რეზიუმე:
გაზეთ „ქვაკუთხედის“ რედაქტორი ხათუნა საგინაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსის პანდემიისა და ვაქცინის შესახებ არაერთ დეზინფორმაციას ავრცელებს. მისი მტკიცებით, ვაქცინა აბორტის ნარჩენებს, ნანონაწილაკებსა და ლუციფერაზას შეიცავს, რომელთა მიზანიც ადამიანის დნმ-ის ცვლილებაა. სინამდვილეში, სპეციალისტების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა. არც მათ და ზოგადად, არც ერთი ტიპის ვაქცინას ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა არ შეუძლია. ვაქცინა უჯრედის ბირთვში ვერ აღწევს და შესაბამისად, მასში ცვლილებასაც ვერ შეიტანს. ხოლო მტკიცება, აბორტის ნარჩენების ვაქცინაში არსებობის შესახებ, ფაქტებით მანიპულირებაა, რადგან ვაქცინის დამზადების ერთ-ერთ ეტაპზე, 1973 წელს აბორტირებული ემბრიონის უჯრედების ხელოვნურად გამრავლებული, კლონირებული უჯრედები იქნა გამოყენებული, რომლებიც საბოლოო პროდუქტს მთლიანად მოცილებულია. საგინაშვილი სხვა მიზეზებად, თუ რატომ არ ენდობა კორონავირუსის ვაქცინას, 5G ანტენების მონტაჟსა და კორონავირუსის ხელოვნურად წარმოშობას ასახელებს. სინამდვილეში, 5G-ისა და კორონავირუსის კავშირი მხოლოდ შეთქმულების თეორიაა. აკადემიურ წრეებში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი არა ხელოვნურად, არამედ ცხოველებში, დიდი ალბათობით, ღამურებში წარმოიშვა.
ანალიზი:
2021 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ქვაკუთხედის“ რედაქტორმა, ხათუნა საგინაშვილმა, Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ არაერთ დეზინფორმაციას შეიცავს. საგინაშვილი, ყალბ ამბებზე დაყრდნობით, ანტივაქსერულ მტკიცებებს ავრცელებს. ახლა, როდესაც მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს და პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, მსგავსი დეზინფორმაციული მოწოდებები საზოგადოებას აბნევს და უსაფრთხო ვაქცინებისადმი უნდობლობას აჩენს. გარდა პირადი ანგარიშისა, ანალოგიური პოსტი Facebook-გვერდებზე - ხათუნა საგინაშვილი და Qvakutxedi ქვაკუთხედი - გამოქვეყნდა.
მანიპულაციური მტკიცებები იმის შესახებ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აბორტის ნარჩენებს შეიცავს, აქამდეც ვრცელდებოდა. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გახდა უფრო აქტუალური, რაც ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) AstraZeneca-ს შემადგენლობა გამოაქვეყნა.
ადამიანის ემბრიონის დოკუმენტში ადამიანის ემრბიონის გენეტიკურად მოდიფიცირებული (genetically modified human embryonic kidney – HEK) ნამდვილად ნახსენებია, თუმცა იქ არ წერია, რომ ვაქცინა ემბრიონის ნაწილებს ან აბორტის ნარჩენებს შეიცავს, როგორც ამას ხათუნა საგინაშვილი და სხვა Facebook-მომხმარებლები ამტკიცებენ.
AstraZeneca ვირუსული ვექტორის ტიპის ვაქცინაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში სხვა ვირუსის მოდიფიცირება ხდება. ამგვარი ვაქცინის, ისევე როგორც სხვა ყველა ვაქცინის მიზანი, ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერებაა. ეს ორგანიზმში დასუსტებული ანტიგენის ანუ დაავადების გამომწვევი აგენტის შეყვანით ხდება. ორგანიზმში ანტიგენის შეყვანის შემდეგ, იმუნური სისტემა მას, როგორც უცხო ორგანიზმს აღიქვამს, ანტისხეულებს გამოყოფს, და ამასთან ერთად, მომავლისთვის ანტიგენს იმახსოვრებს. ვაქცინაციის შემდგომ, იმ შეთხვევაში, თუ იგივე ანტიგენის შემცველი ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მოხვდება, იგი მას ცნობს და წინააღმდეგობას უწევს მანამ, სანამ ის ადამიანის სხეულში გავრცელებას მოასწრებს. ამ პროცესს ადამიანის ხელოვნური იმუნიზაცია ეწოდება.
რაც შეეხება კონკრეტულად AstraZeneca-ს, ამერიკის ბიოტექნოლოგიური ინფორმაციების ეროვნული ცენტრის (NCBI) თანახმად, კორონავირუსის გენის, ე.წ. სპაიკ ცილის, გადატანა სხვა ვირუსთან (ადენოვირუსთან) მოდიფიცირებული ვირუსის (ვექტორის) გამოყენებით ხდება, რომელიც ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს პროცესი, ანუ დასუსტებული ვირუსის შექმნა, ადამიანის ემბრიონის გენეტიკურად მოდიფიცირებული თირკმლის უჯრედებში (HEK 293 cells) მიმდინარეობს, რადგან კონკრეტულ უჯრედში არსებული გარემო ვაქცინისთვის საჭირო ანტიგენის გამრავლების საშუალებას იძლევა. HEK 293 cells 1973 წელს აბორტირებული ნაყოფის უჯრედებს წარმოადგენს, რომლებსაც წლების განმავლობაში ლაბორატორიაში ხელოვნურად ამრავლებდნენ, ანუ მის კლონებს ქმნიდნენ. შესაბამისად, ის უჯრედები, რომელთა გამოყენებითაც დასუსტებული ვირუსი იქმნება, არა პირდაპირ აბორტირებული სხეულის უჯრედი, არამედ მისი კლონირებული ვერსიაა. აღნიშნული ტექნიკა 1960 წელს შემუშავდა და კვლევის მიზნისთვის არცერთი ორსულობა ხელოვნურად არ შეწყვეტილა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაქცინის წარმოებისას პროდუქტი იფილტრება და მის საბოლოო ვერსიაში, არც ბუნებრივი და არც კლონირებული უჯრედული მასალები, აღარ ხვდება.
რაც შეეხება დოკუმენტში ნახსენებ გენეტიკურად მოდიფიცირებულ (GMO) ორგანიზმს, მსგავს ორგანიზმებს, AstraZeneca-ს ვაქცინა ნამდვილად შეიცავს, რაც უკვე ზემოთაც აღინიშნა. ვექტორულ ვირუსი, რომელიც სატრანსპორტო ფუნქციას ასრულებს, სწორედ გენეტიკური მოდიფიკაციის შედეგია. სწორედ ამის წყალობით, ვირუსს ის გენი სცილდება, რომელმაც შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმს ზიანი მიაყენოს. ამასთან, იმ გენსაც აცლიან, რომელიც ვირუსის გამრავლებაზეა პასუხისმგებელი. შესაბამისად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინის შემადგენელი ნაწილები ადამიანების გენეტიკასაც შეცვლიან, რადგან AstrZeneca-ს და, ზოგადად, არცერთი ტიპის ვაქცინას ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა არ შეუძლია. ვაქცინა უჯრედის ბირთვში ვერ აღწევს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც ვერ შეიტანს. გენეტიკური მოდიფიკაციისას, უცხო დნმ-ის შეყვანა, სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება. ვაქცინა კი ამ პრინციპით არ მოქმედებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მტკიცება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა აბორტის ნარჩენებს ან ემბრიონის ნაწილებს შეიცავს და ადამიანის გენის ცვლილებას ისახავს მიზნად, მცდარია. ვაქცინის დამზადების ერთ-ერთ ეტაპზე, 1973 წელს აბორტირებული ემბრიონის უჯრედების ხელოვნურად გამრავლებული, კლონირებული უჯრედები იქნა გამოყენებული, რომლებიც საბოლოო პროდუქტს მთლიანად მოცილებულია. გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები კი - ადამიანის უჯრედის ბირთვში ვერანაირად ვერ მოხვდება და შესაბამისად, მასში ცვლილებას ვერ შეიტანს.
ხათუნა საგინაშვილის პოსტში აქამდე ცნობილი შეთქმულების თეორიებიც გვხვდება. თეორია იმის შესახებ, რომ ვაქცინა ნანონაწილაკებს შეიცავს, რაც 5G ინტერნეტის სიხშირეების საშუალებით ადამიანების გაკონტროლების საშუალებად იქცევა, პანდემიის დასაწყისშივე გაჩნდა. აღნიშნული თეორია განსაკუთრებით Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის დამტკიცების შემდეგ გააქტიურდა. ამის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ სტატია ადრეც მოამზადა.
რეალურად, ნანონაწილაკები მინიმალური ზომის, 100 ნანომეტრზე ნაკლები მიკროსკოპული ნაწილაკებია, რომელთაც ნანოკომპიუტერებთან კავშირი არ აქვს. Griffith University-ის ინფექციური დაავადებების პროფესორმა, ნაიჯელ მაკმილანმა, საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციასთან, AFP FactCheck-თან განაცხადა, რომ ამ დროისთვის, ისეთი ტექნოლოგია, რომელიც რობოტებს ან კომპიუტერებს საშუალებას მისცემს, ლიპიდური ნანონაწილაკების მეშვეობით მოხვდეს ვაქცინაში, არ არსებობს. ერთ-ერთი დეზინფორმაციის თანახმად, ვაქცინაში არსებული ნაწილაკები ადამიანებში ანტენების როლს შეასრულებენ, რომლებიც 5G ანტენების საშუალებით, ადამიანებს კრიპტოვალუტასთან მიაერთებს. ზოგიერთი დეზინფორმაციის თანახმად კი, ანტენები კორონავირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. თუმცა, სინამდვილეში, არაიონიზებადი რადიაციისგან დაცვის საერთაშორისო კომისიამ (International Commission on Non-Ionizing Radiation Protection – ICNIRP), 5G სრულიად უსაფრთხო ტექნოლოგიად მიიჩნია, თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვითაც, 5G მობილური ქსელები COVID-19-ს არ ავრცელებს. აღნიშულ საკითხზე ვრცელი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ, „ფაქტ-მეტრის“ სტატიას გაეცნოთ.
რაც შეეხება ლუციფერაზას ვაქცინის გამოყენებას, აღნიშნული მტკიცებაც ყალბია, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა. ამერიკაში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაიწყეს, რომელიც ლუციფერაზას ფერმენტს არ შეიცავს. ზოგადად, ბიოქიმიაში ლუციფერინი ორგანული ნაერთის სახელწოდებაა და ფერმენტ ლუციფერაზას მეშვეობით მისი დაჟანგვისას სინათლე წარმოქმნება. ლუციფერაზა უვნებელი ფერმენტია და იგი ბუნებრივი სახით ციცინათელაში გვხვდება. მედიცინაში ლუციფერაზა ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ბიოლოგიური პროცესის შესასწავლად გამოიყენება. მაგალითად, ლუციფერაზის მეშვეობით შესაძლებელია სიმსივნის თერაპიის შედეგების დადგენა. ფერმენტი ორგანიზმში მოხვედრისას უჯრედის მეტაბოლიზმის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ იწვევს. სწორედ ამიტომ ლუციფერინიც და მისი ფერმენტი ლუციფერაზაც უვნებელია.
ტეხასის სამედიცინო ცენტრის თანახმად, ლუციფერაზას COVID-19-ის წინააღმდეგ ანტისხეულების წარმოქმნის ვიზუალურად დასადასტურებლად იყენებდნენ. ცენტრის მტკიცებით, წინა მეთოდებთან შედარებით, აღნიშნულმა მეთოდმა დიაგნოზის დამუშავების დრო შესაძლოა, 12–ჯერ შეამციროს, რაც თავისთავად ვაქცინის ეფექტურობის სწრაფად შეფასების შესაძლებლობასაც გაზრდის. შესაბამისად, ვირუსოლოგები ფერმენტ ლუციფერაზას უფრო სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტიკური ტესტების შესაქმნელად, პოტენციური თერაპიის გასაანალიზებლად და თავად SARS-CoV-2 ვირუსის უფრო უკეთ შესასწავლად იყენებენ. ლუციფერაზასა და კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრიც“ წერდა (ბმული 1, ბმული 2)
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, ხათუნა საგინაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას უნდობლობას უცხადებს, პანდემიის წარმოშობაა. ის დარწმუნებით ამტკიცებს, რომ ვირუსი გლობალისტების მიერ შემოგდებული მასობრივი განადგურების სამი იარაღიდან ერთ-ერთი, ბიოლოგიური, იარაღია. სინამდვილეში, კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ არსებული მოსაზრება მეცნიერთა მიერ უკუგდებულია. 2020 წლის მარტში ათობით მეცნიერის მიერ ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში გამოქყვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, COVID-19-ს ბუნებრივი საფუძვლები აქვს და, შესაბამისად, ვირუსი ბიოინჟინერიის პროდუქტი არაა. აშშ-ის „ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის“ დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, კორონავირუსის ლაბორატორიაში წარმოქმნის შესახებ მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს. ამავეს აცხადებენ „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია“ და ამერიკის „გალვესტონის ეროვნული ლაბორატორიის“ წამყვანი მკვლევრებიც. აღსანიშნავია, რომ ვირუსების ხელოვნურად შექმნის შესახებ შეთქმულების თეორიები სხვა დროსაც გავრცელებულა, კერძოდ, 2002 წელს, SARS-ის ეპიდემიის, ხოლო 2009 წელს H1N1-ის პანდემიის შემთხვევაში. აკადემიურ წრეებში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი არა ხელოვნურად, არამედ ცხოველებში, დიდი ალბათობით, ღამურებში წარმოიშვა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობისას მრავალი დეზინფორმაცია გავრცელდა, რომელსაც საზოგადოებაში დაბნეულობა და უნდობლობა შემოაქვს. „ფაქტ-მეტრმა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ გავრცელებულ ძირითადი მითებიდან 5 განსაკუთრებული ტყუილი გამოარჩია, რომელსაც შეგიძლიათ სტატიაში გაეცნოთ.
სტატიაში გამოყენებულია CrowdTangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.
-------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.