რეზიუმე:Youtube-ვიდეოში ექიმი ქრისტიენ ნორთრაპი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე არაერთ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, რნმ-ვაქცინა ადამიანის გენეტიკას შეცვლის. სინამდვილეში, ვაქცინებს უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვთ, შესაბამისად, ადამიანის დნმ-ის ცვლილება ვაქცინაციით შეუძლებელია. ასევე ექიმის მტკიცებით, ადამიანებში ვაქცინით შეიყვანენ ცხოველურ დნმ-ს და მიკრონაწილაკებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში 5G-ის მეშვეობით მიმღებ და გადამცემ ანტენებს წარმოქმნის. მტკიცება მცდარია, რადგან ადამიანის ორგანიზმში ვაქცინით არც ცხოველური დნმ შეჰყავთ და არც სხვა ნაწილაკები, რომელიც მას ანტენად აქცევს. ინტერვიუში საუბარია ასევე საყოველთაო ვაქცინაციაზე, ლუციფერაზას საღებავზე, ვაქცინაციით ბიომეტრიული ინფორმაციის შეგროვებასა და მის კრიპტოვალუტაზე გაყიდვაზე. ყველა საკითხი საყოველთაო ვაქცინაციის კონსპირაციულ თეორიებთანაა დაკავშირებული. ბოლოსკენ ნორთრაპი საუბრობს კორონავირუსის 99,9%-იანი გამოჯანმრთელების მაჩვენებელზე და ცნობილ კონსპირაციაზე -„მხეცის ნიშანზე“.

ანალიზი:

2020 წლის 30 ნოემბერს, youtube-მომხმარებელმა George Giggs გამოაქვეყნა ვიდეო შემდეგი სათაურით - „ცნობილი ექიმი ქრისტიენ ნორთრაპი კოვიდ ვაქცინის საშიშროებაზე“. ვიდეოს თან აღწერაც ახლავს : „ 🛑✅⏩ძალიან მნიშვნელოვანია გააზიაროთ ეს ვიდეო, სანამ შეზღუდავენ. ცნობილი ექიმი ქრისტიენ ნორთრაპი კოვიდ ვაქცინის საშიშროებაზე. არის ეს უბრალოდ ვაქცინა თუ მხეცის ნიშანი?! იხილეთ ვიდეო.“ George Giggs-ის გამოქვეყნებული ვიდეო, ექიმ ქრისტიენ ნორთრაპთან ინტერვიუს შემოკლებული ვერსიის ქართული თარგმანია. ვიდეო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ არაერთ დეზინფორმაციას შეიცავს.

ვიდეოში ინტერვიური პოლი ტომი, ხოლო რესპოდენტი ექიმი ქრისტიენ ნორთრაპია. როგორც აღმოჩნდა, ორივე მათგანი ანტი-ვაქცინაციის საზოგადოების წევრები არიან. ამასთანავე, პოლი ტომი 2016 წელს გამოშვებული დოკუმენტური ფილმის „Vaxxed: From Cover-up to Catastrophe“-ის (ფილმი ვაქცინებზე უარის თქმას უწევს პოპულარიზაციას) პროდიუსერია, ხოლო ნორთრაპი საკუთარი Facebook-follower-ებით ფილმს "Plandemic“ (ფილმი კორონავირუსის პანდემიაზე, მის წარმოშობაზე, ვაქცინებზე და მკურნალობაზე ყალბ ინფორმაციას შეიცავს) მხარს უჭერდა.

მტკიცება: რნმ ვაქცინა ადამიანის დნმ-ს ცვლის

ვაქცინის მიზანი ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერებაა. ვაქცინით ადამიანის ორგანიზმში რომელიმე კონკრეტული დაავადების დასუსტებული ან მკვდარი ანტიგენები (პათოგენური მოლეკულები) შეჰყავთ, რომლის წინააღმდეგაც ორგანიზმი ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ვაქცინაციის შედეგად, იმავე ანტიგენის შემცველი ვირუსის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, ორგანიზმი მას ამოიცნობს და ვირუსის მთელ სხეულში გავრცელებას წინააღმდეგობას უწევს.

