„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა მედიით გააჟღერა ინფორმაცია (ბმული, 52:20), თითქოს ვენესუელაშიც მსგავსი საარჩევნო ტექნოლოგიებია, როგორიც საქართველოში, თუმცა არჩევნები მაინც გაყალბდა.
„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა ამ თემით და გადაამოწმა, როგორ გაყალბდა ვენესუელაში არჩევნების შედეგები და რა განსხვავება და მსგავსებაა საქართველოსა და ვენესუელაში დანერგილ საარჩევნო ტექნოლოგიებს შორის.
2024 წლის 28 ივლისს ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 29 ივლისს ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ გამოაცხადა, რომ ხმების 51%-ით გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა კი ხმების 44% აიღო. ვენესუელის ეროვნულ საარჩევნო საბჭოს კენჭისყრის შედეგების ამსახველი ოქმები ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. აღნიშნულის მიზეზად ვენესუელის ხელისუფლება და საარჩევნო საბჭო სისტემაზე კიბერთავდასხმას ასახელებს.
29 ივლისიდან, ვენესუელაში არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
„სმარტმატიკი“, რომლის ტექნოლოგიებიც საქართველოში გამოიყენება, ვენესუელის ეროვნულ საარჩევნო საბჭოსთან 2004-2017 წლებში თანამშრომლობდა. თუმცა, 2017 წლის ეროვნული საოლქო ასამბლეის არჩევნების შემდეგ „სმარტმატიკმა“ საჯაროდ განაცხადა, რომ ვენესუელას ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ ხმის მიცემის სისტემის მიერ შეგროვებული შედეგებისგან განსხვავებული შედეგები გამოაცხადა, რის შემდეგაც „სმარტმატიკმა“ვენესუელაში საქმიანობა ნებაყოფლობით შეწყვიტა.
ვენესუელაში ელექტრონული ტექნოლოგიებით ხმის მიცემის დეტალების გასარკვევად „ფაქტ-მეტრი“ ვენესუელაში ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) მიერ აკრედიტებულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციის, „კოტეხოს“ წარმომადგენლებს დაუკავშირდა.
მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ვენესუელაში 2020 წლიდან გამოყენებული ხმის მიცემის აპარატების (EC-21) დიზაინი შექმნილია ვენესუელაში ვენესუელელი ტექნიკოსების მიერ (საწყისი პროტოტიპი არგენტინული კომპანიის - EX-CLE-ს მიერ დამზადდა, თუმცა შემდგომ აპარატები ჩინეთშია წარმოებული).
ხმის მიცემის პროცესის დროს ვენესუელაში დანერგილი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები ინტერნეტთან არ არის დაკავშირებული, რაც ელექტრონულ მოწყობილობებში გარე ან შიდა ჩარევის რისკებს მინიმუმამდე ამცირებს და ამასთან, მასში არის ქაღალდის კვალიც, რაც არჩევნების შედეგების დაცვის საშუალებას ზრდის. ელექტრონული ხმის მიცემის შემდეგ მანქანა ქაღალდის ქვითარს ბეჭდავს და შემდეგ ეს ფიზიკური ქვითარი ყუთში უნდა განთავსდეს, სხვა სიტყვებით - ხმის მიცემა ხდება ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით, რის შემდეგაც ქვითარი (ბიულეტინის შესაბამისი ვენესუელას შემთხვევაში) იბეჭდება, სადაც ნაჩვენებია, თუ რომელ კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა ელექტრონულად. საარჩევნო უბნის დატოვებამდე ამომრჩეველმა აღნიშნული ქვითარი საარჩევნო ყუთში უნდა მოათავსოს.
საარჩევნო დღის ბოლოს, ელექტრონულად დაფიქსირებული ხმების რაოდენობა საარჩევნო ყუთში არსებული ბიულეტენების/ქვითრების რაოდენობას უნდა ემთხვეოდეს.
დღის ბოლოს ხმის მიცემის აპარატებიდან ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციას ელექტრონულად გადაეცემა, რისთვისაც სამი გზა არსებობს:
1) სატელეფონო ხაზით, რომლის მოდემიც შექმნილია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანია Cantv-ის მიერ. თუმცა ქსელი, რომელიც ამ დროს გამოიყენება, წარმოადგენს ალტერნატიულ ქსელს, რომელსაც Cantv აკონფიგურირებს და შემდგომ გადის აუდიტს, რათა დადასტურდეს, რომ ინფორმაცია გადაცემის დროს დაშიფრულია და მესამე მხარე მას ვერ გაშიფრავს.
2) მეორე ვარიანტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ Cantv-ის მოდემი არ მუშაობს. მეორე ვარიანტი არის Movilnet-ის უკაბელო მოდემით ფიჭური გადაცემა. ამ შემთხვევაშიც, გადაცემის ხაზი სპეციალურად არს კონფიგურირებული, რათა მესამე მხარეს მისი გაშიფვრა არ შეეძლოს. გადაცემისთვის გამოიყენება მოდემები, რომელთა ნომრები წინასწარ არის კონფიგურირებული თეთრ სიაში და აღნიშნული ფიჭური ხაზით გადაცემა მხოლოდ ამ ნომრებს შეუძლიათ.
3) მესამე ვერსია მაშინ გამოიყენება, თუ არც Movilnet-ის ხაზი იმუშავებს. მესამე ვარიანტის დროს გამოიყენება პორტი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სატელიტური გადაცემის შესასრულებლად. ამ შემთხვევაშიც ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ იმ სატელიტურ ანტენას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციისთვის იღებს ინფორმაციას.
საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, აგრეგირებისთვის უბნებიდან (აღნიშნული სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი გზით) გადაგზავნილი მონაცემები საბოლოოდ, ელექტრონულად ინტერნეტის გზით გადაცემით ხვდება ტოტალიზაციის ოთახში. თუმცა ისინი ასევე იგზავნება ბეჭდური სახით - ხმის მიცემის აპარატების მიერ ამობეჭდილი ოქმები და ფიზიკური ხმის მიცემის ქვითრების ყუთები.
ელექტრონული აპარატები თითოეულ ამომრჩეველს აწვდის ქაღალდის ქვითარს, რომელიც აჩვენებს, თუ რომელი კანდიდატი აირჩიეს. ამომრჩევლებმა კენჭისყრიდან გასვლამდე უნდა შეიტანონ ქვითრები საარჩევნო ყუთებში. კენჭისყრის დახურვის შემდეგ, ვენესუელას ელექტრონულ ხმის მიცემის აპარატები ბეჭდავენ შესაბამის ფურცლებს, სადაც ასახულია საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები. ხმის მთვლელი აპარატების მიერ დათვლილი შედეგების ასლი საარჩევნო უბანზე მყოფ პარტიების წარმომადგენლებს გადაეცემათ.
ერთი მხრივ, კენჭისყრის დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე ყოფნისა და დაკვირვების საშუალებას არ აძლევდნენ და მეორე მხრივ, ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ ელექტრონული აპარატის დათვლის შედეგები არ გამოაქვეყნა. თუმცა ოპოზიციამ საარჩევნო ოქმების დიდი ნაწილის მოპოვება მაინც შეძლო.
ოპოზიციის მტკიცებით, საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს და ხმების დამთვლელი აპარატების შედეგებს შორის სერიოზული განსხვავებებია. ოპოზიციური ალიანსის ვებგვერდზე საჯარო გახდა საარჩევნო ოქმების სულ მცირე 83.5% (25 ათას უბანზე მეტი), რომლის თანახმადაც, არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა მნიშვნელოვანი უპირატესობით (67%-ით) გაიმარჯვა. უბნების 80%-მდე შედეგების ამონაწერები, ე.ი. 23 ათას უბანზე მეტის და ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული საუბნო ამონაწერების დაახლოებით 97%, გადაამოწმა Washington Post-მა და დაადასტურა, რომ არჩევნების რეალური შედეგები - ელექტრონული აპარატის მიერ ამობეჭდილი შედეგები, და ვენესუელას ხელისუფლების მიერ გამოცხადებული შედეგები ერთმანეთს არ ემთხვეოდა და რეალურად, მადურო დამარცხდა.
მსგავსი შემოწმება ჩაატარა Associated Press-მაც, რომელმაც უბნების დაახლოებით 79%-ის ამონაწერები განიხილა, ე.ი., დაახლოებით, 24 ათასი უბნის. თითოეული საარჩევნო უბნიდან ამონაწერის ქაღალდს აქვს უნიკალური კოდი, ამობეჭდვის თარიღი და დრო, საარჩევნო საბჭოს ჭვირნიშანი (წყლის ნიშნები - watermark) და ასევე უბანზე მომუშავე პერსონალისა და დამკვირვებლების ხელმოწერები. უნიკალური კოდი ამონაწერის ნამდვილობის დადასტურებას შესაძლებელს ხდის. კერძოდ, თითოეულ ამონაწერზე დატანილია QR-კოდები. კოდების ანალიზი ამონაწერების ნამდვილობის დადგენის შესაძლებლობას იძლევა. Washington Post-სა და Associated Press-ის მიერ გადამოწმებული ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული უბნების დაჯამების შედეგად მიღებული შედეგები თანხვედრაშია კარაკასში დაფუძნებული AltaVista Research-ის (აქვს გარკვეული კავშირები ოპოზიციასთან) მიერ ჩატარებულ პარალელური დათვლის შედეგებთანაც.
აღნიშნული ელექტრონული ტექნოლოგიების საშუალებით ამობეჭდილი ამონაწერები ვენესუელაში არჩევნების სანდოობის დასტურად მიიჩნეოდა, ხოლო წელს ვენესუელას მთავრობის მიერ მათ გამოქვეყნებაზე უარის თქმამ არჩევნების გამოცხადებული შედეგების სანდოობა და ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა. სხვა ქვეყნებისა თუ ორგანიზაციების წარმომადგენლები, მაგალითად, ბრაზილიისა და კოლუმბიის პრეზიდენტები, მადუროს სწორედ საუბნო დონის ხმის მიცემის შედეგების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებდნენ, რაც არჩევნების შედეგების გამჭვირვალობის, სანდოობისა და ლეგიტიმურობის განუყოფელი ნაწილია.
დამოუკიდებელი არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციის, რომელიც ვენესუელას არჩევნებზე დამკვირვებლად იყო მიწვეული - კარტერის ცენტრის, განცხადებით, ვენესუელას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა საერთაშორისო სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა და ამდენად, დემოკრატიულად ვერ მიიჩნევა. კარტერის ცენტრმაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ თითოეული უბნის შედეგები არ გამოაქვეყნა.
ამრიგად, ვენესუელის ხელისუფლებას და ეროვნულ საარჩევნო საბჭოს გაყალბებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიები არ გამოუყენებია. პირიქით, ხმის მთვლელი აპარატების მიერ დაბეჭდილი ოქმები (რისი მოპოვებაც ოპოზიციამ შეძლო) არის ერთადერთი მტკიცებულება, რითაც ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საარჩევნო საბჭომ არჩევნების შედეგები გააყალბა.
რაც შეეხება საქართველოში დანერგილ საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას პარტნიორობასა და მხარდაჭერას უწევს საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკი“, რომელიც საარჩევნო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ლიდერია.
საარჩევნო უბანზე გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობები [ამომრჩეველთა ვერიფიკაციის და ხმების მთვლელი აპარატები] არ არის დაკავშირებული ინტერნეტთან, რაც გამორიცხავს გარე ჩარევის შესაძლებლობას ნებისმიერი დაინტერესებული პირის მხრიდან, მათ შორის, ცენტრალური ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ. ამასთან, მნიშვნელოვანი დაცვის მექანიზმია „ქაღალდის კვალი“. კერძოდ, ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს ქაღალდის ბიულეტენზე, რომელიც თავსდება ხმის მთვლელ აპარატში. ყველა საარჩევნო უბანზე, სადაც გამოყენებული იქნება ელექტრონული ტექნოლოგიები, შედეგების ხელით გადათვლა მოხდება. უპირატესობა კი ხელით დათვლილ შედეგებს მიენიჭება. აქვე აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბნებზე, სადაც ელექტრონული აპარატები საპილოტე რეჟიმში გამოიყენეს, ელექტრონული აპარატების მიერ დათვლილი ხმები და ხელით გადათვლილი მონაცემები თანხვედრაში იყო.
მტკიცება, რომ „ვენესუელაშიც მსგავსი საარჩევნო ტექნოლოგიებია, როგორიც საქართველოში, თუმცა არჩევნები მაინც გაყალბდა“ - შეიძლება არასწორად იქნას ინტერპრეტირებული და მოსახლეობას დარჩეს აღქმა, რომ არჩევნების გაყალბება ელექტრონულ ტექნოლოგიების მეშვეობით მოხდა. საქართველოში დანერგილი ელექტრონული ტექნოლოგიები და ვენესუელაში გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიები არ არის იდენტური, მთავარი განმასხვავებელი არის მწარმოებელი კომპანია. მეტიც, კომპანია „სმარტმატიკმა“, რომლის ტექნოლოგიებიც საქართველოში გამოიყენება, ვენესუელა 2017 წელს არჩევნების გაყალბებაში (როდესაც ვენესუელის ხელისუფლებამ უბრალოდ სხვა შედეგი გამოაცხადა, ვიდრე რაც ელექტრონული ხმის მიცემის შედეგი იყო) ამხილა.
ამასთან, ვენესუელაში ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით არ მომხდარა არჩევნების გაყალბება. 2024 წლის ვენესუელის არჩევნების შემთხვევაში სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიებით ხმის მიცემის საშუალებით დადგინდა არჩევნების გაყალბების (ისევ რეალურისგან სხვა შედეგის გამოცხადებით) ფაქტი - ელექტრონული ხმის მიცემის აპარატის მიერ ამობეჭდილი შედეგები ვერ იქნა გაყალბებული და ისინი ადასტურებს, რომ მადურომ რეალურისგან განსხვავებული შედეგები გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოებაც ვენესუელას არჩევნების შემთხვევაში სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიებით ხმის მიცემის შედეგების გამოქვეყნების აუცილებლობაზე მიუთითებს, რათა შედეგების სანდოობა და ლეგიტიმურობა დადასტურდეს.