იტვირთება

დეზინფორმაცია: Pfizer-ის ვაქცინა მაგნიტურ მიკროჩიპებს შეიცავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 12 მაისს, Facebook-მომარებელმა შორე შანიძემ პოსტი გამოაქვეყნა წაწერით- „ფაიზერის მიზიდულობის ძალა! ნიუტონი საფლავში ტრიალებს ,,შენ შენ არ ხარ,, “. პოსტს თან ვიდეო ახლავს, რომელშიც ჩანს თუ როგორ ეკრობა ქალის მკლავს მრგვალი მეტალის სხეული. ქალის თქმით კი, ამ მიზიდულობის მიზეზი მარცხენა მკლავზე Pfizer-ის ვაქცინის გაკეთებაა. პოსტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

შორე შანიძის გამოქვეყნებული ვიდეო Kristopher Columbus-ის Facebook-პროფილიდან არის აღებული. Kristopher Columbus-ის ვიდეოს შემდეგი აღწერა ახლავს თან - „უკეთესად ვერც ვიტყოდი... გაფრთხილებულები ხართ. აცრის შემდეგ ჩამონტაჟებულ ჩიპს მაგნიტი მიემაგრა“. ამავე პროფაილ-გვერდზე სხვადასხვა ანტივაქსერული შინაარსის პოსტებიც ვრცელდება. Kristopher Columbus -ის პოსტი ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმა Lead Stories-მა უკვე გადაამოწმა და შეაფასა, როგორც ყალბი ამბავი.

Lead Stories-ის თანახმად, ვიდეო პირველად, 2021 წლის 10 მაისს Instagram-გვერდ missioninactionpodcast-ზე გამოჩნდა. Instagram-ვიდეოს შემდეგი ტიტრები ადევს -„დამზადებულია საშიში სიხშირეებისგან.... მაგნიტი ქალის მკლავს ეკრობა Fpizer Waxxxine-ის მიღების შემდეგ. გთხოვ გააზიარეთ. 5G გასააქტიურებლად მზად არის“.

რეალურად, ვიდეოში ჩანს ადამიანი, რომელსაც სახეზე ნიღაბი უკეთია და უსახელო მაისური აცვია. ის პატარა მოვერცხლისფრო დისკის ფორმის სხეულს (შეიძლება მაგნიტს) მარცხენა მკლავზე იმაგრებს. ქალი მარცხენა ხელს დემონსტრაციულად ამოძრავებს და კამერაში აჩვენებს, რომ ეს სხეული კანიდან არ სცილდება. ის რამდენიმე წამში იმავე პროცედურას მარცხენა მკლავზეც იმეორებს, თუმცა ამ შემთხვევაში მოვერცხლისფრო დისკი კანის ზედაპირზე აღარ ჩერდება და ძირს ვარდება. ქალი ამის შემდეგ კამერაში ამბობს, რომ მას სწორედ მარცხენა მკლავში (რომელზეც სხეული გაჩერდა) Pfizer-ის ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული. საბოლოო ჯამში, ქალი ოცწამიანი ვიდეოთი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს ვაქცინაციის შედეგად ადამიანებს მაგნიტურ ჩიპებს უკეთებენ.

როგორც Lead Stories წერს, მსგავსი ვიდეოები და ფოტოები (ბმული 1, ბმული 2) სოციალურ ქსელებში მრავლად შეინიშნება. თუმცა, არც ერთ ფოტოსა თუ ვიდეოში რაიმე ხელმოსაჭიდი მტკიცებულება, იმის დასადასტურებლად, რომ ადამიანებს ვაქცინაციის შემდეგ მკლავზე რაიმე სახის მეტალის სხეული ან მაგნიტი კანზე ეკრობათ, არ ჩანს.

წყარო: Lead Stories კოლექცია

ვიდეოში ქალის მიერ გაჟღერებული მტკიცება მიკროჩიპების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. დღემდე ვაქცინებით ადამიანების დაჩიპვასთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ აქტიურად წერდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). მსგავსი შინაარსის დეზინფორმაციები ვაქცინაში მეტალური ინგრედიენტების არსებობასაც უკავშირდებოდა, თუმცა სხვადასხვა დროს გადამოწმებული ინფორმაციების თანახმად, არც ერთი მათგანი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან COVID-19-ის ვაქცინები არც მიკროჩიპებს და არც მეტალებს არ შეიცავენ.

აღნიშნულ თემაზე არსებული მრავალი დეზინფორმაცია სწორედ RFID ჩიპებს უკავშირდება. ბუნებრივია, კოვიდვაქცინებში და შემდგომ ვაქცინებით ადამიანში ჩიპის შეყვანა შეუძლებელია. თუმცა ადამიანს საკუთარი სურვილის შემთხვევაში, კანის ქვეშ ჩიპის იმპლემენტაცია, მათ შორის - ზემოთაღნიშნული RFID ჩიპის, ნამდვილად შეუძლია. მიუხედავად ამისა, როგორც წესი RFID ჩიპებს, შინაური ცხოველებისა და საქონლის კანქვეშ ათავსებენ. ამ შემთხვევაში, შინაური ცხოველის მიკროჩიპი RFID-ის რადიოსიხშირეს მიკროჩპზე შენახული საიდენტიფიკაციო ნომრის სკანირების მოწყობილობისთვის გადასაცემად იყენებს, რომელიც შემდგომში შინაური ცხოველის უნიკალურ ნომერს კითხულობს და აჩვენებს. შინაური ცხოველების მიკროჩიპებს, განსხვავებით GPS-სისტემისგან (გლობალური პოზიციონირების მოწყობილობა), ენერგიის წყარო არ სჭირდება. მიკროჩიპი შინაური ცხოველის უნიკალურ ინფორმაციას შეიცავს მისი პატრონის საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად. შესაბამისად, ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შინაური ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, მისი პოვნა გაცილებით მარტივადაა შესაძლებელი.

კოვიდვაქცინით ადამიანის ჩიპიზაციაზე საუბრისას გასათვალისწინებელია ის ტექნიკა, თუ როგორ ხდება RFID ჩიპების ადამიანებში იმპლემენტაცია და ასევე კოვიდვაქცინაციის ჩატარება როგორ ხორციელდება. ადამიანის შემთხვევაში, RFID ჩიპები ადამიანის კანქვეშ კუნთსა და კანის ზედაპირულ ქსოვილს შორის ისე თავსდება, რომ მას შესაბამისი სკანერი მარტივად კითხულობდეს. კოვიდვაქცინაციის დროს კი ვაქცინა მკლავზე, წვრილწვერიანი ნემსით კუნთში პერპენდიკულარულად კეთდება. თუ ყველაზე აბსურდულ დაშვებას წარმოვიდგენთ და ვიტყვით, რომ კოვიდვაქცინა RFID (ან სხვა სახის ჩიპს) ჩიპებს შეიცავს, ამ დაშვებითაც კი ადამიანის ორგანიზმში აცრის შედეგად ჩიპის მოთავსება ტექნიკურადაც შეუძლებელია. ამის მიზეზია თუნდაც ის, რომ კოვიდვაქცინებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში Pfizer-ს, საკმაოდ წვრილწვერიანი ნემსით აკეთებენ, ხოლო RFID ჩიპის იმპლემენტაციისთვის გაცილებით დიდი დიამეტრის ნემსია საჭირო. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვაქცინაციით ჩიპების კანქვეშ მოთავსებისას ჩიპის ფუნქციონირება აზრს დაკარგავს, რადგან ჩიპს ამ შემთხვევაში კანის შრეებს შორის გადაადგილების საშუალება მიეცემოდა, რაც შეუძლებელს გახდიდა შესაბამისი სკანერით მის კანქვეშ აღქმას. ამავდროულად, მსგავსი პროცესი მტკივნეულიც იქნებოდა.

რაც შეეხება პოსტში ნახსენებ 5G ინტერნეტს, მასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ სტატიებში (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4).

ამრიგად, Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს Pfizer-ის ვაქცინის გაკეთებისას ადამიანებში მაგნიტური მიკროჩიპების იმპლემენტაცია ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან COVID-19-ის ვაქცინები არც მიკროჩიპებს არ შეიცავს.

----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3062 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი