სოციალურ ქსელში კორონავირუსთან და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით მსახიობ გიორგი ყიფშიძის განცხადება ვრცელდება, რომელიც ambebi.ge-ის ინტერვიუდან არის ამოღებული. მსახიობის თქმით, ის ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს, რადგან ვაქცინა არ იცავს და შესაბამისად, აცრის საჭიროებას ვერ ხედავს. ამასთანავე, ყიფშიძის წარმოდგენით, კორონავირუსი ჩვეულებრივი გრიპის ვირუსია. აღსანიშნავია, რომ მსახიობის სიტყვები Facebook-გვერდებმა და მომხმარებლებმა მალევე აიტაცეს და ზოგიერთ პოსტს ათასზე მეტი გაზიარებაც აქვს. ინტერვიუს კონკრეტული ნაწილი, ambebi.ge-ზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტოებმაც გამოაქვეყნეს. რეალურად, მსახიობის მიერ გავრცელებული მტკიცებები კორონავირუსის ვაქცინასთან და პანდემიასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

­მტკიცება: "მე ვერ ვხედავ აუცილებლობას ავიცრა, არ შველის და რად მინდა, ვერ გავიგე"­­­

ყიფშიძე ინტერვიუში ამტკიცებს, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან ეს ვაქცინები დაავადებისგან მაინც არ გვიცავს. უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინაცია 100%-იან დაცვას არ გულისხმობს. SARS-COV-2-ის ვირუსი დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის და ახალი ვარიანტები წარმოიქმნება. ამ ეტაპზე მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, დელტა ვარიანტია (ე.წ. ინდური შტამი) დომინანტური. ახალ შტამებზე კოვიდვაქცინების ეფექტიანობა შედარებით შემცირებულია, თუმცა დაავადების მძიმე გართულების და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, რაც შესაბამისი კვლევებით დასტურდება. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განმარტავს, „ყველა ავტორიზებული ვაქცინა გვიცავს დაავადების მძიმე გართულებისგან და სიკვდილისგან, ყველა შტამის შემთხვევაში. ვაქცინირებულ მოსახლეობაში ტრენდს თუ დავაკვირდებით, სადაც ახალი შტამებით ინფიცირება მზარდია, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი 80%-დან 90%-მდეა“. ამრიგად, მტკიცება, რომ ვაქცინა არ გვიცავს, არის მცდარი.

ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის (NCDC) 15 მარტი-15 ივლისის ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით სრულად ვაქცინირებული [1] პირების მხოლოდ 0.19% დაინფიცირდა. ვაქცინირებულ პირებში, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით, მხოლოდ 4%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. საანგარიშო პერიოდში, ორი დოზით აცრილ პირებში კოვიდით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აღნიშნული მონაცემები, ადასტურებს, რომ ვაქცინა დაავადების მძიმე გართულების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს და სიკვდილისგან იცავს.

საანგარიშო პერიოდში, მინიმუმ ერთი დოზით აცრილთა შორის COVID-19-ით ლეტალობის მაჩვენებელი 0.99%-ია (12 შემთხვევა). შედარებისთვის, ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, 18 წელს ზევით პოპულაციაში COVID-19-ით ლეტალობის მაჩვენებელი 2.16%-ია. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაქცინის ერთი დოზაც კი სიკვდილის რისკს ამცირებს.

მტკიცება: „კორონავირუსი გრიპია რა ჩვეულებრივი. უფრო ისტერიკას ჰგავს."

კორონავირუსის პანდემიის დაწყების დღიდან აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი გრიპია. აღსანიშნავია, რომ გრიპის და კორონავირუსის სიმპტომები მსგავსია. ორივე ვირუსი რესპირატორულ დაავადებებს იწვევს. ორივე ვირუსი ადამიანიდან ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა. თუმცა სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, მათი ერთმანეთთან გაიგივება, არ შეიძლება, რადგან ისინი ორ სხვადასხვა ვირუსს წარმოადგენენ.

COVID-19 ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციაა. ამ ეტაპზე, ის გაცილებით საშიშია, ვიდრე გრიპის ვირუსები. იქიდან გამომდინარე, რომ COVID-19-ის პანდემია აქტიურ ფაზაშია, რთულია მისი სიკვდილიანობის ზუსტი კოეფიციენტის განსაზღვრა და ეს მხოლოდ პანდემიის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, მტკიცება, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი გრიპის ვირუსია, არასწორია. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის თებერვალში ვირუსის სიკვდილიანობასთან დაკავშირებით უფრო მეტი ცნობა და კვლევა გახდა ხელმისაწვდომი. მაგალითად, კანადის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული მონაცემებით, COVID-19-ის სიკვდილიანობა, დაახლოებით, 3.5-ჯერ მაღალია, ვიდრე გრიპის შტამების უმეტესობისა. ინგლისსა და უელსში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ COVID-19 3-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე გრიპის ვირუსი ან პნევმონია. საფრანგეთში, დიჟონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გრიპის ვირუსისა და COVID-19-ის ლეტალობის მაჩვენებლების შედარებითი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს უკანასკნელი 3-ჯერ უფრო მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით ხასიათდება. ამასთან ერთად, კორონავირუსი გრიპის ვირუსთან შედარებით, გაცილებით სწრაფად ვრცელდება.

უფრო დეტალურად, ვრცლად გრიპისა და COVID-19-ის განსხვავების შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

მტკიცება: "ძალიან საშიში არ არის, მე აცრილზე უფრო ცუდი გავიგე, ისეთი რაღაცეები ემართებათ, ზოგი ბავშვს ვერ გააჩენს..."

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან და შვილოსნობასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად ვრცელდება. თუმცა, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინას, ქალის ან კაცის ორგანიზმის ნაყოფიერების უნარზე, რაიმე სახით ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია. ჩინეთში, გერმანიასა და ისრაელში ჩატარებული სამედიცინო კვლევების თანახმად, კორონავირუსის ინფექციამ მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა სპერმის ხარისხისა და ნაყოფიერების უნარის შემცირება ან მამაკაცის ჰორმონული დისბალანსი გამოიწვიოს. ამდენად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას პირიქით, მამაკაცებში ამ შესაძლო გართულების (კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში) თავიდან აცილება შეუძლია.

ასევე აღსანიშნავია, რომ 14 მაისს CDC-მ განაახლა რეკომენდაციები ორსულობისას ან ლაქტაციისას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შესახებ. CDC-ის ახალი რეკომენდაციების თანახმად, ორსული ადამიანები უფრო ხშირად ავადდებიან COVID-19– ით. „თუ ორსულად ხართ, შეგიძლიათ მიიღოთ COVID-19 ვაქცინა. ორსულობის დროს COVID-19 ვაქცინის მიღებამ შესაძლოა, დაგიცვათ COVID-19-ისგან გამოწვეული მძიმე დაავადებებისგან“. CDC-ის განახლებული რეკომენდაციები ასევე ფერტილობასაც ეხება. ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ რაიმე ვაქცინა, მათ შორის COVID-19 ვაქცინები, ნაყოფიერების პრობლემებს იწვევს. თუ თქვენ დაორსულებას ცდილობთ, არ გჭირდებათ ორსულობის თავიდან აცილება COVID-19 ვაქცინის მიღების შემდეგ.

ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიც (NCDC). NCDC-ის თანახმად, ამ საკითხის ირგვლივ ბევრი მითი არსებობს, თუმცა, რაიმე კავშირი ვაქცინაციასა და შვილოსნობის ფუნქციას შორის, არც ქალების და არც მამაკაცების შემთხვევაში, მეცნიერულად დადასტურებული არ არის - „ვაქცინაციის შედეგად ორგანიზმში იმუნური სტიმულაცია ხდება იმ კონკრეტული სპაიკ ცილის ან ანტიგენის (უცხო სხეული) წინააღმდეგ. შესაბამისად, გამორიცხულია ქალისა თუ მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოების მუშაობის რაიმე შეფერხება“. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ! COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები შვილოსნობის ფუნქციაზე ზეგავლენას არ ახდენენ.

კოვიდვაქცინებზე მეტი ინფორმაციის გასაცნობად, შეგიძლიათ ეწვიოთ მითითებულ ბმულს.

ამრიგად, გავრცელებული მტკიცებები კოვიდვაქცინაციასთან და კორონავირუსთან დაკავშირებით, ყალბია. უნდა გვახსოვდეს, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაციის ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ ახალ შტამებზე ვაქცინების ეფექტიანობა შედარებით შემცირებულია, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა დაავადების მძიმე გართულების და სიკვდილისგან თავის დასაცავად.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი