Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს” აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2), მორიგ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს(არქივირებულიბმული). მტკიცების თანახმად, mRNA ვაქცინებით აცრის შედეგად 26,6 მილიონი ადამიანი დაშავდა, რაც ამერიკის ეკონომიკას 150 მილიარდ დოლარამდე დაუჯდა.

აღნიშნული მტკიცება 2023 წლის 28 მარტს ახალი ამბების სააგენტო Zerohedge-მა გაავრცელა, რომელიც mediabiasfactcheck-ის (მედიების და გამოცემების სანდოობის და გამჭვირვალობის გადამმოწმებელი გამოცემა) მიხედვით, ულტრამემარჯვენე, მიკერძოებულ, კონსპირაციების გამავრცელებელ ვებგვერდს წარმოადგენს. აღნიშნულ ვებგვერდზე ყალბი ინფორმაცია ხშირად ქვეყნდება და ისინი დამოუკიდებელ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს არაერთხელ გადაუმოწმებიათ (1,2,3,). აშშ-ის დაზვერვის თანახმად, ZeroHedge რუსულ პროპაგანდასაც ხშირად ავრცელებს.

Zerohedge-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: „ახალი ანგარიშის მიხედვით, 26,6 მილიონი ადამიანი დაშავდა, 1,36 მილიონი ინვალიდი და 300,000 ჭარბი სიკვდილი შეიძლება მიეწეროს მხოლოდ 2022 წლის COVID-19 ვაქცინის ზიანს, რაც ეკონომიკას $150 მილიარდი დაუჯდა“. სტატია ძირითადად კვლევითი ორგანიზაცია Phinance Technologies-სა და აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს (BLS) მონაცემებს ეყრდნობა.

Zerohedge-ის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია დამოუკიდებელმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Leadstories-მა გადაამოწმა.

აღმოჩნდა, რომ რეალურად, ინფორმაცია, თითქოს Covid-19-ის ვაქცინებით აცრის შედეგად 26,6 მილიონი ადამიანი დაშავდა და ვაქცინებით გამოწვეული ადამიანური ზიანი აშშ-ს 150 მილიარდ დოლარამდე დაუჯდა, ყალბია და ის მეცნიერულ მტკიცებულებებსა და ოფიციალურ მონაცემებს არ ეფუძნება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემების თანახმად, ვაქცინაციის დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში ვაქცინაციის წყალობით დაახლოებით 25,32 მილიონი ინფიცირების, 1,38 მილიონი ჰოსპიტალიზაციისა და 213,000 სიკვდილის შემთხვევა იქნა თავიდან აცილებული. CDC-ის მიხედვით, ვაქცინაციის მიერ მოტანილი საერთო ეკონომიკური სარგებელი 2,95 ტრილიონ აშშ დოლარად ფასდება, რაც სიკვდილიანობის (2,45 ტრილიონი აშშ დოლარი), ჰოსპიტალიზაციისა (354,14 მილიარდი აშშ დოლარი) და ინფიცირების შემთხვევების (139,96 მილიარდი აშშ დოლარი) შემცირებას უკავშირდება.

გავრცელებულ ინფორმაციას ჯანმრთელობის უსაფრთხოების გლობალური ცენტრის საერთაშორისო პროგრამებისა და ინოვაციების დირექტორი, დოქტორი ლოულერიც გამოეხმაურა. ლოულერმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციის შედეგად დაშავებულების შესახებ გავრცელებული მონაცემები არაზუსტია. მისი თქმით, Zerohedge ვაქცინებთან დაკავშირებულ გვერდით მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემის - VAERS-ს მონაცემებს ეყრდნობა, ხოლო ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, მხოლოდ VAERS-ის ანგარიშზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის დადგენა, რაიმე გვერდითი მოვლენა უშუალოდ ვაქცინის გამოწვეულია, თუ - არა.

ლოულერის თქმით, ჭარბი სიკვდილიანობის აღმნიშვნელი რიცხვები (300,000 გარდაცვლილი), რომლებსაც ვაქცინაციას მიაწერენ, რეალურად, 2021 წლიდან მოყოლებული დღემდე აშშ-ში დაფიქსირებულ ჭარბ სიკვდილიანობის ერთობლივ მაჩვენებელს წარმოადგენს. 2020 წლიდან ჭარბი სიკვდილიანობა აშშ-ში Covid-19-ის ვირუსის გავრცელებას და არა კორონავირუსის ვაქცინას უკავშირდებოდა. „კვლევები აჩვენებს, რომ COVID-ის ვაქცინებით აცრა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის მნიშვნელოვან შემცირებას იწვევს…2023 წლის იანვრის მდგომარეობით, ჩანს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმ ადამიანებში, რომლებიც არ იყვნენ ვაქცინირებული, რვაჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც „ბივალენტური ბუსტერით” აიცრნენ”, – წერს ლოულერი.

რაც შეეხება წყაროებს, რომლებსაც Zerohedge ეყრდნობა, აღსანიშნავია, რომ Phinance Technologies-ს ექსპერტიზა მედიცინასა და ეპიდემიოლოგიაში არ აქვს. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციის გუნდის წევრები ფიზიკის, მათემატიკისა და ფინანსების ექსპერტები არიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ Leadstories-თან მიმოწერაში აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურომ მისი კავშირი Zerohedge-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან უარყო.

ამდენად, გავრცელებული მტკიცება, რომ ვაქცინაციის შედეგად მილიონობით ადამიანი დაშავდა და აშშ-ის ეკონომიკას 150 მილიარდ აშშ დოლარამდე ზარალი მიადგა, ყალბია. CDC-ის თანახმად, ვაქცინებთან დაკავშირებული საერთო ეკონომიკური სარგებელი 2,95 ტრილიონ აშშ დოლარად ფასდება, ხოლო ვაქცინაციის შედეგად 25,32 მილიონი ინფიცირების, 1,38 მილიონი ჰოსპიტალიზაციისა და 213,000 სიკვდილის შემთხვევა იქნა თავიდან აცილებული.

-------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.