დეზინფორმაცია: 4 ივლისს „ნიურნბერგის პროცესი 2“ გაიმართა
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
2021 წლის 4-5 ივლისს, Facebook-ზე შორე შანიძემ და მიშო ოტიაშვილმა პოსტები განათავსეს, რომლის თანახმადაც 18:00 საათზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო პირდაპირ ეთერში „ნიურნბერგის პროცესი 2“ უნდა გამართულიყო. აღსანიშნავია, რომ შანიძემ და ოტიაშვილმა პროცესის შესახებ ერთი და იმავე შინაარსის ვრცელი პოსტებიც გამოაქვეყნეს, რომლებშიც კორონავირუსთან მიმართებაში ნიურნბერგის კოდექსის ათი მუხლია განხილული.
პოსტების მიხედვით, ნიურნბერგის პროცესი დოქტორმა რაინერ ფიულმიხმა იურისტებთან და ექიმებთან ერთად წამოიწყო, რომლითაც ისინი ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს (CDC), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და დავოსის ჯგუფს ადამიანთა მიმართ მძიმე, გენოციდის დონის დანაშაულის ჩადენაში უჩივიან. რეალურად, ნიურნბერგი 2-ის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.
მტკიცება: 4 ივლისს ნიურნბერგის პროცესი 2 ჩატარდა და პირდაპირ ეთერში გადაეცა
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
მიმდინარე წლის 4 ივლისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ან რომელიმე სხვა სასამართლოს მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და დავოსის ჯგუფის წინააღმდეგ ჩატარებული სასამართლო პროცესის ჩატარების შესახებ ცნობები არც ღია წყაროებში და არც სისხლის საერთაშორისო სასამართლოს ვებ-გვერდზე არ მოიძებნება.
უშუალოდ Facebook-პოსტებში ამ ინფორმაციის პირველწყაროდ ვებ-გვერდი nurembergtrials.net არის მითითებული. ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციით, 4 ივლისს პროცესი Zoom-ის ონლაინ შეხვედრების პლატფორმის საშუალებით გაიმართა, რომელზეც უმაღლესმა მოსამართლეებმა „მე-4 რაიხი“ (კორონავირუსის პანდემიის შემოქმედნი) ადამიანთა წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის გაასამართლეს, ამავე პროცესის ჩანაწერი კი ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. თუმცა, nurembergtrials.net-ზე, 4 ივლისს ჩატარებული სხდომის ვიდეოები არ იძებნება. ამ დრომდე, ვებ-გვერდზე განთავსებულია 4 ვიდეო და პატარა სტატია, რომლებიც კორონავირუსის პანდემიას მსოფლიო ელიტების მიერ დაგეგმილ აფიორად და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად წარმოაჩენს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში, ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს გერმანიასა და აშშ-ში 3 და 4 ივლისს „კოვიდფაშიზმის“ წინააღმდეგ სასამართლოები გაიმართებოდა. თუმცა, არც აშშ-ში და არც გერმანიაში მსგავსი სასამართლო პროცესი არ ჩატარებულა და მეტიც, სასამართლოების ვებ-გვერდზე კორონავირუსთან დაკავშირებული რაიმე სახის სასამართლო პროცესის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ იძებნება. ამ თემაზე შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიას მითითებულ ბმულზე (ბმული 1).
რაინერ ფიულმიხის ყალბი მტკიცებები და სასამართლო სარჩელი
გერმანელი იურისტი რაინერ ფიულმიხი ვიდეომიმართვებს ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბრიდან ავრცელებს და ამტკიცებს, რომ კორონავირუსის პანდემია არ არსებობს და ის ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად მსოფლიო ელიტებმა მოიგონეს. 2021 წლის 28 მაისს YouTube-ზე გამოქვეყნებული ფიულმიხის ვიდეოს აღწერაში (აღნიშნული ვიდეო განთავსებულია nurembergtrials.net-ზეც) მითითებულია, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილ პერსონას, ჯო ბაიდენსა და ყველაზე მდიდარ ადამიანს, ბილ გეითსს, 4 ივლისს ნიურნბერგ 2-ზე წარდგომა მოუწევდათ. თუმცა თავად ფულმიხი ვიდეოში იმავეს არ ამტკიცებს, მეტიც, ის არც იმას ამბობს, რომ რომელიმე სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა და სასამართლო განხილვები ახლო მომავალში დაიწყება.
უშუალოდ ფიულმიხისა და ნიურნბერგის პროცესის ხელახლა დაწყების შესახებ ინფორმაცია ,სავარაუდოდ, იმ ფაქტით არის გამოწვეული, რომ დოქტორმა ფიულმიხმა და მისი ადვოკატების ჯგუფმა, საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში ისრაელის კორონავირუსის საწინააღმდეგო პროგრამის შესახებ სარჩელი შეიტანეს. სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლომ მიიღო („Accepted”) საჩივარი ისრაელის მთავრობის წინააღმდეგ. Reuters საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს აღნიშნული სარჩელზე ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდა. სასამართლოს ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, რომ მათ მართლაც მიიღეს აღნიშნული სარჩელი, რადგან სასამართლოში სარჩელის შეტანა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. თუმცა, საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მიერ, ისრაელის წინააღმდეგ „სარჩელის მიღება“ ნიშნავს შეტანილი განაცხადის ბაზაში დაფიქსირებას და არა იმას, რომ სამართლებრივი გამოძიება დაიწყო. ამასთან ერთად, სარჩელი ისრაელის ნიურნბერგის კოდექსის დარღვევას ეხება, თუმცა რეალურადც, ნიურნბერგის კოდექსის შინაარსიდან გამომდინარე, ექსპერტების განცხადებით, კოვიდვაქცინაციასა და ნიურნბერგის კოდექსს შორის რელევანტური კავშირი არ არსებობს. აღნიშნულ საკითხზე შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
აქვე აღსანიშნავია, რომ რაინერ ფიულმიხი განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის გამოყენებულ PCR-მეთოდზე ამახვილებს. მისი თქმით, PCR- ტესტები ცრუ დადებით შედეგებს აჩვენებს. რეალურად, COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად სწორედ PCR/პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდი მიიჩნევა, რომლის ფარგლებშიც ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-COV-2-ის რნმ-ის განსაზღვრა ხდება. PCR მეთოდი მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევა და ინფიცირებულების გამოვლენის მხრივ, მათი სიზუსტე დაახლოებით 98%-ია. რაინერ ფიულმიხის მიერ გავრცელებულ სხვა ყალბ და დაუსაბუთებელ მტკიცებებსა და კორონავირუსის დიაგნოსტირების ტესტების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებს ( ბმული 1, ბმული 2).
კორონავირუსის ვაქცინაციასა და ნიურნბერგის კოდექსს შორის კავშირი
როგორც nurembergtrials.net, ასევე Facebook-პოსტებში მითითებულ banned.videos-ზე კორონავირუსის ვაქცინები ნიურნბერგის კოდექსს არღევს, იმავეს ამტკიცებს გერმანელი იურისტი რაინერ ფიულმიხიც. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ კორონავირუსის ვაქცინაციასა და ნიურნბერგის კოდექსს შორის კავშირი შეუსაბამოა.
ნიურბერგის კოდექსი 10 პუნქტისგან შედგება, რომელიც სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარებისას მასში მონაწილე პირებისადმი მოპყრობის წესებს განსაზღვრავს. ნიურბერგის კოდექსი 1947 წელს დაიწერა, იმ ექიმთა სასამართლო პროცესის დროს, რომლებმაც საკონცენტრაციო ბანაკებში პატიმრებზე 7000-ზე მეტი სამედიცინო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ისინი ექსპერიმენტების გზით, ნაცისტი ჯარისკაცების ბრძოლის ველზე გადარჩენის უნარის გაუმჯობესებას, სამედიცინო პროცედურებისა და მედიკამენტების დატესტვას, ცდილობდნენ. ამასთანავე, ექსპერიმენტები ნაცისტური იდეოლოგიური ხედვების - მათ შორის, რასობრივი უპირატესობის მხარდასაჭერად ტარდებოდა. აღნიშნული ექსპერიმენტები მასში მონაწილე პირების თანხმობის გარეშე განხორციელდა.
კოდექსის პირველი პრინციპი ამბობს, რომ კვლევებში მონაწილეობისას - ადამიანის ნებაყოფლობითი თანხმობა, აუცილებელია. კოდექსის სხვა პრინციპების თანახმად, ექსპერიმენტი უნდა იყოს მიმართული საზოგადოების საკეთილდღეოდ, ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული ყოველგვარი ზედმეტი ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა ან დაზიანება და არ უნდა ჩატარდეს არანაირი ექსპერიმენტი, თუ არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს სიკვდილი ან ადამიანის სერიოზული დაზიანება. ამასთან ერთად, პრინციპების თანახმად, ადამიანს უნდა შეეძლოს თავისუფლად გამოეთიშოს ექსპერიმენტს, თუ ტანჯვას განიცდის. კვლევაზე პასუხისმგებელი მეცნიერი უნდა იყოს მზად, დაასრულოს ექსპერიმენტი, თუ მათ საფუძვლიანად მიაჩნიათ ის, რომ კვლევის გაგრძელების შემთხვევაში, აღნიშნულმა შეიძლება ადამიანის დაზიანება, დაინვალიდება ან სიკვდილი გამოიწვიოს. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ნიურნბერგის კოდექსსა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას შორის, სინამდვილეში არავითარი კავშირი არ არსებობს:
ბრიტანული ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის, Full Fact-ის განცხადებით, ნიურნბერგის კოდექსის შესახებ მსჯელობა მხოლოდ ვაქცინის შემუშავების კვლევის ეტაპზე იქნებოდა რელევანტური და არა მაშინ, როცა ვაქცინა უკვე ფართო საზოგადოებას მიეწოდება. თუმცა ექსპერტების აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა უშუალოდ კვლევების ეტაპზე ვსაუბრობთ, ნიურნბერგის პროცესსა და კორონავირუსის ვაქცინის კვლევებს შორის კავშირის ძებნა არარელევანტურია. პენსილვანიის უნივერსიტეტის ბიოეთიკის პროფესორი, ჯონათან მორენოს განცხადებით, ნიურბერგის კოდექსი ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარებას ეხება და არა ვაქცინაციას. ჯორჯ ანნასის, ბოსტონის უნივერსიტეტის „ჯანმრთელობის სამართლის, ეთიკისა და ადამიანთა უფლებების ცენტრის“ დირექტორის განცხადებით, ნიურნბერგის კოდექსის შემუშავება მიზნად ისახავდა, რომ ის რაც ნაცისტებმა ჩაიდინეს, აღარასდროს განმეორდეს. ანნასის განცხადებით, ვაქცინის დისკრედიტაციის მიზნით, აღნიშნული კოდექსის არასწორი ინტერპრეტირება არ შეიძლება. ნიურნბერგის კოდექსი დატესტილ და ავტორიზებულ ვაქცინებს საერთოდ არ ეხება.
რაც შეეხება Facebook-პოსტებში წყაროდ მითითებულ banned.videos, ის ალექს ჯონსის, ულტრამემარჯვენე და კონსპირაციული ვებ-გვერდის მფლობელის ვიდეო პლატფორმაა. თავდაპირველად ის ვებ-გვერდს info-wars-ს მართავდა, რომელსაც კონსპირაციული და დეზინფორმაციული კონტენტის გამო სხვადასხვა სოციალური მედიის მიერ გავრცელება რამდენჯერმე შეუწყდა. აქედან გამომდინარე, ჯონსმა ახალი ვებ-გვერდი შექმნა banned.videos-ს სახით, რომელზეც info-wars-ის მსგავსად ყალბი მტკიცებები, ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია და დაუსაბუთებელი პოლიტიკური კონსპირაციული თეორიები არის განთავსებული. თუმცა, infowars-ისგან განსხვავებით, Banned.Video ექსკლუზიურად ალექს ჯონსზე არ არის ფოკუსირებული და სხვა ულტრამემარჯვენე პირების კონტენტსაც აშუქებს.
------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.