სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ „შვედეთი ზეიმობს ნატოში შესვლას, აღნიშნავენ რომ ნატოს ახალი დროშაა ეს“. რეალურად, ვიდეო ძველია, ის 2022 წელს არის გადაღებული, როცა შვედეთის არმიის წარმომადგენლები სტოკჰოლმის ევროპრაიდის მარშში მონაწილეობდნენ.

მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის თებერვალში უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, აღნიშნული ვიდეო არაბული ანგარიშების მიერ ფართოდ გავრცელდა, რაზეც ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ AFP-მა იმუშავა.

ვიდეოს თავდაპირველი ვერსია 2022 წელს Facebook-ანგარიშის მიერ გამოქვეყნდა. მასში ჩანს შვედეთის არმიის წევრები, რომლებსაც ხელში ლგბტ დროშები უჭირავთ. აღსანიშნავია, რომ შვედეთის არმიის წარმომადგენლები უმცირესობების მხარდამჭერ მსვლელობაში სახელწოდებით „EuroPride“ ყოველწლიურად მონაწილეობენ. 2018 წელს მსვლელობაში მაიკლ პედინიც, შვედეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ჩაერთო.

ცნობისთვის, 2024 წლის 7 მარტს, ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, შვედეთმა თავის მიუმხრობლობის პოლიტიკაზე უარი თქვა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს 32-ე წევრად შეუერთდა.

ამდენად, მტკიცება, რომ შვედეთში ლგბტ დროშებით აღნიშნეს NATO-ში შესვლა, სიმართლეს არ შეესაბამება.

-------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.