საბა ბუაძე: ყოველწლიურად იმატებს ნარკომოხმარება და ნარკოდანაშაული
ვერდიქტი: ვერდიქტის გარეშე
საბა ბუაძის განცხადების პირველი ნაწილი, რომელიც ნარკომოხმარებას შეეხება, შესაბამისი სანდო სტატისტიკური მონაცემებისა და კვლევების არ არსებობის პირობებში, გადამოწმებას არ ექვემდებარება. „ფაქტ-მეტრთან“ კომუნიკაციისას, განცხადების ავტორმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკების მოხმარების ტენდენციაზე დაკვირვება მართლაც სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს, თუმცა ორი მონაცემი - ნარკოტესტირებაზე წარდგენილ პირთა სტატისტიკაში დადებითი შედეგის პროცენტული მაჩვენებელი, ასევე, ჩანაცვლების სახელმწიფო პროგრამებში ჩართული ბენეფიციარების მზარდი რაოდენობა, შესაძლოა, მომხმარებელთა ზრდის ტენდენციებზე მეტყველებდეს. „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული სტატისტიკური მაჩვენებლები არ არის საკმარისი ნარკომოხმარების მასშტაბის პირდაპირ შესაფასებლად და ამიტომ ამ ნაწილს ვერდიქტით არ ვაფასებთ.
განცხადების მეორე ნაწილი ნარკოდანაშაულის შსს-ს მიერ გამოვლენილ და დარეგისტრირებულ შემთხვევებს ეფუძნება, თუმცა აღნიშნული მონაცემები ინტერპრეტირებადია და გარემოებათა გათვალისწინებით (ნარკოდანაშაულის ბუნება; სტატისტიკური მონაცემების წარმოებისადმი შსს-ს მიდგომის ცვლილება და მონაცემთა მიმართ სანდოობის ნაკლებობა; პანდემიური პერიოდით გამოწვეული შოკური ფაქტორები, რომლებიც სურათს ამახინჯებს; არაერთგვაროვანი ტენდენცია), „ფაქტ-მეტრს“ მიაჩნია, რომ ცალსახა დასკვნის გაკეთების საშუალებას არსებული სახით (სულ მცირე, სიღრმისეული კვლევისა და შემავსებელი რეფერირებადი წყაროების ერთობლიობაში შესწავლის გარეშე, რაც მოცემული სტატიის ფარგლებს სცდება) არ იძლევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს და მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის ანალიზით შემოიფარგლება.
ანალიზი:
2024 წლის 19 ივნისს პარტია „ლელომ“ ნარკოპოლიტიკის 9-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. მოცემული გეგმა თავის მხრივ მანამდე, 2024 წლის აპრილში მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილი სამპუნქტიანი გეგმის გაგრძელებაა. ახალ გეგმაში რამდენიმე მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯზეა ყურადღება გამახვილებული, მათ შორის - ნარკოტიკების შემოდინების პრევენციისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკის გამკაცრების მიზნით. „ნარკომოხმარება და ნარკოდანაშაული საქართველოში ყოველწლიურად იმატებს“,- განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ 9-პუნქტიანი გეგმის წარდგენისას.
„ფაქტ-მეტრმა“ საბა ბუაძის განცხადება გადაამოწმა.
განცხადებაში საბა ბუაძე ორი განსხვავებული მონაცემის - ნარკოტიკების მოხმარებისა და ნარკოტიკული დანაშაულის ზრდის ტენდენციაზე აპელირებს.
ნარკოტიკული დანაშაულის სტატისტიკას თვეებისა და წლების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. სტატისტიკა სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების მიხედვით, რეგისტრირებული და გახსნილი საქმეების რაოდენობას, ასევე, გახსნის პროცენტულ მაჩვენებელს ასახავს.
ცხრილი 1: ნარკოტიკულ დანაშაულთა სტატისტიკა წლების მიხედვით
წყარო: შსს-ის ყოველწლიური სტატისტიკური მონაცემები
სტატისტიკის გაანალიზებისას, მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ ის ფაქტორები, რომელთაც ამა თუ იმ წელს სტატისტიკური მონაცემის ზრდა/კლება გამოიწვია.
2016 წლიდან 2018 წლამდე ნარკოტიკული დანაშაული კლების ტენდენციით ხასიათდება. ვითარება 2019 წელს იცვლება და ნარკოდანაშაული მკვეთრად, წინა წელთან შედარებით, 51.33%-ით იმატებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში მკვეთრად იმატებს რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობაც.
აღნიშნულის მიზეზად შსს-მ დანაშაულის აღრიცხვიანობის სისტემა/მეთოდოლოგიის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება დაასახელა. შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებდა, რომ 2019 წლამდე შსს-ს სტატისტიკას მისი წინამორბედები „ალამაზებდნენ”, რაც არ იძლეოდა დანაშაულის საერთო სურათის აღქმის შესაძლებლობას.
2020 წელს ნარკოტიკული დანაშაული საგრძნობლად, დაახლოებით 46%-ით, იკლებს. მომდევნო წელს მაჩვენებელი მცირედით იმატებს, თუმცა წინა წლებთან შედარებით მაინც მცირე ნიშნულზე რჩება.
ორგანიზაციები, რომლებმაც სტატისტიკაზე გავლენის მქონე ზოგიერთი ფაქტორი შეისწავლეს, კლების ტენდენციას ორი სავარაუდო მიზეზით ასაბუთებენ: პირველი: დანაშაულის რიცხვის შემცირება შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს წინასაარჩევნო პერიოდში დანაშაულების მიმართ კონტროლის შესუსტებასთან. მეორე მიზეზს კი, პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ქვეყანაში გამოცხადებული კოვიდრეგულაციები, კერძოდ, პანდემიის გამო მოქალაქეთა გადაადგილების, სოციალური და სხვა ტიპის აქტივობების შეზღუდვა წარმოადგენს, რამაც თავის მხრივ, გავლენა დანაშაულის გამოვლენაზეც იქონია.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, სადაც 2022 წლის მდგომარეობით, საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის ტენდენციებია შესწავლილი, 2022 წელს, წინა ორ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი რეგისტრირებული ნარკოტიკული დანაშაულის მაჩვენებელი. მონაცემი ძირითად შემთხვევებში, უახლოვდება პანდემიამდე არსებულ (2019) ნიშნულს. ანგარიშის მიხედვით, ეს თანაფარდობა ადასტურებს, რომ 2021-2022 წლების შემცირებული სტატისტიკა მეტწილად კოვიდრეგულაციების შედეგი იყო და ნაკლებად მიანიშნებდა ნარკოვითარების გაუმჯობესებაზე. საინტერესოა, მომდევნო წლების სტატისტიკაც. 2023 წელს ნარკოდანაშაული, წინა წელთან შედარებით, 20%-ით იზრდება. 2024 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, 1603 ნარკოტიკული დანაშაულია რეგისტრირებული, რაც 19.5%-ით მეტია 2023 წლის ამავე თვეების მონაცემებზე და ბოლო 6 წლის სტატისტიკაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.
2022 წლის მზარდი სტატისტიკა, სავარაუდოდ, უმთავრესად პოსტპანდემიური საბაზო ეფექტით არის განპირობებული, თუმცა, არ გამოვრიცხავთ დამატებითი ფაქტორების არსებობასაც, რომლებსაც შესაძლოა, გავლენა ჰქონოდათ ამა თუ იმ წლის მაჩვენებელზე. ასეთ ფაქტორებს შორის შესაძლოა, მოვიაზროთ, მაგალითად, სისტემური მიდგომები საპოლიციო კონტროლის შესუსტებასა თუ გამკაცრებასთან დაკავშირებით. სოციალური სამართლიანობის ცენტრის განმარტებით, „რეგისტრირებული ნარკოტიკული დანაშაულის მნიშვნელოვანი მატების მიზეზები კომპლექსურია და ამ მიზეზების გამოვლენა რელევანტური უწყებების მხრიდან განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს“.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნარკოტიკული დანაშაულების უმრავლესობის სპეციფიკა, შეუძლებელს ხდის კონკრეტულ წელს ნარკოტიკული დანაშაულის რეგისტრაციის მაჩვენებლის ზრდა ან კლება ამავე წლის ვითარების გაუარესებასა თუ გაუმჯობესებას პირდაპირ დავუკავშიროთ. მაგალითად, ნარკოტიკების შენახვა დენადი დანაშაულია და იგი წლების მანძილზე შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა დანაშაულს სტატისტიკაზე გავლენა მხოლოდ დანაშაულის აღრიცხვის წელს ექნება.
ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ პანდემიური (2020 – 2021) წლების შემდეგ, ნარკოტიკული დანაშაულის მაჩვენებელი 2022 წელს პანდემიამდელ - 2019 წლის მაჩვენებელს, უახლოვდება, 2023 წელს კი, აჭარბებს კიდეც. ამასთან, 2024 წლის პირველ კვარტალში რეგისტრირებული ნარკოტიკული დანაშაულის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. თუმცა განხილული მიზეზებიდან გამომდინარე (დანაშაულის ბუნება, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება-დამუშავებისადმი შსს-ს დამოკიდებულება, პანდემიური პერიოდის გავლენა), ცალკე აღებული რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა საჯაროდ ხელმისაწვდომი სახით ტენდენციაზე ცალსახად საუბრის შესაძლებლობას არ იძლევა.
რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, ნარკომოხმარების ზრდის შესახებ, მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაზე დაყრდნობით, ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელთა ტენდენციაზე დაკვირვება შეუძლებელია, სულ მცირე, ქვემოთ მოყვანილი მიზეზების გამო:
პირველ რიგში, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ადმინისტრაციული გადაცდომაა, შესაბამისად, მსგავს ქეისებს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაში ვერ ვიპოვით. გარდა ამისა, კანონმდებლობა პირს, რომელიც მის ხელთ არსებულ მცირე ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას ნებაყოფლობით ჩააბარებს ან ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან სრულიად ათავისუფლებს, შესაბამისად, ნარკოტიკების მოხმარების ტენდენციაზე დასაკვირვებლად სხვა, მეტად სპეციფიკური მეთოდოლოგიის კვლევას უნდა დავეყრდნოთ.
2020 წლის 16 იანვარს იუსტიციის მინისტრის N494 ბრძანებით, ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა, რომლის მოვალეობა ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების მონიტორინგი, ასევე, თემატური კვლევებისა და ანგარიშების მომზადებაა. ცენტრის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ცენტრი ნარკოვითარების ანგარიშს, რომელშიც ასახულია საქართველოში ერთი წლის განმავლობაში არსებული ნარკოვითარება, ყოველწლიურად ამზადებს.
ცენტრის განმარტებით, „ნარკოტიკების მოხმარების თავისებურებებიდან, მათ შორის, ნარკოკანონმდებლობიდან და საკითხის სტიგმატიზაციიდან გამომდინარე, ნარკოტიკების მოხმარების გავრცელების (პრევალენტობის) სრულყოფილი შესწავლა ვერ ხერხდება სახელმწიფო უწყებებისა თუ სხვა ტიპის დაწესებულებების მიერ ყოველწლიურად რუტინულად შეგროვებული ინფორმაციიდან. ამისათვის, ტარდება თემატური კვლევები, მათ შორის, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში (GPS), ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევა (ESPAD), და სხვა. ზოგად მოსახლეობასთან შედარებით, ნარკოტიკების მაღალი რისკის მომხმარებლების შესწავლა და მათი რაოდენობის განსაზღვრა დამატებით სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან ზემოაღნიშნული გარემოებები (სტიგმა, დისკრიმინაცია) კიდევ უფრო ართულებს ამ პოპულაციასთან წვდომას“.
„ფაქტ-მეტრი“ ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ანგარიშებს გაეცნო, რომლებშიც, თავის მხრივ, გაანალიზებულია ეროვნული და საერთაშორისო თემატური კვლევები, თუმცა, აღწერილი რიგი მიზეზების, განსაკუთრებით, სისტემატიზებული ინფორმაციის არ არსებობის გამო, „ფაქტ-მეტრი“ მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს, იმატებს, თუ - არა ნარკოტიკების მოხმარება ყოველწლიურად.
ნარკომოხმარების მასშტაბის შემფასებელი რელევანტური წყაროს მოსაკვლევად „ფაქტ-მეტრი“ განცხადების ავტორსაც დაუკავშირდა. „ფაქტ-მეტრთან“ კომუნიკაციისას, განცხადების ავტორმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკების მოხმარების ტენდენციაზე დაკვირვება მართლაც სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს, თუმცა ორი მონაცემი: ნარკოტესტირებაზე წარდგენილ პირთა სტატისტიკაში დადებითი შედეგის პროცენტული მაჩვენებელი, ასევე, ჩანაცვლების სახელმწიფო პროგრამებში ჩართული ბენეფიციარების მზარდი რაოდენობა, შესაძლოა, მომხმარებელთა ზრდის ტენდენციებზე მეტყველებს. „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული სტატისტიკური მაჩვენებლები არ არის ნარკომოხმარების მასშტაბის პირდაპირი შემფასებელი და ამ ნაწილის ვერდიქტით შეფასებისგანაც თავს იკავებს.
მოცემული ანალიზიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკოსის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.