ვალდებული არ არიან, მას შეუერთდნენ.
Facebook-მომხმარებლის მიერ გაზიარებულ ვიდეოში და ზოგადად, ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ადამიანების მიერ გამოყოფილი ნახშირბადის/ნახშირორჟანგის ლიმიტირების შესახებ არ საუბრობს. მეტიც, ჯანმრთელობის გლობალური სერტიფიცირების ახალი სისტემის ამ პროცესებთან კავშირის შესახებ სანდო ინფორმაცია არ იძებნება.
ამგვარად, Facebook-მომხმარებლის მტკიცება ყალბია და სიმართლეს არ შეესაბამება.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.