ანალიზი

4 დეკემბერს Facebook გვერდმა „ბიბლიის მორწმუნეთა ქრისტიანები“ ამერიკელი ექიმის, ქერი მადეის ინტერვიუ გაავრცელა. მოცემულ ინტერვიუში ორთოპედი ექიმი ვაქცინის საშიშროებაზე საუბრობს. ინტერვიუ რამდენიმე ყალბ და კონსპირაციულ მსჯელობას მოიცავს. მათ შორის მტკიცებას, რომ ვაქცინა ადამიანის გენეტიკური კოდის დამანგრეველია; ვაქცინაში მოთავსებული ჰიდროგელის საშუალებით ხდება ვაქცინირებული ადამიანის ბიომეტრიული მონაცემების დაკავშირება 5G ღრუბელთან; ვაქცინაში მოთავსებული ნივთიერება ქალთა სტერილიზაციას უწყობს ხელს; ვაქცინა სწრაფად განვითარდა და ის არ გამოუცდიათ ცხოველებზე; კორონავირუსი სეზონურ გრიპზე უფრო მომაკვდინებელი არ არის.

მტკიცება 1: ვაქცინა ანგრევს ადამიანის გენეტიკურ კოდს

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. მათ შორისაა მტკიცება, რომ ვაქცინა ადამიანის გენეტიკური კოდის დამანგრეველია.

სავარაუდოდ, აღნიშნული მტკიცება ვაქცინის ერთ-ერთი ტიპის, დნმ-ის ვაქცინის არსებობას უკავშირდება. ზოგადად, ყველა ტიპის ვაქცინის საერთო ფუნქცია ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნაა. დნმ ვაქცინა არაინფიცირებულ პაციენტში იმუნური პასუხის სტიმულირებისთვის ვირუსის გენეტიკური კოდის მცირე ნაწილის (დნმ ან რნმ) შეყვანას გულისხმობს. ვაქცინებისა და გენეტიკური მოდიფიკაციის შესახებ კორნელის უნივერსიტეტის სამეცნიერო ალიანსის ჯგუფის მოწვეული მკვლევარი, მარკ ლინასი Reuters-თან საუბრობს. მისი თქმით, არც ერთი ტიპის ვაქცინას, მათ შორის დნმ-ის ვაქცინას, ადამიანის ორგანიზმის უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც არ იწვევს. გენეტიკური მოდიფიკაციისას კი სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება უცხო დნმ-ის შეყვანა. ვაქცინები კი ამ პრინციპით არ მოქმედებენ. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში მისი შეყვანა ადამიანის გენეტიკურ კოდზე გავლენას ვერ მოახდენს და მით უმეტეს, მას ვერ შეცვლის.

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ დეზინფორმაციაზე აქამდეც წერდა.

მტკიცება 2: კორონავირუსის ვაქცინა შეიცავს ჰიდროგელს, რომლის მეშვეობითაც ვაქცინირებული ადამიანის ბიომეტრიული მონაცემები 5G ღრუბელს უკავშირდება

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსის ვაქცინაში ჰიდროგელია მოთავსებული, რომელიც ადამიანთა სხეულებს 5G ღრუბელთან დააკავშირებს. Health Feedback-მა ჰიდროგელისა და 5G ღრუბელთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე სტატია გამოაქვეყნა, სადაც ჰიდროგელის გამოყენება-დანიშნულების შემთხვევები დეტალურად არის აღწერილი.

ჰიდროგელი ჰიდროფილური მოლეკულების ჯაჭვს წარმოადგენს, რომელიც წყალთან კავშირისას ზომაში იზრდება. მათგან უმრავლესობა ბიოლოგიურად შეთავსებადი არის და, შესაბამისად, ბიომედიცინასა და ბიოინჟინერიაში გამოიყენება. გარდა ამისა, მტკიცება, თითქოს კორონავირუსის ვაქცინის ერთ-ერთი შემადგენელი ნივთიერება - ჰიდროგელია, არც ერთი მონაცემით არ მტკიცდება.

Profusa, კომპანია, რომელიც სამედიცინო დანადგარების შექმნაზე მუშაობს, ჰიდროგელზე დამზადებულ საინექციო სენსორს ავითარებს. მოცემული სენსორის დანიშნულება, სხეულში გრიპის ინფექციის იდენტიფიცირებაა და არა - ინტერნეტთან დაკავშირება. ამ ჰიდროგელზე დამზადებული სენსორები სხეულის ქსოვილებში ჟანგბადის დონის ცვლილებას აკონტროლებენ. Profusa-ს ჰიპოთეზის მიხედვით, ჟანგბადის დონის ცვლილება გრიპის ინფექციის ინდიკატორი შეიძლება იყოს. შესაბამისად, ამ ჰიდროგელზე დამზადებული სენსორის ერთადერთი დანიშნულება ჟანგბადის დონის მონიტორინგია.

„ფაქტ-მეტრი“ 5G-სა და კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე აქამდეც წერდა.

მტკიცება 3: ვაქცინაში მოთავსებული ნივთიერება ხელს უწყობს ქალთა სტერილიზაციას

Associate Press-ი წერს, რომ ექსპერტთა მიხედვით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინა შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელიც ქალთა სტერილიზაციას გამოიწვევდა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ქერი მადეის მსჯელობა, ინტერნეტში მანამდე გავრცელებულ დეზინფორმაციას ეყრდნობა. დეზინფორმაციის მიხედვით, ვაქცინა შეიცავს Spike ცილას - სინციტინ-1, რომელიც პლაცენტის ჩამოყალიბებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ მსჯელობის თანახმად, Spike ცილის საწინააღმდეგოდ ორგანიზმის იმუნური პასუხი ვითარდება, მათ შორის სინციტინ-1-ის წინააღმდეგ, რომელმაც შეიძლება, ქალთა უნაყოფობა გამოიწვიოს.

რებეკა დატჩი, კენტუკის უნივერსიტეტის მოლეკულური და უჯრედოვანი ბიოქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, Associate Press-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ Spike ცილა და სინციტინ-1 ერთსა და იმავე თვისებებს ატარებენ, განსხვავებული დეტალების გამო, მათ ანტისხეულები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ და ამოიცნობენ.

დატჩის მიხედვით, იმ ფაქტის გარდა, რომ კოვიდ-19-ის Spike და სინციტინ-1 ვირუსული შერწყმის ცილებს წარმოადგენს, რომლებიც მემბრანის შერწყმას იწვევენ, ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულნი არ არიან. გარდა ამისა, Moderna-ს Pfizer/BioNTech-ის მიერ შემუშავებადი ვაქცინები საინფორმაციო რნმ-ს ეყრდნობა, რომელიც ორგანიზმში Spike პროტეინების წარმოქმნას განსაზღვრავს და იმუნურ სისტემას ნამდვილი ვირუსის ამოსაცნობად ავარჯიშებს. ვაქცინა სინციტინ-1 ცილას არ შეიცავს.

ამ ტექნოლოგიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ორივე ვაქცინა რნმ-ის ფუძეს შეიცავს, რომელიც უზრუნველყოფს Sars-Cov-2-ის Spike ცილის გაშიფვრას - აცხადებს მეტიუ ფრიმანი, მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის ასოცირებული პროფესორი Associated Press-თან ინტერვიუში.

იაკობ იონტი, ოჰაიოს შტატის სამედიცინო კოლეჯის მიკრობული ინფექციებისა და იმუნიტეტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სინციტინ-1 ცილასა და Sars-Cov-2-ს სწავლობდა. იონტის თანახმად, კორონავირუსის ვაქცინა არ შეიცავს სინციტინ-1-ის ცილას და სინციტინ-1-ის გაშიფვრა არც რნმ-ის მიერ მოხდება. შესაბამისად, არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ორგანიზმის იმუნური პასუხი ინციტინ-1-ის წინააღმდეგ განვითარდეს.

მან ასევე განაცხადა, რომ გრიპის ვაქცინა უნაყოფობას არ იწვევს, თუმცა ისიც ვაქცინის მიერ ვირუსული შერწყმის ცილის ამოცნობის ზუსტად იმავე მოდელს ემყარება, რომელსაც Spike ცილა კორონავირუსის ვაქცინაში.

ფაიზერის სპიკერმა ჯერიკა პიტსმა Associate Press-თან განაცხადა, რომ მათი ვაქცინის ტესტირების შედეგად უნაყოფობის პრეცედენტი არ დაფიქსირებულა.

მტკიცება 4: ვაქცინა სწრაფად განვითარდა და ის არ გამოუცდიათ ცხოველებზე

ექიმის მტკიცებით, ვაქცინის განვითარება ძალიან სწრაფად მოხდა, ის არ ყოფილა და არ იქნება გამოცდილი ცხოველებზე. წარსულში, როდესაც მსგავსი ვაქცინის გამოყენება სცადეს, ცხოველებს იმუნური სისტემა დაუზიანდათ.

ნებისმიერი ვაქცინა მასობრივ წარმოებაში გაშვებამდე რამდენიმე საფეხურიან ტესტირებას გადის, რათა მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურდეს. თავდაპირველად, პრეკლინიკურ ეტაპზე ვაქცინა ცხოველებზე იტესტება და აკვირდებიან, ისინი იმუნურ რეაქციას გამოიმუშავებენ, თუ - არა. კლინიკური ტესტირების პირველ ფაზაში ვაქცინას ადამიანთა მცირე ჯგუფს აძლევენ, რათა მისი უსაფრთხოება დაადგინონ და მის მიერ გამოწვეული იმუნური რეაქცია უკეთ შეისწავლონ. მეორე ფაზის განმავლობაში ვაქცინა გაცილებით მეტ ადამიანს (რამდენიმე ასეულს) უკეთდება და მეცნიერები მის უსაფრთხოებასა და დოზირებაზე დამატებით ინფორმაციას იღებენ. მესამე ფაზაში ვაქცინაცია ათასობით ადამიანზე, განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებსა (მათ შორის, ბავშვებს) და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე იტესტება, რათა მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურდეს. გარდა ამისა, ამ ფაზაში, იშვიათი გვერდითი მოვლენების გამოვლენა ხდება. მესამე ფაზის გამოცდები საკონტროლო ჯგუფსაც მოიცავს, რომელსაც პლაცებოს (ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის საშუალების სახით იყენებენ) უკეთებენ.

პრე-კლინიკური ტესტირება და სამივე საფეხური დღეისთვის დადასტურებულმა BioNTech/Pfizer-ის, Moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინებმა გაიარეს. ისინი თავდაპირველად მაიმუნებზე გამოიცადა და სწორედ ამის შემდგომ, ვაქცინის კლინიკური ტესტირება ადამიანებზე დაიწყო.

რაც შეეხება მსგავსი ვაქცინის ცხოველებზე წარუმატებელ გამოყენებას, სავარაუდოდ, ნოთრაპი 2012 წლის შემთხვევას გულისხმობს, როდესაც კორონავირუსის ჯგუფის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პროცესი ცხოველებზე დატესტვის ეტაპზევე წარუმატებლად დასრულდა. როდესაც საექსპერიმენტო ცხოველებს ანტისხეულები გამოუმუშავდა, ჩათვალეს, რომ მათ იმუნიტეტი განუვითარდათ. მაგრამ როცა ცხოველებს რეალური ვირუსი შეხვდათ, ყველა დაიხოცა. სწორედ მსგავსი გამოცდილებიდან გამომდინარე, ენტონი ფაუჩი მიიჩნევდა, რომ პანდემიასთან გასამკლავებლად ერთ ვაქცინაზე მუშაობა საკმარისი არ იქნებოდა და მსოფლიოს ერთზე მეტი, რამდენიმე ვაქცინის შექმნა დასჭირდებოდა. ამით, ერთ-ერთი ვაქცინის პრეკლინიკურ ფაზაზე მოულოდნელი წარუმატებლობის შემთხვევაში, სრული ჩავარდნა გამოირიცხებოდა.

„ფაქტ-მეტრი“ ამ თემაზე აქამდეც წერდა.

მტკიცება 5: კორონავირუსი სეზონურ გრიპზე უფრო მომაკვდინებელი არ არის

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, წლიურად გრიპის ინფექციით დაახლოებით 290-650 ათასი ადამიანი კვდება. რაც შეეხება კორონავირუსს, ბოლო წლის განმავლობაში დაახლოებით 1 652 906 ადამიანი გარდაიცვალა (17 დეკემბრის მონაცემებით).

კორონავირუსით გამოწვეული სიტუაცია სწრაფად იცვლება. ის ახალი ვირუსია და მის მიმართ ადამიანთა უმრავლესობას იმუნიტეტი ჯერ კიდევ არ გამოუმუშავებია. თუმცა ექიმებისა და მეცნიერების გამოთვლით, მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი (მოცემული მომენტისთვის) გაცილებით უფრო მაღალია (დაახლოებით 10-ჯერ), ვიდრე გრიპის ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი, წერს Hopkins Medicine.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი