სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ნინო ნინო“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან, კამალა ჰარისთან დაკავშირებით, რომელიც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილება, რამდენიმე ფოტოსა და ვიდეოსგან შემდგარ კოლაჟს ავრცელებს შემდეგი მტკიცებით: „თავად ტაკერ კარლსონმა მიუძღვნა გადაცემა, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის ბო*ობის ფაქტებს. უბრალო მეძავი არ გეგონოთ, წვეულებებზე ელიტების ბო*ი ყოფილა“.

მტკიცება სხვადასხვა ენაზე ვირუსულად გავრცელდა. ინფორმაცია ინგლისურენოვანმა ავტორიტეტულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Logically Facts-მაც გადაამოწმა და ყალბ ამბად შეაფასა.

განვიხილოთ ფოტოები თანმიმდევრობით.

პირველ ფოტოზე ორი ქალი ჩანს. ერთ-ერთი მათგანის სახე წითლადაა შემოხაზული, რითაც დეზინფორმატორები მიუთითებენ, რომ ფოტოზე კამალა ჰარისია გამოსახული. სურათზე ქალის სახე არ ჩანს, ხოლო თმის სტილი კამალა ჰარისის 80-იანი წლების ვარცხნილობას არ ემთხვევა. ფოტო გადაღებულია ნიუ-იორკში, ქუჩის ფოტოგრაფის, მეტ ვებერის მიერ, 1988 წელს. ამ დროს კამალა ჰარისი კალიფორინიის უნივერსიტეტში, სან-ფრანცისკოში, ჰასტინგსის სამართლის კოლეჯში სწავლობდა, რომელიც 1989 წელს დაამთავრა. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის პარალელურად 4000-ზე მეტი კილომეტრით დაშორებულ ნიუ-იორკში სექსმუშაკი ყოფილიყო, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ აღნიშნულის ან სურათზე კამალა ჰარისის ყოფნის დამდასტურებელი არავითარი მტკიცებულება წარმოდგენილი არაა. გარდა ამისა, 1989 წლის გამოსაშვები ღონისძიების ფოტო აჩვენებს, რომ 1980-იანი წლების ბოლოს ჰარისი ბევრად მოკლე თმას ატარებდა.

Logically Facts ფოტოგრაფს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ფოტოზე კამალა ჰარისი არ არის. ფოტოფრაგ მეტ ვებერის განცხადებით, „ეს არ არის კამალა და ამ სურათის მყისიერი გამოქვეყნება სასოწარკვეთის მაგალითია“.

რაც შეეხება ვიდეოს, რომლითაც Facebook-მომხმარებელი ამტკიცებს, რომ კამალა ჰარისი „ელიტებს“ სექსუალურ მომსახურებას უწევდა, ვიდეოზე კამალა ჰარისი ტელეწამყვან მონტელ უილიამსთან და მის შვილთან ეშლი უილიამსთან ერთად ჩანს. უილიამსი და ჰარისი 2000-იანების დასაწყისში ერთმანეთს ხვდებოდნენ. ვიდეო გამოცემა Inside Edition-დან არის აღებული და გადაღებულია 2001 წელს, ლოს-ანჯელესში, Race to Erase MS-ის რიგით მერვე ყოველწლიურ ღონისძიებაზე. უილიამსს ხელი აქვს ჩაკიდებული თავისი შვილისთვის და კამალა ჰარისისთვის და ფოტოებს იღებენ. მსგავს მტკიცებებს ჯერ კიდევ 2019 წელს მონტელ უილიამსი თავად გამოეხმაურა X-ზე (წარსულში Twitter-ი). ის წერს, რომ ჰარისს 20 წლის წინ ცოტა ხნის განმავლობაში ხვდებოდა და მას დიდ პატივს სცემს. შესაბამისად, აღნიშნული ვიდეო არ ასახავს, რომ კამალა ჰარისი „ელიტებს“ სექსუალურ მომსახურებას უწევდა, არამედ ასახავს, რომ ის მონტელ უილიამსთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ურთიერთობაში იყო.

შემდეგი ვიდეო კი წარმოაჩენს, თითქოს კამალა ჰარისი გაურკვევლად საუბრობს. ვიდეოში ის თითქოს ამბობს: „დღეს ეს დღესაა. ხოლო გუშინ ჩვენთვის იყო დღეს, ხვალ კი დადგება ჩვენთვის დღეს, მაგრამ ხვალ. და მოდით დღეს ვიცხოვროთ ისე, რომ დღევანდელი მომავალი იყოს თქვენთვის გუშინდელი დღესავით, მხოლოდ ხვალ“. აღნიშნული ვიდეო „ფაქტ-მეტრმა“ გასულ წელს გადაამოწმა. ვიდეო რედაქტირებულია და შესაბამისად, ჰარისის გამოსვლის ორიგინალი ტექსტიც განსხვავებულია. ორიგინალი ვიდეო კამალა ჰარისის სტუდენტებთან 2023 წლის 25 აპრილის შეხვედრიდანაა აღებული, როდესაც მათ რეპროდუქციული უფლებებისთვის ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში მიმართა. აუდიტორიის წინაშე 25-წუთიანი გამოსვლისას, კამალა ჰარისმა აბორტთან დაკავშირებით ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ ქალის უფლებაა, თავად მიიღოს საკუთარ სხეულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ამ კონტექსტში, კამალა ჰარისმა გააჟღერა შემდეგი ფრაზა: „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის - როგორც არაჩვეულებრივი ლიდერებისგან გსმენიათ - დროის ყოველ მომენტში, და განსაკუთრებით ახლა, დავინახოთ ის მომენტი, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ და შევძლოთ მისი კონტექსტუალიზაცია, იმის გაგება, თუ სად ვართ ისტორიაში, რადგან ეს ეხება არა მხოლოდ წარსულს, არამედ მომავალსაც“. სოციალურ ქსელში, სწორედ მოცემული მონაკვეთის გაყალბებული ვერსია ვრცელდება, რომელსაც ორიგინალი აუდიოვერსია შეცვლილი აქვს.

შესაბამისად, გავრცელებული მტკიცებები ყალბია და კამალა ჰარისის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. კამალა ჰარისის წინააღმდეგ მადისკრედიტებელი ყალბი ინფორმაციების გავრცელება აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 21 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საარჩევნო მარათონს ეთიშება, კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს.

--------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია