რეზიუმე:Facebook-ჯგუფებში კორონავირუსის შესახებ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება. პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ კორონავირუსი დაგეგმილი აფიორაა, რომლისთვის მზადება წლების წინ დაიწყო და ამის უამრავი დამამტკიცებელი საბუთი არსებობს. კორონა აფიორიის მიზანი კი ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნაა. აღნიშნული პოსტი შვედურ სტატიაზე დაყრდნობით არის დაწერილი. პოსტიც და სტატიაც სხვადასხვა დეზინფორმაციას შეიცავს და მასში გავრცელებული ინფორმაცია ყალბი ამბავია.
ანალიზი:
2020 წლის 5 ოქტომბერს Facebook-ჯგუფებში „ქართველ ემიგრანტ ქალთა გაერთიანება“ და „ქართველები შვედეთში“ Facebook-მომხმარებლის Tea Alvarez-ის პოსტი გავრცელდა წარწერით - „კიდევ ერთი რეალური წყარო !!!!! საბოლოო დასტური: Covid-19 დაიგეგმა ახალი მსოფლიო წესრიგის (NWO) მისაღებად“. აღნიშნული ინფორმაცია 9 ოქტომბერს tvm.ge-მ და „სტალინმაც“ გამოაქვეყნა. პოსტს თან შვედური სტატია ერთვის, რომლის ქართული ვერსია შემოკლებული სახით პოსტის აღწერაშია წარმოდგენილი.
პოსტი სტატიაზე დაყრდნობით გერმანელ და ესპანელ ექიმთა პროტესტზე, COVID-19-ის ტესტირების მოდელის შემუშავებაზე, მილიონობით კოვიდ-ტესტის გავრცელებაზე, ბილ გეიტსის ტვიტერის პოსტსა და ადრეულ წლებში კორონავირუსის წინასწარმეტყველური სიმბოლოების გავრცელებაზე, სხვადასხვა დეზინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნულ მტკიცებებს ქვემოთ განვიხილავთ.
გერმანიისა და ესპანეთის სამედიცინო ექპერტები კორონავირუსის არსებობას ეჭვქვეშ აყენებენ
პოსტის თანახმად, „გერმანიაში 500-ზე მეტ ექიმთა ჯგუფმა, სახელწოდებით „ექიმები ინფორმაციისთვის“, შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა: კორონას პანიკა კარგად დაგეგმილი თამაშია. ეს არის თაღლითობა და დროა, გვესმოდეს, რომ ჩვენ გლობალური დანაშაულის შუაგულში ვართ“. იგივე განცხადებებს აკეთებენ ესპანეთში 600 ექიმთა ჯგუფი. გერმანელ და ესპანელ ექიმთა ჯგუფის მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება.
ექიმები, რომლებზეც პოსტშია საუბარი, „კორონას ექსტრასაპარლამენტო საგამოძიებო კომიტეტის“ წევრები არიან (ACU-Außerparlamentarischer Corona Untersuchungsausschuss). კომიტეტი 2020 წლის 31 მაისს ჩამოყალიბდა. მისი მიზანი კორონავირუსის პანდემიის არ არსებობის დამტკიცება და იმის ხაზგასმაა, რომ კორონავირუსი გრიპის ვირუსის მსგავსია. კომიტეტის მოსაზრებით, ის მკაცრი ზომები, რომლებიც მსოფლიოში (და უპირველესად, გერმანიაში) პანდემიის მიზეზით გატარდა, უსაფუძვლოა და კაცობრიობას უფრო მეტი ზიანი მოუტანა. კორონავირუსის არსებობისა და მისი რეალური საფრთხის უარმყოფელი ექიმებით, მეცნიერებითა და აქტივისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი PCR-ტესტების სანდოობასა და პირბადის ტარების საჭიროებას უარყოფს.
იმავე მოსაზრებებს ესპანელ ექიმთა ჯგუფიც იზიარებს და COVID-19-ს ცრუ პანდემიას უწოდებს. „ექიმები სიმართლისათვის“ ძირითადად კორონავირუსის შესახებ კონსპირაციებს და დეზინფორმაციას ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ექიმთა ჯგუფი დასავლურ მედიცინის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს და მის მიერ გაცემულ რეკომენდაციებსა და მითითებებს არაეთიკურადაც კი მიიჩნევს.
ამდენად, ექიმთა ჯგუფები, რომლებზეც Facebook-ზე ინფორმაცია გავრცელდა, მართლაც არსებობენ, თუმცა მათი მტკიცებები მცდარია. ამ ჯგუფების წევრებიდან ზოგი კორონავირუსის პანდემიას სრულად უარყოფს, ზოგიც კი ნაწილობრივ. ისინი ფაქტების შემმოწმებელი ორგანიზაციის მიერ, მათი მტკიცებების აბსურდულობიდან გამომდინარე, დეზინფორმაციის გამავრცელებელ ჯგუფებად არიან მოხსენიებულნი.
COVID-19-ის ტესტირების მეთოდი 2015 წელს შემუშავდა
პოსტის მტკიცებით, რიჩარდ როტშილდმა COVID-19-ის ტეტსირების მეთოდი დაავადების აღმოჩენამდე ოთხი წლით ადრე დააპატენტა. აღნიშნული მტკიცება ფაქტებით მანიპულირებაა.
სტატიაში ხსენებული პატენტი „სისტემა და მეთოდი COVID-19-ის ტესტირებისთვის“ ნამდვილად არსებობს და მისი პრიორიტეტის თარიღი 2015 წლის 13 ოქტომბერია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ COVID-19-ის ტესტირების მეთოდი ამ დროს დააპატენტეს. პატენტის პრიორიტეტის თარიღი არის იმ პირველი პატენტის განაცხადის თარიღი, რომელიც კონკრეტული პატენტის ოჯახისთვის გაკეთდა.
რეალურად, 2015 წლის 13 ოქტომბერი როტშილდის „ბიომეტრიული მონაცემების გამოყენების, დამუშავებისა და ჩვენების მეთოდის“ პატენტის განაცხადის თარიღია. ეს უკანასკნელი და „სისტემა და მეთოდი COVID-19-ის ტესტირებისთვის“ პატენტთა ერთ ოჯახში ერთიანდება. შესაბამისად, COVID-19-ის ტესტირების მეთოდის პატენტის პრიორიტეტის თარიღად 2015 წლის 13 ოქტომბერი ითვლება. თუმცა, პატენტზე განაცხადი მხოლოდ და მხოლოდ 2020 წლის 17 აპრილს გაკეთდა.
შესაბამისად, სტატიის ავტორი პატენტის პრიორიტეტის თარიღით მანიპულირებს და ცდილობს მკითხველი დააჯეროს, რომ COVID-19 ტესტირების მეთოდის პატენტი პანდემიის დაწყებამდე არსებობდა.
Covid-19 მსოფლიო ბანკის პროექტია და 2025 წლამდე გაგრძელდება
პოსტის მტკიცებით, კორონავირუსის პანდემია არის მსოფლიო ბანკის შექმნილი პროექტი, რომელიც 2025 წლის მარტის ბოლომდე გაგრძელდება. აღნიშნული დეზინფორმაციის შესახებ „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.
სინამდვილეში, მსოფლიო ბანკის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით შემუშავებული სტრატეგიული მომზადებისა და რეაგირების დოკუმენტის მიზანი 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით, მრავალფაზიანი პროექტების განხორციელების გზით, განვითარებადი ქვეყნებისთვის კორონავირუსისგან მიღებულ ზარალთან გამკლავებაში დახმარებაა. გეგმა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) თანამშრომლობით შეიქმნა და 2020 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, მსოფლიო ბანკი 15 თვის განმავლობაში 150-160 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის თანხას გამოყოფს, რათა ადამიანთა მოწყვლად ჯგუფებს პანდემიისგან მიღებული ზარალის შემცირებაში დაეხმაროს. აღნიშნული დახმარება არის ფინანსური სახის და ბენეფიციარ ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ასევე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდას.
2017-2018 წლებში მსოფლიოში ასობით მილიონი COVID-19-ის ტესტი გავრცელდა
Facebook-პოსტის მტკიცებით, მსოფლიომ პანდემიის შესახებ ორი წლით ადრე იცოდა, რასაც მსოფლიო ბანკის ვებსაიტის (WITS) მონაცემები ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, COVID-19-ის ტესტირების ნაკრები (COVID-19 test-kits) სხვადასხვა ქვეყანამ 2017-2018 წლებში გამოუშვა და გაყიდა. აღნიშნული მტკიცება მცდარია.
World Integrated Trade Solution (WITS) მსოფლიო ბანკის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციისა (UNCTAD) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საერთო პროექტია, რომლის მიზანიც სავაჭრო მონაცემებზე პროდუქტების ჰარმონიზებული სისტემის (Harmonized System) კოდების საშუალებით თვალყურის დევნებაა.
მსოფლიო ბანკის განმარტებით, 2020 წლის აპრილში, პანდემიის პირობებში მათ გარკვეული პროდუქტების კატეგორიები გადაახარისხეს და მათ ახალი ეტიკეტები მიანიჭეს, რათა ყველა იმ პროდუქტის მოძიება გამარტივებულიყო, რომელიც ახლა COVID-19-ის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში გამოიყენება. ამ სიებში კი, ბუნებრივია, 2017-2018 წლების მონაცემებიც შევიდა. თუმცა ამ პროდუქტებს კორონავირუსთან არანაირი კავშირი არ აქვს და ისინი პანდემიის დაწყებამდე არსებობდა და გამოიყენებოდა.
არასწორი ინტერპრეტირების გამო, მსოფლიო ბანკმა პროდუქტების დასახელებები კვლავ შეცვალა და ახალ სიებში პროდუქტებს შემდეგი სახელწოდებით ვხვდებით-„COVID-19 სამედიცინო ტესტების პაკეტი“ და „COVID-19 სამედიცინო დიაგნოსტიკური ტესტის ინსტრუმენტები და აპარატურა“.
ბილ გეიტსის ტვიტერის პოსტი
Facebook-პოსტში მოცემული სტატიის მიხედვით, ბილ გეიტსმა 2019 წლის 19 დეკემბერს ტვიტერზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: „რა არი შემდეგი ჩვენი ფონდისთვის? განსაკუთებით აღელვებული ვარ იმ ფაქტით, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს მომავალი წელი გლობალური ჯანმრთელობის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტისთვის-ვაქცინებისთვის“.
ბილ გეითსის ტვიტი ნამდვილია, თუმცა მას კორონავირუსთან კავშირი არ აქვს. ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი შიდსის, ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებების ვაქცინას აფინანსებს და მისი 2019 წლის ტვიტიც ვაქცინებს ამიტომ ახსენებს. ბილ გეითსის ფონდის მიზანი როგორც ახალი ვაქცინების განვითარების, ისე არსებულის გაუმჯობესების გზით, სხვადასხვა მძიმე ინფექციურ დაავადებებთან ეფექტური ბრძოლაა. ბილ გეიტსის შესახებ კონსპირაციული თეორიები განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ სხვა სტატიებშიც წერდა.
კორონავირუსი სიმღერების ტექსტებში და 2012 წლის ოლიმპიადაზე
პოსტის თანახმად, კორონავირუსის პანდემია წინასწარ დაგეგმილი თამაშია. ამ მოსაზრების დასადასტურებლად ავტორს სიმღერა „Pandemic“ და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშები მოჰყავს.
მუსიკოსმა Dr Creep სიმღერა „Pandemic“ 2013 წელს გამოუშვა, რომელშიც ის კორონავირუსსა და 2020 წელს ახსენებს. სიმღერის ავტორის თქმით, ეს ყოველივე დამთხვევაა და არა წინასწარმეტყველება. მუსიკოსი სიმღერის ტექსტის დაწერას ჯერ კიდევ 2012-2013 წლებში უკვე გავრცელებულ კორონავირუსს უკავშირებს, რომელიც ფართო განხილვის საგანი იყო. მართლაც, 2012 წელს ახალი კორონავირუსი MERS (Middle East respiratory syndrome)-ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი წარმოიშვა, რომელიც პირველად საუდის არაბეთში, შემდეგ მის მეზობელ ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთის გარეთაც გავრცელდა. 2002-2003 წლებში კი მსოფლიოში SARS (Severe Acute Respiratory Syndrome)- მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელიც პირველად ჩინეთში დაფიქსირდა და შემდგომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში გავრცელდა.
ასევე, გავრცელდა მოსაზრება, რომ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია კორონავირუსის პანდემიის პროგნოზირების სიმბოლურ რიტუალს შეიცავს. ეს მოსაზრება მცდარია და ამ ცერემონიას კორონავირუსთან არავითარი კავშირი არ აქვს.
გახსნის ცერემონია ოსკაროსანმა კინორეჟისორმა დენი ბოილმა შექმნა, როგორც ბრიტანული ისტორიისა და კულტურის ოდა. მეორე აქტი ბოილმა NHS-ს მიუძღვნა, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის პროგრამაა. შესაბამისად, ამ სცენაში ექიმები, მედდები და საავადმყოფოს საწოლებია გამოყენებული.
ქართულ Facebook-ჯგუფებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კორონავირუსი წინასწარ დაგეგმილი პროექტია, რომელიც წლების განმავლობაში ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოსაყალიბებლად ვითარდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს.