2024 წლის 8 ივლისს პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, აშშ-ის მიერ „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის სწავლების გაურკვეველი დროით გადადებას არასწორი და გაუგებარი უწოდა. „დამისახელეთ ერთი ცრუ ბრალდება ან დეზინფორმაცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ს წინააღმდეგ გაახმოვანა? არასდროს „ქართული ოცნების“ არცერთ დეპუტატს, მთავრობის არცერთ წევრს, ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები ცუდია და რაიმე მსგავსი. ჩვენ მეორე ფრონტიც არასდროს დაგვიბრალებია ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. არც გლობალური ომის პარტია არასდროს გვიწოდებია აშშ-სთვის. ერთი ფრაზა ამომიღეთ, რომ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს!", - ასევე განაცხადა მან.
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და ბოლო დროს მამუკა მდინარაძის, „ქართული ოცნების“ დეპუტატებისა და მთავრობის სხვა წევრების აშშ-სა და ევროკავშირის საწინააღმდეგო გზავნილები მოიკვლია.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება“ მეორე წელია, საუბრობს ძალაზე - „გლობალურ ომის პარტიაზე - რომელიც, მათი მტკიცებით, მსოფლიოს მართავს. თუმცა არ განმარტავენ, კონკრეტულად, აღნიშნულ ძალაში ვის გულისხმობენ. ისინი ამტკიცებენ, რომ „გლობალურ ომის პარტია“ მოქმედებს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების დასასუსტებლად, რევოლუციის მოსაწყობად, და ამ გზით ხელისუფლების შესაცვლელად, რათა შემდგომ საქართველო ომში ჩართონ და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გახსნან.
მთავრობის წევრებისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების ზოგიერთი განცხადება პირდაპირ მიანიშნებს, რომ „გლობალურ ომის პარტიას“ ევროკავშირი (მისი ცალკეული ინსტიტუტები) და აშშ წარმოადგენენ, ხოლო ზოგიერთ განცხადებაში აღნიშნული სუბიექტები „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის მსხვერპლად ან გავლენის ქვეშ მყოფად არიან წარმოჩენილი.
• საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე 2024 წლის 24 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ დაანონსებულ სანქციებს გამოეხმაურა. მან ევროკომისრები მუქარაში, ხოლო აშშ შანტაჟში დაადანაშაულა.
„მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში:
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს ევროკომისრის მხრიდან ჩვენი მისამართით იყო მინიშნება სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებაზე“;
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაგვიანონსა სანქციები მათ ქვეყანაში მოქმედ კანონზე გაცილებით ლოიალური კანონის მხარდაჭერისთვის.
წესით, შეფასებასაც კი აღარ საჭიროებს ეს მოცემულობა, თუმცა ძალიან მოკლედ:
1. გრძელდება შანტაჟის და მუქარის პოლიტიკა იმისთვის, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოს. დახარჯული ასეულობით მილიონის მიუხედავად კი აგენტურა იმდენად უსუსურია, რომ მხოლოდ გარე აქტორების მოქმედებების იმედზე რჩება და ხარობს,
2. უპრეცედენტო და ამავდროულად კომიკურია, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს თავისი შეხედულებისამებრ კანონის მიღებისთვის სანქციას უწესებდე.
3. ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საბჭოთა კავშირმაც კი უარი თქვა მის დაშლამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე…
4. ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება. ამისთვის ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერა და ვერ გაგვიცნეს! ქართველები, რომლებიც არასდროს დავთმობთ საკუთარ მამულს, ენას, სარწმუნოებას, ტრადიციებს, ღირსებას, სამართლიანობას და ასე გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები! საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს ელაპარაკოს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ, და არა გარედან დანიშნულ ხელისუფლებას“.
• „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ხელახლა ინიციირების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ 2024 წლის 3 აპრილის განაცხადებით, ერთ-ერთი ქვეყნის ყოფილი ელჩი [კონტექსტიდან გამომდინარე, იგულისხმებოდა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი] გლობალური ომის პარტიის ინტერესებს ატარებდა და ასევე ამერიკული და ევროპული ფონდების წინააღმდეგ სხვადასხვა ბრალდება გააჟღერა.
„მდიდარი „ენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა. ასევე, არავის აუღია პასუხისმგებლობა იმაზე, რომ 2020 წელს უცხოური დაფინანსებით წარმოებდა არჩევნების დელეგიტიმაციის ყალბი კამპანია რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მთელი რიგი მედიასაშუალებების მიერ. ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ამ ისტერიულ კამპანიას სათავეში ჩაუდგა ადამიანი, რომელიც მაშინ ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის სტატუსს ატარებდა, სინამდვილეში კი, საქართველოში არა ამ ქვეყნის, არამედ „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებს წარმოადგენდა. როგორც შემდეგ გაირკვა, მას ბევრი რამ ჰქონდა დასამალი. „ენჯეოების“ დაფინანსების სრული გაუმჭვირვალობის მიუხედავად, შარშან ჩვენთვის ცნობილი გახდა საქართველოში ექსტრემიზმის დაფინანსების კონკრეტული ფაქტების შესახებ, რომლებიც რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ იყო მიმართული. კერძოდ, გასული ერთი წლის განმავლობაში, საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია „დროას“, „ფრანკლინის კლუბის“, „კანვასის“ ტრენინგების, აგრეთვე უცხოური ფონდებიდან სხვა გაერთიანებებისა და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, რომლებიც საქართველოში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას უწყობდა ხელს. „დროას“ დაფინანსება და სხვა მსგავსი შემთხვევები გვიჩვენებს, თუ რამდენად უხეშია შესაბამისი უცხოური ძალის დამოკიდებულება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის, ისევე, როგორც, ზოგადად, საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართ. განვითარებულ ქვეყნებში პოლიტიკური პარტიების უცხოური დაფინანსება მკაცრად იზღუდება და საქართველოს კანონმდებლობაც ამ მიდგომით არის გაწერილი. ამ ფონზე, „დემოკრატიის ევროპული ფონდი“ (EED) სრულიად უხეშად მოქმედებდა და პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო მიზნებით თავხედურად აფინანსებდა. აღსანიშნავია, რომ „დემოკრატიის ევროპულმა ფონდმა“ უკვე მოახდინა არალეგიტიმური გავლენა 2024 წლის არჩევნებზე, რაც აუცილებლად მოხვდებოდა ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში, შესაბამისი „ენჯეოები“ იგივე წყაროებიდან რომ არ იღებდნენ დაფინანსებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ გვიკვირს, რომ ყოფილმა ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს შარშან სამარცხვინო ტყუილი აკადრა და ამერიკული კანონიდან გადმოწერილი კანონპროექტი, რომელსაც რუსეთში მოქმედ კანონთან საერთო არაფერი ჰქონდა, „რუსულ კანონად“ მონათლა. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ელჩის პირობებში, საქართველოში ექსტრემიზმის მხარდაჭერის პრაქტიკა შესუსტდა, გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ მოქმედი ელჩი ქართველ ხალხს ამგვარ ტყუილს არ აკადრებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, ექსტრემიზმის მხარდაჭერის პრაქტიკა მართალია შესუსტდა, მაგრამ ამგვარი პრაქტიკა სრულად აღმოფხვრილი არ არის. გარდა ამისა, კვლავაც გაუმჭვირვალე რჩება „ენჯეოების“ დაფინანსების 90 პროცენტზე მეტი. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ყველაზე მსხვილი ამერიკული და ევროპული ფონდების, მათ შორის „დემოკრატიის ნაციონალური ფონდისა“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ (EED) ფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. თუმცა, ვერ მივაღწიეთ ვერავითარ პროგრესს ამ ფონდების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენ ვერ ვიქნებით კონკრეტული ელჩების კეთილგანწყობის იმედად. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უსაფრთხოება სხვადასხვა მხრიდან არის დასაცავი. ასეთ პირობებში, მიგვაჩნია, რომ „ენჯეოების“ გამჭვირვალობას საქართველოში ალტერნატივა არა აქვს“, - განაცხადა მან.
• მამუკა მდინარაძის 2024 წლის 13 მარტის განცხადებით, „გლობალური ომის პარტია“ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედების დროს ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„გლობალური ომის პარტიას“ რომ ვახსენებთ, ჩვენი შერქმეული სახელია, მაგრამ ჰაერიდან მოტანილი და გამოგონილი არ არის. ვნახეთ, რომ რაღაც ძალებმა საქართველოსთან მიმართებაში შეძლეს არაობიექტური გადაწყვეტილებების მიღება - ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე იმოქმედეს...
...ევროკავშირმა ამ ნაბიჯით თავადვე აღიარა, რომ იმ კრიტერიუმებით, რომელიც ჩემთვის განმსაზღვრელია, როდესაც ვანიჭებ რაღაც სტატუსს ქვეყანას, ამის მიუხედავად, მე არ მივანიჭე კანდიდატის სტატუსი. გამოქვეყნებული კრიტერიუმები ამაზე მეტყველებდა. აი, ამ ფონზე არსებობს რაღაც ძალა, თუ გნებავთ გლობალური ომის პარტია დავარქვათ, გნებავთ X ძალა, ამ X ძალას შესწევს უნარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა პირველ ადგილზეა, ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მას არ მიენიჭოს სტატუსი და მიენიჭოს სხვა ქვეყანას, რომელიც ამ ქვეყანას ჩამორჩება ყველა კრიტერიუმით“, - განაცხადა მან.
• მამუკა მდინარაძის 2023 წლის 31 ოქტომბრის განცხადებით, USAID-ის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები „ბევრს სცოდავენ“ და საქართველოში რევოლუციურ პროცესებს აფინანსებენ.
„სასჯელის, გარკვეული სახდელის, ნებისმიერი სანქციის პრევენციული მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა არ უნდა იფიქროს სამართალდარღვევაზე და დანაშაულზე, რადგან დაეკისრება გარკვეული სანქცია. ამ სანქციის მოხსნა, ამ შემთხვევაში, ჯარიმის გადახდა, კანონების და სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის უგულებელყოფას, პირდაპირ მტრობას ნიშნავს. ამიტომაც არის, რომ უკვე რამდენი დღე გავიდა, კიდევ არ ვიცით, ვისი ფულია ზუსტად, ხან USAID-ს დააბრალეს. როგორც ჩანს, და ამის ბევრი ნიშანი იკვეთება, შემთხვევით არ ვამბობ, ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ბევრს სცოდავენ, რადგან გარკვეული ლოგიკაც და ინფორმაციაც არის, რომ ცენტრალური ოფისიდან მათ არ აქვთ მითითებები, აქ ძალადობრივი რევოლუციის ხელშეწყობაზე იფიქრონ.
კარგია, რომ ეს ნელ-ნელა ირკვევა. თუ რომელიმე ჩვენი თანამემამულე, ქართველი ადამიანი ფიქრობს, რომ ამერიკელი ხალხის, ამერიკელი გადამხდელის, ევროპელი გადამხდელის, ევროპელი ხალხის ფული გამოიყენოს საქართველოში არეულობაში, ქაოსში, ძალადობაში და ა.შ. ეს არის ყველაზე ანტიევროპული, ანტიამერიკული და, ზოგადად, ანტიდასავლური ქმედება, რასაც, როგორც ჩანს, დიდი სიამოვნებით ახორციელებენ ამ ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლები“, – განაცხადა მან.
• ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, 2023 წლის 2 ოქტომბერს აშშ-ს საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა. იგი აშშ-სგან პასუხს ითხოვდა კითხვაზე, თუ „რატომ აფინანსებდნენ ძალისმიერ რევოლუციურ მოდელს და მის ტრენინგებს საქართველოში“.
„ნებისმიერმა ორგანიზაციამ, მათ შორის ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, როგორიც არის USAID, მკაფიო განმარტებები უნდა გააკეთოს. მკაფიო განმარტებები ვერ მოვისმინეთ, ამის ნაცვლად მოვისმინეთ, გადაჭარბების გარეშე რომ ვთქვათ, ცინიკური განცხადება იმის შესახებ, რომ თურმე ჩვენ რაც მოვისმინეთ ის ტექსტი არ ყოფილა და ახალგაზრდების რევოლუციისთვის მზადება კი არ ყოფილა, თურმე კანონთან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას. თუ ეს მოცემულობა მართალია, მაშინ ჩვენ ვართ მტყუანები და საქართველოს ყველა მოქალაქეს დღეს რაც ვნახეთ ჩანაწერებში, მოგვეჩვენა ეს ყველაფერი, არ ყოფილა რევოლუციაზე საუბარი და რევოლუციის პრაქტიკის გაზიარებაზე საუბარი. ახალგაზრდების ჩართულობაზე არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ მათ დასაკარგი არაფერი აქვთ. ამ დონის ცინიზმი მივიღეთ დღეს სამწუხაროდ და როდესაც საუბარია ჩვენს მეგობარზე, დიახ, ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი მეგობრები ამ შემთხვევაში არ არიან მართლები. ჩვენ ამ დისკუსიაში შევდივართ და ვითხოვთ, განსაკუთრებით ჩვენი მეგობრებისგან, მეგობრისგან უფრო გვაქვს მოთხოვნის უფლება, კონკრეტულ განმარტებას, რატომ აფინანსებდნენ ძალისმიერ რევოლუციურ მოდელს და მის ტრენინგებს საქართველოში, ამაზე გაგვცენ პასუხი“, - განაცხადა მან.
• 2024 წლის 29 აპრილს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტს „გლობალური ომის პარტია“ ინსტრუმენტად იყენებს და ევროკავშირს ევროპულ ღირებულებებს საკუთარი ხელით ანგრევინებს, ისევე, როგორც 2004-12 წლებში საქართველოს ანგრევდა ქართველების ხელით.
„ყველამ იხილეთ ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული რეზოლუცია, სადაც ევროპელი პოლიტიკოსები „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერებს კიდევ ერთხელ გამოექომაგნენ. ამ შემთხვევაშიც, „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი. ამ ყველაფერს ორი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, საქართველოს საქმეებში კიდევ ერთხელ უხეშად ჩარევა სცადეს და მეორე მხრივ, ყველას კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ევროპარლამენტი მათ ერთ-ერთ მორიგ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც ნებისმიერ დროს როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ. ამ სრულიად არაევროპული რეზოლუციის დამტკიცებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამხელა გავლენა აქვს „გლობალურ ომის პარტიას“ ევროკავშირზე. გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, რაც, ზოგადად, მისი ჩვეული ხელწერაა. ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით“, - განაცხადა მან.
• პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ივნისის განცხადებით, ბოლო წლების, განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის, განმავლობაში ხელისუფლება ქვეყანაში დასავლელი პარტნიორების რეპუტაციის დასაცავად ყველაფერს აკეთებდა, თუმცა „ამ წლების განმავლობაში ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების სახელით უსამართლო ნაბიჯები იდგმებოდა და კონკრეტული უსამართლო განცხადებები კეთდებოდა“.
„ამას აკეთებდნენ, მაგალითად, ევროპარლამენტარები, სენატორები, კონგრესმენები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან აგვერიდებინა დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციის დაზიანება ქართული საზოგადოების თვალში, ვსაუბრობდით „გლობალურ ომის პარტიაზე“, რაც სიმართლეც არის ყველაფერთან ერთად. ერთი, ეს გვაძლევდა ჩვენ დასავლურ ინსტიტუტებზე დარტყმის თავიდან აცილების საშუალებას და მეორე, სიმართლეც ეს არის. სინამდვილეში, ყველა ეს განცხადება, ყველა ეს ნაბიჯი იდგმებოდა არა ამერიკული და ევროპული ინსტიტუტების მხრიდან, არამედ ე.წ გლობალური ომის პარტიის მხრიდან, რომელსაც, სამწუხაროდ, სერიოზული გავლენა აქვს ოფიციალურ სტრუქტურებზე როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით. იმისთვის, რომ საზოგადოებას არ შეჰქმნოდა არასწორი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ გვერჩის ევროკავშირი ან გვერჩის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენ ვსაუბრობდით „გლობალურ ომის პარტიაზე“.
„ევროკავშირსაც და აშშ-საც სჭირდება დეოლიგარქიზაცია და იმედი მაქვს, პროცესები ამ მიმართულებით წარიმართება, შესაბამისად, შემცირდება ზეწოლა საქართველოზე. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე ეწეოდა საქართველოში ანტიდასავლურ დეზინფორმაციას, ეს იყო სწორედ ოპოზიცია, რომელიც ცდილობდა საქმის ისე წარმოჩენას, თითქოს ევროკავშირი და აშშ არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარეს. ერთი წამით რომ წარმოიდგინოს ეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ ევროკავშირი და აშშ არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარეს, რა თქმა უნდა, იმთავითვე დაიმსხვრევა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულების რეპუტაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დავუშვათ. აქედან გამომდინარე, ჩვენი თითოეული გზავნილი მიმართული იყო სწორედ იქით, რომ მაქსიმალურად გავფრთხილებოდით დასავლეთის იმიჯს საქართველოში. ქართულმა საზოგადოებამ ერთი წამითაც არ უნდა იფიქროს, რომ აშშ და ევროკავშირი მხარს უჭერენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმ ადამიანებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ 2004-დან 2012 წლის ჩათვლით ადამიანების წამებით, ციხეების გადავსებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, ტერიტორიების დაკარგვით და ა.შ. ეს არ უნდა იფიქროს ქართულმა საზოგადოებამ და ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ“, - განაცხადა მან.
• ირაკლი კობახიძის 2024 წლის 17 ივნისის განცხადებით, „გლობალური ომის პარტია“, რომლის წევრები ევროპარლამენტარები და სენატორები არიან, საქართველოს შანტაჟს აგრძელებს, მათ შორის ევროკავშირის გამოყენებით.
„ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. როგორც გაუცრუვდათ იმედები დღემდე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისე გაუცრუვდებათ იმედები მომავალშიც. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას, კანონის ინიციირებამდე შანსი იყო ნული, ახლა არის 20-30%. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ამოცანაა, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ მიზანს მივყვებით თანმიმდევრულად, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელდება შანტაჟი, რაც კონკრეტული ძალები თავიდან უკავშირებდნენ კანდიდატის სტატუსს, ახლა უკავშირებენ მოლაპარაკებების გახსნას. ეს არ არის ევროკავშირი. ეს არის ე.წ გლობალური ომის პარტია, რომელსაც სამწუხაროდ აქვს თვისებრივი გავლენა ევროკავშირზე. გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დღეს მოლაპარაკებების გახსნის თემა არის აბსოლუტურად გაცვეთილი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი. შესაბამისად, არავითარი ფასი ამ საკითხს არ აქვს.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია ორგანიზაციებთან, ადამიანებთან, გვარებთან დაკავშირებით, ვინც არის წარმომადგენელი გლობალურ ომის პარტიაში. მათ შორის, გვარებით ვიცით, ევროპარლამენტარები, სენატორები. სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის ამ ყველაფრის დაკონკრეტება, მაგრამ ვინც აშანტაჟებდა კანდიდატის სტატუსით საქართველოს, თქვენ ხომ გახსოვთ 2022 წლის ივნისში საქართველოს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ეთქვა უარი კანდიდატის სტატუსზე. ვინ გვაშანტაჟებდა, ევროკავშირი? არ იყო ეს ევროკავშირი. ესენი იყვნენ ის ძალები, რომლებსაც, სამწუხაროდ, თვისებრივი გავლენა აქვს ევროკავშირზე”, - განაცხადა მან.
• 2024 წლის 23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ოპტიმიზმი, რომ ევროკავშირი და აშშ დეოლიგარქიზაციას მოახერხებენ.
„მე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, ეს არის ჩვენი გუნდის ოპტიმიზმი, რომ, პირველ რიგში, ევროკავშირი მოახერხებს დეოლიგარქიზაციას. ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეუძლია დეოლიგარქიზაციის მიღწევა და შესაძლებელი გახდება საკუთარი ეროვნული ინტერესების უფრო მტკიცედ დაცვა, ანუ, როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს და მთლიანად ევროკავშირს.
დღეს ამ კუთხით არის სერიოზული პრობლემები. ქვეყნების სუვერენიტეტი არის სერიოზული ზეწოლის ქვეშ. ჩვენ გვაქვს ამის იმედი და, ვფიქრობთ, ოპტიმიზმის სერიოზული საფუძველი, რომ უახლოეს წლებში ევროკავშირი მოახერხებს გათავისუფლებას ამ მავნე გავლენებისგან და მოხდება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია“, – განაცხადა მან.
• 2024 წლის 22 მაისს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ვინც იდგა სხვა ინტერესების უკან, იგივე ძალა, გლობალური ომის პარტია [დგას მეორე ფრონტის ინტერესების უკანაც]“.
„ვერ ვაკონკრეტებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ, რაც შეგვიძლია გავიმეოროთ, არის ის, რომ ამ ძალებს აქვთ საკვანძო გავლენა როგორც ევროკავშირზე, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებზეც, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პირდაპირ შეიძლება ითქვას ერთი რამ – ამერიკასაც და ევროკავშირსაც სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია, ეს შეიძლება, ძალიან ცალსახად ითქვას. არის სამწუხარო პროცესები და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები სამომავლოდ სასიკეთოდ შეიცვლება“.
„ჩვენ ცალსახად რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს გლობალური ომის პარტიას, თუმცა, მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირის, ისე ამერიკის დეოლიგარქიზაცია, ამ გავლენისგან გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ხომ თვისებრივად განსხვავებული პოზიცია გვექნებოდა, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ გამოხატული პოზიცია, ჩვენ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, ჩვენ გვინდა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა, იქითა მხრიდან ვხედავთ სამწუხაროდ საპირისპირო პროცესებს სწორედ იმ გავლენების გამო, რომელიც არსებობს როგორც ერთ, ისე მეორე სუბიექტზე“, - განაცხადა მან.
• 2024 წლის 13 მაისს, ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში აშშ და ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიის“ გავლენებისგან მაქსიმალურად გათავისუფლდებიან.
„რამდენიმე დღის წინ მე ვთქვი, რომ გამიჭირდება ამ სუბიექტების დაკონკრეტება, რა თქმა უნდა, დღესაც ვერ შევცვლი პოზიციას, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სუბიექტების დაკონკრეტებამ შეიძლება, უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე. მე დავაკონკრეტე ასევე რომ აქ არ ვგულისხმობ ევროკავშირსა და აშშ-ს, პირიქით, ევროკავშირი არის სწორედ მთავარი მსხვერპლი, თუმცა აქვე ვიტყვით იმასაც, რომ გლობალური ომის პარტიას აქვს გადამწყვეტი, ასე ვთქვათ, კრიტიკული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, რაც არის სამწუხარო მოვლენა. განსაკუთრებით ადვილია ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე გავლენის მოპოვება, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებები არსებითად მიიღება სრული კონსენსუსით 27 ქვეყნის მიერ, შესაბამისად, იქ საკმარისია გლობალურმა ომის პარტიამ გავლენა მოახდინოს თუნდაც ერთ ქვეყანაზე და უკვე ის განაპირობებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შედის მის ინტერესებში.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაკონკრეტება გამიჭირდება, თუმცა გავლენების მასშტაბი არის ძალიან დიდი და ვიტყვი, რომ ოფიციალურ სტრუქტურებზე აქვთ სერიოზული გავლენა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, ანუ საუბარია აშშ-სა და ევროკავშირზე, რაც არის სამწუხარო მოვლენა. მე მაქვს დიდი იმედი, რომ სამომავლოდ ეს ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან“, - განაცხადა მან.
• 2024 წლის 12 მაისს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კითხვის, „ვინ იგულისხმება „გლობალური ომის პარტიაში“, საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს იმდენად დელიკატური საკითხია, რომ ამაზე საჯაროდ საუბარმა შეიძლება ეროვნულ უსაფრთხოებას პრობლემა შეუქმნას. თუმცა მან აღნიშნა, რომ „ევროკავშირი არის ამ ძალების ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი“.
„პირდაპირ გეტყვით, რომ აქ საუბარი არ არის ქვეყანაზე. რამდენჯერმე ვთქვი და გავიმეორებ, რომ აქ არ იგულისხმება არც ევროკავშირი, არც ამერიკის შეერთებული შტატები. პირიქით ევროკავშირი არის ამ ძალების ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი. ევროკავშირის ეკონომიკა 16.3 ტრილიონი იყო 16 წლის წინ და ახლა არის 17.3 ტრილიონი. თან ინფლაციის ფონზე ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ეკონომიკამ თვისებრივად დაიხია უკან 16 წლის გამოამარგვლინა, როცა მანამდე 5-6 წლის განმავლობაში ჰქონდათ ორმაგი ზრდა. ანუ, 7 ტრილიონიდან გადასცდა 16 ტრილიონს და ამის შემდეგ პრაქტიკულად იგივე მაჩვენებელზეა. მხოლოდ 1 ტრილიონით გაიზარდა ნომინალური ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფლაციას თუ გამოაკლებ, რეალური ეკონომიკა არის ქვემოთ წასული. შესაბამისად, ევროკავშირი არის ამ ძალების მთავარი მსხვერპლი. ვინ არიან ეს ძალები? ეს ძალიან ბევრმა იცის. ჩვენ ვერ ვიტყვით. ეს არის იმდენად დელიკატური საკითხი, რომ ამაზე საჯაროდ საუბარმა შეიძლება პრობლემა შეუქმნას ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. ამიტომ ვერავითარ შემთხვევაში ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ასეთი რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ, თუმცა იგულისხმება ძალიან კონკრეტული ძალები“, - განაცხადა მან.
• 2024 წლის 17 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ენჯეოების“ მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარალელური ხმის დათვლის შედეგების გაყალბება მიზნად ისახავდა საბოტაჟის დაწყებას და საქართველოში რევოლუციის მოწყობას.
„გახსოვთ, როგორ განვითარდა პროცესები 2022 წლის ივნისში, მაშინ ეს „ენჯეოები“, რომლებიც შესაბამისი წყაროებიდან იღებდნენ დაფინანსებას, პირდაპირ ავიდნენ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და საკუთარი მონაწილეობით მოითხოვეს ტექნიკური მთავრობის შექმნა.
ეს იყო პირდაპირი ჩართვა რევოლუციურ პროცესში, პირდაპირი შესვლა პოლიტიკაში, რაც, წესით, „ენჯეომ“ არ უნდა გააკეთოს, მაგრამ ისინი წავიდნენ თვითლუსტრაციაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ჰქონდათ წარმატების იმედი, ანუ ვაბანკზე წავიდნენ ისინი და ამ ფორმით ჩაერთნენ რევოლუციურ პროცესებში – აქ მინდა, მკაფიოდ ვთქვა ერთი რამ, მაშინ რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, მგონია, რომ „ენჯეოები“ ამ ყველაფერს ვერ გაბედავდნენ და დონორების რეპუტაციას უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ, თუმცა მაშინ არ მოქმედებდა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. შესაბამისად, ჩვენი სუვერენიტეტი ისე მყარად არ იყო დაცული. პირველი, რაც გვაწუხებდა, ეს იყო რევოლუციის მცდელობები“, - განაცხადა მან.
• 2022 წლის 23 აგვისტოს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ISFED-ს ამერიკის დაფინანსებით რადიკალურ პროცესებში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია უწოდა.
პარლამენტის საარჩევნო რეფორმების თემაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 19 აგვისტოს გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ასეთი კომპეტენტური ორგანიზაციის პროცესს მიღმა დატოვება, ევროკომისიის რეკომენდაციასა და რეფორმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა.
საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „როგორც თავად უყვართ ხოლმე თქმა, შოკისმომგვრელია ჩემთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო - ISFED ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული. მისი მეშვეობით განხორციელდა გაყალბება, რაც იყო უმძიმესი ფაქტი და გახსოვთ, რა როლი შეასრულა ხმების პარალელური დათვლის გაყალბებამ 2020-ის არჩევნების შემდეგ".
„ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ISFED-ს უკვე პარლამენტის წინ აღმართულ სცენაზე, სადაც გაისმის პოლიტიკური მოთხოვნა მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაზე. ISFED აქაც მოგვევლინა რევოლუციური პროცესის თანამონაწილედ. როდესაც ამის შემდეგ საელჩო ISFED-ს უწოდებს ყველაზე სანდო ორგანიზაციას და მის მიმართ გამოთქვამს სურვილს, იყოს ჩართული სამუშაო პროცესში, ეს ჩვენთვის, ბუნებრივია, არის გასაკვირი. საზოგადოება ისედაც არის გაურკვევლობაში გარკვეული ფაქტების გამო. საზოგადოება ისედაც ვერ ხვდება, როგორ შეიძლება პოლიტიკურ, რადიკალურ პროცესებში იყოს ჩართული ამერიკული დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაცია. როდესაც ამას ემატება ამერიკის საელჩოს გაურკვეველი ტიპის განცხადებები, ეს, ბუნებრივია, საზოგადოებაში გაურკვევლობის ხარისხს კიდევ მეტად ზრდის".
• 2022 წლის 9 ნოემბერს, იმ დროისთვის ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ კონკრეტულ ევროპარლამენტარები გლობალური ომის პარტიას წარმოადგენენ და პირდაპირი პოლიტიკური ინტერესი აქვთ, რომელთა „გატანასაც“ ევროპარლამენტისა და საგარეო კომიტეტის დონეზე ახერხებენ.
,,კონკრეტულ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ საკუთარი პოლიტიკური ინტერესი და ეს არის მარტივად გლობალური ომის პარტია, აქ არის ლოკალური ომის პარტია და რა თქმა უნდა, ესენი ერთმანეთს ამაგრებენ. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა სინამდვილეში. ძალიან კარგად იცის ყველამ, ჩვენ გვისაუბრია ყველა მათგანთან, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმატში. სინამდვილეში ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ არის იგივე მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილს შეხვდნენ ვიდრე საქართველოში წამოვიდოდა და გაუპრავეს საქართველოში ჩამოსვლა ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ახლა სააკაშვილს ესარჩლებიან, ის არის, რომ გრძნობენ პასუხისმგებლობას, რადგან გარეული იყვნენ ამ კაცის საქართველოში ჩამოსვლაში. ახლა პასუხისმგებლობა აქვთ, უნდა გამოესარჩლონ. მაგრამ თავი დავანებოთ ამ ყველაფერს, ანუ ძალიან კარგად იციან სინამდვილეში ამ ადამიანებმა კუბილიუსი, რომ აპრავებდა სააკაშვილს 2012 წლამდე, ძალიან კარგად იცოდა რა სისხლიანი რეჟიმიც ჰქონდა ჩამოყალიბებული და იმის მფარველი იყო. იცოდა და მფარველობდა. 2012 წლის შემდეგაც ძალიან კარგად იცის, ვინ არიან ეს ადამიანები, სააკაშვილი, გვარამია, კეზერაშვილი, ჭუტა და ა.შ. მაგრამ მათ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი, არის იქ გლობალური ომის პარტია, აქ ლოკალური ომის პარტია და აქ ხდება ინტერესების თანხვედრა’’, - განაცხადა მან.
• შალვა პაპუაშვილის 2024 წლის 28 თებერვლის განცხადებით, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის მიერ, პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და ერევა არჩევნებში - უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში, უნდა შეწყდეს ასეთი დაფინანსება, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, თუკი საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ნება არის არჩევნები სამართლიან პირობებში ჩატარდეს, საჭიროა, რომ ევროპული არხებიდან პარტიების პირდაპირი თუ ირიბი დაფინანსება შეწყდეს.
„უცხოეთიდან ჩარევა არის ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც მოსალოდნელია ამ არჩევნებში. ეს საფრთხე უპირველეს ყოვლისა მომდინარეობს რუსეთიდან მაგრამ ხაზს ვუსვამ, მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოხდება ჩარევა რუსეთის ტერიტორიიდან, ევროკავშირის ტერიტორიიდან თუ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიიდან, ნებისმიერ ჩარევა არის ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევა და არის სწორედ რუსული სტილი. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დონორებს, რომლებიც არის ამ ფარული სქემის მონაწილეები, მალავენ თავიანთ დაფინანსებას, მე ერთს დავასახელებ - „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელსაც დაფარული აქვს საკუთარი ხარჯები საქართველოში, როგორც ჩანს პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და ერევა არჩევნებში. არჩევნების სათანადო ჩატარება გახლავთ 9 პუნქტის ერთ-ერთი ნაწილი და ჩვენ მარტო ვერ გავუმკლავდებით ამ პრობლემას - აქ უნდა ჩაერიოს ევროკავშირი, მისი წარმომადგენლობა, ევროკომისია. ვინაიდან „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ გახლავთ ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ინსტიტუცია, რომლის მმართველობაშიც ძლიერად არიან წარმოდგენილი ევროპარლამენტარები, მათ შორის ისინი, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
• 2022 წელს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს სუვერენიტეტის შეურაცხყოფაში და პოლიტიკურ კორუფციაში დაადანაშაულეს საქართველოში ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი კარლ ჰარცელი:
ირაკლი კობახიძის განცხადებით: „ითქვა, რომ კრიტიკა, უმჯობესია, პოლიტიკოსების მიმართ იყოს გამოთქმული, ვიდრე დიპლომატების მიმართო. სწორედ ამაზე გვქონდა პასუხი. სწორედ იმის გამო, რომ ეს ადამიანი, კარლ ჰარცელი მოქმედებდა არა როგორც ელჩი, არამედ როგორც პოლიტიკოსი, სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი მისი საქმიანობის შეფასება ისე, როგორც შევაფასეთ.
კიდევ გავიმეორებ, რაც შეეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის განვითარებულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობებში მან, სამწუხაროდ, ძალიან უარყოფითი როლი შეასრულა. ეს არის ჩვენთვის ძალიან გულსატკენი.
უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, უბრალოდ, დეტალებში მართლა არ მინდა შესვლა, მაგრამ შეგვიძლია პერიოდები გავიხსენოთ. ეს იყო პერიოდები, რომლებიც უკავშირდებოდა 8 მარტის შეთანხმების შემდგომ კვირებს, სადაც მას ჰქონდა ისეთი პოზიცია რაღაც თემასთან დაკავშირებით, რომელიც იყო სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი. ეს ერთი. მეორე – 19 აპრილის შეთანხმება როცა განიხილებოდა, იქ მოლაპარაკებების დროს მას ჰქონდა პოზიცია გარკვეულ თემებზე, რომელიც იყო სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი. ამის შემდეგაც იყო გარკვეული ეპიზოდები, სადაც ჩვენ ასეთი დამოკიდებულება დავინახეთ. დავინახეთ დამოკიდებულება, სადაც ის საქართველოს არ უყურებდა ბოლომდე როგორც სუვერენულ სახელმწიფოს“.
„ევროპული ბიზნეს ასოციაციის" ხელმძღვანელის დევიდ ლის „ტვიტერზე“ გავრცელებული პოსტი, სადაც ის ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსისა და საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ელჩის კარლ ჰარცელის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს, ირაკლი კობახიძე შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა:
„ეს, რა თქმა უნდა, სკანდალური განცხადებაა, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ შოკირებული ვარ ამ განცხადებით ერთი მარტივი მიზეზის გამო, ბევრად უარესი რაღაც გაუკეთებიათ როგორც ერთს, ასევე მეორეს, ვგულისხმობ კუბილიუსსა და ჰარცელს. შესაბამისად, ჩემთვის საერთოდ არ არის გასაკვირი ის დამოკიდებულება, რომელიც ამ ორ ადამიანს აქვს, მათ შორის, ბიზნესის დამოუკიდებლობის მიმართ. ბიზნესზე ზეწოლა იყო „ნაცმოძრაობის“ ხელწერა და მათი მეგობრები ამ ხელწერით გამოირჩევიან“.
ამავე საკითხთან დაკავშირებით პარლამენტი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით:
„სანამ დევიდ ლი გააკეთებდა განცხადებებს, ჩვენ ყველა ვხედავდით, ვიცოდით ამის შესახებ, უბრალოდ სხვადასხვანაირად ფასდებოდა - რადიკალურ ოპოზიციას მოსწონდა ზეწოლა და დაყაჩაღება ბიზნესმენების და მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც მოსწონდათ ის მეკობრეობა, რასაც სჩადიოდა მათი ხელმძღვანელობა. ბრალდება, რაც დევიდ ლის მხრიდან გაისმა, სერიოზულ პრობლემად იქცა ადამიანებისთვის, ვისაც თავის გასამართლებლად არაფერი აქვთ. სამწუხაროა, რომ დევიდ ლიმ თავის დროზე არ ამოიღო ხმა. რაზეც ის საუბრობს, ეს არის სიმართლე და ის სამწუხარო სიმართლეა ქართული საზოგადოებისთვის, იმის მიუხედავად, რა პოლიტიკური გემოვნება გააჩნიათ.
რა ჩანაწერიც არ უნდა ჰქონდეს ევროკავშირის წარმომადგენელ კარლ ჰარცელს, იგი ამას არ წარმოადგენს, რადგან საუბარია გარკვეულ შვედურ ორგანიზაციაზე, რომელთანაც დიდი ალბათობით, არის დაკავშირებული კარლ ჰარცელი და რომელიც აფინანსებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელზეც დევიდ ლი საუბრობს. რასაკვირველია, კორუფცია არ გამოიხატება მხოლოდ ფულის „აღებ-მიცემობაში“. ეს არის პოლიტიკური კორუფციის თვალსაჩინო მაგალითი, რასაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მიჰყვებიან და ამ კორუფციაში კარლ ჰარცელის ჩართულობა ვერანაირად ვერ იქნება მის მიერვე დადასტურებული საუბრის ჩანაწერით. ეს გამორიცხულია, რადგან დევიდ ლი საუბრობს ისეთ თემებზე, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობდა და რომელიც იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ ამას დამატებითი განცხადებებიც არ სჭირდება. სამწუხაროა, რომ უცხოელი ადამიანი ლაპარაკობს კორუფციის ამ მასშტაბზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით“.
გარდა ამისა, „გლობალურ ომის პარტიასთან“ დაკავშირებით განცხადებები ასევე გაავრცელეს პარტია „ხალხის ძალის“ წევრებმა, რომლებიც, მართალია, „ქართულ ოცნებას“ ფორმალურად გამოეყვნენ, თუმცა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილად რჩებიან (ხოლო „ქართული ოცნების“ განცხადებით, მათ „ხალხის ძალასთან“ ღირებულებითი განსხვავებები არ აქვთ).
• „ხალხის ძალის“ 2024 წლის 20 ივნისის განცხადებაში საუბარია, რომ აშშ-მ გადაკვეთა წითელი ხაზი საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და ის, მისი „აგენტურის“ ხელით, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოწვევაში დაადანაშაულა.
„გუშინ ჩვენი „სტრატეგიული მეგობრის“, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა რობინ დანიგანმა პირველი მწვავე და ქართველი ხალხის მიმართ უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, რასაც ცხადია, უპასუხოდ ვერანაირად ვერ დავტოვებთ. თუ აქამდე ახალი ელჩი მეტ-ნაკლებად ცდილობდა, პოლიტიკური ლავირება მოეხდინა და არ შეხებოდა ისეთ თემებს, რაც პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, ამჯერად ეს წითელი ხაზი მანაც გადაკვეთა. ეს გასაგებიცაა და მოსალოდნელიც იყო, რადგან იმ პირობებში, როცა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით არაადეკვატურ, ჩაგვრასა და შეურაცხყოფაზე დაფუძნებული პოლიტიკას აწარმოებს, ელჩ დანიგანს არავინ მისცემდა უფლებას, რომ შედარებით ნეიტრალური პოზიციონირებით თავი აერიდებინა მოქმედ ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამწვავებისთვის...
... ქართულმა საზოგადოებამ ბოლო 30 წლის განმავლობაში კარგად ისწავლა კეთილისა და ბოროტის, ქვეყნისთვის სასარგებლოსა და საზიანოს გარჩევა და როდესაც გვეუბნებით, რომ თქვენ ივაჭრებთ ჩინეთთან, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება, ჩვენ ისე მოვიქცევით, როგორც ჩვენს ქვეყანას და მის განვითარებას წაადგება. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მძიმედ დაზიანდება, თუ საქართველო ჩინეთთან გაწყვეტს ეკონომიკურ ურთიერთობას, სწორედ საქართველოა. ჩინეთის ეკონომიკაზე საქართველოსთან ვაჭრობა და აქ ინვესტიციების განხორციელება, ან პირიქით - ეკონომიკური ურთიერთობების მთლიანად გაწყვეტა ჩინეთისთვის არაფერს ნიშნავს და მის ეკონომიკაზე ოდნავადაც ვერ აისახება, სამაგიეროდ საქართველოსთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ასეთივე უხეში ფორმით ითხოვდით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისათვის და ერთი ხელის მოსმით გაგვეწყვიტა ყველანაირი ეკონომიკური და სავაჭრო კონტაქტები, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ. მიზეზი აქაც მარტივი იყო - ამ უგუნური ნაბიჯით რუსეთს ვერაფერს დავაკლებდით, ხოლო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ქართველ ხალხს ნამდვილად გამოვუწერდით ჩვენივე ხელით "უმძიმეს სანქციებს", რომელთა შედეგები ათეული წლების განმავლობაში მძიმე დაღად დააჩნდებოდა ჩვენი ხალხის ცხოვრებას.
ილუზია და ქართველი ხალხის დაცინვაა თქვენი მხრიდან მუდმივი აპელირება 6 მილიარდიან დახმარებაზე, რომელიც, თურმე, 30 წლის განმავლობაში ქართველ ხალხს მოახმარეთ. ჯერ ერთი, საქართველოში შემოსული ამერიკული დახმარება, რაც ჩვენ დავითვალეთ, არის არა 6, არამედ, დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი 30 წლის განმავლობაში. და მეორე - ამ თანხის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, დაიხარჯა საქართველოში თქვენს მიერ დაფინანსებული ენჯეოების ხელით თქვენივე საყვარელი პარტიის - "ნაცმოძრაობის" - ჯერ ხელისუფლებაში მოყვანისათვის, შემდეგ მისივე უწყვეტი მხარდაჭერისათვის. და მესამე - დღეს უკვე ეს თანხები ძირითადად ისევ იმ ენჯეოებს ხმარდება, რომლებიც ჩვენი სამშობლოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან და რომელთაც ერთადერთ მიზნად "ქართული" აგენტურული ქსელის, არაერთგზის სახე და სახელცვლილი, მაგრამ მარად მონებად და სამშობლოს გამყიდველებად დარჩენილი „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება განუზრახავთ.
იძულებულნი ვართ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის წვლილი, რაც საქართველომ, თქვენთან პარტნიორობის ფარგლებში, საერთაშორისო მისიებში შეიტანა. ჩვენი მონაწილეობის გარეშე მხოლოდ ავღანეთის მისია აშშ-ს მინიმუმ 2 მილიარდი დოლარით მეტი დაუჯდებოდა, თუმცა ეს არც არის სახსენებელი იმ ადამიანურ მსხვერპლთან, რაც ჩვენმა სამშობლომ და ხალხმა ამ მისიაში გაიღო.
ცალკე საუბრის და გამოძიების თემაა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიპეტიები, როცა, ჩვენი სამშობლოს 20 პროცენტის ოკუპაციის შემდეგ, ქვეყანაში მართლაც დაიხარჯა სოლიდური ამერიკული "ფინანსური დახმარება", მაგრამ სანამ ამ დახმარების საჭიროება დადგებოდა ქვეყანაში, თქვენმა საყვარელმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო სწორედ ამ უმძიმესი მოცემულობის წინაშე დამდგარიყო. დიახ, აგენტურამ 2008 წელს მოაწყო უმძიმესი პროვოკაციები და რომ არა ეს მიზანმიმართული ბოროტება საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომ არა დავალებების უსიტყვო შესრულება და მონური მორჩილება, საქართველო ომის ქარცეცხლში არ გაეხვეოდა. არ იქნებოდა ასეულობით ქართველის მსხვერპლი, არ გვეყოლებოდა 35000 ახალი დევნილი, არ მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და ეკონომიკის სერიოზული ჩამოშლა.
სერიოზული კითხვის ნიშნები გვაქვს ამ პროცესებში თქვენს როლთან და ფუნქციასთან დაკავშირებით, რადგან დღეს უკვე პატარა ბავშვმაც კი იცის საქართველოში, რომ სააკაშვილი და მისი აგენტურული ბანდა სწორედ რომ ოკუპაციის გამოსაწვევად ასრულებდა უმძიმეს დავალებებს საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ აგვისტოს ამ მოვლენების შემდეგ დაერქვა რუსეთს "ოკუპანტი", ხოლო აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი, რაც უკვე შემდგომ წლებში - ვიდრე დღემდე, მეტ-ნაკლები წარმატებით გამოიყენება პროპაგანდის საწარმოებლად და საზოგადოებრივი აზრის ტერორისთვის. აგვისტოს ომის შემდეგ გაწეულ დახმარებაზე კი (რაც აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებაში სერიოზულ წილს შეადგენს) მარტივად გეტყვით - თქვენ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გქონდათ, რადგან ომისგან ჩამოქცეულ ეკონომიკაში ფული რომ არ ჩაგესხათ, ამ ჩამოქცეულ ეკონომიკას თქვენი საყვარელი ნაცმოძრაობაც თან გადაჰყვებოდა. სინამდვილეში, თქვენ ეს ფული თქვენივე აგენტურის ხელისუფლებაში დასატოვებლად გადაიხადეთ. დიახ, ეს იყო თქვენი მიზნებისათვის გაწეული ხარჯი, თორემ ათიათასობით დევნილისთვის წეროვანის ბარაკებში ჩასახლება როგორი "ღირსეული" დახმარებაცაა, ამას ქართველი ხალხი კარგად ხედავს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, თქვენ მაინც ჯიუტად დახმარებად გვითვლით და მუდმივად გვამადლით იმ მითურ 6 მილიარდს, რომელიც სინამდვილეში 4 მილიარდიც არ არის და ძირითადად თქვენივე აგენტურის გამაგრებას და მათ გაძლიერებას ხმარდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ დაჟინებით გთხოვთ, გამოაქვეყნოთ თანხების დეტალური ხარჯთაღრიცხვა და საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელი გახდება. თქვენ რომ ჩვენს ქვეყანასთან ნამდვილად მეგობრული ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა გსურდეთ, ანაკლიის პორტს სწორედ ამერიკული ინვესტიციით ააშენებდით, თანაც დიდი ხნის წინ. მიუხედავად არაერთი შემოთავაზებისა, თქვენ ყველა ჯერზე უარი თქვით პორტის აშენებაზე და ახლა, როცა რეალური ინვესტორი გამოჩნდა, ამ პროექტისა და მისი ინვესტორების მიმართ თქვენი დამოკიდებულებით ნათლად აჩვენებთ, რომ ერთადერთი მიზანი, რაც თქვენ გამოძრავებთ, არის პროექტის ჩაშლა და პორტის მშენებლობის გაუქმება.
თქვენ რომ ჩვენ ქვეყანასთან ნამდვილი სტრატეგიული კომუნიკაციით იყოთ დაინტერესებულნი, საქართველოს მოქალაქეები აშშ-ს ვიზების გაცემის სტატისტიკით სამარცხვინოდ არ იქნებოდნენ ავღანეთის გვერდით, იმ ავღანეთის, სადაც დემოკრატიის დასამყარებლად წლების განმავლობაში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ვიბრძოდით და სისხლი დავღვარეთ, ბოლოს კი პასუხად ის მივიღეთ, რომ ავღანელები უფრო ხშირად იღებენ აშშ-ს ვიზებს, ვიდრე ქართველები. რა ჰქვია ამას, სტრატეგიული პარტნიორობა თუ ჩვენი ქვეყნის და ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფა?...“
• ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერში ჩინური კომპანიის გამარჯვების შესახებ აშშ-ის განცხადების პასუხად, „ხალხის ძალის“ 2024 წლის 30 მაისის განცხადებით, აშშ-ს საქართველოსა და ევროპის არა განვითარება, არამედ დასუსტება სურს და ამავე კონტექსტში ახსენა „ხალხის ძალამ“ 2008 წლის აგვისტოს ომი და ასევე აშშ საქართველოში რევოლუციური სცენარებში დაადანაშაულა.
„...პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამერიკის ინტერესი არ არის არც საქართველოს და მით უმეტეს, არც ევროპის ეკონომიკის გაძლიერება და აქ წარმატებული პროექტების განხორციელება. უფრო მეტიც, ამერიკის ინტერესი ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ, ევროპის ეკონომიკის დასუსტება და დანგრევაა, რასაც სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს და თანაც, ამ მიზნის მისაღწევად პირდაპირ ომის ქარცეცხლში ხვევს ქვეყნებს. ამ მასშტაბის კრიზისის შექმნაში უმნიშვნელოვანესი როლი ევროპაში მომხდარმა სამმა ომმა – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს, 2014 წლის რუსეთ-უკრაინისა და მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომებმა შეასრულა. შედეგად, ევროკავშირის ნომინალური ეკონომიკა 2008 წელს 16.3 ტრილიონი დოლარი იყო, 2024 წლის ბოლოსთვის კი მხოლოდ 17.3 ტრილიონი იქნება. ამასობაში, კი ამერიკის ნომინალური ეკონომიკა 14.8 ტრილიონიდან 28 ტრილიონ დოლარამდე იზრდება.
ვინც ეკონომიკაში ზედაპირულად მაინც ერკვევა, კარგად მიხვდება, თუ რას ნიშნავს 16-წლიანი ეკონომიკური სტაგნაცია ევროკავშირისთვის. აი, ასე გამოიყურება ციფრებში ამერიკული „სტრატეგიული პარტნიორობა“. საქმე იქამდე მივიდა, რომ გერმანული „მერსედესის“ წარმოება იაფი მუშა ხელის არარსებობის გამო სწორედ ამერიკაში გადავიდა და მსგავსი მაგალითები არაერთია. აი, სწორედ ეს არის ამერიკული „დახმარების“ ხელწერა, თორემ ერთ ადამიანსაც კი ვერ დავარწმუნებთ, რომ ამერიკის მთავრობას ჰქონდა სურვილი, მაგრამ ამერიკამ ვერ მოახერხა პორტის აშენება. ჩვენს „სტრატეგიულ პარტნიორებს“ არანაირი სურვილი არ აქვთ, თავიანთი პოლიტიკა ეკონომიკას დაუკავშირონ და ამ ფორმით სცადონ თავიანთი ინტერესების გატარება. მათ უნდათ, რომ უხეშად, რევოლუციური გზით დააბრუნონ ხელისუფლებაში აგენტურა და მათი ხელით გაატარონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები. მათი მთავარი ინტერესია, რომ პორტი არ აშენდეს და აქ არის სწორედ მთავარი პრობლემა. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკისთვის არანაირი პრობლემა არ იქნებოდა ამ პროექტის ხელში აღება...“
• „ხალხის ძალამ“ 2024 წლის 16 მაისის განცხადებაში საქართველოში რევოლუციურ პროცესებში ჩართულობაში და როგორც „გლობალური ომის პარტიის წევრები“ „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობაში ევროპული სახელმწიფოებიც დაადანაშაულა.
„უკიდურესი შეშფოთებით ვადევნებდით თვალს გუშინ, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ მიმდინარე მოვლენებს. ის, რაც რამდენიმე ასეული მომიტინგის თანდასწრებით ოთხი ქვეყნის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იკადრეს, ეს იყო ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნისა და მისი სუვერენიტეტის დამცირებისა და ფეხქვეშ გათელვის მცდელობა. საქართველოში მეგობრის სტატუსით ჩამოსულმა რევიზორებმა საპროტესტო აქციისთვის განკუთვნილი სცენა დაიკავეს და იქ შეკრებილ ხალხს პირდაპირ რევოლუციისკენ მოუწოდეს. განსაკუთრებული სითავხედით გამოირჩეოდა ესტონელი მარგუს ცანკა, რომელმაც ჭკუის სწავლებაც კი დაგვიწყო და გადაწყვიტა ჩვენთვის მიეთითებინა, რომ "თავისუფლება არ მოიპოვება ფასის გადახდის გარეშე"...
ამ უგუნურმა განცხადებამ, ჯერ ერთი, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება არსად გამქრალა, ხოლო გლობალური ომის პარტიის სურვილი, რომ საქართველო შესწირონ რუსეთის დასუსტების ამოცანას, ჯერ კიდევ აქტუალურია. მეორე - საქართველოში სტუმრად ჩამოსული უცხო ქვეყნის მინისტრი ბედავს და ანტისამთავრობო მიტინგზე სიტყვით გამოსვლის დროს ქართველ ხალხს ელაპარაკება, რომ თავისუფლება, თურმე ფასის გადახდის გარეშე არ მოიპოვება. ამას უბედავს იმ ხალხს, რომელმაც ყველაზე მეტი იბრძოლა საბჭოთა იმპერიიდან გათავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო; იმ ხალხს, რომელმაც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ორი ომი გადაიტანა თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად. თანაც, თავისუფლებისთვის “ფასის გადახდაზე“ ჩვენთვის ჭკუის სწავლებას ცდილობს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყოველგვარი გართულების გარეშე გახდა ნატოსა და ევროკავშირის წევრი, უსაფრთხოების ქოლგა გადაიფარა, ხოლო ჩვენ, დღემდე შიშველი ხელებით ვებრძვით შინაურ თუ გარე მტრებს.
დღეს უკვე აშკარაა, რომ გლობალური ომის პარტია ცდილობს, საქართველოში მორიგ ჯერზე დაიწყოს მაიდანიზაციის პროცესი. ბოლო წლებში ჩვენს „დაუძინებელ მეგობრებს“ უკვე ჰქონდათ რევოლუციის სამი წარუმატებელი მცდელობა.
2020 წელს რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა რევოლუციის მოწყობა, რაც ჩაუვარდათ;
2021 წელს ბარიკადებზე ჟურნალისტები ავიდნენ, მაგრამ მათი მცდელობაც ჩაფლავდა;
2022 წელს რევოლუციურ პროცესს ენჯეოები ჩაუდგნენ სათავეში, მაგრამ ხალხი არც მათ გაჰყვა;
ამჟამად, 2024 წელს უკვე დონორები გამოვიდნენ ასპარეზზე და დღეს თვალს ვადევნებთ მათ მცდელობას, მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება.
უცხოელი საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც გუშინ ტრიბუნიდან ცდილობდნენ საქართველოს „მაიდანიზაციას“, გლობალური ომის პარტიის უმნიშვნელო პაიკები არიან, რომლებიც ყოველთვის იმას გააკეთებენ, რასაც მათ დაავალებენ. ზუსტად ისეთივე უმნიშვნელო პაიკები, როგორიც არიან საქართველოში ერთი დღით ადრე სტუმრად მყოფი ევროპელი პოლიტიკოსები. ისინი ასრულებენ დავალებას, რაც რადიკალიზმის წახალისებაში გამოიხატება და თავად ავიდნენ სცენაზე, რომ რევოლუციური პროცესის დაწყებას მისცენ ბიძგი. ოღონდ, გლობალურ ომის პარტიას და მათ აგენტურას იმედი უნდა გავუწბილოთ - მათი მცდელობები ისევე არის განწირული მარცხისთვის, როგორც წინა სამ შემთხვევაში.
ქართველი ხალხი ბრძენია და კარგად ხედავს იმ საფრთხეებს, რასაც საქართველოს მაიდანიზაცია და მისი შედეგი - ომში გარდაუვალი ჩართვა მოუტანს. ქართველებმა ბევრი მსხვერპლი გავიღეთ თავისუფლებისთვის და ეს ჩვენი ბრძოლა იმისთვის არ ყოფილა, რომ ერთი ბატონი სხვა ბატონებით ჩავანაცვლოთ.
როდესაც უცხო ქვეყნის პოლიტიკოსები და მინისტრები სიტყვით გამოდიან ანტისამთავრობო მიტინგზე და რევოლუციური მოწოდებებს აკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი არაფრად აგდებენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი ქმედება უდიდესი პოლიტიკური სკანდალი იქნებოდა.
მართალია, ჩვენი ქვეყანა ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს რეალური სუვერენიტეტის აღდგენისკენ, თუმცა სახელმწიფოსადმი ასეთი უდიერი დამოკიდებულების მოთმენა არ არის სწორი. სწორედ ამიტომ ვწერდით რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ წერილში, რომ ხელისუფლებას უნდა ემსჯელა, რამდენად სწორი იყო ამ ადამიანების შემოშვება ქვეყანაში. დღეს უკვე თითოეული ჩვენი მოქალაქე დარწმუნდა, რომ მართლები ვიყავით. სწორედ ამიტომ, სხვა დროს რომ აღარ განმეორდეს მსგავსი მარაზმი, რაც ევროპული ქვეყნების მინისტრების უკანონო და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში - ანტისახელისუფლებო მიტინგზე მისვლასა და იქიდან საქართველოსადმი თითის ქნევაში გამოიხატა - სხვა დროს სანამ სტუმარს კარს გავუღებთ, უფრო ყურადღებით უნდა შევისწავლოთ მათი სტუმრობის მიზანი“.
• „ხალხის ძალამ“ აშშ-ის საქართველოსადმი გაწეული დახმარება 2008 წლის აგვისტოს ომის გამოწვევას 2024 წლის 18 აპრილის განცხადებაშიცდაუკავშირა.
ორჯერ ორი ოთხია, რომ დემოკრატიულ სისტემაში თუ ფულის დახარჯვა გინდა, უნდა თქვა კიდეც, ამ ფულს რაში ხარჯავ. დანარჩენში საზოგადოება თვითონ გაერკვევა: ფული ქვეყნის სასიკეთოდ იხარჯება თუ საზიანოდ, უცხოური გავლენა კეთილ მიზნებს ემსახურება თუ ქვეყანაში მანკიერების დამკვიდრებას ცდილობს. არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ამერიკას 30 წლის მანძილზე საქართველოში 6 მილიარდი აქვს დახარჯული. ამაზე ლაპარაკი ყველაზე მეტად კელი დეგნანს უყვარდა, ახლა კი მისი მესიჯი მოქმედმა ელჩმაც გაიმეორა. თუმცა, არაერთგზის დასმული შეკითხვის მიუხედავად, დღემდე ცოცხალი თავით არ გვეუბნებიან, რაში დახარჯეს ეს ფული.
ვისაც სახელმწიფოს არსი ესმის, იოლად დაგვეთანხმება, რომ არცერთი სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სხვა სახელმწიფოების დახმარებისთვის არ იქმნება. ისიც ყველას კარგად გვესმის, რომ უფასო მხოლოდ ყველია სათაგურში. ნებისმიერი თანხა, რომელსაც სახელმწიფო სესხად თუ გრანტად გასცემს, ორმაგი მოგების მიღებაზე გათვლილი კაპიტალდაბანდებაა. სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. როგორც კი ფინანსებს გაშიფრავენ, ქართული საზოგადოება ზუსტად გაიგებს, სინამდვილეში, რა მოხმარდა ქვეყნის განვითარებას და რა მოგება ნახა ფულის გამცემმა.
სწორედ ამიტომაა, რომ მათ ჩვენი შეკითხვაც კი აღიზიანებთ. ნუთუ, ეს შეკითხვაც რუსული კანონია? 6 მილიარდი თუ მოახმარე ამ ქვეყანას, რატომ გაურბიხარ საკუთარი ქველმოქმედების წარმოჩენას? როცა ამას აკეთებ, გამოდის, რომ ბევრი რამ გაქვს დასამალი. დასამალი გაქვს პირველ რიგში ის, რომ შენს მიერ გაცემული ე.წ. დახმარება, სინამდვილეში, არა საქართველოს განვითარებას, არამედ ქვეყანაში აგენტურის დამკვიდრებასა და გაძლიერებას ემსახურებოდა. ამ ე.წ. დახმარების შედეგად, მივიღეთ ომი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, 400-ზე მეტი დაღუპული და 30 ათასი დევნილი ქართველი. კრედიტებს, რომლებიც 2008-11 წლებში სააკაშვილის რეჟიმის წაქეზებასა და გადარჩენას მოხმარდა, ქართველი ხალხი დღემდე იხდის.
გასაგებია, რომ 30 წლის მანძილზე დახარჯული თანხების გაშიფვრა არ გინდა, მაგრამ დღეს რას ხარჯავ, ის მაინც გააგებინე ქართულ საზოგადოებას. იქნებ, ამ თანხების უდიდესი ნაწილი რევოლუციურ სცენარებს და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებას, მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის შელახვას, ლგბტ-პროპაგანდას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის ხელშეწყობას, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერას, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვას, რადიკალიზაციისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას ხმარდება? ეს რომ ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს, იქნებ, საერთოდ უარი თქვას ამ ე.წ. დახმარებაზე?.
გარდა ამისა, ენჯეოებზე გაცემული გრანტებით მთელი ეს წლები ისე არყიეს ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად, მისი ეკონომიკა, რომ მათ გარეშე, ბუნებრივია, საქართველო დღეს ეკონომიკურად ბევრად უფრო წინ იქნებოდა. ამ გრანტების მოცულობა გრანტებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის მოცულობას რომ შევადაროთ, დარწმუნებული ვართ, მინიმუმ ათმაგ სხვაობას მივიღებთ. ენჯეოებზე დახარჯული თითოეული 100 მილიონი დოლარი ქვეყნის ეკონომიკისთვის დაკარგულ მინიმუმ მილიარდ დოლარს ნიშნავს. რომ არა ეს გრანტები, ერთი „ენჯეოშნიკის“ სამუშაო ადგილის ნაცვლად, ქვეყანა 10 ჯანსაღ სამუშაო ადგილს შექმნიდა. ასეთ პირობებში, ენჯეოების დაფინანსების დახმარებად გასაღება ცინიზმია და მეტი არაფერი“.„
• პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა კითხვის საპასუხოდ, ვინ და რა იგულისხმება „გლობალური პარტიაში“, უპასუხა, რომ „გლობალური ომის პარტია“ წარმოადგენს „ოჯახების გაერთიანებას, რომლებიც ფლობენ წამყვანი, ეკონომიკური, ტრანსნაციონალური ორგანიზაციების უზარმაზარ წილს მსოფლიოში და მათ ჰყავთ წარმომადგენლები, მრჩევლების სახით აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციაში, ასევე ევროკომისიაში, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში“.
• 2024 წლის 29 თებერვალს სოზარ სუბარი გადაცემაში „იმედი LIVE“ „ენჯეოების“ დასავლური ფონდებიდან დაფინანსების შესახებ აცხადებდა:
„პარტიები ქმნიან „ენჯეოებს“ და ისინი ფინანსდებიან სხვადასხვა დასავლური ფონდებიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს ფონდები არის სამთავრობო, ისეთი როგორიცაა USAID, ასევე ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების ფონდები. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა - ფონდი, რომელიც ამას აკეთებს და ქვეყანა, რომელიც ამას აფინანსებს, პირდაპირ გვეუბნება, რომ ის არ სცემს პატივს საქართველოს კონსტიტუციას.“
„რობინ დანიგანის პასუხი კითხვაზე, როგორ უყურებს იმ ფაქტს, რომ ამერიკის მთავრობა USAID-ის, თუ ამერიკის საელჩოს მეშვეობით აფინანსებს იმ ენჯეოების საქმიანობას, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობენ, არ იყო დამაკმაყოფილებელი და არ იყო ის, რასაც მეგობრისგან უნდა ვისმენდეთ.“
• 2022 წლის 8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილის მიერ კელი დეგნანისთვის გაგზავნილ წერილში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და კელი დეგნანი ყველა იმ ძალისა თუ ადამიანის უკან მდგომ ძალად წარმოჩნდება, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას, სანქციებთან მიერთებასა და ომში ჩართვას ითხოვენ.
„ამ ყველაფერთან პირდაპირ კავშირშია დღევანდელი აქციებიც, რომლებსაც ზუსტად იგივე ხალხი აორგანიზებს, რომლებიც ომის რიტორიკით გამოირჩეოდნენ, სანქციებთან მიერთებისა და თვითმფრინავის ბორტების გაშვებისკენ მოგვიწოდებდნენ და ამ მოთხოვნებით, თებერვალ-მარტში საპროტესტო აქციებსაც აორგანიზებდნენ. ზუსტად ეს ხალხი დაატრენინგა ომის დაწყებიდან მალევე ამერიკიდან ჩამოსულმა პიტერ აკერმანმა, რომელიც, როგორც ცნობილია, ამერიკის ოფიციალურ სტრუქტურებთანაც მჭიდროდ დაკავშირებული კაცი იყო“.
„იგივე ადამიანები, რომლებიც ენჯეოების ხაზით, თქვენგან იღებენ სოლიდურ დაფინანსებას, ორიოდე დღის წინაც რუსთაველზე იდგნენ და ბაკურიანის სცენარის მიხედვით, მთავრობის გადადგომის პოლიტიკურ მოთხოვნას აყენებდნენ [...] ყველაფერი ისევ იქითკენ მიდის, რისკენაც თებერვალ-მარტში ღიად მოგვიწოდებდნენ, ანუ ომისკენ“.
• სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა 2022 წლის 4 ივლისს განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ევროკავშირს 12 პუნქტს რევოლუციური გეგმის ინსტრუმენტს უწოდებენ.
„თითოეული პუნქტი გამოყენებული იქნება, როგორც მორიგი საბაბი ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირის მიერ დადგენილი თითოეული პუნქტი, რადიკალური ოპოზიციის პერსპექტივიდან, რევოლუციური გეგმის 1/12 ნაწილად უნდა განვიხილოთ. ნაციონალური მოძრაობა და მისი შიდა და გარე პარტნიორები თანმიმდევრულად ეცდებიან, გეგმის თითოეული პუნქტი დეკემბრის ბოლოსთვის რევოლუციური სცენარის შესამზადებლად გამოიყენონ“.
• 2022 წლის 30 ივნისს გამოქვეყნებულ, საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის ერთობლივ განცხადებაში დეპუტატები იმეორებენ გზავნილს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განაცხადზე უარის თქმის უკან რევოლუციური სცენარი არსებობს. დეპუტატები ყურადღებას 12 პუნქტის შესასრულებლად თავდაპირველად დაწესებულ 6-თვიან ვადაზე ამახვილებენ. მათი მტკიცებით, 12 პუნქტის შესასრულებლად დაწესებული 6-თვიანი ვადა „უპრეცედენტო და გაუგებარია“ და ის ელჩებისა და ევროპარლამენტარების განცხადებებთან ერთად ხელისუფლებაზე ზეწოლის კიდევ ერთ ინსტრუმენტია. დეპუტატები წინა განცხადებისგან განსხვავებით უფრო ფართოდ შეეხნენ დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის რეკომენდაციებსაც. დეოლიგარქიზაცია (რომელშიც, დეპუტატების განცხადებით, „თავხედურად“ გულისხმობენ ბიძინა ივანიშვილს) და მასზე „არაფორმალური სანქციების“ დაწესება საქართველოს ომში ჩართვის მიზნით ხელისუფლებაზე ზეწოლის იარაღად განიხილება.