დეზინფორმაცია: AstraZeneca-ს ვაქცინა დნმ-ს ცვლის და აუტოიმუნურ დაავადებებს იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში Covid-19-ის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის შემადგენლობასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაქცინა ადამიანის ემბრიონის თირკმლის გენეტიკურად მოდიფიცირებულ უჯრედებს შეიცავს, რის გამოც ვაქცინა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ ორ პათოლოგიას - ინსერციულ მუტაგენეზს და აუტოიმუნურ დაავადებებს იწვევს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

Facebook-ზე გავრცელებული პოსტის თანახმად, AstraZeneca-ს ვაქცინა შიმპანზის ადენოვირუსისა და ადამიანის ემბრიონის თირკმლის გენეტიკურად მოდიფიცირებული (HEK-293 Human embryonic kidney 293) უჯრედებისგან არის მიღებული. რეალურად, AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოების პროცესში ადამიანის ემბრიონის თირკმლის უჯრედების, HEK293 cells, კლონირებული ვერსიები გამოიყენება, რომელიც საბოლოო პროდუქტში აღარ გვხვდება. კონკრეტულად, HEK-293 cells 1970-იან წლებში მიღებული ნაყოფის უჯრედული ხაზებია და ორსულობა, სამედიცინო მიზნებისთვის, ხელოვნურად არ შეწყვეტილა. ხოლო უჯრედები, რომლებიც ვაქცინის წარმოებისას გამოიყენება (Genetically modified human embryonic kidney (HEK)) არა ორიგინალი უჯრედული ხაზები, არამედ მისგან ხელოვნურად გამრავლებული, კლონირებული ვერსიებია. ერთი უჯრედული ხაზიდან კლონირებული ვერსიების უსასრულოდ მიღება შეიძლება. ვექტორული ვაქცინის შექმნის პროცესში აღნიშნული კლონირებული უჯრედები გამოიყენება, რადგან კონკრეტულ უჯრედებში ვაქცინისთვის საჭირო ანტიგენის გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემოა. აღსანიშნავია, რომ წარმოების პროცესში პროდუქტი იფილტრება და მის საბოლოო ვერსიაში კლონირებული უჯრედული მასალები აღარ ხვდება.

აღნიშნული უჯრედული ხაზები მედიცინაში და ფარმაკოლოგიურ ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება, განსაკუთრებით, კიბოს კვლევაში. ის მეცნიერებს დაეხმარა, წითელა-წითურა-ყბაყურას, ჩუტყვავილას, A ჰეპატიტის ვაქცინებისა და ისეთი წამლების შექმნაში, როგორიცაა, რევმატიული ართრიტის, ჰემოფილიის და ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტები.

ხოლო რაც შეეხება, შიმპანზის ადენოვირუსს, AstraZeneca-ს ვაქცინის აქტიური ინგრედიენტის დასამზადებლად მოდიფიცირებული ადენოვირუსია გამოყენებული, რომელიც შიმპანზეებში ჩვეულებრივ გაციებას იწვევს. ვირუსი იმგვარადაა მოდიფიცირებული, რომ მას ადამიანის დაინფიცირება არ შეუძლია და ადამიანის ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის ებრიონის თირკმლის უჯრედების კლონირებული ვერსიები მხოლოდ AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოების პროცესში გამოიყენება და ეს უჯრედები ან მათი დნმ საბოლოო პროდუქტში, ანუ ვაქცინაში არ ხვდება. ეს მოცემულობა უკვე პოსტში მოცემულ შემდგომ მტკიცებებს თავისთავად აბათილებს, რომლის თანახმადაც - ვაქცინაში არსებული აბორტირებული ემბრიონის უჯრედების დნმ, ადამიანის ორგანიზმში აუტოიმუნურ დაავადებებსა და ინსერციურ მუტაგენეზს იწვევს.

მტკიცება 1: ადამიანის ჩანასახის დნმ-ფრაგმენტებით დაბინძურებული ინექციების შეყვანა ადამიანის ორგანიზმში ინსერციური მუტაგენეზის რისკს ქმნის

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ტერმინი ინსერციური მუტაგენეზი, დნმ-ის მუტაციას მასში ერთი ან მეტი ფუძის წყვილის დამატებით (ბუნებრივად თუ ხელოვნურად) ნამდვილად გულისხმობს. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია, რომ AsztraZeneca-ს თუ სხვა Covid-19-ის ავტორიზებულ ვაქცინებს ადამიანის დნმ-თან შეხება საერთოდ არ აქვს, რაც პირდაპირ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ვაქცინას ადამიანის ორგანიზმში ინსერციული მუტაგენეზის გამოწვევა შეუძლია. ასევე, როგორც ნებისმიერი ვაქცინის, ისე AstraZeneca-ს ვაქცინის შემთხვევაში, გენეტიკურად მოდიფიცირებული ემბრიონის თირკმლის კლონირებული უჯრედები მხოლოდ ამ ვაქცინის წარმოებისთვის გამოიყენება და ისინი - გაფილტვრის შედეგად, საბოლოო პროდუქტში ანუ ვაქცინაში აღარ გვხვდება. შესაბამისად, ვაქცინაში არც ამ უჯრედების დნმ-ია მოთავსებული. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ეს უჯრედები თუ მათი დნმ ადამიანის უჯრედის ბირთვს დაუკავშირდეს და მის დნმ-ს შეერწყას.

მტკიცება 2: ვაქცინაში არსებული სხვა ადამიანის აბორტირებული ემბრიონის დნმ ადამიანის აუტოიმუნურ დაავადებებს იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პირველ რიგში საჭიროა, განვმარტოთ, თუ რას წარმოადგენს აუტოიმუნური დაავადება. როგორც ცნობილია, იმუნური სისტემა ორგანიზმის დამცავი ბარიერია ნებისმიერი, გენეტიკურად უცხო აგენტისაგან, იქნება ეს ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები, თუ ორგანიზმში გარედან მოხვედრილი სხვა ნებისმიერი მიკროორგანიზმი. ბუნებრივია, იმუნური სისტემა, ადამიანის სხვა ორგანოების მსგავსად, შესაძლოა, მწყობრიდან გამოვიდეს და ვეღარ შეძლოს ორგანიზმის დაცვა და შესაბამისად, იმუნოდეფიციტი (იმუნური სისტემის დაქვეითება) განვითარდეს.

მწყობრიდან გამოსული იმუნური სისტემა ხშირად „საკუთარისა“ და „უცხოს“ გარჩევის უნარს კარგავს და თავისივე ორგანიზმის უჯრედებსა და ქსოვილებს ებრძვის, რის შედეგადაც აუტოიმუნური დაავადებები (ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი, დიფუზური ტოქსიური ჩიყვი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, რევმატოიდული ართრიტი, დერმატომიოზიტი, სისტემური წითელი მგლურა, ცელიაკია და სხვა მრავალი) ყალიბდება. აქედან გამომდინარე, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ აუტოიმუნური პროცესები ადამიანის ორგანიზმში მაშინ მიმდინარეობს, როდესაც ადამიანის ორგანიზმი „საკუთარ“ უჯრედებს ვეღარ ცნობს და მის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. აქედან გამომდინარე, რადგანაც ვაქცინაციის შედეგად ადამიანის ორგანიზმში თავისთავად უცხო სხეულები შედის, შეუძლებელია, რომ ორგანიზმში აუტოიმუნური რეაქციები დაიწყოს.

ასევე, პოსტი ამტკიცებს, რომ TLR9 (ტოლის მსგავსი- Toll Like) აუტოიმუნური დაავადებების წარმოქმნაში მონაწილეობენ, რომლებსაც თავის მხრივ ვაქცინაში მოთავსებული ემბრიონის დნმ-ი ააქტიურებს. აქვე, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ ემბრიონის უჯრედები თუ მათი დნმ ვაქცინის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, AstraZeneca-ს ვაქცინაში) საბოლოო შემადგენლობაში არ შედის. ამასთან, უნდა განიმარტოს, რომ TLR9 რეცეპტორები ადამიანის უჯრედში მოთავსებული რეცეპტორებია, რომლებიც ბაქტერიული დნმ-ისთვის დამახასიათებელ არამეთილური (ციტიდინი-ფოსფატი-გუანოზინი) თანმიმდევრობით გამდიდრებულ დნმ-ს რეგიონებს ცნობენ. რეალურად, როგორც პოსტშია ნათქვამი, TLR9 ტოლ-რეცეპტორები, ნამდვილად მონაწილეობენ აუტოიმუნური დაავადებების წარმოქმნაში. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ TLR9 რეცეპტორები არამეთილურ დნმ-ზე რეაგირებენ (ვირუსი ან ბაქტერია), მაშინ როცა ადამიანის დნმ მეთილურია [1]. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც თუკი ვაქცინაში ემბრიონის უჯრედის დნმ იქნება მოთავსებული, შეუძლებელია მან TLR9 რეცეპტორები აამოქმედოს, რაც ადამიანის ორგანიზმში აუტოიმუნურ პროცესებს წამოიწყებს.

თუ უფრო ზოგადად ვისაუბრებთ, როგორც ექსპერტები აცხადებენ, დღემდე ვაქცინით გამოწვეული აუტოიმუნური დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვაქცინა ადამიანის ორგანიზმის მიერ უცხო სხეულად აღიქმება, სწორედ ამიტომ ადამიანის ორგანიზმი მის წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს. ამგვარად, ადამიანის ორგანიზმში ვაქცინის სახით შესული ნივთიერებები, ვერანაირად ვერ გამოიწვევს აუტოიმუნურ რეაქციებს, რადგან ვაქცინა ადამიანის ორგანიზმისთვის თავისთავად უცხო სხეულია და ორგანიზმს „საკუთარ“ უჯრედებსა თუ ქსოვილებში ვერ აერევა.

ამრიგად, ინტერნეტში გავრცელებული მტკიცებები AstraZeneca-ს ვაქცინის შემადგენლობასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. ვაქცინის წარმოებისას გამოყენებული ადამიანის ემბრიონის გენეტიკურად მოდიფიცირებული თირკმლის უჯრედები (რომელიც ვაქცინის შემდგენლობაში არ შედის) ადამიანის ჯანმრთელობას არავითარ საფრთხეს არ უქმნის, მათ შორის, არ იწვევს პათოლოგიებს - ინსერციური მუტაგენეზისა და აუტოიმუნური დაავადებების სახით.

AstraZeneca-ს ვაქცინის მოქმედების პრინციპსა და მის შემადგენლობას დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში ( ბმული 1 ).

------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

[1] დნმ მეთილირება არის ბიოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც დნმ-ის მოლეკულას მეთილის ჯგუფები ემატება. მეთილირებას შეუძლია, შეცვალოს დნმ სეგმენტის აქტივობა თანმიმდევრობის შეცვლის გარეშე.

თეგები: