„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“ კორონავირუსთან დაკავშირებით Facebook-ზე ვიდეო-მიმართვას ავრცელებს. მიმართვა კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე არსებულ თითქმის ყველა დეზინფორმაციას თუ შეთქმულების თეორიას შეიცავს, რომელთა შესახებაც „ფაქტ-მეტრი“ ამ პერიოდში წერდა.

მტკიცება: პანდემიის გამოცხადებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობდა - ინფიცირებულთა რიცხვი 5-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე პანდემიის გამოცხადებისთვისაა საჭირო.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“ 2020 წლის 11 მარტს კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. მათივე განმარტებით, პანდემია ცხადდება მაშინ, როცა მსოფლიო მასშტაბით ახალი დაავადება სწრაფად ვრცელდება და მის საწინააღმდეგოდ ადამიანთა დიდ ნაწილს იმუნიტეტი არ გააჩნია. პანდემიის გამოსაცხადებლად 5%-იანი ზღვარი ან ინფიცირებულთა კონკრეტული რიცხვი არაა განსაზღვრული. 11 მარტისთვის კი კორონავირუსს პანდემიად მიჩნევისთვის ორივე ნიშანი ახასიათებდა: ვირუსის შემთხვევები 114 ქვეყანაში დადასტურდა, უკანასკნელი 2 კვირის მანძილზე მთლიან შემთხვევათა რიცხვი 12-ჯერ გაიზარდა, ქვეყანათა რაოდენობა კი, სადაც ვირუსი დადასტურდა, გასამმაგდა. ჯანმოს გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის, განცხადების თანახმად, შეშფოთებულნი იყვნენ ვირუსის გავრცელების სისწრაფითა და მისი სიმძიმის ხარისხით. უკანასკნელი დღეების მონაცემების გათვალისწინებით, მომდევნო დღეებში შემთხვევების რაოდენობის, გარდაცვლილთა და ქვეყანათა რიცხვის, სადაც ვირუსი დადასტურდა, ზრდას ელოდებოდნენ. შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, გამოცხადებულიყო პანდემია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მტკიცება, რომ პანდემიის გამოცხადების საჭიროება არ იდგა, მცდარია. უფრო მეტიც, საზოგადოების ნაწილი ჯანმოსადმი უკმაყოფილებას გამოთქვამდა და მათ პანდემიის გამოცხადების დაგვიანებაში ადანაშაულებდა.

მტკიცება: კორონავირუსის პანდემია არ არსებობს - იტალიელი ვირუსოლოგის, ჯულიო ტაროს, განცხადებით, იტალიაში, ეპიდემიის დასაწყისში 1000 გარდაცვლილიდან კორონავირუსით მხოლოდ 18 გარდაიცვალა, 21 მაისისთვის - 30 000-დან მხოლოდ 124. დანარჩენი მათგანი სხვა მიზეზით გარდაიცვალა და კორონავირუსს მიაწერენ.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

კორონავირუსის პანდემიასთან ერთად მსოფლიოს ვირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციის დიდ ტალღასთანაც უწევს ბრძოლა. კორონავირუსს ხშირად უწოდებენ ხელოვნურად შექმნილ პანიკას, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოების ინტერესებს ემსახურება. რეალურად, დღეს მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 46 860 592 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 205 838-ია (2020 წლის 2 ნოემბრის მონაცემებით).

ვიდეოში გაჟღერებული იტალიის სტატისტიკური მონაცემები სოციალურ ქსელში აქამდე გავრცელებულ მანიპულაციას ეფუძნება, რომელიც იტალიელი ვირუსოლოგის, ჯულიო ტაროს, რეალურ განცხადებასთან ერთად სხვა დაუზუსტებელ რიცხვებს შეიცავს. 21 მაისის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით რეგისტრირებულ გარდაცვლილთა რაოდენობა არა 30 000 (როგორც ვიდეოშია ნათქვამი), არამედ 3 032 იყო. თუმცა მთავარი საკითხი ისაა, რომ ჯულიო ტარო კორონავირუსით გარდაცვლილებად მხოლოდ იმ პაციენტებს თვლის, რომლებსაც სხვა თანმხლები დაავადებები არ ჰქონიათ. მაშინ, როცა ჯანმოს მიერ შემუშავებული მითითებების თანახმად, COVID-19-ით გარდაცვლილად განისაზღვრება პირი, რომელსაც კორონავირუსი კლინიკურად დაუდასტურდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გარდაცვალების სხვა, აშკარად ალტერნატიული მიზეზი არსებობს (რომელიც COVID-19-თან არ შეიძლება, დაკავშირებული იყოს. მაგ.: ფიზიკური ტრავმა). ასევე, COVID-19-ით ავადმყოფობასა და გარდაცვალებას შორის სრული გამოჯანმრთელების პერიოდი არ უნდა არსებობდეს. COVID-19-ით გარდაცვლილებად მიიჩნევიან ის პირებიც, რომლებსაც დაუდასტურდათ ვირუსი და პარალელურად, ქრონიკული დაავადებები (დიაბეტი, გულის კორონალური არტერიის დაავადება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ა.შ.), შესაბამისად, დაბალი იმუნიტეტი ჰქონდათ და კორონავირუსის შედეგად მათი მდგომარეობა დამძიმდა. აღსანიშნავია, რომ ჯანმოს მიხედვით, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები COVID-19-ით სიკვდილის მაღალი რისკის ქვეშ არიან.

შესაბამისად, მტკიცება, რომ იტალია სხვა მიზეზით გარდაცვლილებს კორონავირუსის სტატისტიკას მიაწერს და ამით მონაცემებს ხელოვნურად ზრდის, ფაქტობრივ სიმართლეს არ შეესაბამება.

მტკიცება: ტაძარში ყოფნისას და ზიარებისას ინფექციები არ გადაეცემა.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი.

ბუნებრივია, „ფაქტ-მეტრი“ რელიგიურ რწმენებზე დაფუძნებულ მოსაზრებებს არ ამოწმებს და ზიარებისა თუ სხვა რიტუალის რელიგიურ მნიშვნელობაზე არ მსჯელობს. აღნიშნულ საკითხს კორონავირუსის კონტექსტში დახურულ სივრცესა და საერთო მოხმარების ნივთების შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებისა და სამეცნიერო კვლევების საფუძველზე განვიხილავთ.

კორონავირუსის პირობებში რელიგიური რიტუალების ჩატარების შესახებ „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა. პანდემიის დაწყებიდან, აღნიშნული საკითხი აქტიურად განიხილებოდა, მათ შორის ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდანაც. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, ეკლესიებში ხალხმრავლობის შედეგად ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჰიგიენური წესების დაცვა. ამ თემასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით კი, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო რელიგიური რიტუალებისთვის წესებს არ ადგენს, ერთი კოვზის გამოყენება კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილი არაა.

2020 წლის 29 თებერვალს საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსის (COVID-19) გამო საერთო კოვზიდან ზიარების წესის შეცვლას არ აპირებდა. ზირების წესთან დაკავშირებით, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ ღვინოს ანსტისეპტიკური თვისება ჰქონდა და მასში მოხვედრილი კოვზი თავისუფლდებოდა ბაქტერიებისაგან. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო რელიგიური რიტუალებისთვის წესებს არ ადგენს, ერთი კოვზის გამოყენება კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილი არაა.

რაც შეეხება ალკოჰოლის გამოყენებას მედიცინაში, მიკრობების საწინააღმდეგოდ ეთანოლი, იზოპროპანოლი და პროპანოლ - 1 ყველაზე ფართოდ გამოიყენება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ალკოჰოლის ანტიმიკრობული თვისება 50%-ზე დაბალი კონცენტრაციის პირობებში მნიშვნელოვნად მცირდება, ხოლო 60-90%-ის ფარგლებში მისი ეფექტიანობა ყველაზე მაღალია. ღვინოში ალკოჰოლის შემცველობა, როგორც წესი, 18%-ს არ აღემატება და ის არც ანტისეპტიკურ და არც სადეზინფექციო საშუალებას არ წარმოადგენს. შესაბამისად, მტკიცება, რომ ღვინის სადეზინფექციო საშუალებად გამოყენება და მისი მეშვეობით ზიარებისთვის განკუთვნილი კოვზის ბაქტერიებისგან გაწმენდა შესაძლებელია, მცდარია. ალკოჰოლით კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ გავრცელებულ მითს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც პასუხობს. მისი ინფორმაციით, ალკოჰოლით ან ქლორით ახალი კორონავირუსის განადგურება შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დასაწყისში საპატრიარქომ ზიარების წესი არ შეცვალა, მრევლს ტაძარში ორმეტრიანი დისტანციის დაცვისკენ, ხოლო ვისაც ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდა, სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა. ეკლესიების გარკვეულმა ნაწილმა ხატების დეზინფექციასაც მიმართა. ამდენად, თავად საპატრიარქომაც რიგი რეგულაციების დაცვის მნიშვნელობა აღიარა.

CDC-ის კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ საზოგადოების მჭიდრო კონტაქტი, მით უფრო, დახურულ სივრცეში, კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის. ამიტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, მოქალაქეებს მოუწოდებს, ტაძარში მისვლისას პირბადე გამოიყენონ.

გარდა ამისა, ავსტრალიის დაავადებისთვის მზადყოფნის ცენტრის (ACDP) კვლევების უახლესი მონაცემებით, კორონავირუსი მინის, ქაღალდის, ფოლადის ზედაპირზე 28 დღემდე ცოცხლობს. ხოლო იაპონელი მკვლევრების თანახმად, კორონავირუსი ადამიანის კანზე 9 სთ-მდე ცოცხლობს. შესაბამისად, ჯანმო საზოგადოებას მოუწოდებს, საგნის ზედაპირები სადეზინფექციო ხსნარებით ხშირად გაასუფთაონ, ხელები ანტისეპტიკური საშუალებებით დაიმუშაონ და თვალზე, პირის ღრუსა და ცხვირზე შეხებას მოერიდონ.

მტკიცება: PCR ტესტირების დროს ნაცხის აღება ცხვირის ღრუს ღრმა არედან აზიანებს ტვინს და მიზნად ისახავს ადამიანის ორგანიზმში მიკროჩიპების იმპლემენტაციას.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი.

ტვინი თავის ქალის შიგნით გარშემორტყმულია დამცავი სითხითა და მრავალი გარსით, რაც სტაბილურ დაცვით ქსელს ქმნის შიდა დაზიანებების თავიდან ასაცილებლად. ამას ჰემატოენცეფალური ბარიერი ეწოდება. მეცნიეურულად, PCR ტესტირების დროს გამოყენებულ ჩხირს არ შეუძლია ამ გარსების გარღვევა და ქსოვილებში შეღწევა. შესაბამისად, ჩხირი ტვინის დაზიანებას ვერანაირად ვერ გამოიწვევს. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, იმისთვის, რომ PCR ტესტირებით მიღებული მონაცემები იყოს სანდო, ჩხირი უნდა მოთავსდეს ცხვირის ღრუში დაახლოებით 2 სანტიმეტრ სიღრმეზე. ამას სამედიცინო სახის მიზეზი აქვს. სწორედ ცხვირ-ხახის ამ ყველაზე მგრძნობიარე არედან შეგროვებულ მონაცემებზე დაკვირვებითაა შესაძლებელი ანალიზის სწორად წარმართვა და სანდო შედეგების მიღება. PCR ტესტის მექანიზმი ახალი არაა. რესპირატორული ვირუსების კვლევა ყველაზე ეფექტური სწორედ ამ მეთოდის საშუალებითაა.

მოსაზრება, რომ PCR ტესტირების მიზანი ადამიანის ორგანიზმში მიკროჩიპების იმპლემენტაციაა, აბსურდულია. იგივე შინაარსის კონსპირაცია ბილ გეითსის 2015 წლის TED talk-ზე გამოსვლის ვიდეოს გარშემოც გავრცელდა. ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

მტკიცება: „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ მიზანია მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

ვიდეოში „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ პირველ გენერალურ დირექტორს ბროკ ჩიშოლმს შემდეგ ციტატას მიაწერენ: „იმისთვის რომ მივაღწიოთ მსოფლიო მთავრობას, საჭიროა, რომ ადამიანთა ცნობიერებიდან გავდევნოთ ინდივიდუალიზმი, ოჯახურ ტრადიციებთან მათი მიჯაჭვულობა, ეროვნული პატრიოტიზმი და რელიგიური დოგმები.“ აღნიშნული ციტატის ნამდვილობის შემოწმებისას, აღმოჩნდა, რომ კვლევას მივყავართ შეთქმულების თეორეტიკოსებთან და კონსპირაციულ წიგნებთან (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). ეს წყაროები კი არავალიდურია და ციტატის სისწორეს ვერ ამტკიცებს.

ხშირია შემთხვევები, როდესაც შეთქმულების თეორიის ავტორები კორონავირუსს ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების იარაღად მოიხსენიებენ. დეზინფორმაციის გავრცელებისას გავლენიან პიროვნებებს ან/და ცნობილ ფილანტროპისტებს ისეთ ციტატებს მიაწერენ, რაც მათ საერთოდ არ უთქვამთ, ან თქვეს აბსოლუტურად განსხვავებულ კონტექსტში. იგივე შინაარსის კონსპირაცია დევიდ როკფელერის სიტყვის დამახინჯებულ ვერსიასთან დაკავშირებითაც გავრცელდა. ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

კორონავირუსსა და ახალი მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა (ბმული 1, ბმული 2).

მტკიცება: გასულ წლებში რესპირატორული დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი ისეთივე მაღალი იყო, როგორც წელს. ამ კუთხით არაფერ განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

2 ნოემბრის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით 1,205,838 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, კორონავირუსის სიკვდილიანობის ზუსტი კოეფიციენტის განსაზღვრა ამ ეტაპზე რთულია, რადგან პანდემია კვლავ აქტიურ ფაზაშია. გარდაცვლილთა რიცხვის ზრდა გაგრძელდება მანამ, სანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოწმების ფაზები არ დასრულდება და დადასტურდება ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა. (თუ რა ფაზების გავლა უწევს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

მიუხედავად ამისა, მეცნიერები გაკვეულ ვარაუდებს ინფექციის ლეტალობასთან დაკავშირებით გამოთქვამენ. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსით სიკვდილიანობის კოეფიციენტი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად მაღალია, (შესაძლოა, 10-ჯერ ან უფრო მეტადაც), ვიდრე რესპირატორული დაავადების ერთ-ერთი გამომწვევის გრიპის სიკვდილიანობის მაჩვენებელი. გრიპისგან განსხვავებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო დამტკიცებული ვაქცინა, ან სპეციალური მედიკამენტები ჯერჯერობით არ არსებობს, რაც მკურნალობის პროცესს კიდევ უფრო პრობლემურს ხდის და შესაბამის გავლენას ახდენს გარდაცვალების მაჩვენებელზეც (უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სტატია).

მტკიცება: კორონა ვირუსის შემთხვევაში პანდემიის გამოცხადება არალეგიტიმური იყო. ტუბერკულოზი ჯერ-ჯერობით კორონავირუსთან შედარებით, მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება. შესაბამისად, კორონავირუსის პანდემიად გამოცხადება და ტუბერკულოზის საკითხის უკანა პლანზე დატოვება არასამართლიანია.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის “ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პანდემიას შემდეგნაირად განმარტავს: „ის წარმოადგენს გლობალური მასშტაბით გავრცელებად ეპიდემიას, რომელიც კვეთს სერთაშორისო საზღვრებს და გავლენას ახდენს მოსახლეობის დიდ რაოდენობაზე.“ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებაში, რაიმე კონკრეტული რიცხვითი ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემთხვევაშიც პანდემიის გამოცხადება ლეგიტიმურია - არ ფიგურირებს.

ჯანმოს შემუშავებული 6 ფაზიანი პანდემისი საგანგაშო ეტაპების (WHO phase of pandemic alert for Pandemic) მიხედვით, პანდემიის გამოცხადება მიზანშეწონილია თუ ახალი ვირუსი მეექვეს ფაზას უახლოვდება. პირველი ფაზა ვირსუსის მხოლოდ ცხოველებში არსებობით ხასიათდება და ადამიანებზე არ გადადის. რაც შეეხება მეხუთე ფაზას, ის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადებით ხასიათდება და ხასიათდება ფართო გავრცეელებით ჯანმოს მიერ შესწავლად მინიმუმ ორ ქვეყანაში. მეექვსე ფაზის დროს, ვირუსი სწრაფი გავრცელებით ხასიათდება და მოიცავს მეხუთე ფაზის დროს დაფიქსირებულ ქვეყნებთან ერთად დამატებით მინიმუმ ერთ ჯანმოს მიერ შესწავლად ქვეყანას სხვა რეგიონში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ Covid-19 პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა მაშინ, როცა მსოფლიო მასშტაბით 114 ქვეყანაში, 118 000-ზე მეტი დაინფიცირების და 4291 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. ვირუსის ფაქტები 11 მარტის მონაცემებით დაფიქსირებული იყო დედამიწის ყველა კონტინენტზე (ანტარქტიდის გარდა). მათ შორის 4 ლოკაციაზე: ჩინეთში, იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში დაფიქსირდა მთელი შემთხვევების რაოდენობის 90%.

მართალია ტუბერკულოზი ისეთ დავადებას წარმოადგენს, რომელიც ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა - ისევე როგორც კორონავირუსი, თუმცა მისი და კორონავირუსის გარცელების გეოგრაფიული არეალი და მასშტაბები განსხვავდება. ამასთან ერთად, 11 მარტის მონაცემებით, კორონავირუსმა, ზემოთ ხსენებული სტატისტიკის თანახმად, მისი გლობალური გავრცელების ფონზე წარმოქმნა გლობალური ეპიდაფეთქების პრეცენდენტი. მაშინ, როცა კორონავირუსის შემთხვევაში ვხვდებით მის ფართო გავრცელებას დედამიწის ყველა კონტინენტზე (ანტარქტიდის გარდა) და ეს უკვე აშკარა იყო 11 მარტის მონაცემებით, ტუბერკულიოზის შემთხვევების უმრავლესობა გვხვდება საშუალო ან დაბალშემოსავლიანი ქვეყნების გაჭირვებულ მოსახლეობაში და ძირითადად თავმოყრილია ერთ გეოგრაფიულ არეალში. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ კორონავირუსმა გლობალური ეპიდაფეთქების პრეცედენტი წარმოქმნა, ტუპერკულოზის შემთხვევაში არ მომხდარა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზიდან გამომდინარე, ტუპერკულიოზის პანდემიად გამოცხადება საფუძველს მოკლებულია.

ხაზგასასმელია, რომ ტუბერკულოზის და კორონავირუსის ერთმანეთთან გაიგივება არასწორია იქიდან გამომდინარე, რომ ისინი სრულიად განსხვავებული ტიპის დაავადებებს წარმაოდგენენ.

ტუბერკულოზი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკრობაქტერია იწვევს. დაავადება უპირატესად ფილტვებში ლოკალიზდება, მაგრამ პროცესში შეიძლება ჩართული იყოს და დაზიანდეს ნებისმიერი ორგანო და სისტემა.

აქტიური ტუბერკულოზით დაავადებული პირი ლაპარაკის, სიცილის, მთქნარების და ხველების დროს გამოყოფს ბაქტერიებს ჰაერში. ახლოს მყოფი პირი ჩაისუნთქავს მიკრობის შემცველ ჰაერს და ამ გზით ხვდება მის ფილტვებში მიკობაქტერია, რამაც შეიძლება დაინფიცირება გამოიწვიოს. ტუბერკულოზი ვრცელდება მხოლოდ ჰაერით.

COVID-19 ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციაა, რომელიც იწვევს რესპირატორულ დაავადებებს. COVID-19 წვეთოვანი გზით ვრცელდება. ადამიანი ვირუსის შემცველ წვეთებს ავრცელებს საუბრისას, ხველისას და ცემინებისას. წვეთები დაახლოებით 1 მეტრის რადიუსზე ვრცელდება და სწრაფად ეშვება ზედაპირზე. ვირუსი საგნების ზედაპირზეც სიცოცხლისუნარიანია, შესაბამისად ზედაპირები, რომელთაც ვეხებით, ინფიცირების ერთ-ერთი წყაროა.

ზემოთ მოყვანილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კორონავირუსისა და ტუბერკულოზის შედარება არაა მართებული მათი განსხვავებული სამედიცინო ხასიათიდან გამომდინარე. COVID-19-ის პანდემიად გამოცხადება არ ნიშნავს, რომ ვირუსი უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე სხვა არსებული დაავადებები. დაავადების პანდემიად გამოცხადება გეოგრაფიული გავრცელებიდან გამომდინარე ხდება.

მტკიცება: ბილ გეითსმა პენტაგონს წარუდგინა ვირუსი, რომელიც ადამიანში ჩაინერგება და რელიგიურ ფუნდამენტალისტებს ამერიკის მიმართ ლოიალურად აქცევს. ეს ვირუსი კი გრიპი ან კორონავირუსი იქნება.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის “ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

ვიდეოში გაჟღერებული ინფორმაცია ეფუძნება Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც „ფაქტ-მეტრს“ უკვე გადამოწმებული აქვს. სრული სტატია - „ბილ გეითსის“ ყალბი ვიდეო „პენტაგონიდან“ - შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ვიდეოს მიხედვით, ბილ გეითსი ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობაში „საღვთო გენის“ (რელიგიური ფუნდამენტალიზმის განმსაზღვრელი გენი) შეცვლის გეგმას პენტაგონში წარადგენს. გეგმის შესასრულებელ მექანიზმად კი რელიგიური ფუნდამენტალიზმის საწინააღმდეგო ვაქცინას, FunVax-ს, განიხილავს, რომელიც „ფანატიკოსს“ „ნორმალურ ადამიანად“ გადააქცევს. ვიდეოში აღნიშნულია, რომ დასახელებული ვაქცინის მოსახლეობაზე დატესტვის მიზნით სხვადასხვა რესპირატორული ვირუსი სპეციალურად იქმნება, მათ შორის, კორონავირუსები. ვიდეოს მიზანს კორონავირუსის ხელოვნურად და მიზანმიმართულად გავრცელების შეთქმულების თეორიის გაძლიერება წარმოადგენს. გავრცელებული ვიდეო მრავალმხრივ არაზუსტ და გამოგონილ ფაქტზეა დაფუძნებული. ვიდეო 2011 წელს არის გამოქვეყნებული და ავტორი ირწმუნება, რომ ის 2005 წელს არის გადაღებული. თუმცა ვიდეოში ჩანს 2010 წლის კვლევიდან მოპარული სურათები, რაც ვიდეოს არაავთენტურობას ადასტურებს. მეტიც, ვიდეოში ბილ გეითსი არ ჩანს და ასევე ვიდეოში კორონავირუსი საერთოდ არაა ნახსენები (ნახსენებია - რინოვირუსები, რომელიც შეთქმულების თეორიის გასავრცელებლად რუსულმა წყაროებმა კორონავირუსად თარგმნეს). გარდა იმისა, რომ ე.წ. „საღვთო გენის“ არსებობა მეცნიერულად დაუდასტურებელია.

მტკიცება: გეითსის, როკფელერის და სოროსის მიზანია მსოფლიო მოსახლეობის შემცირება “ოქროს მილიარდამდე”, რასაც ძირითადად განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობა ემსხვერპლება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის “ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

ბილ გეითსი ამერიკელი ბიზნესმენი და ფილანტროპია, რომელმაც პოლ ალენთან ერთად, 1975 წელს კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია Microsoft დააარსა. გეითსი არაერთხელ დასახელდა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად(2020 წლისთვის ფორბსმა იგი ჯეფ ბეზოსის შემდეგ, მსოფლიოს მე-2 უდიდეს ადამიანად დაასახელა).ჯორჯ სოროსი უნგრული წარმოშობის ამერიკელი ფილანტროპია, რომელიც ფორბსის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 162-ე ადგილს იკავებს.როკფელერების ოჯახი კი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გვარია თავისი ისტორიითა და ფინანსური პარამეტრებით.

მტკიცება იმის შესახებ, რომ აღნიშნული პიროვნებების მიზანია მსოფლიო მოსახლეობის 1 მილიარდამდე შემცირება ყალბია და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს.

დეზინფორმაცია, სავარაუდოდ, Youtube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს ეფუძნება, რომელიც გეითსის ოფიციალურ არხზეა ატვირთული. ვიდეოში, სახელწოდებით “A conversation with Bill Gates: Population growth”, გეითსი აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ზრდა გლობალურ დონეზე არ წარმოადგენს შიშის საფუძველს, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო მოსახლეობა, ამჟამად პროცენტულად უფრო ნაკლებად იზრდება, ვიდრე რამდენიმე ათეული წლის წინ.

გეითსის თანახმად, მოსახლეობის მატება ძირითადად განვითარებად და ღარიბ ქვეყნებზე მოდის, სადაც 2050 წლისთვის მოსახლეობის გასამმაგებას ვარაუდობენ. შესაბამისად, მისი ვარაუდით, აღნიშნული ქვეყნები ვერ შეძლებენ თავიანთი მოქალაქეების განათლებით, საჭირო რესურსებით, სამუშაო ადგილებითა და სტაბილური გარემოთი უზრუნველყოფას. შესაბამისად, გეითსი მიიჩნევს, რომ, 2050 წლისთვის შექმნილი პრობლემების მოგვარება მსოფლიომ ახლა უნდა დაიწყოს და ეკონომიკურად სუსტ ქვეყნებს სხვადასხვა ტიპის დახმარება აღმოუჩინოს, რათა წლების შემდეგ გაცილებით უფრო მეტი ადამიანი არ აღმოჩნდეს ჯანდაცვის, დასაქმების და სხვა მძიმე გამოწვევების წინაშე.

მტკიცება: ჯონას სალკს ეკუთვნის ნაშრომი “უბრძნესის (ყველაზე ჭკვიანის)” გადარჩენა. ნაშრომში საუბარია, რომ მეცნიერებმა უნდა მოიფიქრონ “რამე” რაც შეამცირებს გაზრდილ მსოფლიო მოსახლეობას

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის “ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

ჯონას სალკი (1914-1995) იყო ამერიკელი ვირუსოლოგი, რომელმაც შექმნა პოლიოს ერთ - ერთი პირველი ვაქცინა. აღნიშნული წიგნი, თავისი ორიგინალი სახელწოდებით, “The Survival of the Wisest” ნამდვილად ეკუთვნის ჯონას სალკს. წიგნის 1-ელი გამოცემა დაიბეჭდა 1973 წლის 1 იანვარს. ნაშრომის მცირე ვერსია, რომელიც დაიბეჭდა Phi Delta Kappa International-ის მიერ, სტატიის სახით შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ნაშრომში არ არის მოწოდება ისეთი რაიმეს შექმნისკენ, რაც ხელოვნურად გამოიწვევს მზარდი მსოფლიო მოსახლეობის შემცირებას. სალკი მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებებზე საუბრობდა და სხვადასხვა ტიპის პროგნოზებს აანალიზებდა თუ როგორ შეიძლება შეცვლილიყო მსოფლიო პოპულაციის რაოდენობა. ჯონას სალკმა თავისი იდეები უფრო ვრცლად თავის მომდევნო წიგნში - "World Population and Human Values: A New Reality”(1981) განავითარა.

მტკიცება: სასამართლო პროცესები და პეტიციები კორონავირუსის შემოქმედთა წინააღმდეგ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის “ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

ვიდეომიმართვაში სასულიერო პირები კორონავირუსის წინააღმდეგ წამოწყებულ სასამართლო პროცესებს რამდენჯერმე ახსენებენ. სასულიერო პირები გერმანელი იურისტის, რაინერ ფიულმიჩის მტკიცებებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ და მისი ვიდეოდან "Crime against humanity" ამონარიდებს აჟღერებენ. გერმანელი იურისტის თქმით, კორონავირუსის კრიზისს სახელი უნდა შეეცვალოს და კორონა სკანდალი ეწოდოს, ხოლო დამნაშავეები სამოქალაქო ზიანის მიყენებისთვის უნდა დაისაჯონ და სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცნენ. იურისტი წამოწყებული გამოძიებით საზოგადოებას კორონავირუსის შემოქმედთა და მათ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მხილებას ჰპირდება. ფიულმიჩი ვრცელ მონოლოგში მრავალ თემას მიმოიხილავს, რომლებიც რეალობიდან შორსაა და ძირითადად მის სუბიექტურ მოსაზრებებს წარმოადგენს. ამასთანავე იურისტი არაერთ დეზინფორმაციას (PCR-ტესტებზე, ვირუსის უმნიშვნელობაზე და სხვ.) ავრცელებს, რომლებსაც დაწვრილებით შეგიძლიათ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში გაეცნოთ. იურისტს დაპირებული სასამართლო დავაზე ინფორმაცია არ იძებნება.

რაც შეეხება ვიდეოში ნახსენებ „Great Barrington Declaration“-ს, ეს არის დეკლარაცია, რომლის მიზანიც მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის COVID-19-ის პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გაუქმებაა.

დეკლარაციის მიხედვით, კორონავირუსისგან მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფის წევრების დაცვაა საჭირო და სხვა ადამიანებმა ისე უნდა იცხოვრონ თითქოს COVID-19 არ არსებობს. აქედან გამომდინარე, დეკლარაციის ავტორები მოითხოვენ სკოლების, უნივერსიტეტების, რესტორნებისა და ბიზნესების გახსნას. ახალგაზრდები, რომლებიც შედარებით დაბალ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს უნდა დაუბრუნდენ, ხოლო მოხუცებმა და მოწყვლადმა ჯგუფებმა სოციალური დისტანციის, კონტაქტების შეზღუდვა და სხვა პრევენციული ზომების დაცვა განაგრძონ. აღნიშნული ქმედებების მიზანი ჯოგური იმუნიტეტის მიღწევაა. დეკლარაციის ავტორების აზრით, მინიმალური რისკის ქვეშ მყოფი პირები ჩვეული ცხოვრების წესს უნდა მიჰყვნენ და იმუნიტეტი ინფექციასთან ბუნებრივი ბრძოლით გამოიმუშავონ.

აღნიშნული დეკლარაცია ჯანდაცვის სფეროსა და სხვა სამეცნიერო წრეებში დიდი კრიტიკის ობიექტი გახდა. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, აღნიშნული ტაქტიკა სარისკოა. ამ შემთხვევაში მოწყვლად ჯგუფებში დაინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, რაც თავისთავად ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდას გამოიწვევს.

ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, ისტორიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჯოგური იმუნიტეტი პანდემიის აფეთქების დროს სტრატეგიად გამოეყენებინათ, რადგან ეს ყოველივე მეცნიერული და ეთიკის თვალსაზრისით პრობლემური საკითხია.

შესაბამისად, კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას მსოფლიოს გარშემო ოფიციალური სტატუსით შენიღბული არა ერთი საეჭვო რეპუტაციის მქონე პირი და გაერთიანება ცდილობს. შეგიძლიათ იხილოთ, "ფაქტ-მეტრის" სტატია "ექიმთა მსოფლიო გაერთიანებაზე".

მტკიცება: ადამიანების დაინფიცირება COVID-19-ის ტესტებით ხდება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის “ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

დეკანოზი დავით ლასურაშვილის მტკიცებით, ადამიანები კორონავირუსზე ტესტის გაკეთების დროს ინფიცირდებიან. სასულიერო პირი აღნიშნულ მტკიცებას The Telegraph-ისა და Washington Post-ის სტატიებით ამყარებს.

ტელეგრაფის სტატიის მიხედვით, ტესტების მიმწოდებელმა შუამავალმა კომპანია Eurofins-მა დიდი ბრტანეთის ლაბორატორიებს კორონავირუსის ტესტების მიწოდების შეფერხების შესახებ აცნობა. შეფერხების მიზეზი ტესტების ძირითადი ნაწილების კორონავირუსით დაბინძურება იყო. თუმცა, კორონავირუსით ტესტირებისას დასნებოვნებული ტესტები ადამიანებს ვერ დააინფიცირებდა, რადგან დაბინძურებულ ტესტთან ადამიანებს შეხება ვერ ექნებოდა. დაბინძურებული ტესტი გამოუსადეგარი იყო იმ კუთხით, რომ ის არასწორ პასუხს აჩვენებდა.

აშშ-დან ტესტების მიწოდება პანდემიის საწყის ეტაპზე ნამდვილად შეფერხდა. ამის მიზეზი კი პანდემიის დასაწყისში აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დაუდევარი ლაბორატორიულ პრაქტიკა გახდა. CDC შესაბამის პროტოკოლს ზუსტად ვერ მიჰყვებოდა, რამაც ტესტების პირველი პარტიის დაბინძურება გამოიწვია. კერძოდ, ვირუსით დაბინძურების პრობლემა დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ მკვლევრები ლაბორატორიებში სპეცტანსაცმლის გამოცვლის გარეშე გადაადგილდებოდნენ. აქვე, ტესტის კომპონენტების შესაგროვებლად და კორონავირუსის შემცველ ნიმუშებთან მუშაობისთვის საერთო სივრცე გამოიყენებოდა. შესაბამისად, ეს ტესტები აშშ-ში არაეფექტურად შეაფასეს და დამატებითი კვლევების ჩატარება დაიწყეს. ამ პროცესმა ბუნებრივია შეაფერხა ტესტების წარმოებისა და სხვა ქვეყნებისთვის მიწოდების პროცესი. ამასთანავე, ტესტის ხარვეზები მისი სხვა ქვეყნების სამედიცინო ლაბორატორიებში გაგზავნამდე გამოვლინდა, რაც სხვა ქვეყნების ხარვეზიანი ტესტირების ნაკრებით (test kits) მომარაგებას გამორიცხავს.

Washington Post-ის სტატიაში კი ბაზარზე გავრცელებულ ანტიგენებზე დამყარებულ უხარისხო ტესტებზეა საუბარი. თუმცა, თავად ანტიგენებზე დამყარებული ტესტების არაეფექტურობასა და არასანდოობაზე არაფერია ნათქვამი. კრიტიკის ობიექტი სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია(FAD) გახდა, რომელიც ბაზარზე გავრცელებული ტესტების ხარისხს სათანადოდ ვერ აკონტროლებდა. აღნიშნულმა ადმინისტრაციამ პოლიტიკა შეცვალა და ტესტების გავრცელებაზე განსაკუთრებით მკაცრი ზომები დააწესა, რაც სხვადასხვა კომპანიისთვის ტესტებზე ავტორიზაციის მოპოვებას ართულებს.

შესაბამისად, ის ფაქტი, რომ COVID-19-ზე ტესტირებით ადამიანებს გამიზნულად ასნებოვნებენ წუნდებული ტესტების ანგარიშის არასწორ ინტერპრეტაციებზეა დამყარებული და სიმართლეს არ შეესაბამება.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია