იტვირთება

სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ არაერთი ყალბი ამბავი კამპანიურად ვრცელდება. პანდემიის პირობებში აღნიშნული დეზინფორმაციული გზავნილები საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს, საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ქვეყნის ნორმალურ პირობებში დაბრუნებას საფრთხეს უქმნის. ამდენად, „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული ყალბი ამბების შესახებ გადამოწმებულ ინფორმაციას მკითხველს კიდევ ერთხელ აწვდის.

მტკიცება: COVID-19-ის პანდემია არ არსებობს და გამოგონილია, პანდემიის გამოცხადების საჭიროება არ იდგა, რადგან მსოფლიო მოსახლეობის 5% არ დაინფიცირებულა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

დღემდე სხვადასხვა ტიპის შეთქმულების თეორია ვრცელდება, რომელთა თანახმადაც ვირუსი არ არსებობს და პანდემია გამოგონილია. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“ (ჯანმო) 2020 წლის 11 მარტს კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. მათივე განმარტებით, პანდემია ცხადდება მაშინ, როცა მსოფლიო მასშტაბით ახალი დაავადება სწრაფად ვრცელდება და მის საწინააღმდეგოდ ადამიანთა დიდ ნაწილს იმუნიტეტი არ გააჩნია. პანდემიის გამოსაცხადებლად 5%-იანი ზღვარი ან ინფიცირებულთა კონკრეტული რიცხვი არაა განსაზღვრული. 11 მარტისთვის კი COVID-19-ის პანდემიად მიჩნევისთვის ორივე ფაქტორი არსებობდა: მსოფლიო მასშტაბით 114 ქვეყანაში, 118 000-ზე მეტი დაინფიცირების და 4291 გარდაცვალების ფაქტი, ხოლო ინფიცირების შემთხვევები დედამიწის ყველა კონტინენტზე (ანტარქტიდის გარდა) დაფიქსირდა. დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

მტკიცება: COVID-19-ის ვაქცინები COVID-19-ით ინფიცირებას იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

რეალურად, არცერთი ავტორიზებული და რეკომენდებული COVID-19-ის ვაქცინა ცოცხალ ვირუსს, რომელიც დაინფიცირებას იწვევს, არ შეიცავს. ეს ნიშნავს, რომ COVID-19-ის ვაქცინას დაინფიცირების უნარი არ აქვს. ვაქცინა იმუნურ სისტემას ასწავლის, როგორ ამოიცნოს და ებრძოლოს ვირუსს. ჩვეულებრივ, ვაქცინაციის შემდეგ, ორგანიზმს ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის რამდენიმე კვირა სჭირდება. ამ პერიოდში, ანუ ანტისხეულების გამომუშავებამდე, შესაძლოა, ორგანიზმში ვირუსი შეიჭრას და ადამიანი დაინფიცირდეს. ეს არ ნიშნავს, რომ დაინფიცირება ვაქცინაციის შედეგად მოხდა.

მტკიცება: ვაქცინირებული ადამიანებიც ინფიცირდებიან, შესაბამისად აცრას აზრი არ აქვს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ვაქცინაცია 100%-იან დაცვას არ გულისხმობს. SARS-COV-2-ის ვირუსი დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის და ახალი ვარიანტები წარმოიქმნება. ახალ შტამებზე კოვიდვაქცინების ეფექტიანობა შედარებით შემცირებულია, თუმცა დაავადების მძიმე გართულების და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, რაც შესაბამისი კვლევებით დასტურდება. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით „ყველა ავტორიზებული ვაქცინა გვიცავს დაავადების მძიმე გართულებისგან და სიკვდილისგან, ყველა შტამის შემთხვევაში. ვაქცინირებულ მოსახლეობაში ტრენდს თუ დავაკვირდებით, სადაც ახალი შტამებით ინფიცირება მზარდია, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი 80%-დან 90%-მდეა“. ამრიგად, მტკიცება, რომ ვაქცინა არ გვიცავს, არის მცდარი. აცრის შემდეგ COVID-19–ით დაინფიცირების შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს, თუმცა ასეთი შემთხვევები შედარებით მცირეა და ინფიცირებული ადამიანების სიმპტომებიც უფრო მსუბუქია. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

მტკიცება: ვაქცინირებული ადამიანი კორონავირუსს უფრო რთულად გადაიტანს, ვიდრე არავაქცინირებული

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

რეალურად, კოვიდვაქცინაცია სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, ადამიანმა ვირუსი მარტივად, გართულებების გარეშე გადაიტანოს. თავის მხრივ, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებითაც, ვაქცინაცია ადამიანს ვირუსის მსუბუქი ფორმით გადატანაში ეხმარება. მისი თქმით, ყველა ვაქცინირებულ ადამიანს შესაძლებელია, დაავადება მსუბუქი ფორმით დაემართოს ან ის იყოს მექანიკური გადამტანი და სრულიად ასიმპტომური მატარებელი. თუ ადამიანი არის ვაქცინირებული, მათ შორის ორჯერადად ვაქცინირებულიც კი, შესაძლებელია, მსუბუქი დაავადება განუვითარდეს, მაგრამ ის დაცულია სიკვდილისა და ინტუბაციისგან“. შესაბამისად, აშკარაა, რომ ვაქცინირებული ადამიანები დაინფიცირებისას დაავადების რთული ფორმისგან უფრო მეტად არიან დაცულები, ვიდრე არავაქცინირებულები.

მტკიცება: პანდემიის დროს ვაქცინაცია ახალი შტამების გაჩენას უწყობს ხელს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მიუხედავად იმისა, რომ SARS-CoV-2 დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის, ვაქცინაციის შეწყვეტა ვირუსის ახალი ვარიანტების წარმოქმნის შეჩერების საშუალებას არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, ვაქცინაციის შეწყვეტა ვირუსს თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობას, ახალი მუტაციების გამოწვევას და უფრო საშიში ვარიანტების წარმოქმნას შეუწყობს ხელს. როგორც ედინბურგის უნივერსიტეტის გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორმა დევი შრიდჰარმა განაცხადა: „რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით უფრო იზრდება ალბათობა იმისა, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადოს და ახალი ვარიანტები გაჩნდეს, რამაც შეიძლება ჩვენი დღევანდელი ვაქცინები არაეფექტური გახადოს“. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ვირუსის ახალი ვარიანტების უმრავლესობა ვაქცინაციის მასობრივი კამპანიების დაწყებამდე აღმოაჩინეს. სწორედ ამიტომ მეცნიერები კორონავირუსის მუტაციისთვის ხელსაყრელი გარემოს გაქრობისა და ვირუსის გავრცელების შემცირებისთვის, საყოველთაო ვაქცინაციის სწრაფად განხორციელებასა და მოკლე დროში მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ადამიანის აცრის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.

მტკიცება: ვაქცინირებული ადამიანები ორ წელიწადში გარდაიცვლებიან

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

აღნიშნულ მტკიცებას, ხშირად, ნობელის ლაურეატს ლუკ მონტანიეს მიაწერენ. მიუხედავად იმისა, რომ თავად მონტანიეს ვაქცინასთან და პანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია არაერთხელ გაუჟღერებია, მას არ უთქვამს, რომ კოვიდვაქცინები ორ წელიწადში ადამიანების გარდაცვალებას გამოიწვევს. კოვიდვაქცინების შემჭიდროებულ ვადებში შექმნის მიუხედავად, მათ კვლევისთვის საჭირო არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. კოვიდვაქცინებმა შესაბამისი კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარეს, რის საფუძველზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების (EMA, FDA) მიერ, ავტორიზაცია მიენიჭათ. მათი ეფექტურობა პრაქტიკაშიც გამოჩნდა, რადგან მათი საშუალებით ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. ვრცლად აღნიშნული საკითხის შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1; ბმული 2).

მტკიცება: COVID-19-ის ვაქცინები სხვადასხვა დაავადებას იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს, რომ COVID-19-ის ვაქცინა სხვადასხვა დაავადებას იწვევს. გლობალურად ვაქცინაციის მონიტორინგის პროცესმა აჩვენა, რომ კოვიდვაქცინები ძალზე უსაფრთხოა. ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, მათ შორის ვაქცინას, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. COVID-19-ის ვაქცინით აცრის შემდეგ, შესაძლოა, მსუბუქი ეფექტები გამოვლინდეს, როგორიცაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება. ყველაზე ძლიერი გვერდითი ეფექტი, რაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს, ანაფილაქსიური ალერგიული რეაქციების განვითარებაა. თუმცა მსოფლიოში გამოყენებული სხვადასხვა ვაქცინის შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ ვაქცინის კომპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია. ასევე, დაფიქსირებულია თრომბოემბოლიის შემთხვევები, რომლებიც Johnson & Johnson -სა და AstraZeneca/ Vaxzevria-ს ვაქცინებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, როგორც Johnson & Johnson, ისე AstraZeneca-ს ვაქცინით თრომბის განვითარების რისკი მინიმალურია - AstraZeneca-ს შემთხვევაში- 0.0004%, ხოლო Johnson & Johnson-ის - მილიონში ერთზე ნაკლები. იმის გათვალისწინებით, რომ რისკი მინიმალურია და სარგებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე შესაძლო გვერდითი რისკები, კონკრეტული ვაქცინებით იმუნიზაციის პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ვაქცინასთან დაკავშირებული რაიმე გვერდითი მოვლენა აცრიდან დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში ფასდება, რადგან შემდეგ ვაქცინა უკვე ადამიანის ორგანიზმში აღარაა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

მტკიცება: ვაქცინები „უძლიერეს ნეიროტოქსინს“ „სპაიკ ცილას“ შეიცავს, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ყველა ორგანოში აღწევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ახალი, ი-რნმ ტექნოლოგიით დამზადებულ ვაქცინებში შემავალი ინფორმაციული რნმ ვაქცინირებულის უჯრედებს აწვდის ინფორმაციას როგორ წარმოქმნას წვეტოვანი ცილა და შემდეგ ნეიტრალდება. თავად ვაქცინა „წვეტოვან ცილას“ არ შეიცავს, ხოლო ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი „სპაიკ ცილა“ ადამიანის ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამასთან, ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებულ წერილში განმარტა, რომ სისხლში გადასული ვაქცინის წილი ძალიან მცირეა და ღვიძლის ფერმენტების მიერ ნადგურდება: „როგორც დადგინდა, ვაქცინაში არსებული ი-რნმ, რომელიც ლიპიდური ნანონაწილაკების შიგნითაა მოქცეული, ვაქცინაციის შემდეგ ძირითადად ინექციის ადგილას რჩება და მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეიძლება მიაღწიოს სხვა ქსოვილებამდე, მაგალითად, ღვიძლამდე… ცხოველებზე ჩატარებული პრეკლინიკური კვლევების დროს ვაქცინის გარკვეული ნაწილის სხვა ქსოვილებში გადასვლის შემთხვევაში, არანაირი სიცოცხლისთვის სახიფათო შედეგი არ დამდგარა“. ვრცლად აღნიშნული საკითხის შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

მტკიცება: ვაქცინები მუტაგენობაზე, კანცეროგენობასა და ფერტილობაზე გამოცდილი არ არის, ამიტომ საშიშია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

აღნიშნული მტკიცებების ნამდვილობის დამადასტურებელი არც ერთი მეცნიერული საბუთი არ არსებობს. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ კვლევების დროს ნებისმიერი ვაქცინის ყველანაირი (მათ შორის ონკოგენობაზე) შემოწმება ხდება. კოვიდვაქცინების მიერ მსგავსი დაავადების გამოწვევის თეორიული შანსიც კი არ არსებობს. ამასთან, ვაქცინების გამოყენება ადამიანებზე მისი წინასწარი შესაბამისი შემოწმების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ ხდება. რაც შეეხება უნაყოფობის თემას, დღემდე არსებული კვლევების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინას, ქალის ან კაცის ორგანიზმის ნაყოფიერების უნარზე, რაიმე სახით ნეგატიური გავლენის მოხდენა არ შეუძლია. არც ერთი ვაქცინის გვერდით ეფექტს პოტენციური უშვილობის საფრთხე არ წარმოადგენს.

„ბრიტანეთის ნაყოფიერების საზოგადოების“ (The British Fertility Society) და „რეპროდუქციისა და კლინიკური მეცნიერების ასოციაციის“ (Association of Reproductive and Clinical Scientists) ცნობით, აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება და არც თეორიული მიზეზი არსებობს იმისა, რომ რომელიმე კოვიდვაქცინას ქალის ან მამაკაცის ნაყოფიერებზე რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლია. იმავეს ამტკიცებენ ამერიკის დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (CDC) და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიც (NCDC), რომ კორონავირუსის ვაქცინებს შვილოსნობაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. ვრცლად აღნიშნული საკითხის შესახებ იხილეთ „ფაქტ- მეტრის“ სტატიაში.

მტკიცება : ვაქცინა ქრონიკულ და ავტოიმუნურ დაავადებებს იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

არანაირი მეცნიერული მტკიცებულება ან თეორიული საფუძველი არ არსებობს, რომ COVID-19-ის ვაქცინა ქრონიკულ დაავადებებს იწვევს. აუტოიმუნური პროცესები ადამიანის ორგანიზმში მაშინ მიმდინარეობს, როდესაც ადამიანის ორგანიზმი საკუთარ უჯრედებს ვეღარ ცნობს და მის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. ადამიანის ორგანიზმში ვაქცინის სახით შესული ნივთიერებები, ვერანაირად ვერ გამოიწვევს აუტოიმუნურ რეაქციებს, რადგან ვაქცინა ადამიანის ორგანიზმისთვის თავისთავად უცხო სხეულია და ორგანიზმს საკუთარ უჯრედებსა თუ ქსოვილებში ვერ აერევა. ამასთანავე, მეცნიერები ვაქცინებზე მუშაობისას გაძლიერებული იმუნური სისტემის პათოლოგიაზე (ADE) განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ. თუმცა კორონავირუსის კლინიკური კვლევებისა და მისი გამოყენებაში ჩაშვების შემდეგ, ვაქცინების მიერ ამ პათოლოგიის გამოწვევის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მტკიცება: ყველა ვაქცინის საბოლოო მიზანი არის დროში გაწერილად მოხდეს მოსახლეობის მასობრივი შემცირება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

დეზინფორმაცია ვაქცინაციის შედეგად მოსახლეობის მასობრივი შემცირების შესახებ დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ კონსპირაციულ თეორიას წარმოადგენს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, დაავადების გართულების და სიკვდილის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებენ. ამრიგად, ვაქცინების ერთადერთი მიზანი, სიცოცხლის გადარჩენაა და არა პირიქით (ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

მტკიცება: ვაქცინაცია ნიურბერგის კოდექსს არღვევს და ამიტომ, „ნიუნბერგი 2.0“ პროცესი გაიმართება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

კორონავირუსის ვაქცინაციასა და ნიურნბერგის კოდექსს შორის კავშირი შეუსაბამოა. ნიურბერგის კოდექსი 10 პუნქტისგან შედგება, რომელიც სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარებისას მასში მონაწილე პირებისადმი მოპყრობის წესებს განსაზღვრავს. ნიურბერგის კოდექსი 1947 წელს დაიწერა, იმ ექიმთა სასამართლო პროცესის დროს, რომლებმაც საკონცენტრაციო ბანაკებში პატიმრებზე 7000-ზე მეტი სამედიცინო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ისინი ექსპერიმენტების გზით, ნაცისტი ჯარისკაცების ბრძოლის ველზე გადარჩენის უნარის გაუმჯობესებას, სამედიცინო პროცედურებისა და მედიკამენტების დატესტვას, ცდილობდნენ. ამასთანავე, ექსპერიმენტები ნაცისტური იდეოლოგიური ხედვების - მათ შორის, რასობრივი უპირატესობის მხარდასაჭერად ტარდებოდა. აღნიშნული ექსპერიმენტები მასში მონაწილე პირების თანხმობის გარეშე განხორციელდა. დაწვრილებით საკითხს გაეცანით „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

მტკიცება: კორონავირუსის ვაქცინები რადიაქტიურ მეტალებს შეიცავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მეტალი, რომელიც კორონავირუსის ზოგიერთი ვაქცინის შემადგენლობაშია - ალუმინია, უფრო სწორედ კი, მისი მარილები. ალუმინის მარილები გამოიყენება ადიუვანტების სახით - ნივთიერებების, რომელიც ადამიანის იმუნურ რეაქციას აძლიერებს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ალუმინის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ვაქცინების დოზების ზრდა გახდებოდა საჭირო. ვაქცინა ალუმინის უსაფრთხო დოზას შეიცავს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ალუმინი არ შედის Pfizer, Moderna, AstraZeneca/Oxford, Johnson & Johnson-ის ვაქცინების შემადგენლობაში, თუმცა ალუმინის ჰიდროქსიდს (ალუმინის მარილს) შეიცავს ჩინური კომპანია Sinovac-ის ვაქცინა CoronaVac და Sinopharm-ის ვაქცინა. როგორც უკვე აღინიშნა, ვაქცინაში ალუმინის შემცველობა ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი არაა. ვრცლად აღნიშნული საკითხის შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

მტკიცება: Pfizer-ის ვაქცინა მაგნიტურ მიკროჩიპებს შეიცავს, რაც აცრის შემდეგ მაგნიტზე და მეტალო დეტექტორზე რეაგირებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

აღნიშნული დეზინფორმაციის სადემონსტრაციოდ არაერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც მკლავზე მეტალის სხვადასხვა ნივთს: მონეტებს, ჩანგლებს და კოვზებს იმაგრებენ. სინამდვილეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები არც მიკროჩიპებს და არც მეტალებს არ შეიცავს. შესაბამისად, შეუძლებელია, ვაქცინირებული ადამიანი ლითონის დეტექტორზე შემოწმებისას რეაგირებდეს და ხმას გამოსცემდეს. ასევე შეუძლებელია ვაქცინირებული მკლავი მაგნიტს და ან მეტალის რომელიმე ნივთს ბუნებრივად იკრავდეს. ვრცლად აღნიშნული დეზინფორმაციის შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4.

მტკიცება: ვაქცინირებული ადამიანები Bluetooth-ს უკავშირდებიან/ ვაქცინირებული ადამიანების ამოცნობა Bluetooth-ით არის შესაძლებელი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ ვაქცინირებული ადამიანების ამოცნობა Bluetooth-ის მეშვეობით იყო შესაძლებელი, რასაც მობილურ ეკრანებზე გამოსახული 12-ნიშნა კოდებით ადასტურებდნენ. აღნიშნული მტკიცება ძირითადად m-RNA-ზე დაფუძნებული ვაქცინების მისამართით კეთდებოდა. რეალურად, მსგავსი რამ შეუძლებელია, რადგან არც ერთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ისეთ ინგრედიენტს არ შეიცავს, რომლითაც Bluetooth-თან დაკავშირება იქნებოდა შესაძლებელი.

ცნობისთვის, Bluetooth მონაცემთა მოკლე მანძილზე გადაცემის უსადენო ტექნოლოგიაა. ის საშუალებას იძლევა, მონაცემები ყოველგვარი დამაკავშირებელი სადენების გარეშე, სხვადასხვა ტიპის მოწყობილებს შორის გადაიცეს, როგორებიცაა: მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, ციფრული ფოტოაპარატები, პრინტერები და სხვა. ვიდეოებში გამოსახული 12-ნიშნა კოდები კი სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობების MAC (Media Access Control Address) მისამართებია, რომლებითაც გააქტიურებული (ჩართული) Bluetooth-ით მოწყობილობების ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობას აღნიშნავს. კონკრეტული 12-ნიშნა MAC- კოდები, შეიძლება მოწყობილობის მფლობელმა თავად სხვა სახელითაც კი შეცვალოს. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ არც Moderna-ს, არც Pfizer-BioNTech-ის, Johnson & Johnson-ისა და Astrazeneca-ს ვაქცინების ინგრედიენტების ჩამონათვალი არ იძლევა მტკიცებულებას იმის დასადასტურებლად, რომ რომელიმე ვაქცინა ისეთ მიკროჩიპს ან ელექტრონულ ელემენტს შეიცავს, რომლის აღმოჩენაც Bluetooth ტექნოლოგიით იქნებოდა შესაძლებელი.

მტკიცება: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ჰიდროგელს და ლითიუმს შეიცავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ჰიდროგელი ვაქცინაციის დროს ორგანიზმში შეყვანილი ანტიგენების იმუნოგენურობის გასაძლიერებლად რამდენჯერმე იქნა გამოყენებული. ამის მიუხედავად, ჰიდროგელის დიზაინის კომპლექსურობის, მაღალი ხარჯებისა და იმუნიტეტის მასტიმულირებელი დანამატების უსაფრთხოების საკითხების გამო, ჰიდროგელის ვაქცინებში გამოყენება ფართოდ არ მომხდარა. აქვე აღსანიშნავია, რომ დღეისთვის მოქმედ Covid-19-ის საწინააღმდეგო არცერთ ვაქცინაში ჰიდროგელი გამოყენებული არ არის. ამასთან ერთად, Covid-19-ის საწინააღმდეგო არცერთი ვაქცინა ამ ეტაპზე არ შეიცავს ლითიუმს.

მტკიცება: კოვიდვაქცინებს შესაბამისი კვლევის საფეხურები არ გაუვლიათ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

კოვიდვაქცინები, რომლებიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების მიერ არის დამტკიცებული და ავტორიზებული. ავტორიზებული ვაქცინა ნიშნავს, რომ მან პრეკლინიკური და კლინიკური კვლევის ყველა ფაზა წარმატებით გაიარა. მართალია COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. პანდემიის პირობებში, COVID-19 ვაქცინის შექმნის პროცესის დაჩქარების მიზნით, მეცნიერები და მწარმოებლები რამდენიმე სხვადასხვა ფაზას პარალელურ რეჟიმში წარმართავდნენ. ვაქცინის შემუშავების პროცესის დაჩქარებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებამ შეუწყო ხელი. ვაქცინის შექმნის ეტაპების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, შეგიძლიათ, „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში გაეცნოთ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3378 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი