ანალიზი:

2020 წლის 19 მარტს, Facebook-გვერდმა „წმინდა მამები“ ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით - „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-19-ით დაავადებულთა ორგანიზმში ელექტრონული ჩიპის სავალდებულო იმპლანტაციის შემოღებას გეგმავს, რათა დაავადებული ადამიანის მეთვალყურეობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაკონტროლება მოხდეს“. მიუხედავად იმისა, რომ პოსტის გამოქვეყნების თარიღი ძველია, მასზე მომხმარებლების აქტიურობა ბოლო დღეებშიც საკმაოდ მაღალია. ფოტოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლოგო ახლავს და მასზე მიკროჩიპია გამოსახული. აღნიშნულ პოსტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებში ჩიპების იმპლემენტაციის შესახებ არავითარი სახის ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ჯერ კიდევ პანდემიის საწყის ეტაპზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების ზედამხედველობის შესახებ პროტოკოლი ჰქონდა შემუშავებული. 2020 წლის 17 მარტს WHO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „COVID-19-ით დაავადებული მსუბუქი პაციენტების სახლში მოვლის შესახებ“. პროტოკოლის თანახმად, COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული ყველა შემთხვევის იზოლირება და სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა უნდა მომხდარიყო. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ყველა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ვერ მოხერხდებოდა, მაშინ რისკის ქვეშ მყოფ პირებს (ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის, სიმსივნის და სხვ. დაავადებების მქონენი) პრიორიტეტი მიენიჭებოდათ. შედარებით მსუბუქი შემთხვევების და არა რისკ-ჯგუფის წარმომადგენელი პაციენტები სასტუმროებში ან სახლებში განთავსდებოდნენ. ეს პირები სრულ გამოჯანმრთელებამდე იზოლირებულნი დარჩებოდნენ. აღნიშნული პროტოკოლის მიხედვით გაწერილია, თუ სახლში იზოლირებული კოვიდინფიცირებულები და მათი ოჯახის წევრები როგორ უნდა მოიქცნენ. სახლში მკურნალობის პერიოდში, WHO-ის რეკომენდაცია პაციენტის სიმპტომების სრულ გაქრობამდე, მასთან ჯანდაცვის სისტემისა და სამედიცინო პერსონალის მჭიდრო კონტაქტი იყო. პაციენტის საბოლოო გამოჯანმრთელება, PCR-ტესტის პასუხებით უნდა დადგენილიყო (24 საათის დაშორებით 2 ტესტი). მათ, ვინც ტესტირების გავლას ვერ მოახერხებდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, სიმპტომების გაქრობიდან კიდევ ორი კვირა იზოლაციაში ყოფნა ევალებოდათ.

რაც შეეხება კონტაქტებს, ამავე პროტოკოლის მიხედვით, კონტაქტად ითვლებოდა ყველა პირი, რომელსაც დადასტურებულ COVID-19-ის მქონე პირთან შეხება ჰქონდა. კონტაქტებს 14 დღის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა ეკონტროლებინათ. კონტაქტების შემთხვევაშიც, პირების სამედიცინო შემოწმება/კონტროლი ტელეფონით უნდა განხორციელებულიყო.

როგორც ვხედავთ, 2020 წლის 19 მარტისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას COVID-19-ის მქონე პაციენტებისთვის (არც კონტაქტებისთვის) სატელეფონო შემოწმებისა და სამედიცინო კონსულტაციების გარდა, სხვა სახის კონტროლი არ დაუწესებია. მითუმეტეს, პაციენტებში ელექტრონული ჩიპის სავალდებულო იმპლემენტაცია ან რაიმე მსგავსი იდეა, არსად გაჟღერებულა.

ასევე, 2020 წლის 27 მაისს გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, მწვავე დაავადებების მქონე ადამიანები ზედმეტი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, სამედიცინო პირების პირადი ვიზიტებით უნდა გაკონტროლებულიყვენ. თუმცა, მონიტორინგის და კონტროლის აქტიურ მექანიზმად, ამ დოკუმენტის მიხედვითაც, ყოველდღიური დისტანციური, სატელეფონო კონსულტაციები და საუკეთესო შემთვევაში, პაციენტის პირადი მონახულება რჩებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ უფრო მოგვიანებით, 2020 წლის 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ პროტოკოლშიც, დაახლოებით იგივე საკითხები იყო განხილული, რაც 17 მარტის პროტოკოლში, მხოლოდ რამდენიმე ელემენტი იყო მასში დამატებული (პაციენტის საავადმყოფოდან ბინაზე გაწერის შემდგომ პირი 10-დღიან იზოლაციაში უნდა დარჩენილიყო).

შესაბამისად, როგორც ვხედავთ, არც მარტში და არც მოგვიანებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კოვიდინფიცირებული პაციენტების ზედამხედველობის და თვალყურის დევნების მეთოდები არ შეუცვლია და პაციენტებში ჩიპების იმპლემენტაცია საერთოდ არ განხილულა.

რაც შეეხება პოსტში მოცემულ ფოტოს, აღნიშნული ფოტო პირველად ინტერნეტ-სივრცეში 2010 წლის 10 თებერვალ ვებგვერდ dangerousminds.net-ზე გამოჩნდა. ვებგვერდზე განთავსებული ამბავი ვირჯინიაში დელეგატთა სახლის მიერ მიღებულ კანონპროექტს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც კომპანიებს თავიანთი თანამშრომლების სათვალთავლო მოწყობილობებით დაკვირვება აეკრძალებოდათ.

ფოტოზე გამოსახული მეთოდით, მიკროჩიპების იპლემენტაცია ნამდვილად ხდება, თუმცა მათი ადამიანებში მოთავსება არც ერთ ქვეყანაში სავალდებულო არ არის. უფრო ხშირად, აღნიშნულ RFID მიკროჩიპებს შინაურ ცხოველებშიათავსებენ. ამ შემთხვევაში, შინაური ცხოველის მიკროჩიპი RFID-ის იგივე რადიოსიხშირეს იყენებს მიკროჩპზე შენახული საიდენტიფიკაციო ნომრის სკანირების მოწყობილობისთვის გადასაცემად, რომელიც შემდგომში შინაური ცხოველის უნიკალურ ნომერს კითხულობს და აჩვენებს. შინაური ცხოველების მიკროჩიპებს, განსხვავებით GPS-სისტემისგან (გლობალური პოზიციონირების მოწყობილობა), ენერგიის წყარო არ სჭირდება. მიკროჩიპი შინაური ცხოველის უნიკალურ ინფორმაციას შეიცავს მისი პატრონის საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად. შესაბამისად, ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შინაური ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, მისი პოვნა გაცილებით მარტივადაა შესაძლებელი.

ადამიანების „დაჩიპვის“ შესახებ კონსპირაციები უკვე წლებია ვრცელდება. შეთქმულების თეორიები სავალდებულო ვაქცინაციისა და მის შედეგად ადამიანებში ჩიპების შეყვანის შესახებ განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, გააქტიურდა. ძირითადად კონსპირაციული თეორიები დაკავშირებულია ბილ გეითსის სახელთან და ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებასთან. აღნიშნული დეზინფორმაციებისა და კონსპირაციების შესახებ „ფაქტ-მეტრი“ აქამდე სხვა სტატიებშიც აქტიურად წერდა.

შესაბამისად, „წმინდა მამების“ მიერ გავრცელებული პოსტი, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-19-ით დაავადებულის ორგანიზმში, მათი კონტროლის მიზნით, ჩიპების შეყვანას აპირებს, ყალბი ამბავია.

--------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: