ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 8 თებერვალს, სოციალურ ქსელში დეკანოზ დავით ისაკაძის ვიდეო გამოქვეყნდა წარწერით - „ე.წ. საყოველთაო ვაქცინაციის შესახებ“. დეკანოზის მტკიცებით, კორონავირუსთან დაკავშირებული ვაქცინები უსაფრთხო არაა. ვიდეოში გავრცელებული მტკიცებები, რომლითაც სასულიერო პირი ვაქცინების საფრთხის შემცველად წარმოდგენას ცდილობს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

მტკიცება: ვაქცინებში შესაძლოა, RFID ჩიპი ჩაიდოს, რაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ადამიანების თვალთვალის საშუალებას მისცემს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

დეკანოზი დავით ისაკაძე ვაქცინების „დაჩიპვის“ შესახებ საუბრობს. მისი თქმით, კორონავირუსის ვაქცინაში შესაძლოა, RFID[1]-ის ჩიპი ჩაიდოს. დეკანოზი არგუმენტად, ApiJect[2]-ის დირექტორის, ჯეი უოლკერის ტელეკომპანია CBN-ზე გასულ ინტერვიუს იშველიებს, სადაც თითქოს უოლკერი ამერიკელებისთვის მილიონობით ვაქცინის RFID-ის ჩიპების დამზადებაზე საუბრობს, რითაც ჯანდაცვის წარმომადგენლები ადამიანების თვალთვალს შეძლებენ. მისივე თქმით, მოპოვებულ ინფორმაციას სხვა უწყებებიც გამოიყენებენ, რომლებიც ადამიანების კონტროლს ახორციელებენ.

სინამდვილეში, CBN-ის ეთერში ჯეი უოლკერი ApiJect-ის პროექტ „Jumpstart“-ზე საუბრობს, რომლის მიზანიც მილიონობით ამერიკელის COVID-19-ის ვაქცინით სწრაფად მომარაგებაა. კომპანიას ვაქცინით სავსე შპრიც-კონტეინერების შექმნა სურს, რაც ვაქცინის დოზის მიღებას უფრო პრაქტიკულს გახდის. ვაქცინით სავსე კონტეინერს ნემსი მიუმაგრდება, რის შემდეგაც ვაქცინაციისთვის უკვე მზად იქნება. ამასთანავე, უოლკერის თქმით, ვაქცინით სავსე შპრიც-კონტეინერზე RFID-ჩიპს დაამაგრებენ, რომელიც თითოეული ვაქცინის დოზის სერიული ნომრის აღმნიშვნელი იქნება. უოლკერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონტეინერზე დამაგრებული ჩიპი ადამიანის პერსონალურ ინფორმაციას არ შეიცავს, მასზე იქნება ინფორმაცია ვაქცინის ვადის გასვლის შესახებ. კოდირებული ვაქცინის კონტეინერები ჯანდაცვის წარმომადგენლებსაც დაეხმარება ეპიდემიური აფეთქების პერიოდში გაიგოს, თუ რამდენი ადამიანი არის აცრილი. ამრიგად, ვაქცინის გაკეთების შემდგომ ადამიანის ორგანიზმში ჩიპი ვერანაირად მოხვდება, რადგან ის უბრალოდ კონტეინერზე იქნება დამაგრებული და მასზე ადამიანის პერსონალური ინფორმაცია არ იქნება შენახული. შესაბამისად, მისი საშუალებით ამ ინფორმაციაზე წვდომაც არავის შეეძლება.

აშშ-ს მთავრობამ ApiJect-თან სამედიცინო ინექციური მოწყობილობის წარმოებაზე 138 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ RFID-ჩიპის მიმაგრება კონტეინერებზე ნებაყოფლობითი/არჩევითია, აშშ-ს მთავრობას კი რაიმე გადაწყვეტილება ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ მიუღია.

RFID ჩიპებით ადამიანების გაკონტროლების შესახებ კონსპირაცია აქამდეც გავრცელებულა, უფრო ვრცლად „ფაქტ-მეტრის“ სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მტკიცება: ფარმაცევტულმა კომპანია MERCK-მა ვაქცინებზე მუშაობა შეწყვიტა, რადგან ვაქცინაციისგან მიღებული იმუნიტეტი, ბუნებრივად გამომუშავებულ იმუნიტეტთან შედარებით, უფრო დაბალია

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 25 იანვარს MERCK-მა ოფიციალურ საიტზე ნამდვილად გამოაქვეყნა პრეს-რელიზი ორ კანდიდატ ვაქცინაზე (V590 და V591) მუშაობის შეწყვეტის შესახებ. კომპანიამ თერაპიული კანდიდატების (MK-4482 and MK-7110) კვლევის სტრატეგიებსა და წარმოების განვითარებაზე ფოკუსირება გადაწყვიტა. აღნიშნულის მიზეზი კლინიკური ცდების პირველი ფაზის შედეგებიდან გამომდინარეობს. შედეგების თანახმად, ვაქცინის ორივე კანდიდატი ორგანიზმმა კარგად მიიღო, თუმცა ორგანიზმის იმუნური რეაქცია უფრო დაბალი იყო ბუნებრივ იმუნიტეტსა და სხვა კორონავირუსის ვაქცინების შედეგად გამომუშავებულ იმუნიტეტთან შედარებით. შესაბამისად, MERCK მხოლოდ მის მიერ წარმოებული ვაქცინის კანდიდატის დაბალეფექტურობაზე საუბრობს და არა ზოგადად ყველა COVID-19 ვაქცინის არაეფექტურობაზე. აღნიშნული კანდიდატები ვაქცინაციისთვის არსად გამოიყენება.

მტკიცება: პანდემიის შესაჩერებლად ვაქცინების საჭირო არ არის

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბარია, Pfizer-ის ყოფილი თანამშრომლის მაიკ ეიდონის განცხადებაზე. მისი თქმით, პანდემიის დასასრულებლად ვაქცინების საჭიროება არ არის. ამასთანავე, მისი აზრით, შეუმოწმებელი ვაქცინით არა რისკ-ჯგუფის წარმომადგენლებისა და ჯანმრთელი ადამიანების აცრა არ უნდა ხდებოდეს.

აღსანიშნავია, რომ მაიკ ეიდენის განცადება ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმებმა Politifact-მა და theJounal.ie-მ გადაამოწმეს. Politifact-ის თანახმად, Associated Press-ისა და LinkedIn პროფილების მიხედვით, მაიკ ეიდენი Pfizer-ისთვის 9 წლის წინ მუშაობდა. ის ჯერ ალერგიისა და რესპირატორული კვლევების მთავარი სამეცნიერო ოფიცერი იყო, ხოლო მოგვიანებით ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებდა. შესაბამისად, მისი ამჟამინდელი განცხადება მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა და ბუნებრივია, Pfizer-ის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს.

ეიდონის მტკიცება, რომ ჯანმრთელი და არა-რისკ ჯგუფის წარმომადგენელი ადამიანებისთვის COVID-19-ის ვაქცინის გაკეთება საჭირო არ არის, სიმართლეს არ შეესაბამება. COVID-19-ით ინფიცირების საფრთხის წინაშე ნებისმიერი ადამიანი დგას, რადგან ეს ინფექციური დაავადება სწორედ ადამიანების მეშვეობით გადაიცემა. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაავადდეს (გარდა კორონავირუსის წინააღმდეგ გამომუშავებული ანტისხეულების მქონე ადამიანებისა). სწორედ ამიტომ ვაქცინა ჯანმრთელმა ადამიანებმაც უნდა გაიკეთონ და სოციალური დისტანციის ზომების დაცვა განაგრძონ. ამასთანავე, ვაქცინაციის გარეშე ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება უფრო მეტ დროს საჭიროებს. ვაქცინაცია დღეს პანდემიის დასრულების ყველაზე ეფექტური გზაა.

დეკანოზის მიერ გავრცელებულ სხვა დეზინფორმაციასა და ყალბ ამბებზე, „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა:

• პანდემია ახალი მსოფლიო წესრიგისა და ადამიანთა კონტროლისთვის დაიგეგმა - სინამდვილეში, კორონავირუსის პანდემია რეალურია და ამას ადასტურებს კვლევები (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

• არსებობს კორონავირუსის ტესტებით დასნებოვნების შემთხვევები, რომელზეც ცნობილი გამოცემები The Washington Post და The Telegraph წერდნენ - სინამდვილეში, სტატიებში წერია, რომ PCR ტესტების შემოწმების დროს მათში კორონავირუსის პათოგენი აღმოაჩინეს და ვირუსით დაბინძურებული ტესტები მოხმარებისთვის დაბლოკეს, რითაც გარკვეული დროის განმავლობაში მსოფლიოში ტესტებით მომარაგება შეფერხდა (ბმული 4).

• კორონავირუსის ვაქცინები აბორტირებული ემბრიონის უჯრედულ ხაზს შეიცავს - რეალურად, ვაქცინაში ადამიანის ემბრიონის გენეტიკურად მოდიფიცირებული თირკმლის უჯრედები გამოიყენება, თუმცა ვაქცინის წარმოებისას პროდუქტი იფილტრება და მის საბოლოო ვერსიაში, არც ბუნებრივი და არც კლონირებული უჯრედული მასალები, აღარ ხვდება (ბმული 5).

• კორონავირუსის ვაქცინები დნმ-ს ცვლის, რაც ბილ გეითსმაც აღიარა - სინამდვილეში, ვაქცინებს ადამიანის უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვთ, შესაბამისად ადამიანის დნმ-ის ცვლილებაც შეუძლებელია (ბმული 6, ბმული 7 ).

• ვაქცინაციის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა - დღეისათვის ვაქცინით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა (ბმული 8, ბმული 9, ბმული 10, ბმული 11).

• კორონავირუსის ვაქცინა იწვევს ქალებისა და გოგონების სტერილიზაციას - სინამდვილეში, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ კორონავირუსის ვაქცინა ქალებისა და გოგონების სტერილიზაციას იწვევს (ბმული 12).

• კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანების 92%-ზე მეტს სხვა თანმხლები დაავადებები ჰქონდათ - სინამდვილეში, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების დაახლოებით 6%-ს სხვა თანმხლები დაავადები აღენიშნებოდათ, თუმცა მტკიცება, რომ პაციენტების გარდაცვალების მიზეზი არა კორონავირუსი, არამედ მხოლოდ სხვა თანმხლები დაავადებები იყო, არასწორია (ბმული 13).

• ვაქცინები ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში შეიქმნა, ადამიანებზე მისი მოქმედება გამოცდილი არ არის და მისი მასობრივი გამოყენება არ შეიძლება - COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, ამოღებული არ ყოფილა (ბმული 14).

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

[1] RFID - Radio Frequency Identification Chip - რადიოსიხშირული საიდენტიფიკაციო ჩიპი

[2] ApiJect არის სწრაფად მზარდი სამედიცინო ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც რევოლუციურად ახდენს ვაქცინების და წამლების წარმოებას მთელ მსოფლიოში.

თეგები: