Facebook-მომხმარებელმა სოციალურ ქსელში 28 აპრილს ვიდეო გაავრცელა, რომელშიც თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის კადრები ჩანს. პოსტის ავტორი აღწერაში ავრცელებს მტკიცებას, თითქოს ვაქცინამ ერდოღანის გულის პრობლემები გამოიწვია, კოვიდვაქცინა კი აფერა და სამყაროს დეპოპულაციის გეგმაა.
„ამ ვაჟს გულზე აქვსო პრობლემები არა??? ზოგჯერ ვფიქრობ, თუ კი მე, უბრალო მოკვდავმა ინფორმაცია მოვიძიე, ლოგიკურად გავაანალიზე რაღაცეები და მალევე მივხვდი რამხელა აფიორა და სამყაროს მოსახლეობის დეპოპულიზაციის გეგმა იყო ეს შხამი ვაქცინა, განათლებული ადამიანები, პრეზიდენტები ვერ აცნობიერებენ ამას? თურმე ვერა“, - წერია პოსტის აღწერაში.
ცნობისთვის, 27 აპრილს პირდაპირი სატელევიზიო ინტერვიუს დროს რეჯეპ ტაიპ ერდოღანი შეუძლოდ ნამდვილად გახდა, თუმცა ამის მიზეზი, არა გულის პრობლემები, არამედ მისივე განცხადებით, ვირუსული გასტროენტერიტია.
შემთხვევიდან რამდენიმე საათში თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალტუნმა უარყო მტკიცებები, თითქოს ერდოღანს მიოკარდიული ინფარქტი ჰქონდა და მათ უსაფუძვლო უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ერდოღანის ჯანმრთელობის შესახებ სპეკულაციები ხშირად ვრცელდება. მას შემდეგ, რაც 2011 წლის ნოემბერში მან საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ოპერაცია გაიკეთა, რასაც 2012 წლის თებერვალში მცირე ოპერაცია მოჰყვა, თურქულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ერდოღანს მსხვილი ნაწლავის კიბო ჰქონდა. ინფორმაცია ერდოღანმა თავადვე უარყო.
ამდენად, თურქეთის პრეზიდენტი შეუძლოდ არა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინისგან გამოწვეული გულის პრობლემების, არამედ ვირუსული გასტროენტერიტის გამო გახდა. საჭმლის მომნელებელი სისტემასთან დაკავშირებით პრობლემები კი ერდოღანს წარსულშიც ჰქონდა.
ცნობისთვის, მტკიცებები, თითქოს კოვიდვაქცინა სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტს იწვევს და ის მოსახლეობის დეპოპულაციის გეგმას წარმოადგენს, ანტივაქსერული კამპანიის ნაწილია. „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ დეზინფორმაციულ და კონსპირაციულ გზავნილებს წარსულში არაერთხელ გამოეხმაურა (იხილეთ ბმული 1; 2; 3; 4, 5, 6, 7, 8, 9)
სინამდვილეში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში დაავადების გართულების, შესაბამისად, სიკვდილის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამდენად, ვაქცინების დანიშნულება არა სიკვდილიანობის ზრდა და მოსახლეობის შემცირება, არამედ სიცოცხლის გადარჩენაა.
ასევე დეზინფორმაციულია მტკიცება, თითქოს ვაქცინა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს, მათ შორის - მიოკარდიულ ინფარქტს, იწვევს.
სინამდვილეში, Covid-19-ის ინფექცია გაცილებით უფრო მწვავე მიოკარდიტს იწვევს, ვიდრე ვაქცინა. CDC-ის (დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრების) თანახმად, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისაგან გამოწვეული მიოკარდიტის რისკი დაბალია, ხოლო მისი სიმპტომები მსუბუქი. ამასთანავე, ვაქცინაციის შემდგომ მიოკარდიტის გამოწვევის შემთხვევაში, იგი იოლი ფორმით ხასიათდება და მკურნალობას სრულად ექვემდებარება. ამის საპირისპიროდ, Covid-19-ით დაინფიცირება მიოკარდიტის ძლიერი და მნიშვნელოვანი გამომწვევი ფაქტორია. ამდენად, Covid-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინის სარგებელი მკვეთრად გადაწონის მიოკარდიტის გამომწვევ რისკებს და ადამიანების Covid-19-ით ინფიცირებისაგან დასაცავად მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს, რომელიც - თავის მხრივ, მიოკარდიტის უფრო ხშირ და მწვავე ფორმას იწვევს.
ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
-------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.