-
ჯერ კიდევ ნარმანიამ გამართა „დიღმის ჭალე
სიმართლეგანცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია -
10 000 დოლარის იყო [მშპ ერთ სულ მოსახლეზ
ნახევრად სიმართლეგანცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა -
სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრე
მცდარიგანცხადება არაზუსტია
„ფაქტ-მეტრის“ (FactCheck) მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია მის სარედაქციო კოდექსზე, რომელიც სრულად შეესაბამება ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქსელის (International Fact-Checking Network - IFCN) მიერ შემუშავებულ პრინციპებს.
„ფაქტ-მეტრის“ მუშაობის სამი მთავარი პრინციპი:
- სიმართლის ძებნა - „ფაქტ-მეტრის“ უპირველესი მიზანია, მკითხველს აჩვენოს სად არის სიმართლე;
- წყაროების გამჭვირვალობა - სტატიაში გამოყენებული ყველა წყაროს მითითება;
- მრავალჯერადი გადამოწმება - ფაქტებისა და მონაცემების მინიმურ ორი პირველადი წყაროთი გადამოწმება.
ფაქტ-მეტრის ყოველდღიური საქმიანობა
ნაბიჯი 1: გადასამოწმებელი განცხადებების მოპოვება - „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსები ცდილობენ ყველა განცხადებაში მოიძიონ ისეთი კომპონენტი, რომელიც გადამოწმებას ექვემდებარება. ანალიტიკოსების მუშაობის მთავარ პრინციპს ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთისგან მკაფიო გამიჯვნა წარმოადგენს. „ფაქტ-მეტრის“ კვლევის სფეროში შეიძლება მოექცეს ნებისმიერი ფაქტი, რაც ბუნებაში რეალურად მოხდა ან შეიძლებოდა მომხდარიყო. ასევე, გადასამოწმებელი განცხადებების ძიებისას, განსაკუთრებული ყურადღება სტატისტიკური ინფორმაციის შემცველ გამონათქვამებზე მახვილდება.
სად ვპოულობთ გადასამოწმებელ ფაქტებს?
1. უპირველეს ყოვლისა, ფაქტ-მეტრის ანალიტიკოსები აქტიურად ადევნებენ თვალს ქვეყანაში მიმდინარე ამბებს და ყოველდღიურად ეცნობიან სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს;
2. შეუძლებელია ყველაფრის წაკითხვა და მოსმენა, თუმცა ანალიტიკოსები არჩევენ სანდო და აქტიურ ბეჭდურ თუ ონლაინ გამოცემას, სატელევიზიო არხს, რადიო სადგურს და ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან მათ; „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსები ასევე ყოველდღიურად აკვირდებიან სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოპულარულ და ვირუსულად გავრცელებულ ამბებს.
3. „ფაქტ-მეტრის“ გუნდი ამონიტორინგებს პარლამენტისა თუ მთავრობის სხდომებს, ასევე, პოლიტიკოსთა მნიშვნელოვანი გამოსვლების ტრანსლაციებს;
4. „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსები უყურებენ სატელევიზიო დებატებს;
5. „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსები აქტიურად ეცნობიან პოლიტიკოსების/პარტიების სარეკლამო კლიპებს, კონკრეტული პარტიისა თუ პოლიტიკოსის ვებგვერდებს და სოციალური ქსელების ანგარიშებს;
6. წინასაარჩევნო პერიოდში, ანალიტიკოსები გადასამოწმებელ ფაქტებს პარტიებისა თუ პოლიტიკოსების საარჩევნო პროგრამებიდან და ფლაერებიდანაც ინიშნავენ.
7. ფაქტ-მეტრი გადასამოწმებელ განცხადებებს მკითხველისგანაც იღებს. ჩვენი შეთავაზების, „შეამოწმე შენი ფაქტის“ ფარგლებში, მკითხველს შეუძლია გამოაგზავნოს ნებისმიერი განცხადება, რომელიც შეიცავს ფაქტს და ფაქტ-მეტრის გუნდი მის გადამოწმებას ეცდება. მსგავს ფორმატში გადამოწმებულ სტატიებს აქვთ მინიშნება, რომ ისინი მკითხველის თხოვნის შესაბამისად გადამოწდნენ. მკითხველს გადასამოწმებელი ფაქტების გამოგზავნა შეუძლია როგორც ელ. ფოსტით ([email protected]), ისე ფაქტ-მეტრის „ფეისბუქ“ გვერდის „მესენჯერის“ საშუალებით.
8. ონლაინ საინფორმაციო სივრცეს „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსები Meta-ს მიერ მოწოდებული მასალებისა და Meta-ს CrowdTangle-ის ანალიტიკური ხელსაწყოს დახმარებით ამონიტორინგებენ.
ნაბიჯი 2: გადასამოწმებელი თემების შერჩევა - „ფაქტ-მეტრის“ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გადასამოწმებელი განცხადებების სწორად შერჩევა და დაპრიორიტეტება. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ინდიკატორი, რის საფუძველზეც გადასამოწმებელი განცხადებების შერჩევა ხდება (ბუნებრივია, ერთი განცხადება ყველა ამ ინდიკატორს ვერ დააკმაყოფილებს, თუმცა გუნდი ცდილობს, რომ თემების შერჩევისას კრიტერიუმების უმეტესობა დაკმაყოფილებული იყოს):
1. თემების შერჩევისას, უპირველეს ყოვლისა, ისმება კითხვა: გადამოწმებადია თუ არა კონკრეტული განცხადება? არ მოწმდება იდეოლოგიები, უმეტეს შემთხვევაში, არ მოწმდება სამომავლო პროგნოზები და ისეთი საკითხები, რისი შემოწმებაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება (მაგ. სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაცია და ა.შ.);
2. საზოგადოებრივი ინტერესი - მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რამდენად საინტერესოა კონკრეტული საკითხი საზოგადოებისთვის, ღირს მასზე ანალიტიკოსების დროისა და რესურსის დახარჯვა?
3. წინამდებარე პრინციპებიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ გუნდი ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ ვინ აკეთებს განცხადებას. განცხადებების შერჩევა არ ხდება მათი ავტორების ცნობადობის მიხედვით, ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ყველა ის ფაქტი და საკითხი, რაც საზოგადოების ინტერესის სფეროს წარმოადგენს; თუმცა, ყურადღება ასევე ეთმობა განცხადებებს, რომლებსაც აკეთებს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის სპიკერი და მმართველი პარტიის/პარტიების ლიდერები, რამდენადაც მათ განცხადებებს საზოგადობრივ ცხოვრებაზე პირდაპირი გავლენა აქვთ.
4. წინააღმდეგობრივი საკითხები - „ფაქტ-მეტრის“ გუნდი ცდილობს ისეთი განცხადებების გადამოწმებას, რომლებმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიეს და მათ შესახებ არ არსებობს ცალსახა დასკვნა;
5. ასევე, მოწმდება ისეთი საკითხები, რომლებიც საზოგადოებაში აჩენს ბუნებრივ კითხვას - „ნეტავ ეს მართლაც ასეა“? ეს განსაკუთრებით მაშინაა თვალშისაცემი, როდესაც სრულიად ახალი, აქამდე უცნობი ფაქტი, საჯარო ხდება;
6. ჩვენი გუნდის მიზანია ისეთი განცხადებების გადამოწმებაც, რომლებზეც სოციალურ ქსელებში (Facebook, Twitter და ა.შ.) აქტიურად საუბრობენ;
7. არსებობს საკითხები, რომლებიც აუდიტორიის ყურადღებას სულ იქცევენ. საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ასევე ჩვენი გუნდის გამოცდილებით, საქართველოს შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ასეთი საკითხებია: სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ოკუპირებული ტერიტორიები, განათლება, ადამიანის უფლებები, სოციალური დახმარებები, ბიუროკრატიის ხარჯები, სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი, საგარეო ურთიერთობები, და ა.შ.
8. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ისეთი განცხადებები, სადაც გაჟღერებულია სტატისტიკური მონაცემები. მათი გადამოწმება ყოველთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა;
9. „ფაქტ-მეტრი“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ისეთი მცდარი ფაქტების და დეზინფორმაციის გადამოწმებას, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, დააზიანონ დემოკრატიული პროცესები, მათ შორის არჩევნების სანდოობა და რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებენ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესს.
10. ბალანსის დაცვა - მართალია „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსები გადასამოწმებელ განცხადებებს ძირითადად მათში მოყვანილი ფაქტების გამო ირჩევენ, თუმცა ხშირად შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთი პარტიის/პოლიტიკოსის უამრავი განცხადება შეგხვდეს, ხოლო სხვა პარტიის/პოლიტიკოსის - არც ერთი. ბუნებრივია, ამაში ჩვენი ბრალეულობა არ არის, თუმცა მაინც ვცდილობთ, რომ თანაბრად დავფაროთ ყველა პარტია/პოლიტიკოსი და მეტ-ნაკლებად თანაბარი რაოდენობის სტატიები მივუძღვნათ მათ განცხადებებს. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებულ მნიშვნელობას წინასაარჩევნო პერიოდში იძენს;
11. გადასამოწმებელი განცხადების შერჩევისას, „ფაქტ-მეტრის“ მთავარი რედაქტორი და ანალიტიკოსი ზუსტად საზღვრავენ, თუ რას ვამოწმებთ. მაგ. პოლიტიკოსის განცხადება: „თბილისის მერიაში საწვავის ხარჯი 8-ჯერ გაიზარდა, რბილი ავეჯის ხარჯი 2-ჯერ. ასევე, გაზრდილია ბიუროკრატიის ხელფასები და პრემიები. ეს არის გაფლანგული ფული“. ეს განცხადება რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და შესამოწმებელი ციტატები ერთმანეთისგან კარგად უნდა გაიმიჯნოს. მაგალითად, ვამოწმებთ სამივეს ერთად და ვაქვეყნებთ ერთ სტატიას თუ ვწერთ სამ სხვადასხვა სტატიას? ასევე, ვსვამთ კითხვას: შეგვიძლია თუ არა ბოლო ფრაზის - „ეს არის გაფლანგული ფული“ - გადამოწმება? თუ ამას პოლიტიკოსის პირად შეფასებად ჩავთვლით? ამდენად, სტატიაზე მუშაობა მხოლოდ მას შემდეგ იწყება, როცა ზუსტად ვიცით, თუ სად ვეძებთ სიმართლეს.
ნაბიჯი 3: ფაქტის გადამოწმება და სტატიის მომზადება - როცა გადასამოწმებელი საკითხი შერჩეულია, იწყება ახალი, საკმაოდ რთული ეტაპი - ფაქტის გადამოწმება, ანუ Fact-Checking სტატიის მომზადება.
1. განცხადების დაზუსტება - ხშირად გაუგებარია, თუ რა იგულისხმა პოლიტიკოსმა თუ მტკიცების სხვა ავტორმა ცალკეულ განცხადებაში, ან შესაძლოა მოიყვანა იმგვარი ფაქტი, რის წყაროსაც ვერ ვპოულობთ. შესაბამისად, განცხადების ავტორს ვუკავშირდებით და მის მიერ გაჟღერებული ფაქტობრივ ინფორმაციას ვაზუსტებინებთ. აღნიშნული გვეხმარება თავიდან ავიცილოთ კვლევის არასწორი გზით წარმართვა. თუმცა, ამავე დროს, მსგავსი დაზუსტებისას პოლიტიკოსი ან მტკიცების სხვა ავტორი შესაძლოა თავდაპირველი ნათქვამის შელამაზებას ეცადოს. მაგ. თუ ხვდება, რომ ფაქტი შეცდომით დაასახელა, დაზუსტებისას შეიძლება თქვას, რომ მან სხვა რამ იგულისხმა (მისთვის უფრო ხელსაყრელი ფაქტი). ამ დროს რთულია გადაწყვიტო, თუ რომელი განცხადების გადამოწმებას ენიჭება პრიორიტეტი - იმას, რაც პირველად ითქვა, თუ იმას, რაც დაზუსტებისას ითქვა. მართალია, ყოველი კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, თუმცა „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსი მაინც იმ განცხადების გადამოწმებას ცდილობს, რაც საჯაროდ ითქვა, გასაგები მიზეზის გამო - ეს განცხადება ფართო აუდიტორიამ მოისმინა, ხოლო დაზუსტება მხოლოდ „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსმა. შესაბამისად, რეკომენდირებულია, რომ გადამოწმდეს თავდაპირველი განცხადება და მასზე დაყრდნობით შეფასდეს პოლიტიკოსი ან მტკიცების სხვა ავტორი. თუმცა, განმცხადებლის ახსნა-განმარტება, დამატებითი ინფორმაციის სახით, სტატიაში მაინც უნდა აისახოს (იხ. მაგალითი);
2. გადამოწმების შემდეგი ეტაპი ინფორმაციის მოძიებაა. ანალიტიკოსი იყენებს ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას, რაც მას განცხადების გადამოწმებაში დაეხმარება: 1. Google Search, ენციკლოპედიები, სპეციალური ლიტერატურა, სხვადასხვა ორგანიზაციის თუ სახელმწიფო უწყების ანგარიშები/განცხადებები და ა.შ. 2. ე.წ. Deep Web - ანუ, წყაროები, რომლებიც მხოლოდ Google Search-ით ხელმისაწვდომი არ არის. აქ იგულისხმება სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციის ფასიანი ან უფასო მონაცემთა ბაზები. მაგ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს არქივი (www.matsne.gov.ge), ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პორტალი (www.procurement.gov.ge), საქართველოს სტატისტიკის სამსახური (www.geostat.ge), ფინანსთა სამინისტროს პორტალი (www.mof.ge), საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი (www.nbg.ge), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდი (www.ncdc.ge), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პორტალი (www.naprweb.reestri.gov.ge). სახელმწიფო უწყებების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების გარდა, „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსები იყენებენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებსა და ბაზებს, მაგ. www.idfi.ge, www.transparency.ge, სხვ. გარდა ამისა, „ფაქტ-მეტრი“ იყენებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის/ორგანიზაციის მიერ მომზადებულ სარეიტინგო ანგარიშებსა და მონაცემებს, მაგალითად, Economist intelligence unit, Freedom House, Amnesty International, Reporters Without Borders, სხვ. ამასთან, ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობისას ანალიტიკოსები იყენებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, აშშ-სა და ევროკავშირის ჯანდაცვის უწყებების მონაცემებს, ასევე, ეცნობიან შესაბამის კვლევებს წამყვან სამედიცინო ჟურნალებში, მათ შორის, www.thelancet.com, www.nejm.org, სხვ. ასევე, გამოიყენება სხვა მონაცემთა ბაზები: www.data.worldbank.org, www.factcheck.ge/page/database და ა.შ.
3. ამა თუ იმ საკითხში გასარკვევად აუცილებელია ინტერვიუები/კონსულტაციები შესაბამის ექსპერტებთან - ისინი შეიძლება იყვნენ პროსახელისუფლებო, ოპოზიციური ფლანგის ან ნეიტრალური. მათი აზრები საკითხის უკეთ გაგებაში და მის შესახებ თქვენი შეხედულების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ, მაგრამ, ბუნებრივია, ექსპერტთა აზრები უაპელაციოდ არ მიიღება და სტატიაში არ გამოიყენება როგორც ფაქტები; ექსპერტთა ციტირების დროს სტატიაში მიეთითება გადასამოწმებელ საკითხზე მათი პროფესიული კავშირი.
4. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა - როცა ინფორმაცია ინტერნეტში და სხვა მეორად წყაროებში ხელმისაწვდომი არ არის, მათ შესაბამისი უწყებებიდან ვითხოვთ. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მე-40 მუხლის თანახმად, „საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა“.
5. ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, იწყება „ფაქტ-მეტრის“ სტატიის მომზადება, სადაც კონკრეტული საკითხის შესახებ ანალიტიკოსს მოპოვებული აქვს დიდი მოცულობის ინფორმაცია, თუმცა „ფაქტ-მეტრის“ სტატია უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა) 2-3 გვერდს და მკითხველისთვის რაც შეიძლება მარტივად გასაგები უნდა იყოს;
6. „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსები იყენებენ მონაცემთა ვიზუალიზაციის საშუალებებს - გრაფიკები, ცხრილები და ა.შ.
7. სტატიაში გამოყენებული თითოეული ინფორმაცია ყურადღებით გაანალიზებული და რამდენჯერმე გადამოწმებული უნდა იყოს. „ფაქტ-მეტრის“ მთავარი პრინციპი რამდენჯერმე გადამოწმებაა;
8. სტატიაში გამოყენებულ ყველა ფაქტობრივ მონაცემსა თუ სხვა სახის ინფორმაციაზე აუცილებლად ვუთითებთ წყაროს, შესაბამისი ბმულების სახით - „ფაქტ-მეტრის“ უმთავრესი პრინციპი გამჭვირვალობაა. „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსები სტატიის მომზადებისას შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობენ, ანალიზი ეყრდნობოდეს მინიმუმ ორ პირველად წყაროს. როგორც წესი, „ფაქტ-მეტრი“ ფაქტების გადამმოწმებელ სტატიებს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით არ ამზადებს. თუმცა, საგამონაკლისო წესით, თუკი წყაროს იდენტიფიცირების შემთხვევაში უსაფრთხოების რისკი ჩნდება და ამავდროულად, წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია აუცილებელია სტატიის მომზადებისთვის, შესაძლოა ანონიმურ წყაროს გამოყენებით მომზადდეს სტატია. თუმცა, ამ შემთხვევაში, ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ასევე უნდა იყოს მხარდაჭერილი იდენტიფიცირებადი წყაროს მიერ ან სხვა მტკიცებულებით.
9. სტატიის მომზადებისას „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან პერსონალური ინფორმაციის დაცვას, განსაკუთრებით კი, როცა საქმე არასრულწლოვან პირებს ეხებათ. (იხ. მაგალითი 1; მაგალითი 2).
დამატებით, „ფაქტ-მეტრის“ თანამშრომლები ხელმძღვანელობენ „ფაქტ-მეტრის“ გზამკვლევით.
ნაბიჯი 4: საბოლოო დასკვნა და განცხადების ვერდიქტით შეფასება - პრაქტიკაში შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა ტიპის განცხადება. რადგან თითოეული მათგანი ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა ტიპის განცხადებებს შეიძლება წავაწყდეთ უფრო ხშირად და როგორ შევაფასოთ ისინი.
1. განცხადება, პირველ რიგში, შეიძლება იყოს სრულიად ზუსტი და არ აკლდეს მნიშვნელოვანი კომპონენტი;
2. განცხადება შეიძლება იყოს ძირითადად ზუსტი, თუმცა საჭიროებდეს დამატებით განმარტებებს ან დაზუსტებებს. მაგ. რიცხვების დასახელებისას ადამიანები ხშირად ვახდენთ მათ დამრგვალებას. შესაძლოა, 945-ის ნაცვლად პოლიტიკოსმა თქვას 1 000 და ა.შ.
3. „ფაქტ-მეტრი“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს განცხადების კონტექსტს. შესაძლოა, პოლიტიკოსის ან მტკიცების სხვა ავტორის მიერ გაჟღერებული სტატისტიკა ან ფაქტობრივი მონაცემები სწორად იყოს მოყვანილი, თუმცა ისე იყოს გამოყენებული, რომ რეალობა მათ მიღმა გადაიფაროს. მაგ. თუ ვიტყვით, რომ დღეს საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ დაფინანსებულ მოხელეთა ჯამური წლიური ხელფასი 1.7 მილიარდი ლარია და ნეგატიური კონტექსტით მივანიშნებთ, რომ ამდენი თანხა ბიუროკრატიაზე იხარჯება, ამ განცხადებაში რიცხობრივი მონაცემი ზუსტი იქნება, თუმცა არაზუსტია კონტექსტი, რადგან, რეალურად, ამ თანხის არცთუ მცირე ნაწილი იხარჯება ჯარის, პოლიციის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრუქტურების შენახვაზე და არა მხოლოდ ბიუროკრატიაზე. შესაბამისად, ზემოხსენებული თანხის სრულად ბიუროკრატიულ ხარჯად წარმოჩენა არასწორ აღქმას ქმნის;
4. ხშირად საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ერთი ამბის კონკრეტული დეტალის გამოტოვებითაც ხდება. მაგ. თუ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი ამბობს: „ჩვენ შევამცირეთ პრემიები საჯარო სამსახურებში“. შესაძლოა ეს ფაქტი დასტურდებოდეს, მაგრამ ამავე დროს საჯარო სამსახურებში გაზრდილი იყოს სახელფასო დანამატების ოდენობა, თანაც ისე, რომ პრემიების შემცირება გადაფაროს კიდეც. ჯამურად არაფერი არ იცვლება, პირიქით, ბიუროკრატიული ხარჯი იზრდება. ამ შემთხვევაში, კონკრეტული ფაქტის არდასახელებას აუდიტორია შეცდომაში შეჰყავს;
5. მონაცემებისა და სტატისტიკის შერჩევით წარმოდგენა - ეს ის ვითარებაა, როცა ხელსაყრელი სტატისტიკური მონაცემები ნახსენებია, ხოლო ნეგატიური მაჩვენებლები უგულებელყოფილი;
6. ე.წ. ვადაგასული ფაქტები - ისეთი სტატისტიკა ან სხვა სახის ფაქტობრივი მონაცემები, რომლებიც ოდესღაც რელევანტური იყო, მაგრამ არსებული ვითარების აღსაწერად არ გამოდგება;
7. პოლიტიკოსების განცხადებებში არცთუ იშვიათად ისმის ფრაზები აღმატებით ხარისხში, მაგ. საუკეთესო მაჩვენებელი, აქამდე არნახული მიღწევა, ან პირიქით, ყველაზე დაბალი მონაცემი, ანტირეკორდი და ა.შ. როგორც წესი, მსგავსი განცხადებები ხშირად გადაჭარბებულია ხოლმე;
8. ასევე, გვხვდება ცალსახა ტყუილები, რომელთა ამოცნობა და შეფასება შედარებით მარტივია;
9. ხშირად, საჯარო გამოსვლებში ადამიანები უშვებენ უნებლიე შეცდომებს, რომელთა გაანალიზებისას აშკარად ჩანს, რომ მისი ავტორი საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას მიზნად არ ისახავდა, თუმცა მაინც მცდარი ინფორმაცია გაავრცელა;
10. ასევე, ვხვდებით ე.წ. წამოცდენებს (slip of tongue), რის ვერდიქტით შეფასებაც არ ხდება. მაგ. თუ პოლიტიკოსმა შეცდომით მოიყვანა რამდენიმე ფაქტობრივი მონაცემი და შემდეგ ეს შეცდომა იქვე გამოასწორა, ბუნებრივია, თავდაპირველ შეცდომაზე არ უნდა გამოვედევნოთ.
„ფაქტ-მეტრის“ ვერდიქტებია:
✔️ სიმართლე – განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია;
✔️ მეტწილად სიმართლე – განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას;
✔️ ნახევრად სიმართლე – განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა;
✔️ მეტწილად მცდარი – განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა;
✔️ მცდარი – განცხადება არაზუსტია;
✔️ ტყუილი/ყალბი ამბავი – განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია;
✔️ მანიპულირება - განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი არის დამახინჯებული;
✔️ ვერდიქტის გარეშე - განცხადების ვერდიქტით შეფასება შეუძლებელია.
✔️ სატირა - ფაქტი შეიცავს გაზვიადებას, ირონიას, სარკაზმს ან სატირას და აბსურდულია. თუმცა, შესაძლოა რიგითმა ადამიანმა ის სატირად ვერ აღიქვას.
„ფაქტ-მეტრის“ ასევე ამოწმებს, რამდენად თანმიმდევრულები არიან პოლიტიკოსები თავიანთ პოზიციებში.
როდის მოწმდება პოლიტიკოსის მიერ პოზიციის ცვლილება:
1. პოლიტიკოსს საჯაროდ სდებენ ბრალს პოზიციის ცვლილებაში;
2. პოლიტიკოსის მიერ პოზიციის ცვლილებას ამჩნევს „ფაქტ-მეტრი“;
3. მომხმარებელი ითხოვს პოლიტიკოსის პოზიციის შესაძლო ცვლილების გადამოწმებას;
ამ მიმართულებით, ფაქტ-მეტრის ვერდიქტებია:
✔️ პოზიცია შეცვალა - პოზიციის არსებითი ცვლილება; პოზიციის სრული ამოტრიალება;
✔️ პოზიცია არ შეუცვლია - პოლიტიკოსს არსებითად არ შეუცვლია პოზიცია და მის გახმოვანებაში გამოყენებული ტონი;
✔️ პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა - პოლიტიკოსმა ნაწილობრივ შეცვალა პოზიცია და მის გახმოვანებაში გამოყენებული ტონი ან/და ლექსიკა - შეარბილა ან გაამკაცრა; აკეთებს არათანმიმდევრულ განცხადებებს;
ფაქტ-მეტრი არ ახდენს პოზიციის ცვლილების მორალურ შეფასებას ან განსჯას. თუ მოქალაქეთა ერთი ნაწილის შეხედულებით პოზიციის ცვლილება პრინციპებში მერყეობის ან/და მყარი ღირებულებების უქონლობის ნიშანია, სხვათა შეხედულებით ეს კომპრომისზე მზაობისა და პრაგმატიზმის მაჩვენებელია.
როგორც კლასიკური ფაქტჩეკინგის შემთხვევაში, პოზიციის ცვლილების გადამოწმების (FLIP-O-METER) ფარგლებშიც ჩვენი მიზანია საზოგადოებას, უფრო ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად, ხელი შევუწყოთ.
„ფაქტ-მეტრის“ ასევე ამოწმებს, რამდენად სრულდება პოლიტიკოსთა დაპირებები შემდეგი ვერდიქტებით:
არ შესრულდა - დაპირება არ შესრულდა საერთოდ, შესრულდა მნიშვნელოვანი ხარვეზებით (რამაც გამორიცხა დაპირებული საკითხის გადაჭრა/მიზნის შესრულება) ან მის შესასრულებლად/განსახორციელებლად გადაიდგა უმნიშვნელო ნაბიჯები და პროცესი შეწყდა.
ნაწილობრივ შესრულდა -
- დაპირება ნაწილობრივ შესრულდა ან/და შესრულდა დაგვიანებით;
- დაპირების შესასრულებლად მითითებულ ვადაში მხოლოდ მისი ნაწილი შესრულდა, თუმცა პროცესი გრძელდება;
შესრულდა - დაპირება შესრულდა სრულად. შესრულების პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოვლენილა და არ ყოფილა მნიშვნელოვანი დაგვიანება.
პროცესშია - მიმდინარეობს დაპირების შესრულების პროცესი, ხოლო დაპირებისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაპირების შესრულებისთვის საჭირო გონივრული დროა დარჩენილი.
შენიშვნა: ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საკამათო იყოს დაპირების შინაარსის ის ნაწილი, რომელიც დაპირების საჭიროებას, მართებულობას ხდის საკამათოს სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის თუ თეორიის გადმოსახედიდან. „ფაქტ-მეტრი“ აფასებს დაპირების შესრულებას და არ შედის ისეთ განხილვებში, რომლებიც სცდება ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ფარგლებს და იდეოლოგიური / აკადემიური დისკუსიის საგანს წარმოადგენს.
ნაბიჯი 5: სტატიაში მოცემული ინფორმაციის კიდევ ერთხელ გადამოწმება თავად ავტორის მიერ - სტატიის დასრულების შემდეგ ფაქტ-მეტრის ანალიტიკოსები ცდილობენ რამდენჯერმე კრიტიკულად წაიკითხონ ის (ან თხოვონ დახმარება კოლეგებს) და იპოვონ ხარვეზები შემდეგი კითხვების დახმარებით:
1. რამდენად ზუსტად და სწორადაა ამოწერილი ის განცხადება, რომლის გადამოწმებაც გვსურდა?
2. შეგვიძლია თუ - არა ნათლად განმარტოთ, რატომ გადავამოწმეთ ეს განცხადება, რატომ ღირდა ის რესურსების ხარჯვად?
3. სტატიის მომზადებისას გამოყენებული ყველა წყარო გადამოწმებული და მითითებულია?
4. რამდენად მყარი და სანდოა ის არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც კონკრეტული განცხადების სიზუსტე ან უზუსტობა დადგინდა (სტატია უტყუარ ფაქტებს ეყრდნობა თუ უბრალოდ მოსაზრებებს)?
5. რამდენად გასაგებად არის ახსნილი ძირითადი არგუმენტები და ის გზა, რომლითაც საბოლოო დასკვნამდე მივედით?
6. ნათლადაა თუ - არა სტატიაში განმარტებული, რა არგუმენტებზე დაყრდნობით ვანიჭებთ განცხადებას ამა თუ იმ ვერდიქტს?
ნაბიჯი 6: სტატიის გადამოწმება მთავარი რედაქტორის მიერ - როცა „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსი სტატიას ასრულებს, ის ამის შესახებ ატყობინებს „ფაქტ-მეტრის“ მთავარ რედაქტორს, რის შემდეგაც იწყება სტატიის რედაქტირების პროცესი. სტატიის რედაქტირებისას მთავარი რედაქტორი გასცემს როგორც შინაარსობრივ, ისე სტილისტური და ტექნიკური ხასიათის შენიშვნებს ნამუშევრის სრულყოფის მიზნით. ამ პროცესში შესაძლოა სტატია რამდენჯერმე დაუბრუნდეს ავტორს შესაბამისი შენიშვნებით/კომენტარებით, სანამ ის საბოლოო სახეს არ მიიღებს. რედაქტირების ეტაპის შემდეგ, მთავარ რედაქტორსა და სტატიის ავტორს შორის ხდება შეთანხმება სტატიის საბოლოო ვერდიქტზე და სტატია ქვეყნდება „ფაქტ-მეტრის“ საიტზე. თუ ვერ ხერხდება შესაბამისი კონსენსუსის მიღწევა, სტატიის ვერდიქტი განიხილება სარედაქციო საბჭოს [1] მიერ და გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრის გზით.
ნაბიჯი 7: სტატიის გამოქვეყნება ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში - როცა სტატია საბოლოო სახეს მიიღებს, ანუ მის შინაარსზე მთავარი რედაქტორი და ავტორი სრულად თანხმდებიან, ხდება სტატიის ატვირთვა ვებგვერდზე. საბოლოო გამოქვეყნებამდე სტატიას ამოწმებს ტექნიკური რედაქტორი და ცდილობს მის ენობრივ დახვეწას, რათა მკითხველისთვის გასაგები და მარტივად აღსაქმელი იყოს. ტექნიკურ რედაქტორს ასევე აქვს უფლება გამოთქვას შინაარსობრივი შენიშვნებიც, თუკი სტატიაში რაიმე ხარვეზს აღმოაჩენს. ასეთ შემთხვევაში, სტატია კიდევ ერთხელ შეიძლება ჩასწორდეს და საბოლოოდ გამოქვეყნდეს ვებგვერდზე.
ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ, სტატია ზიარდება სოციალურ ქსელებში, მათ შორის Facebook-ზე, Instagram-ზე, Twitter-ზე.
„ფაქტ-მეტრის“ სტატიაში დაშვებული შეცდომების გასწორება
„ფაქტ-მეტრი“ უშვებს, რომ ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება შეცდეს. შესაბამისად, ჩვენ მიერ შემოწმებული განცხადებების ავტორებს (ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს), თუ ისინი არ ეთანხმებიან ჩვენს კვლევასა და დასკვნას, „ფაქტ-მეტრი“ სთავაზობს მათი შენიშვნებისა და არგუმენტების წარმოდგენას. ჩვენი გუნდი აანალიზებს შენიშვნებს და არგუმენტების სისწორის შემთხვევაში, განაახლებს ან შეასწორებს კვლევასა და ვერდიქტს.
განახლება - იმ შემთხვევაში, თუ სტატიას/კვლევას ემატება მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მანამდე კვლევაში არ ჩანდა, თუმცა ის არ ცვლის ვერდიქტს, ჩვენ სტატიას განვაახლებთ.
შესწორება - იმ შემთხვევაში, თუ სტატიას დაემატება ინფორმაცია, რომელიც ცვლის ვერდიქტს, ჩვენ სტატიას შევასწორებთ.
განახლებულ თუ შესწორებულ სტატიას თვალსაჩინო ადგილას მიეთითება, თუ ვისი თხოვნით ან რა არგუმენტის გამო განახლდა/შესწორდა ის. აგრეთვე, მსგავსი სტატიები ხელახლა ქვეყნდება „ფაქტ-მეტრის“ ვებ და სოციალური მედიისგვერდებზე. იმ შემთხვევაში თუკი ორიგინალ პუბლიკაციაში შეუძლებელი ცვლილების შეტანა (მაგ. FactCheck.ge-ის Twitter-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია), ხელახლა გამოქვეყნდება მასალა იმავე ფორმატითა და არხით, როგორც ორიგინალი, და თვალსაჩინოდ მიეთითება შეტანილი ცვლილებები.
დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოაგზავნოს დასაბუთებული მოსაზრება შემდეგ იმეილზე [email protected], ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე (https://www.facebook.com/Factcheck.ge/). შემოსულ წერილს „ფაქტ-მეტრის“ სარედაქციო საბჭო [1] სტატიას ავტორთან ერთად განიხილავს.
აღნიშნული აქტივობა „ფაქტ-მეტრის“ ობიექტურობისა და სრული პოლიტიკური ნეიტრალურობის პრინციპის დაცვას ემსახურება.
ონლაინ სივრცეში გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გადამოწმება
„ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების განცხადებების გარდა, ასევე ამოწმებს სოციალურ ქსელსა და ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მტკიცებებს. 2020 წლის სექტემბრიდან, „ფაქტ-მეტრი“ Meta-ს (ფეისბუქის) ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორია. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში მეტა მის პლატფორმებზე გავრცელებულ სავარაუდო ყალბი ამბებისა და არასწორი ინფორმაციის შემცველ ბმულებს აწვდის ორგანიზაციას. გარდა ამისა, „ფაქტ-მეტრი“ Meta-ს ანალიტიკური ხელსაწყოს CrowdTangle-ის დახმარებით ამონიტორინგებს Meta-ს პლატფორმებზე გავრცელებულ ინფორმაციას (ტექსტურ, ფოტო და ვიდეო მასალას). ასევე, „ფაქტ-მეტრი“ მკითხველების მიერ გამოგზავნილ ბმულებსაც ამოწმებს. როგორც Meta-სა და მკითხველის მიერ მოწოდებულ, ასევე „ფაქტ-მეტრის“ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი განცხადებების გადასამოწმებლად შერჩევისას შემდეგი კრიტერიუმები გაითვალისწინება: 1) გადამოწმებადია თუ არა კონკრეტული მტკიცება; 2) საზოგადოებისთვის გადასამოწმებელი ინფორმაციის მნიშვნელობა და აქტუალობა; 3) მტკიცების გავრცელებადობა და მისი შესაძლო გავლენა საზოგადოებაზე.
ინფორმაციას, რომელსაც „ფაქტ-მეტრი“ყალბად აფასებს, Facebook-ი საინფორმაციო ველის (News feed) ქვედა ნაწილში ათავსებს. ეს ნიშანდობლივად ამცირებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და, ასევე, მცირდება იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომლებსაც, შესაძლოა, დეზინფორმაცია მიეწოდოს. Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში შესწორებისა და გასაჩივრების პოლიტიკა ხელმისაწვდომია აქ - შესწორებისა და გასაჩივრების გზამკვლევი. შემოსულ შესწორებებსა და საჩივრებს განიხილავს სარედაქციო საბჭო და ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას.
[1] სარედაქციო საბჭო შედგება სამი რედაქტორისგან: მთავარი რედაქტორი, ფეისბუქის ფაქტების გადამოწმების პროგრამული მიმართულების რედაქტორი და მმართველი რედაქტორი. სარედაქციო საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება 2 ხმით.
ფაქტ-მეტრის მუშაობის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე (https://www.facebook.com/Factcheck.ge/), ელ. ფოსტაზე ([email protected]), ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: +(995 32) 2 30 90 25; +(995 32) 2 22 29 13
ბოლო განახლება - თებერვალი, 2023