ვლადიმერ ბოჟაძე: მთლიანი ეროვნული შემოსავლით საქართველო ევროკავშირის წევრ 6 სახელმწიფოს და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ვლადიმერ ბოჟაძის განცხადება არისმცდარი.
მთლიანი ეროვნული შემოსავალი (მეშ) შინაარსობრივად მთლიანი შიდა პროდუქტის მსგავსია, თუმცა ამ შემთხვევაში ყურადღება ენიჭება შემოსავლის მიმღები პირის რეზიდენტობას და არა გეოგრაფიულ მდებარეობას.
ეკონომიკის მოცულობის გასაზომად უმთავრესად მშპ გამოიყენება, თუმცა დასაშვებია მეშ-ის გამოყენებაც. ცხოვრების დონის განსასაზღვრად კი აუცილებელია დამატებითი ცვლადის შემოტანაც, რაც მშპ-ის/მეშ-ის ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებას გულისხმობს.
ევროკავშირის ყველაზე ღარიბი სახელმწიფო ბულგარეთია. ბოლო წლებში დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, რაც ჩამორჩენას ცალსახად ამცირებს, ჯერჯერობით, საქართველო ბულგარეთზე უფრო ღარიბ სახელმწიფოდ რჩება. მართალია, საქართველო ვლადიმერ ბოჟაძის მიერ დასახელებულ ექვსივე ქვეყანას (ლატვია, ესტონეთი, მალტა, ლუქსემბურგი, კვიპროსი, ისლანდია) მეშ-ით ნამდვილად უსწრებს (ქვეყნების დონეზე), თუმცა ერთ სულ მოსახლეზე დათვლით ექვსივეს ჩამორჩება, გარდა ამისა, ისლანდია საერთოდ არაა ევროკავშირის წევრი.
საქართველო ლიდერის პოზიციაზე არც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებშია. 9 სახელმწიფოდან როგორც ქვეყნების დონეზე, ასევე ერთ სულ მოსახლეზე დათვლით, მეოთხე ადგილს იკავებს. ქვეყნების დონეზე მას თურქეთი, უკრაინა და სერბეთი უსწრებს, ერთ სულ მოსახლეზე დათვლით - თურქეთი, სერბეთი და მონტენეგრო.
ფაქტობრივი უზუსტობისა და კონტექსტის დამახინჯების გათვალისწინებით, რაც მონაცემების არასწორად ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა, თითქოს საქართველო ცხოვრების დონით ისლანდიასა და ლუქსემბურგს უსწრებს, „ფაქტ-მეტრმა“ ვლადიმერ ბოჟაძის განცხადება შეაფასა როგორც მცდარი.
ანალიზი: თბილისის საკრებულოს დეპუტატმა და „ქართული ოცნების“ წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ 9 ივლისს ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა აღწერით: „საქართველო უსწრებს ევროკავშირის 6 წევრ და ყველა კანდიდატ ქვეყანას!“ პოსტს სააგენტო „ნიუსჰაბის“ ქარდი და სტატია ახლდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველო მსყიდველუნარიანობის პარიტეტით, მთლიან ეროვნულ შემოსავლებში ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას: ლუქსემბურგს, ისლანდიას, მალტას, კვიპროსს, ლატვიას, და ესტონეთს უსწრებდა. ვლადიმერ ბოჟაძეს თავად არ ჰქონდა დაკონკრეტებული თუ რაში უსწრებდა საქართველო ევროკავშირის 6 ქვეყანას, თუმცა გაზიარებული სტატია ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საკრებულოს დეპუტატიც მთლიან ეროვნულ შემოსავალს გულისხმობდა.
მთლიანი ეროვნული შემოსავალი (მეშ), შინაარსობრივადმთლიან შიდა პროდუქტს ჰგავს იმ განსხვავებით, რომ წარმოებულ პროდუქციას რეზიდენტობის მიხედვით ითვლის და არა გეოგრაფიულად. საქართველოს რეზიდენტის მიერ საზღვარგარეთ მიღებულ შემოსავალს მეშ ითვალისწინებს, მშპ არა (არარეზიდენტის მიერ საქართველოში მიღებულ შემოსავალს პირიქით). თანხობრივად მეშ და მშპ ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ეს სხვაობა როგორც წესი დიდი არაა, მაგალითად 2023 წლის მდგომარეობით, მსყიდველუნარიანობის მიხედვით, საქართველოს მეშ 87 მლრდ დოლარს შეადგენდა, ხოლო მშპ 93 მლრდ-ს. 10 წლით ადრე, 2013 წელს მონაცემები ერთმანეთთან კიდევ უფრო ახლოს იდგა და თითქმის იდენტური იყო რიცხვები: 39 მლრდ მეშ, 40 მლრდ მშპ.
იმის მტკიცება, რომ რაიმე პარამეტრით საქართველო ევროკავშირის წევრ ისლანდიას უსწრებს, ნებისმიერ შემთხვევაში მცდარია, რადგან ისლანდია ევროკავშირის წევრი არ არის. შესაბამისად,ვლადიმერ ბოჟაძის განცხადების ეს ნაწილიც მცდარია.
ევროკავშირის საზღვრებს გარეთ ყოფნის მიუხედავად, საინტერესოა იმის გარკვევა, უსწრებს, თუ - არა საქართველო მთლიანი ეროვნული შემოსავლით ისლანდიას ან მასთან ერთად დასახელებულ კიდევ 5 სახელმწიფოს.
თუ შედარებას ქვეყნების დონეზე გავაკეთებთ, საქართველო 87 მლრდ-ით მართლაც პირველ ადგილზე აღმოჩნდება. 78 მლრდ-ით მეორე ადგილზე ლატვიაა და 31 მლრდ-ით ბოლოზე ისლანდია.
გრაფიკი 1: მეშ PPP (მლრდ დოლარი[1]) 2023 წელი
წყარო: მსოფლიო ბანკი
ცხოვრების დონის განსასაზღვრად მშპ-ის/მეშ-ის ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებაა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ მტკიცებას, რომ ბანგლადეში შვეიცარიაზე მდიდარია და ნიგერია ნორვეგიაზე.
საქართველოს მოსახლეობა 3.7 მლნ-ს შეადგენს, ლატვიის ორჯერ ნაკლებს - 1.8 მლნ-ს და ისლანდიის 10-ჯერ ნაკლებს - 375 ათასს. თუ მეშ-ს ერთ სულ მოსახლეზე დავითვლით, მაშინ აბსოლუტურად საპირისპირო სურათს მივიღებთ და ჩამოთვლილი შვიდი ქვეყნიდან საქართველო ბოლო მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდება. მსგავსი დათვლით, საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი ბოლოს წინა ადგილზე მყოფი ლატვიის მხოლოდ 55% იქნება, პირველ ადგილზე მყოფი ლუქსემბურგის - 23% და ექვსივე ქვეყნის საშუალოს - 37%.
გრაფიკი 2: მეშ ერთ სულ მოსახლეზე 2023 წელი
წყარო: მსოფლიო ბანკი
2023 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ყველაზე ღარიბი სახელმწიფო ბულგარეთია. ბოლო წლებში დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, რაც ჩამორჩენას ცალსახად ამცირებს, ჯერჯერობით, საქართველო ბულგარეთზე უფრო ღარიბია.
ვლადიმერ ბოჟაძის განცხადების მეორე ნაწილი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს ეხებოდა. თბილისის საკრებულოს დეპუტატის მტკიცებით, საქართველო, ამ შემთხვევაშიც, ლიდერის პოზიციას იკავებდა. კანდიდატი ქვეყანა, საქართველოს გარდა, კიდევ 8 სახელმწიფოა: უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი.
თუ მეშ-ს მთლიან ქვეყნებზე დავითვლით, აღმოჩნდება, რომ თურქეთი საქართველოს 43-ჯერ უსწრებს. თურქეთის მოსახლეობა 85 მლნ-ს აღემატება და მსგავსი სხვაობის ძირითადი, თუმცა არა ერთადერთი მიზეზიც ეს ფაქტი გახდა. საქართველოს ასევე უსწრებს უკრაინა და სერბეთი. მოსახლეობის რაოდენობით თითოეული მათგანი საქართველოზე დიდია.
გრაფიკი 3: მეშ PPP (მლრდ დოლარი) ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის 2023 წელი
წყარო: მსოფლიო ბანკი
საქართველო ლიდერის პოზიციას არც მეშ-ის ერთ სულ მოსახლეზე დათვლით იკავებს. ამ პარამეტრით კანდიდატ ქვეყნებში მას თურქეთი, მონტენეგრო და სერბეთი უსწრებს.
გრაფიკი 4: მეშ ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის 2023 წელი
წყარო: მსოფლიო ბანკი
საკრებულოს წევრის მიერ დასახელებული 6 ქვეყნიდან, 1 ევროკავშირის წევრი საერთოდ არაა. მთლიანი ეროვნული შემოსავლით, მართალია, საქართველო ნამდვილად უსწრებს ექვსივეს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თითოეულ მათგანში მოსახლეობა უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოში. ერთ სულ მოსახლეზე დათვლით, დასახელებული 7 სახელმწიფოდან, საქართველო ბოლო ადგილზე იმყოფება. ფაქტობრივი უზუსტობისა და კონტექსტის დამახინჯების გათვალისწინებით, რაც მონაცემების არასწორად ინტერპრეტირების საშუალებას ტოვებს, თითქოს საქართველო ცხოვრების დონით ისლანდიასა და ლუქსემბურგს უსწრებს, „ფაქტ-მეტრმა“ ვლადიმერ ბოჟაძის განცხადება შეაფასა როგორც მცდარი.