თუმცა, კორონავირუსის საწინააღმდეგო რნმ-ვაქცინა მკვდარ ან დასუსტებულ ანტიგენებს არ იყენებს. უფრო კონკრეტულად, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ messenger რნმ- ვაქცინები (messenger RNA vaccines-mRNA ) გამოიყენება. mRNA ვაქცინები ადამიანის ორგანიზმში messenger RNA-ს მოლეკულის შეყვანით მუშაობს. მოლეკულის შეყვანა იმ პროტეინის გამომუშავებას იწვევს, რომელიც SARS-CoV-2-ის შემადგენელ ერთ-ერთ ვირუსულ ცილას ჰგავს. ორგანიზმში ერთგვარი კოპირების გზით წარმოქმნილ ცილებზე იმუნური სისტემა ანტისხეულების წარმოქმნით რეაგირებს, რაც მომავალში ადამიანის ნამდვილი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში დაიცავს. აქვე აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც ორგანიზმი ცილას ან ცილის ნაწილს წარმოქმნის, უჯრედები იშლება და რნმ-ის მოლეკულისგან თავისუფლდება. ფაქტობრივად, ამ გზით იმუნური სისტემა სწავლობს, თუ როგორ ამოიცნოს პროტეინი და მის წინააღმდეგ ანტისხეულები როგორ წარმოქმნას.

mRNA– ს ეს შეყვანა ადამიანის უჯრედებში დნმ–ს არ ცვლის და ამ უჯრედების გამრავლების შემთხვევაში, mRNA არ შედის ახალი უჯრედების გენეტიკურ ინფორმაციაში. შესაბამისად, mRNA, ადამიანის დნმ-ზე არც გავლენას ახდენს და არც რაიმე სახით მოქმედებს.

აქვე, არც ერთი ტიპის ვაქცინას ადამიანის ორგანიზმის უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც არ იწვევს. გენეტიკური მოდიფიკაციისას კი სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება უცხო დნმ-ის შეყვანა. ვაქცინები ამ პრინციპით არ მოქმედებენ. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში მისი შეყვანა ადამიანის გენეტიკურ კოდზე გავლენას ვერ მოახდენს და მით უმეტეს, მას ვერ შეცვლის.

აღსანიშნავია, რომ mRNA ვაქცინები აქამდე არ გამოუყენებიათ, თუმცა მათ წლების განმავლობაში აქტიურად შეისწავლიდნენ. მომავალ mRNA ვაქცინის ტექნოლოგიის საშუალებით ერთი ვაქცინით რამდენიმე დაავადების პრევენცია შეიძლება იყოს შესაძლებელი, რაც ვაქცინით პრევენცირებადი ძირითადი დაავადებებისგან დასაცავად საჭირო აცრების რაოდენობას შეამცირებს.

მტკიცება: ვაქცინით არაადამიანური დნმ-ის შეყვანა ადამიანებს „ქიმერებად“ აქცევს

ნორთრაპი ირწმუნება, რომ ვაქცინა ცხოველების დნმ-ს შეიცავს. ვაქცინაციის შემდეგ, ცხოველის დნმ ადამიანის დნმ-ს გარდაქმნის, მას „ქიმერად“ აქცევს და ადამიანი ცხოველურ თვისებებს შეიძენს. აღნიშნული მტკიცება მცდარია.

სამეცნიერო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ mRNA ვაქცინით ადამიანის ორგანიზმში არაადამიანური/ცხოველური დნმ შეჰყავთ, არ არსებობს. „ქიმერა“(chimera) ბერძნულ მითოლოგიასთან არის დაკავშირებული, ხოლო ბიოლოგიაში „ქიმერა“ გულისხმობს ერთ ორგანიზმს, რომელიც ორი ან მეტი დნმ-ისგან შედგება. თუმცა მტკიცებულება იმის, რომ ადამიანებს ცხოველების თვისება შეიძლება განუვითარდეთ, არ არსებობს.

დეზინფორმაცია, რომ ვაქცინა ცხოველების ქსოვილებსა და ორგანოებს შეიცავს ადრეც ვრცელდებოდა, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც აქტიურად წერდა.

მტკიცება: ვაქცინები შეიცავს ტოქსიკურ მეტალებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ანტენებს წარმოქმნიან. 5G-ის მეშვეობით კი ადამიანები მიმღები და გადამცემი ანტენები გახდებიან.

აღნიშნული მტკიცება მცდარია და ის 5G-ისთან დაკავშირებული კონსპირაციების ერთ-ერთი ნაწილია. 5G მობილური ქსელის ტექნოლოგიაა და არ არსებობს არავითარი სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ სატელეფონო სიგნალები COVID-19-ის გავრცელებას შეუწყობს ხელს ან ადამიანების უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.

არაიონიზებადი რადიაციისგან დაცვის საერთაშორისო კომისიამ (International Commission on Non-Ionizing Radiation Protection – ICNIRP) 5G უსაფრთხოდ მიიჩნია. ისევე როგორც უსადენო ქსელების წინა თაობის ტექნოლოგიების - 4G, 3G და 2G - შემთხვევაში, 5G-ც რადიოტალღების მეშვეობით ვრცელდება. რადიოტალღები ფართო ელექტრომაგნიტური სპექტრის ტალღების პატარა ნაწილია. ყველა მათგანი ელექტრომაგნიტურ რადიაციას გამოსცემს. თუმცა რადიოტალღები სპექტრის ბოლო ნაწილს შეადგენს და სხვა სახის ტალღებთან შედარებით დაბალი სიხშირე აქვთ. რადიოტალღები მხოლოდ არაიონიზებად რადიაციას გამოსცემენ, რაც ნიშნავს, რომ მათ უჯრედების შიგნით დნმ-ის დაზიანება არ შეუძლიათ. 5G რადიოტალღები უჯრედების დნმ-ში ქიმიური ბმების გაწყვეტას და იმუნური სისტემის დაზიანებას არ იწვევს. შესაბამისად, 5G ადამიანის უჯრედებს არანაირ ზიანს არ აყენებს.

რაც შეეხება ტოქსიკურ მეტალებს, ვაქცინა შესაძლოა, შეიცავდეს მეტალს, როგორც დამხმარე საშუალებას. მაგალითად, ალუმინი დამხმარე საშუალებად ვაქცინებში 70 წელზე მეტია გამოიყენება. დამხმარე საშუალებები ვაქცინაზე იმუნური სისტემის რეაქციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. როგორც წესი ალუმინი ვაქცინებში მარილების სახით არის წარმოდგენილი, მაგალითად ალუმინის ჰიდროქსიდის სახით.

აქედან გამომდინარე, ვაქცინა არ შეიცავს ტოქსიკურ მეტალებს, რომლითაც ადამიანში ანტენები წარმოიქმნება და შესაბამისად, ადამიანი 5G-ის საშუალებით ვერც მიმღები და ვერც გადამცემი ანტენა გახდება. ვაქცინას და 5G-ის ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვთ.

მტკიცება: სახელმწიფოები ლუციფერაზას საღებავით ვაქცინაციას გააკონტროლებენ

ნორთრაპის მტკიცებით, მასაჩუსეტსის სამედიცინო ცენტრში წარმოებული საღებავ ლუციფერაზას სახელმწიფოები იმის შესამოწმებლად გამოიყენებენ, აცრილია თუ არა ადამიანი. აღნიშნული მტკიცება მცდარია.

დეზინფორმაცია საყოველთაო ვაქცინაციის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდება. სინამდვილეში, მასაჩუსეტსის სამედიცინო ცენტრმა საღებავი ლუციფერა მართლად დააპატენტა, თუმცა მას COVID-19-ის ვაქცინებთან არავითარი კავშირი არ აქვს. 2019 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) ლუციფერაზას ფერმენტის გამოყენებით პაციენტის MMR (measles, mumps, rubella - წითელა, ყბაყურა, წითურა) ვაქცინის ისტორიის დაფიქსირების ახალი გზა შეიმუშავა. MMR ვაქცინაციის ჩატარების დროს, ვაქცინასთან ერთად კანქვეშ თვალისთვის შეუმჩნეველი ლუციფერაზას საღებავი შეჰყავთ. ამ მეთოდის მეშვეობით ვაქცინაციის ისტორიის სანახავად ცენტრალიზებული მონაცემების ბაზა ან MMR ვაქცინის სხვა სპეციფიკურ ინფრასტრუქტურის ქონა საჭირო აღარ არის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მეთოდი COVID-19-ის ვაქცინის შემთხვევაში არ გამოყენებულა.

აღნიშნულზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.

მტკიცება: ვაქცინაციით მოპოვებული ადამიანის ბიომეტრიული ინფორმაცია კრიპტოვალუტით გაიყიდება

ნორთრაპის თანახმად, ვაქცინა შეიცავს ნანონაწილაკებს, რომლებიც ადამიანის ბიომეტრიულ ინფორმაციას შეაგროვებს და ის შემდგომში კრიპტოვალუტით გაიყიდება. აღნიშნული მტკიცება მცდარია.

ნორთრაპმა ბილ და მელინდა გეითსების ფონდი ვაქცინის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ფონდი ვაქცინას ხალხის ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებისა და ფინანსური მოგებისთვის იყენებს. სინამდვილეში, Microsoft-მა და ბილ გეითსმა მართლაც დაარეგისტრირეს პატენტი 060606 ნომრით. პატენტი განკუთვნილია ტექნოლოგიისთვის, რომელიც ადამიანის ფიზიკურ აქტივობას მონიტორინგს უწევს და სანაცვლოდ კრიპტოვალუტით აჯილდოებს. მიუხედავად ამისა, იმპლანტირებულ მიკროჩიპებზე ან ნანო ნაწილაკებზე არსად არაფერია ნათქვამი. ამასთანავე, პატენტის განაცხადიც ჯერ არ დაკმაყოფილებულა.

მტკიცება: ვაქცინაცია საჭირო არ არის, რადგან COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 99,9%-ია

ექიმის მტკიცება მცდარია. ბუნებრივია, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების ზუსტი სტატისტიკის დადგენა ამ ეტაპზე რთულია, რადგან პანდემია კვლავ აქტიურ ფაზაშია.

Worldometers-ის 16 დეკემბრის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით Covid-19-ით გარდაცვალების 1,643,191 შემთხვევაა დადასტურებული, რაც ინფიცირებულთა 2.2%-ია. საქართველოში Covid-19-ით გარდაცვალების კოეფიციენტი (დადასტურებული შემთხვევებიდან გარდაცვლილთა პროცენტული წილი) 0.96%-ია, თუმცა ეს მაჩვენებელი გასული 2 თვის განმავლობაში მზარდია და მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რადგან ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკშია.

რადგან დაავადება აქტიურ ფაზაშია, უფრო მართებულია, დახურული შემთხვევები განვიხილოთ. მსოფლიო მასშტაბით, 53,5 მლნ-ზე მეტი შემთხვევიდან გამოჯანმრთელდა ინფიცირებულთა 97%, ხოლო 3% გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, COVID-19-ით გარდაცვალების სტატისტიკური მონაცემები, დიდი ალბათობით, იმაზე უფრო დაბალია, ვიდრე პანდემიით გამოწვეული ადამიანური დანაკარგის რეალური მასშტაბი.

რამდენად ლეტალურია Covid-19, ამის ზუსტი შეფასება მხოლოდ პანდემიის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. გარდაცვალების კოეფიციენტი შეიძლება, მომავალში შემცირდეს, რადგან ამ ეტაპზე მეტწილად ცნობილია, თუ როგორ უნდა უმკურნალონ დაავადებას. გარდაცვალების კოეფიციენტის შემცირებაში უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ ვაქცინა შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების მაღალი რისკის წინაშე არიან ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, შესაბამისად, დაინფიცირებისგან რისკ ჯგუფების დაცვა უმთავრესია.

შესაბამისად, მტკიცება, რომ COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი 99.9%-ის ტოლია, ანუ მხოლოდ 0.1% იღუპება, მცდარია. ამასთანავე, აღნიშნული ყალბი ამბავი გლობალურად ვრცელდება, რომელიც ბრიტანულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Fullfact-მაც გადაამოწმა და შეაფასა, როგორც მცდარი.

მტკიცება: ვაქცინა სწრაფად განვითარდა და ის არ გამოუცდიათ ცხოველებზე

ექიმის მტკიცებით, ვაქცინის განვითარება ძალიან სწრაფად მოხდა, ის არ ყოფილა და არ იქნება გამოცდილი ცხოველებზე. წარსულში, როდესაც მსგავსი ვაქცინის გამოყენება სცადეს, ცხოველებს იმუნური სისტემა დაუზიანდათ. აღნიშნული მტკიცება მცდარია.

ნებისმიერი ვაქცინა მასობრივ წარმოებაში გაშვებამდე რამდენიმე საფეხურიან ტესტირებას გადის, რათა მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურდეს. თავდაპირველად, პრეკლინიკურ ეტაპზე ვაქცინა ცხოველებზე იტესტება და აკვირდებიან, ისინი იმუნურ რეაქციას გამოიმუშავებენ, თუ არა. კლინიკური ტესტირების პირველ ფაზაში ვაქცინას ადამიანთა მცირე ჯგუფს აძლევენ, რათა მისი უსაფრთხოება დაადგინონ და მის მიერ გამოწვეული იმუნური რეაქცია უკეთ შეისწავლონ. მეორე ფაზის განმავლობაში ვაქცინა გაცილებით მეტ ადამიანს (რამდენიმე ასეულს) უკეთდება და მეცნიერები მის უსაფრთხოებასა და დოზირებაზე დამატებით ინფორმაციას იღებენ. მესამე ფაზაში ვაქცინაცია ათასობით ადამიანზე, განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებსა (მათ შორის, ბავშვებს) და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე იტესტება, რათა მისი უსაფრთხობა და ეფექტიანობა დადასტურდეს. გარდა ამისა, ამ ფაზაში იშვიათი გვერდითი მოვლენების გამოვლენა ხდება. მესამე ფაზის გამოცდები საკონტროლო ჯგუფსაც მოიცავს, რომელსაც პლაცებოს (ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის საშუალების სახით იყენებენ) უკეთებენ.

პრეკლინიკური ტესტირება და სამივე საფეხური დღეისთვის დადასტურებულმა BioNTech/Pfizer-ის, Moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინებმა გაიარეს. ისინი თავდაპირველად მაიმუნებზე გამოიცადა და სწორედ ამის შემდგომ, ვაქცინის კლინიკური ტესტირება ადამიანებზე დაიწყო.

რაც შეეხება მსგავსი ვაქცინის ცხოველებზე წარუმატებელ გამოყენებას, სავარაუდოდ ნოთრაპი 2012 წლის შემთხვევას გულისხმობს, როდესაც კორონავირუსის ჯგუფის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პროცესი ცხოველებზე დატესტვის ეტაპზევე წარუმატებლად დასრულდა. როდესაც საექსპერიმენტო ცხოველებს ანტისხეულები გამოუმუშავდა, ჩათვალეს, რომ მათ იმუნიტეტი განუვითარდათ. მაგრამ როცა ცხოველებს რეალური ვირუსი შეხვდათ, ყველა დაიხოცა. სწორედ მსგავსი გამოცდილებიდან გამომდინარე, ენტონი ფაუჩი მიიჩნევდა, რომ პანდემიასთან გასამკლავებლად ერთ ვაქცინაზე მუშაობა საკმარისი არ იქნებოდა და მსოფლიოს ერთზე მეტი, რამდენიმე, ვაქცინის შექმნა დასჭირდებოდა. ამით ერთ-ერთი ვაქცინის პრეკლინიკურ ფაზაზე მოულოდნელი წარუმატებლობის შემთხვევაში სრული ჩავარდნა გამოირიცხებოდა.

მტკიცება: მიკროჩიპები ე.წ. „მხეცის ნიშანია“

Youtube-ვიდეოს დასაწყისში და ბოლოში სახარებიდან მოყვანილი ნაწყვეტები ერთვის. „მხეცის ნიშანზე“ კონსპირატორებმა არაერთი შეთქმულების თეორია ააგეს. კონსპირატორების აზრით, ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ადამიანები მიიღებენ ისეთ ნიშანს, რომლის გარეშე ვერც ვერაფერს იყიდიან და ვერც ვერაფერს გაყიდიან. ეს ნიშანი კი, მათი რწმენით, შესაძლოა, მიკროჩიპები იყოს. ექიმი ნორთრაპი ვიდეოში ვაქცინებზე საუბრისას დაახლოებით იმავე შინაარსის ტექსტს ახსენებს ( ხოლო ვიდეოს მთლიან ვერსიაში “mark of the beast”-ს პირდაპირ ახსენებს). ვაქცინებით ადამიანებში მიკროჩიპების შეყვანის კონსპირაციულ თეორიების გავრცელებასთან ერთად, „მხეცის ნიშნის“ შესახებ კონპირაციებიც გააქტიურდა. თუმცა, მიკროჩიპებს, კორონავირუსსა და Mark of the Beast-ს ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვთ.

------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: