სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ბოლო ჟამის ქრისტიანები, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ვიდეოს ავრცელებს. ავტორის მტკიცებით, ვიდეოში წარმოდგენილი ქალბატონი, რომელიც „კოსმოსის კადრებს“ მწვანე ფონზე იღებს, NASA-ს კოსმონავტია. ავტორის თანახმად, კადრები იმის მტკიცებულებაა, რომ ყველაფერი, რასაც კოსმოსთან და კოსმონავტებთან დაკავშირებით ვხედავთ, სხვა არაფერია თუ არა ტყუილი და სიყალბე. რეალურად, ვიდეოში NASA-ს ასტრონავტი აღბეჭდილი არ არის. ვიდეო „ბრტყელი დედამიწის“ კონსპირაციის თეორიის მიმდევრებმა საკუთარი YouTube-არხისთვის გადაიღეს.

ვიდეო პირველად 2021 წლის 5 ივლისს „ბრტყელი დედამიწის“ კონსპირაციის თეორიის მიმდევართა YouTube-არხზე გამოჩნდა (ვიდეოს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე). ვიდეოში აღბეჭდილი ქალი არა კოსმონავტი, არამედ კონსპირაციის თეორიის მიმდევარი პეიჯ ვინდლია. იგი ვიდეოს პოდკასტ „ბრტყელი დედამიწის“ შემქმნელ დევიდ ვეისთან ერთად იღებს.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ვიდეო აქამდეც გამოქვეყნებულა, ყალბი მტკიცებით, თითქოს მასზე ასტრონავტი კარენ ნინბერგია ასახული (იხილეთ 1, 2, 3, 4). მას „ბრტყელი დედამიწის“ თეორიის მიმდევრები ხშირად ავრცელებენ იმის დასამტკიცებლად, რომ NASA კოსმოსურ ფრენებს აყალბებს.

ვიდეოს გავრცელებას მისი შემქმნელი ჯერ კიდევ 2022 წელს გამოეხმაურა. ის TikTok-პლატფორმაზე ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოს აზიარებს და წერს, რომ „კარენ ნინბერგი კოსმოსის გამყალბებელი თაღლითია“, თუმცა ვიდეოში აღბეჭდილი ქალი ის არ არის და ხალხს მტკიცების გავრცელების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ბრტყელი დედამიწის“ კონსპირაციის თეორიის მიმდევრებს სჯერათ, რომ დედამიწა ბრტყელი და სტატიკურია. სწორედ ამიტომ უპირისპირდებიან ყველაფერს, რაც მათ წარმოდგენებს საეჭვოს გახდიდა. თეორიის მიმდევართა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა კონსპიროლოგთა მტკიცებით, ისინი მილიონობით არიან.

ვიდეოს ვირუსულ გავრცელებას გამოეხმაურნენ ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციებიც, PolitiFact, USA Today, Open.online. UsaToday-სთან ინტერვიუში დევიდ ვეისმა აღნიშნა, რომ ვიდეო მხოლოდ ხუმრობა იყო. მისი თქმით, კადრები ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც TikTok-პლატფორმაზე მცდარი მტკიცებით გავრცელდა, თითქოს მასზე ასტრონავტი კარენ ნინბერგია ასახული.

დევიდ ვეისმა PolitiFact-თან ასევე აღნიშნა, რომ ვიდეო მხოლოდ დემონსტრაცია იყო იმისა, თუ როგორ მუშაობს მწვანე ეკრანი. ვეისის მტკიცებით, ვიდეოში დიალოგის მოსმენაც ნათელს ხდის, რომ მასში მოქმედი პირები ბუნებრივები არიან და თავის სხვა ადამიანებად მოჩვენებას არც კი ცდილობენ.

ამგვარად, გავრცელებულ ვიდეოში არა NASA-ს კოსმონავტი, არამედ „ბრტყელი დედამიწის“ კონსპირაციის თეორიის მიმდევარი პეიჯ ვინდლია ასახული. აღნიშნული ვიდეო სახუმარო ხასიათისაა და შემქმნელებმა საკუთარი YouTube-არხისთვის გადაიღეს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.