ვახტანგ ცინცაძე: ივნისში ექსპორტმა რეკორდი მოხსნა, გაიზარდა ადგილობრივი ექსპორტიც

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ვახტანგ ცინცაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2024 წლის ივნისში საქონლის ექსპორტმა 582 მლნ დოლარს მიაღწია, რაც ერთვიან ჭრილში სარეკორდო მაჩვენებელია. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11%-ით - 270 მლნ დოლარამდეა გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტიც (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე).

ივნისში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, მთლიანი ექსპორტი 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.7%-ითაა შემცირებული. მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა ადგილობრივი ექსპორტის კუთხით და ის 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 11.5%-ით, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 31%-ით ჩამორჩება. ადგილობრივი ექსპორტი 6 თვის მონაცემებით, ჯერ 2021 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელსაც კი ვერ დაეწია.

როგორც გასულ წელს ჯამურად, ასევე მიმდინარე წლის ივნისში რეკორდული რიცხვები რეექსპორტის ხარჯზე დაიწერა. ეკონომიკაში თავის წვლილი რეექსპორტსაც შეაქვს, თუმცა ადგილობრივი ექსპორტის კონტრიბუცია, იქნება ეს დასაქმებულთა რაოდენობისა თუ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების გათვალისწინებით, უფრო მაღალია.

ერთი მხრივ, სწორად დასახელებული რიცხვებისა და მეორე მხრივ, მხოლოდ ერთთვიანი, რესპონდენტისთვის სასურველი მონაკვეთის შერჩევისთვის, რაც ინფორმაციის არასწორად ინტერპრეტირების საშუალებას ტოვებს, „ფაქტ-მეტრმა“ ვახტანგ ცინცაძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ ექსპორტთან დაკავშირებით განაცხადა: „2024 წლის ივნისში ექსპორტი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა – 582.1 მილიონი აშშ დოლარი, შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის ივნისთან შედარებით 11.3%-ით გაიზარდა და მოცულობა 270.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა“.

ივნისში საქონლის ექსპორტმა 582 მლნ დოლარი შეადგინა. ეს რიცხვი რეკორდული მაჩვენებელია და 1995 წლიდან მოყოლებული, ცალკე აღებულ ყველა სხვა თვეს აღემატება.

ივნისის რეკორდული მონაცემების მიუხედავად, ექვსთვიან ჭრილში 6.7%-იანი კლება ფიქსირდება. 2024 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯამური ექსპორტი 206 მლნ დოლარით შემცირდა. ექსპორტი შემცირდა როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში. მცირე ზრდა მხოლოდ თებერვალსა და ივნისში აღინიშნა, იანვარში, მარტში, აპრილსა და მაისში კი ექსპორტი შემცირდა.

453 მლნ დოლარით ექსპორტში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს, საიდანაც 91% - 415 მლნ, მსუბუქ ავტომობილებზე მოდის და 5% - 24 მლნ, თამბაქოს ნაწარმზე. ორივე მათგანი რეექსპორტია. 6 თვეში ყირგიზეთში ექსპორტირებული პროდუქციის 98.8% რეექსპორტს შეადგენდა და ადგილობრივ ექსპორტს მხოლოდ 1.2%.

მეორე ადგილზე - 354 მლნ-ით, ყაზახეთია, საიდანაც 86% - 304 მლნ, ისევ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე მოდის. 340 მლნ-ით მესამე ადგილს რუსეთი იკავებს. ათეულში შემდეგ ადგილებს აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ჩინეთი, უკრაინა, შვეიცარია და უზბეკეთი ინაწილებენ.

ექსპორტში ტრადიციულ ბაზრებად თითქმის სამი ათეული წელი მეზობელი სახელმწიფოები ითვლებოდნენ (რუსეთის შემთხვევაში 2006-2012 წლების ემბარგოს გამოკლებით). 2010-იანი წლების ბოლოდან მათ რიცხვს ჩინეთიც შეემატა.

შუა აზიაში და განსაკუთრებით ყირგიზეთში ექსპორტის მკვეთრი ზრდა 2023 წლიდან იწყება. ბოლო 1.5 წელიწადში საქართველომ უფრო მეტი პროდუქცია გაიტანა ყაზახეთში, ვიდრე იქამდე 1995-2022 წლებში ჯამურად, ხოლო ყირგიზეთში ბოლო 6 თვეში უფრო მეტი, ვიდრე 1995-2022 წლებში.

გრაფიკი 1: ექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მეზობელი სახელმწიფოებიდან თურქეთში 16%-იანი ზრდა ფიქსირდება, რუსეთში უმნიშვნელო 1%-იანი კლება, მნიშვნელოვანი 23%-იანი კლებაა აზერბაიჯანში, ხოლო სომხეთში კიდევ უფრო დიდი 37%-იანი ვარდნა. 34%-ითაა შემცირებული ექსპორტი ჩინეთშიც და თუ 2020-2022 წლებში ჩინეთი #1 საექსპორტო პარტნიორს წარმოადგენდა, ახლა მეშვიდე ადგილზეა გადანაცვლებული.

საექსპორტო პროდუქციაში 32.8%-იანი წილით პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს. მეორე ადგილზე 157 მლნ-ით ღვინოა, მესამეზე 143 მლნ-ით ფეროშენადნობები. ათეულშია აგრეთვე: სპირტიანი სასმელები, ძვირფასი ლითონები, მინერალური წყლები, აზოტოვანი სასუქები, დაგაზიანებული წყლები, სამკურნალო საშუალებები და ოქრო.

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, ივნისში 11%-ით - 242-დან 270 მლნ დოლარამდე, ისიც გაიზარდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ერთჯერად მოვლენასთან. მიმდინარე წლის განმავლობაში წინა 5 თვე მუდმივად კლება ფიქსირდებოდა. ჯამურად იანვარ-ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.5%-ით - 1.3 მლრდ დოლარამდე, შემცირდა და ამ მაჩვენებლით ის არათუ 2023 წლის, 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელსაც კი ჩამორჩება.

გრაფიკი 2: ექსპორტი იანვარ-ივნისი (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მთლიანი ექსპორტისგან განსხვავებით, ადგილობრივი ექსპორტი რეკორდული ნიშნულისგან შორსაა. 2022 წლის ივნისში ადგილობრივმა ექსპორტმა 282 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო იმავე წლის მაისში 389 მლნ დოლარი.

ერთი მხრივ, ადგილობრივი ექსპორტის შემცირებამ და მეორე მხრივ, რეექსპორტის ზრდამ ადგილობრივი ექსპორტის წილი მნიშვნელოვნად შეამცირა. 2017-2022 წლებში (იანვარ-ივნისი) ადგილობრივი ექსპორტის წილი საშუალოდ 71%-ს შეადგენდა, 2023 წელს ის 48%-მდე და 2024 წელს 45%-მდე შემცირდა.

როგორც მთლიანი, ასევე ადგილობრივი ექსპორტის შემთხვევაში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ყურადღება ივნისზე გაამახვილა, მაშინ, როცა 6-თვიან ჭრილში ორივე შემთხვევაში კლება ფიქსირდება. ერთი მხრივ, სწორად დასახელებული რიცხვებისა და მეორე მხრივ, მხოლოდ ერთთვიანი, რესპონდენტისთვის სასურველი მონაკვეთის შერჩევის გათვალისწინებით, რაც ინფორმაციის არასწორად ინტერპრეტირების საშუალებას ტოვებს, „ფაქტ-მეტრმა“ ვახტანგ ცინცაძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.


მსგავსი სიახლეები

5593 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია