მარიამ ქვრივიშვილი: აეროპორტებში მგზავრთნაკადი 30%-ით გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მარიამ ქვრივიშვილის განცხადება არის სიმართლე.

2024 წლის იანვარ-ივნისში, როგორც წინა წლის, ასევე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში მოქმედ სამივე აეროპორტში ორნიშნა პროცენტული ზრდა ფიქსირდება. ჯამში, 2024 წლის პირველ ნახევარში, აეროპორტების მგზავრთნაკადმა 3.2 მლნ-ს მიაღწია, რაც 736 ათასით - 30%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდთან შედარებითაც თანაფარდობა თითქმის იგივეა.

გარდა მგზავრთნაკადისა, გაზრდილია შესრულებული რეისებისა და საჰაერო სივრცის გამოყენების - გადაფრენების რაოდენობაც.

სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ფაქტობრივი სიზუსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ მარიამ ქვრივიშვილის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.

ანალიზი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა: „საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 3 220 599 მგზავრს მოემსახურა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას 30%-ით აღემატება.“

საქართველოში სულ სამი საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებს: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, 2024 წლის იანვარ-ივნისში თბილისის აეროპორტი 2.1 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს - 36%-ით, ხოლო 2019 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 14%-ით აღემატება.

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 6 თვეში 746 ათასს გაუტოლდა, რაც წლიური 12%-იან ზრდასა და პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით გაორმაგებას ნიშნავს.

41%-ით - 334 ათასამდე, გაიზარდა მგზავრთნაკადი ბათუმის აეროპორტშიც, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34%-ით მეტია.

გრაფიკი 1: აეროპორტების მგზავრთნაკადი (ათასი მგზავრი)

წყარო: სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

ჯამურად, სამივე საერთაშორისო აეროპორტი 6 თვეში 3.2 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც წლიური 30%-იანი ზრდაა, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კი 29%-იანი ზრდა.

იანვარ-ივნისის მდგომარეობით, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ზრდის ტემპი 2023 წელთან შედარებით უფრო მაღალია, ვიდრე 2019 წელთან. 2023 წლის პირველ ნახევარში პანდემიამდელი მაჩვენებელი ჯერ კიდევ არ იყო აღდგენილი. აღნიშნულის მიზეზი მხოლოდ კოვიდი არ ყოფილა. 2019 წლის ივლისში რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეაჩერა და აკრძალვა მხოლოდ 2023 წლის მაისში გააუქმა, შედეგად, თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წელს 117 ათასით შემცირდა, ეს მაშინ, როცა პირველ ორ კვარტალში 195 ათასიანი ზრდა ფიქსირდებოდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფეისბუქ პოსტში, წინა წლებისგან განსხვავებით, ადგილობრივი მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების სტატისტიკა დასახელებული არაა, საიტზე კი მხოლოდ წლიური მონაცემებია ხელმისაწვდომი.

გარდა მგზავრთნაკადისა, 33%-ით - 14.7 ათასამდე, გაიზარდა ერთ წელიწადში შესრულებული ავიარეისებისა და 30%-ით - 130 ათასამდე, საჰაერო სივრცის გამოყენების - გადაფრენების რაოდენობაც. გადაფრენების მაჩვენებელი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია.

წლის პირველ ნახევარში 10%-ით 2.1 მლნ-მდე გაიზარდა ასევე ტურისტების რაოდენობაც, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 5.2%-ით - 1.9 მლრდ დოლარამდე.

სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ფაქტობრივი სიზუსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ მარიამ ქვრივიშვილის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5593 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია